BeReal - ახალი აპლიკაციის აღმასვლა სოციალურ მედიაში
01.11.2022
ბოლო თვეებია ანდროიდსა და ios-ზე სოციალური მედიის პლატფორმების რეიტინგების სათავეში აპლიკაცია BeReal გამოჩნდა.

2022 წლის 25 ივლისს BeReal-მა ios-ზე უფასო აპლიკაციების სიაში გადმოწერებით პირველი ადგილი დაიკავა და პოზიცია სექტემბრამდე შეინარჩუნა.

“იყავი ნამდვილი” - ასე ითარგმნება აპლიკაციის სახელი, რომელიც თავის მისიაზეც მიანიშნებს.


ფრანგული კომპანიის განაცხადი ასეთია:

  • “ჩვენ ვქმნით პირველ სოციალურ ქსელს, სადაც ადამიანები სპონტანურად აზიარებენ თავიანთ რეალურ ცხოვრებას.”
  • “ყოველდღე, სხვადასხვა დროს ჩვენი ყველა წევრი ერთდროულად იღებს შეტყობინებას, რათა გადაიღოს და გააზიაროს ფოტო 2 წუთში.”
  • “აქ არ არის ფილტრები, არ არის გამომწერები, არიან მხოლოდ მეგობრები, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ [ფოტოებს] BeReal-ზე, აქ აღმოაჩენთ თქვენი მეგობრების რეალურ ცხოვრებას და დაუახლოვდებით მათ.”

რა არის BeReal?

ფოტო გაზიარების ეს პლატფრომა სხვა სოციალური ქსელებისგან განსხვავებული კონცეფციით მუშაობს:

  • მისი ყველა მომხმარებელი ერთდროულად დღეში მხოლოდ ერთხელ იღებს შეტყობინებას, რის შემდეგაც 2 წუთი აქვს, რათა წინა და უკანა კამერით ერთდროულად გადაიღოს ფოტო და გაუზიაროს მხოლოდ მეგობრებს ან საჯაროდ გამოაქვეყნოს.
  • ფოტოების დამუშავება და ფილტრების დამატება აპლიკაციაში შეუძლებელია.
  • მომხმარებელი ვერ ნახავს სხვების პოსტებსაც მანამ, სანამ თვითონ არ გააზიარებს ფოტოს.
  • თუ მომხმარებელი შეტყობინების მიღებისთანავე ფოტოს არ გამოაქვეყნებს, მოგვიანებით მაინც შეძლებს ფოტოს გადაღებას, თუმცა გამოქვეყნებისას გამოჩნდება, რამდენი ხნით დააგვიანა ფოტოს ატვირთვა.
  • ფოტოს გამოქვეყნებამდე შესაძლებელია ადგილმდებარეობის მითითება.
  • ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ კი მომხმარებელს შეუძლია აპლიკაციაში დაათვალიეროს მეგობრებისა და უცნობი ადამიანების გამოქვეყნებული ფოტოები და მათ “ემოჯებით” უპასუხოს. BeReal-ს აქვს “რეალური ემოციის” - RealMoji ფუნქციაც, რომელიც რეალური ფოტოთი ემოციის გამოხატვას გულისხმობს.
  • აპლიკაციაში არ ჩანს ვის რამდენი გამომწერი ჰყავს. “BeReal არ არის ადგილი გამომწერების მოსაგროვებლად” - წერია კომპანიის ვებგვერდზე.



BeReal-ში მეგობრების პოვნა რამდენიმე გზით არის შესაძლებელი:
  • კონტაქტების აპლიკაციისთვის გაზიარებით, რათა ნახოთ ვის აქვს BeReal-ის ანგარიში.
  • მეგობრის პროფილის გვერდის ბმულის დაკოპირებით.
  • აპლიკაციაში სახელით მოძებნით.

მომხმარებლები დღის ერთადერთ შეტყობინებას ყოველდღე სხვადასხვა დროს იღებენ და დროის თავად შერჩევა არ შეუძლიათ.

ყოველი ახალი შეტყობინების მიღებისას წინა პოსტი აუდიტორიისთვის ქრება და მხოლოდ მომხმარებლის კალენდარში არქივის ფორმით ინახება.

ამ ეტაპზე BeReal რეკლამებისგან თავისუფალია.

ვინ დგას BeReal-ის უკან?

აპლიკაცია სააქციო საზოგადოებას ეკუთვნის, რომლის ოფისიც პარიზშია რეგისტრირებული.

BeReal ფრანგმა დეველოპერებმა: კომპანია GoPro-ს ყოფილმა თანამშრომელმა ალექსის ბერიეტმა და კევინ პეროუმ 2019 წლის დეკემბერში შექმნეს.

სოციალური მედიის პლატფრომის შემოსავლის წყარო ინვესტორები არიან.

TechCrunch-ის ინფორმაციით, BeReal-ის ღირებულება €600 მილიონი ევროა.

