სიბრ...იყვე სიცრუისა – ცოტა რამ ქართულ მედიაზე
08.02.2022
ხალხი იფიქრებს იმას, რასაც ვეტყვი!

მოქალაქე კეინი, ორსონ უელსი



დემოკრატია არის ხალხის მმართველობა, ხალხისთვის და ხალხის მიერ.

ხალხი წყვეტს, თავისი ქცევით დაამყარებს კარგ მმართველობას, თუ შემთხვევითობას და ძალმომრეობას დაუქვემდებარებს თავის პოლიტიკურ მოწყობას.

თუმცა, დემოკრატიას - რესპუბლიკას, ოქლოკრატიისგან ის განასხვავებს, რომ ინსტიტუტებს, ელიტებს და გამორჩეულ ინდივიდებს განსაკუთრებული როლი და დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

ქართველმა ხალხმა თავისუფლების მოპოვების შემდეგ კარგი მმართველობის მაგალითების შექმნა შევძელით, მაგრამ ახლა ავტორიტარიზმის და პოპულიზმის ჭაობში ვართ. თუ ამ წუმპიდან თავი ვერ დავიხსენით და დემოკრატიული ტრადიცია ვერ დავამკვიდრეთ, ეს ნამდვილად ეროვნული ტრაგედია იქნება, იმიტომ, რომ კიდევ დიდი ხნით გამოვესალმებით ჩვენს ისტორიულ მიზანს - უსაფრთხოებას, თავისუფლებას - და რუსეთის პერიფერიის კვაზი სახელმწიფოდ დავრჩებით.

ახლა ისევ ჩვენი ქცევით უნდა გადავწყვიტოთ, გავაგრძელებთ დემოკრატიული პრეცედენტების შექმნას მყარ ტრადიციად ქცევამდე, თუ ისევ შემთხვევითობის და ძალმომრეობის წრეზე წავალთ.

იმისთვის, რომ რაღაც გადავწყვიტოთ, უნდა ვიმსჯელოთ, ინფორმაცია გავცვალოთ, გავავრცელოთ - დემოკრატია ხომ ინფორმირებულ მოქალაქეს ემყარება? ამ პროცესში პოლიტიკურ სპექტრთან ერთად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი მედია.

მაგრამ ბარიერი ისაა, რომ ქართული მედიის მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით ტელემედიას საკუთარი როლი სწორად არ ესმის და თავი არა ინფორმატორი, ან კომენტატორი, არამედ მანიპულატორი ჰგონია, ამ სულისკვეთებით ოპერირებს და სივრცე, რომელიც დისკუსიას უნდა ეკავოს, კერპთაყვანისმცემლური რიტუალებით, მჩხიბაობითა და უშინაარსო მოთქმა-გოდებითაა შევსებული.

ორსონ უელსი თავის კულტად ქცეულ ფილმში გამომცემელ ჩარლზ ფოსტერ კეინზე მოგვითხრობს, რომელიც წარმატებული მედია იმპერიის შექმნის შემდეგ, ძალაუფლებას დახარბებულ, წარუმატებელ მონსტრად იქცევა და ყველასგან მიტოვებული, იზოლაციაში კვდება.

მოქალაქე კეინი ეკრანებზე 1941 წელს გამოვიდა.

ამ დროს ჰიტლერს ოკუპირებული აქვს თითქმის მთელი ევროპა. ჩერჩილი რუზველტს ჰიტლერის განადგურების აუცილებლობაში არწმუნებს და ომში ჩართვას სთხოვს. შეერთებულ შტატებში ძალიან ძლიერია იზოლაციონისტური განწყობები - პრეზიდენტს პირობა აქვს დადებული, რომ ამერიკას ომში არ ჩაითრევს. პირობის შეცვლას ძალიან დიდი წინააღმდეგობა ხვდება როგორც კონგრესში, ისე მედიაში. მოწინააღმდეგეთა შორისაა ამერიკის ყველაზე გავლენიანი გამომცემელი, იზოლაციონიზმის მედია ლორდად წოდებული უილიამ რენდოლფ ჰერსტი, რომელიც ფართომასშტაბიან პროპაგანდას უწევს ამერიკის ჩაურევლობას. იზოლაციონისტურია მოსახლეობის განწყობაც.

