„ტელეფონით დადიხარ, რანაირი ჟურნალისტი ხარ” ანუ ლოგოიანი მიკროფონის „ძალა”
07.12.2021
„ტელეფონით დადიხარ, რანაირი ჟურნალისტი ხარ” — უთხრა გამოცემა „ლიბერალის” ჟურნალისტს ერთ-ერთმა კოორდინატორმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს. „ლიბერალი” ბეჭდური და ონლაინ მედიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო, თუმცა კოორდინატორისთვის მნიშვნელობა ჰქონდა არა ჟურნალისტის კითხვას ან მუშაობას, არამედ ტექნიკას, რომლითაც ის ახალ ამბავს გადასცემდა.

ერთ მოქალაქეს, რომელსაც არც ევალება ყველა მედიას იცნობდეს, ვერ მოვთხოვთ, ონლაინ მედიის მუშაობის სპეციფიკა და მნიშვნელობა იცოდეს. პრობლემა ისაა, რომ სამწუხაროდ, ეს ერთი მოქალაქე დღეს არის ხელისუფლების, ოპოზიციის, სახელმწიფო სტრუქტურების სახე — ჩვენ, ონლაინ მედიის ჟურნალისტებს უბრალოდ ვერ გვხედავენ.

მაგალითად, მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტებისთვის გაუმართავთ არაერთი შეხვედრა პრემიერმინისტრებს, ოპოზიციის ლიდერებს თუ სხვა საჯარო პირებს. მხოლოდ ტელევიზიებისთვის არსებობს პრესსამსახურებთან საკომუნიკაციო ჩათებიც, რომელთა ნაწილში ონლაინ მედიის მოხვედრა შეუძლებელია.

2021 წლის 17 ივლისს, როცა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა კრიტიკული ტელევიზიები ღონისძიებაზე არ მიიწვია, ონლაინ მედია არც „შავ სიაში” აღმოჩნდა და არც მიწვეულებს შორის — ჩვენი მათთვის უბრალოდ არ ვარსებობთ.

სწორედ ამ დღეს, როცა მთავრობის პრესსამსახურს ამ თემაზე ვეკონტაქტებოდი, აღმოჩნდა, რომ არსებობს ჩათი, სადაც მხოლოდ ტელევიზიების პროდიუსერები არიან. მოთხოვნის მიუხედავად, ჩემი, ანუ ონლაინ მედიის რედაქტორის ადგილი იქ არ აღმოჩნდა. მიზეზად დამისახელეს, რომ ჩათში სატელევიზიო სიგნალის პარამეტრები იგზავნება და ჩვენ არ გვჭირდება, თუმცა როგორც გაირკვა, აქვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, მაგალითად, რომელ ღონისძიებას ესწრება პრემიერმინისტრი.

ასეთ ღონისძიებაზე ყოფნა, ფაქტობრივად, ერთადერთი საშუალებაა ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვა: ელექტრონულ ფოსტაზე მხოლოდ ანონსების მცირე ნაწილს ვიღებთ, ძირითადად, მთავრობის სხდომისა თუ საკოორდინაციო საბჭოს შესახებ, სადაც პრემიერმინისტრი ჟურნალისტებთან ძალიან იშვიათად ჩნდება.

წინასაარჩევნოდ თბილისის მერობის მხოლოდ რამდენიმე კანდიდატთან მოვახერხეთ გასაუბრება, რადგან უმრავლესობამ ონლაინ მედიისთვის დრო ვერ გამონახა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყოველ დღე ვხედავდით სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში. მაგალითად, გავიგეთ, რომ კახა კალაძეს რამდენიმე თვით ადრე ჰქონია გეგმები გაწერილი, გიორგი გახარიასგან საერთოდ ვერაფერი გავიგეთ და ა.შ. ჩვენთვის არ ეცალა არც ოპოზიციის საერთო კანდიდატს, ნიკა მელიას, რომელმაც დაგეგმილი ინტერვიუ სასწრაფო საქმის მომიზეზებით გადაგვიდო, შემდეგ კი გამოგვიცხადა, რომ საუბარს მხოლოდ არჩევნების შემდეგ შეძლებდა. მეტიც, ოპოზიციის პრესკონფერენციაზე მხოლოდ ტელევიზიები მიიწვიეს და მიზეზად კოვიდრეგულაციები დაასახელეს. პროტესტის შემდეგ ონლაინ მედიისთვის ცალკე პრესკონფერენციას შეგვპირდნენ, რომლის აღარც საჭიროება იყო და აღარც დრო, თუმცა არც ეს დაუგეგმავთ.

ბოლო ამბავი კი, რომელმაც ჩემი აღშფოთება გამოიწვია, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იყო. ექსპრეზიდენტი სხდომას პირველად 29 ნოემბერს დაესწრო და მიუხედავად იმისა, რომ On.ge-ის ჟურნალისტი ადგილზე იყო და წინა დღით სასამართლოს განცხადებითაც მივმართეთ, პროცესზე დასწრების საშუალება არ მოგვეცა.

