(ფოტო: „მითების დეტექტორი“)
ფაქტების გადამოწმების პორტალის - „მითების დეტექტორის“
ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოს თავმჯდომარის ახლად არჩეული მოადგილის, დავით
ქართველიშვილის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია და მანიპულაციური
შინაარსი წარსულში არაერთგზის გადაუმოწმებიათ.
როგორც „მითების დეტექტორი“ წერს, ქართველიშვილის მიერ გავრცელებული გზავნილების სამიზნეები იყვნენ: დასავლური ინსტიტუტები და პოლიტიკოსები, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, საქართველოს ოპოზიცია:
„გადამოწმებულ შემთხვევებში გვხვდება თვითმარქვია მედიაშინაარსის გავრცელება, განცხადებების კონტექსტის შეცვლა, გენდერული დეზინფორმაცია და კონსპირაციული თეორიები“.
მასალაში - „ვის წინააღმდეგ ავრცელებდა დეზინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ახალი მოადგილე?“ „მითების დეტექტორს“ თავმოყრილი აქვს მაგალითები, რომლებიც „აჩვენებს, რა მტკიცებებს ავრცელებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ახალი მოადგილე, ვის წინააღმდეგ იყო ისინი მიმართული და რომელი მედიასაშუალებები აძლიერებდნენ მათ“. მათ შესახებ ვრცლად ამ ლინკზე იხილავთ.
„მითების დეტექტორის“ მიერ გადამოწმებული მონაცემებით,
დავით ქართველიშვილი მათ შორის, ავრცელებდა დეზინფორმაციას,
თითქოს:
- გაეროს ანგარიში პედოფილიასა და ზოოფილიას ახალისებს, შვეიცარიაში კი ინცესტი კანონითაა დაშვებული;
- ეველინ ფარკასი საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა;
- ABC News-ის თანამშრომელი კამალა ჰარისის მხილების შემდეგ დაიღუპა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ
დავით ქართველიშვილი 6 წლის ვადით 29 ოქტომბერს
აირჩიეს. მისი კანდიდატურა სამეურვეო საბჭოს
თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ დაასახელა და მხარი, ლაშა ტუღუშისა
და ლიკა ბასილაია-შავგულიძის გარდა, ყველამ დაუჭირა.
ქართველიშვილი პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის
სამეურვეო საბჭოს წევრად საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით, „ხალხის
ძალის“ წარდგინებით 2026 წლის ივნისში
აირჩია.