მოქალაქე კეინის მთავარი გმირის ინსპირაცია სწორედ ჰერსტია. იმასაც ამბობენ, რომ უელსმა ფილმი რუზველტის მხარდასაჭერად გადაიღო და კეინის სიმარტოვეში სიკვდილი იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკის ალუზიაა. მედია მაგნატმა ჯერ ფილმის დაბლოკვა სცადა და არ გამოუვიდა. შემდეგ მისი რეკლამირება, გაშუქება და ხსენებაც კი აკრძალა საკუთარ გამოცემებში.

„ირონიულია ჰერსტის პროტესტი, მან საკუთარი საგამომცემლო იმპერია სწორედ სენსაციონალიზმზე ააგო, ხოლო მოქალაქე კეინი ამერიკული კინოინდუსტრიის ყველაზე სენსაციური ნამუშევარია“- წერდა ჟურნალი TIME 1941 წელს.

ამ ფილმზე ასე ვრცლად იმიტომ მოვყევი, რომ საუკუნის წინანდელ დრამაში ჩვენთვის საგულისხმო პარალელები ჩანს და თანაც ვფიქრობ, რომ მზერის სხვაგან გადატანა ხშირად საკუთარი რეალობის უკეთ აღქმაში გვეხმარება.

ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად უდიდესი გავლენისა, როგორც მედიაში, ისე ჰოლივუდში, ჰერსტმა ფილმის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო, ორსონ უელსის სენსაციური ნამუშევარი დღემდე ყველა დროის საუკეთესო ამერიკულ ფილმად რჩება. არც იზოლაციონისტურმა პროპაგანდამ იმუშავა და ხალხის განწყობა ცალსახად ჰიტლერის შეკავებისკენ გადაიხარა. პერლ ჰარბორის დაბომბვის შემდეგ ამერიკა მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო. რუზველტი პრეზიდენტად მეოთხედ სწორედ ომის დროს, 1944 წელს აირჩიეს.

ძალიან ნაცნობია საუკუნის წინანდელი ამერიკელი მედია მფლობელების მახინჯი წარმოდგენა მედიის როლზე - მედიის შესაძლებლობების მითოლოგიზაცია, ხალხის ცხვრის ფარად აღქმა, სკანდალსა და სენსაციაზე გათვლილი სარედაქციო პოლიტიკით ტირაჟისთვის ბრძოლა, ყალბი ინტერვიუები, შანტაჟი, ცილისწამება, ფსევდომეცნიერული კვლევებით და თვითმარქვია ექსპერტებით ხალხის დაზაფრა. ნიშანდობლივია, რომ თავად ორსონ უელსიც ცნობილი თავზარის შემოქმედია - 1938 წელს მან შეერთებული შტატების მოსახლეობას შოკი მოჰგვარა, როცა რადიო შოუში გაავრცელა, რომ ნიუ-ჯერსის თავს მარსელები დაესხნენ.

განსხვავება ისაა, რომ საუკუნის წინანდელი ამერიკული პრესის ამგვარი აღვირახსნილობა მაშინ საგამომცემლო და სამართლებრივი წრეების დისკუსიის საგნად იქცა. ჩაითვალა, რომ სიმართლე თავისუფალი კონკურენციის, იდეათა თავისუფალი ბაზრისა და თავისუფალი სასამართლოს პირობებში უკეთ გაიკვალავდა გზას და მართლაც, მალევე გაჩნდა მედია, რომელმაც ფსონი მკითხველის ნდობაზე დადო და პროფესიული ეთიკის სტანდარტები დაიწესა. ცხადია, მედიის სენსაციონალიზმი და სიყალბე არსად გამქრალა, მაგრამ თავისუფლებამ და კონკურენციამ დეზინფექტორის როლი ითამაშა.