პროცესის პირველი ნაწილი მთელმა მედიამ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელსაც თავდაპირველად გადაღებული მასალის გაზიარების საშუალებაც არ ჰქონდა. მეორე იმედი ადვოკატის Facebook Live იყო, სადაც სააკაშვილი მისი ინტერესების დამცველების უკან, ფონად ჩანდა, თუმცა მოსამართლემ ლაივის გათიშვაც მოითხოვა. მხოლოდ მოგვიანებით, კოლეგიამ სხდომიდან პირდაპირი ეთერი დაუშვა და ამოვისუნთქეთ — ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება მოგვეცა.

მეორე სხდომა უფრო „საინტერესო” გამოდგა — მიუხედავად წინა გამოცდილებისა, სასამართლომ პროცესზე კვლავ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი შეუშვა, ნაციონალურმა მოძრაობამ კი ნათესავების და ოჯახის წევრების „კვოტით” ტელევიზიების წარმომადგენლები შეიყვანა — „ფეისები”, როგორც პრესსამსახურში ამიხსნეს. ანუ მაშინ, როცა ონლაინ (და არამარტო) მედიას სასამართლოს გაშუქების საშუალება არ გვქონდა, ოპოზიციურმა პარტიამ სხდომაზე, რომლის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, შეიყვანა ადამიანები, რომლებიც იქ არ მუშაობდნენ.

პოლიტიკოსები თუ სხვა საჯარო პირები რომ არ გვესაუბრებიან, თითქმის ნორმად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად სატელეფონო ინტერვიუს ვთავაზობთ, რაც მათთვისაც მოსახერხებელი უნდა იყოს. რამდენიმე დღის წინ, ვცდილობდით ჯანდაცვის სამინისტროსგან მიგვეღო პასუხები ვაქცინის ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით, რადგან გვინდოდა, მკითხველისთვის ამომწურავი ინფორმაცია შეგვეთავაზებინა, რაც, წესით, ამ უწყების ინტერესიც უნდა იყოს. მრავალი უშედეგო მცდელობის შემდეგ, შედეგი მივიღეთ მხოლოდ მაშინ, როცა პირადად მინისტრის მოადგილეს დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ პრესსამსახური თავის მოვალეობას უბრალოდ არ ასრულებს. და ასეთი მაგალითი უამრავი გვაქვს. პარალელურად, ამ და სხვა უწყების მაღალჩინოსნებს მუდმივად ნახავთ სატელევიზიო ეთერებში.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტელევიზიაშიც ვმუშაობდი და სწორედ მაშინ შევნიშნე კონტრასტი — როგორ შეიცვალა რესპონდენტების თუ მედიასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირების დამოკიდებულება მას შემდეგ, რაც ონლაინ მედიიდან ტელევიზიაში გადავინაცვლე. მაშინ ვნახე, რა „ძალა” აქვს ლოგოიან მიკროფონს.

ჩვენ ვერ გვხედავს პოლიციაც, მაგალითად, აქციებზე — სადაც მიკროფონიანი და კამერიანი ჟურნალისტებისთვის შესვლა თავისუფალია, ჩვენ გვიწევს მტკიცება, რომ მედიას წარმოვადგენთ.

გარეთ 21-ე საუკუნეა — ინფორმაციის სწრაფად გავრცელების, ინტერნეტის ეპოქა, როცა თითოეულ წამს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს და, შესაბამისად, ონლაინ მედიის როლი უმნიშვნელოვანესია. ჩვენი სამუშაო მეტად მოქნილია, მეტწილად ტელეფონს ან პატარა კამერებს ვიყენებთ და ფოტოს, აუდიოს ან ვიდეოს სწრაფად ვგზავნით რედაქციაში ან სულაც ადგილიდან ვტვირთავთ საიტზე, Facebook-ზე, Instagram-სა თუ სხვა პლატფორმაზე.

მედიამონიტორინგებსაც თუ გადახედავთ, ონლაინ მედია ყველაზე დაბალანსებული და ეთიკურია, მიუხედავად გაცილებით მწირი რესურსისა. ჩვენი მკითხველი/მაყურებელი მზარდია და აქ ნაკლებად შეხვდებით პოლარიზებას, რაზეც ასე აქტიურად საუბრობს ყველა მხარე. ხშირად ჩვენ მიერ მომზადებულ ნიუსებს კითხულობენ ტელევიზიების პირდაპირ ეთერებში და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყოველ დღე გვიწევს მტკიცება, რომ "ჩვენც" ჟურნალისტები ვართ.

დროა, პოლიტიკოსებმა, პრესსამსახურებმა, საჯარო პირებმა გააცნობიერონ, რომ „ტელეფონით დადიხარ, რანაირი ჟურნალისტი ხარ” არამომგებიანია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რამდენად არასწორი და არასამართლიანია ეს მიდგომა.

ბლოგის ავტორი : ხატია ღოღობერიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