BeReal-ის აღმავლობა

  • კომპანია Sensor Tower-ის კვლევით, 2022 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, BeReal-ს მსოფლიოს მასშტაბით 53 მილიონზე მეტი ჩამოტვირთვა აქვს.
  • თუმცა ამავე კომპანიის ინფორმაციით, BeReal-ს ყოველდღიურად ანდორიდის მომხმარებლების მხოლოდ 9% იყენებს. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ აპლიკაციის მომხმარებლების ძირითადი ნაწილი, რომლებიც ამერიკელი ახალგაზრდები არიან, უფრო მეტად იყენებენ iPhone-ს.
  • Techcrunch-ის წყაროს ინფორმაციით კი ოქტომბრისთვის, აპლიკაციას 20 მილიონი დღიური მომხმარებელი ჰყავდა, როცა ივლისში მათი რიცხვი მხოლოდ 7.9 მილიონი იყო.

alt

მონაცემები აჩვენებს, რომ BeReal-ის მომხმარებლების რიცხვი სწრაფად მზარდია. ხშირად ამ აპლიკაციის პოპულარობას Clubhouse-ის ისტორიას ადარებენ, რომლის ბუმი პანდემიის პერიოდში დაიწყო და პოპულარობა მალევე დაკარგა. თუმცა, BeReal-ს Clubhouse-სთან შედარებით უფრო ძლიერი თავდაპირველი ზრდა აქვს.


alt

BeReal-ზე საუბრობენ სხვა სოციალურ ქსელებშიც, მაგალითად ჰეშთეგ #BeReal-ს TikTok-ზე 3 მილიარდამდე ნახვა აქვს.

აპლიკაციაზე საუბრობენ ტრადიციულ მედიაშიც, მაგალითად, პლატფორმის შესახებ სკეჩი მოამზადა ცნობილმა ამერიკულმა კომედიურმა შოუმ Saturday Night Live-მა.




BeReal-ის პერსპექტივა



აპლიკაციის წესებში წერია, რომ მომხმარებელი უნდა დაეთანხმოს პირობას: BeReal არ გამოიყენოს სარეკლამო ან კომერციული მიზნებისთვის. კომპანია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე წაშალოს ან დროებით შეაჩეროს წვდომა კონტენტზე, რომელიც უკანონოა ან არ შეესაბამება პირობებს.

  • ამ მოცემულობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ BeReal-ის შემოსავლის წყარო რეკლამები გახდეს.
  • Financial Times-ის ინფორმაციით, აპლიკაცია განიხილავს ფასიანი ფუნქციებისა და გამოწერის მოდელის დანერგვას.
  • შესაძლოა სამომავლოდ ვიხილოთ ვიდეოს გამოქვეყნების ფუნქციაც. როგორც კომპანიის ვებგვერდზე წერია, ამჟამად, BeReal მხოლოდ ფოტოების გაზიარების პლატფრომაა, მაგრამ არ გამორიცხავენ, მომავალში ეს ფუნქცია დაამატონ.
  • აპლიკაციის არასარეკლამო მიზნისთვის გამოყენების დათქმის მიუხედავად, პლატფორმის ათვისებას უკვე ცდილობს რამდენიმე კომპანია, მათ შორის e.l.f. Beauty და Chipotle.
  • BeReal სხვა მსგავს კომპანიებს (Facebook, Instagram, Tik-Tok), ჯერ საგრძნობ კონკურენციას ვერ უწევს, თუმცა კონკურენტებმა უკვე დაიწყეს მსგავსი ფუნქციების დამატება.
  • მაგალითად, Instagram-მა 2022 წლის ივლისში “ორმაგი კამერის” ფუნქცია დაამატა, აგვისტოში კი BeReal-ის მსგავსი ფუნქციის IG Candid Challenges-ის დატესტვა დაიწყო.
  • TikTok -მა კი 2022 წლის სექტემბერში ცალკე აპლიკაცია TikTok Now გამოუშვა.

BeReal-ის სამომავლო გამოწვევებზე კომპანია Meta-ს (ყოფილი “ფეისბუქი”), დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმაც ისაუბრა The Verge-თან ინტერვიუში:

“სოციალური მედიის განვითარების გზაზე არის მხიარული, გასართობი ელემენტი და შემდეგ პროფესიონალიზებული ელემენტი - ეს მუდმივი სწრაფის გზაა სიახლეებისკენ, თავიდან ეს ყველაფერი ავთენტურია - იქნება ეს სტატუსის ან პროფილის ფოტოს განახლება… თუმცა შემდეგ ამას ეჩვევი და პლატფორმა უფრო პროფესიონალური ხდება. BeReal ამის საინტერესო მაგალითია, მაგრამ გამოწვევა იქნება, როგორ გაუმკლავდებიან მუდმივი განახლების საჭიროებას."

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