ქართული მედია წლებია იმავე დილემის წინაშე დგას, რაც საუკუნის წინანდელმა ამერიკულმა პრესამ შეუზღუდავი თავისუფლებით გადაჭრა - სენსაციონალიზმი, სკანდალები, მანიპულაცია, ცილისწამება, ყალბი დრამატიზმი და ზედაპირულობა ქართველი ტელემაყურებლის გარდაუვალი რუტინაა. მაგრამ, ამერიკისგან განსხვავებით, აქ ეთიკური მედიის გაძლიერებას საშველი ვერ ადგება - ქართული მედია, კარგი კანონმდებლობის მიუხედავად, თავისუფალი არ არის, იმიტომ, რომ თავისუფალი სასამართლო არ არსებობს და ქვეყანაში დიდი გაჭირვებაა. ვინც სამთავრობო პროპაგანდას არ იმეორებს, ის ფინანსური წნეხის ქვეშაა. ბიზნესი კრიტიკულ მედიაში რეკლამის ყიდვას ერიდება, რადგან სამართალს ვერსად ნახავს, რომ ხელისუფლებისგან თავი დაიცვას. ვინც არ ერიდება, ხელისუფლება საკანონმდებლო ბარიერებს უქმნის, რომ კრიტიკულ მედიას შემოსავალი დააკლოს.

ასეთი ზეწოლის პირობებში მედია თავს ვერ ინახავს და ფინანსურად პარტიებზე და ამ პარტიებთან აფილირებულ ოლიგარქებთან შედის გარიგებებში. პოსტ-საბჭოთა ოლიგარქებისთვის, ტელევიზია არა ბიზნესი, ან იდეოლოგიური პლატფორმა, არამედ საკუთარი პოლიტიკური და ბიზნესინტერესების დაცვის იარაღია. ოლიგარქიული ინტერესები, როგორც წესი, მწყობრ პოლიტიკურ ხედვას არ ემყარება და პრიორიტეტები ხშირად იცვლება, რაც მათზე დამოკიდებულ მედიებს თანმიმდევრული სარედაქციო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას ართმევს და მფლობელის ბერკეტად, ხშირად კი, შურისძიების იარაღადაც აქცევს. ასეთი კორუმპირებული პრაქტიკა მედიას ხრწნის და მის მიმართ საზოგადოების ნდობას ანადგურებს. შედეგად იმას ვიღებთ, რომ ჩვენს ბედს ცუდად ინფორმირებული ამომრჩეველი წყვეტს.

არიან ონლაინ მედიები და ცალკეული ჟურნალისტები, რომლებიც კორუმპირებულ წესრიგს არ ემორჩილებიან, სარედაქციო დამოუკიდებლობის შემლახავ გარიგებებში არ შედიან, პროფესიულ ეთიკას არ ღალატობენ და აუდიტორიის ნდობას უფრთხილდებიან. მაგრამ მათ განუზომლად დიდი გარჯა უწევთ მხოლოდ იმისთვის, რომ იარსებონ, ათჯერ უფრო დიდი იმისთვის, რომ წინ წავიდნენ და გავლენა გაიფართოონ. „ურჩების“ გარჯა ფუჭი არ არის, მზარდია მათი რიცხვი, ვისაც ტელემედიის აღვირახსნილი დეზინფორმაცია გულს ურევს და ინფორმაციას ინტერნეტით, ახალი მედიიდან იღებს.

ეს დინამიკა ტოქსიკური მედიაგარემოს დაბალანსების პერსპექტივას აჩენს, მაგრამ დღის პოლიტიკური წესრიგის განმსაზღვრელად ჯერჯერობით მაინც ტელევიზია რჩება, რომელიც პოლიტიკური დრამის ცენტრალურ თემად სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის დაპირისპირებას ინარჩუნებს. დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი ამ დაპირისპირების კომენტატორად ჰყავს ქცეული და კონკურენტი პარტიების დღის წესრიგს, მიუხედავად მათი რეზონანსულობისა, საინფორმაციო ბადიდან აქრობს და მათ ამომრჩეველს თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს.

ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ ივანიშვილის რეჟიმისთვის ყველაზე მძიმე კრიზისი 2019 წლის 20 ივნისს შეიქმნა, მაგრამ მსჯელობის საგანი არ გამხდარა ძალიან საგულისხმო ფაქტი - გავრილოვზე კამპანია ოპოზიციურ მედიას 20 ივნისამდე არ ჰქონია. მიზეზი ძალიან ბანალურია - გავრილოვის ვიზიტი და მართლმადიდებლური ასამბლეა ნაციონალური მოძრაობის თემა არ იყო. რუსეთის დუმის დეპუტატის ვიზიტზე ევროპულმა საქართველომ ატეხა განგაში და, რუსთავი ორის სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე, მათი საინფორმაციო დღის წესრიგის ნაწილად არ იქცა.

პარადოქსია, მაგრამ შესაძლოა პარტიული ტელემედიის დუმილი სასარგებლოც კი აღმოჩნდა, იმიტომ, რომ გიორგი კანდელაკის პარლამენტში მისვლა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათებული დუმის დეპუტატის ერთი კადრი ეყო ხალხს იმისთვის, რომ ქუჩაში გამოსულიყო და ივანიშვილის რეჟიმისთვის უმძიმესი კრიზისი შეექმნა.

საინტერესოა, არა? - უკვე წლებია, ოპოზიციური ტელემედია და მათი სპიკერები მოსახლეობის რეჟიმზე გაბრაზებას ყოველდღე და 24 საათი ითხოვენ, მაყურებელს ემუდარებიან, ემუქრებიან, აშანტაჟებენ, ლანძღავენ და არავინ ყურს არ იბერტყავს, გარდა პარტიებთან აფილირებული აქტივისტებისა, მაშინ, როცა ერთი მშრალი კადრი აღმოჩნდა საკმარისი მოქალაქეების განსარისხებლად. რატომ?

საქმე ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით და ვერ გვეცოდინება, რა ემოციები გადაება ქართველების ცნობიერებაში ერთმანეთს, რამაც გავრილოვის დანახვაზე პროტესტის აფეთქება გამოიწვია 2019 წელს. არც ის ვიცით, მომავალში რა გამოიწვევს ამგვარ პროტესტს. ამ კითხვაზე პასუხს მთელ მსოფლიოში ეძებენ და ჯერ ვერავინ გასცა - ხალხის ბრაზს ვერავინ დაგეგმავს, ვერც ყველაზე გავლენიანი მედია. გარკვეულწილად, ხალხის ეს თავისებურება სცემს პასუხს კითხვას, რატომ არ აპროტესტებს საზოგადოება იმას, რასაც ოპოზიციური მედია და პოლიტიკური სპექტრი სთავაზობს დაჟინებით გასაპროტესტებლად. წინასწარ რომ ვიცოდეთ, რას გააპროტესტებს ხალხი, დიქტატურები ხომ არ იარსებებდა, რადგან ცვლილებები გაცილებით იოლი განსახორციელებელი იქნებოდა? ამიტომ, გარდა იმისა, რომ სწორია, პრაგმატულიცაა ხალხის ბრაზის დაგეგმვის არარეალისტური ამოცანიდან მედიამ ხელი აიღოს, საკუთარი შესაძლებლობები სწორად შეაფასოს და ის აკეთოს, რაც მისი საქმეა - მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მათი აქტუალურობიდან და არა პარტიული კუთვნილებიდან გამომდინარე და საზოგადოებამ დასკვნები თავად გამოიტანოს.

ისიც აშკარაა, რომ მედია მფლობელებსა და ჟურნალისტების მნიშვნელოვან ნაწილს ტელემაყურებელი კოლექტიურად ბრიყვი ჰგონია. ამიტომ, ფაქტებად ურთიერთგამომრიცხავ ილუზიებს ასაღებს, კომენტატორებად - ეგზოტიკურ მჩხიბავებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ხან მიცვალებულად აცხადებენ, ხან ქვეყნიდან გაქცეულად და მტკიცებულებად რკინის სასახლეში შეპარული ჟანგი მოჰყავთ. მჩხიბავებს რა გამოლევს, მაგრამ პრობლემა სხვაგანაა - თავზარდამცემია, რომ ქართული მედიის წარმომადგენელთა პროფესიულ თავმოყვარეობას საერთოდ არ ლახავს, რომელიმე საბჭოთა მოღვაწის დასაფლავებაზე, ცოტა ხნით ადრე მათ მიერვე მკვდრად გამოცხადებული ცოცხალი ივანიშვილის დანახვა, თითქოს თვლიან, რომ ასე მოქცევა ნორმალურია - ხალხის მოტყუება მადლია, თუ ამ მადლს ექსკლუზიურობას შესძენ და სკანდალს დაარქმევ.

არადა, საბჭოთა კავშირში ვინც დავიბადეთ, თითქოს მათ ხომ მაინც უნდა გვახსოვდეს დრო, როდესაც ოჯახთან ერთად ტელევიზორთან ვიკრიბებოდით და საბჭოთა პროპაგანდას ვუსმენდით? თუ ხალხი ცხვარია და მათი განწყობების კონტროლი ასეთი იოლი, რატომ ვერ შეძლო საბჭოთა კავშირმა ხალხიც ისეთივე ბედნიერი ყოფილიყო საბჭოთა ცხოვრებით, როგორც საბჭოთა პრესა და ტელევიზია გადმოსცემდა? თუ პროპაგანდა და განსხვავებული აზრისთვის მედია სივრცის დახურვა საკმარისია, რატომ დახოცა სტალინმა მილიონები? ანაც რა შორს მივდივართ - პანდემია მძვინვარებს, რატომ არ აიცრა ამდენი ხალხი სატელევიზიო პროპაგანდის მიუხედავად?

მედია ცალსახად გავლენის ინსტრუმენტია, მას ნამდვილად შეუძლია ბევრი გააფუჭოს, ან გააკეთოს, მაგრამ ხალხის აზროვნებაზე კონტროლს ვერ დაამყარებს, იმიტომ რომ ადამიანი კომპლექსური არსებაა და შეხედულებებს ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით იყალიბებს. თუმცა, მედიის წარმომადგენლებს ამის გაგება უჭირთ, იმიტომ, რომ გავლენასთან შეხება ადამიანებს საკუთარ შესაძლებლობებზე გაზვიადებულ წარმოდგენას უქმნის. თუ არავინ და არაფერი აწონასწორებთ, ხშირად თავზე კონტროლს კარგავენ და რეალობას წყდებიან. „თქვენ მე ვიღაც თაღლითი პოლიტიკოსი არ გეგონოთ...“ - ამ სიტყვებით იგულიანებს თავს ორსონ უელსის პერსონაჟი, როდესაც წარუმატებელ პოლიტიკურ კარიერას იწყებს. „პოლიტიკოსებში არ აგერიოთ, ჩვენ ქართული მედია ვართ და ჩვენ თქვენ დაგამთავრებთ“ - ასეთი იყო ქართველი ჟურნალისტების პათოსი ლექსო ლაშქარავას მკვლელობის შემდეგ, როდესაც პრემიერის გადადგომა მოითხოვეს, წარუმატებლად.

ამასთან, პოლიტიკური სპექტრი და მედია ერთმანეთს ვერ შეეჯიბრება, ვერც ჩაანაცვლებს - პოლიტიკურ პროცესს შინაარსს პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება სძენს, მაგრამ ეს შინაარსი დღის სინათლეზე მედიას გამოაქვს. იმისთვის, რომ სინათლის სხივმა დეზინფექტორის როლი შეასრულოს და პოლიტიკური შინაარსი აუდიტორიამდე სწორად მივიდეს, საჭიროა ჟურნალისტებმა კითხვები დასვან, გადაამოწმონ, მოვლენები ისტორიულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში ჩასვან, წარსულ განცხადებებს შეადარონ, პერსპექტივაში გააანალიზონ. იმისთვის, რომ პოლიტიკოსები გაფრთხილდნენ და სიტყვას წონა მიეცეს, მათ უნდა იცოდნენ, რომ საკუთარ სიტყვებს ყველგან შეახსენებენ, მათ შორის კეთილგანწყობილ მედიაშიც.

მაგრამ ადგილობრივი მედია საკუთარ როლს ასე არ ხედავს - ჟურნალისტების მნიშვნელოვან ნაწილს ღირებულებების და პროფესიის სამსახური კლანური ინტერესების სამსახური ჰგონია, ამიტომ, ვინც მოწინააღმდეგეა უაპელაციოდ აშავებს, ვინც არა, კრიტიკულ კითხვებს არ უსვამს.

„მეგობრები არ იყავით?“ - შფოთავს, თუ სხვა საუბრობს კრიტიკულად და არ აინტერესებს, როგორ არის ორი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტი ერთდროულად მართალი და რომელს უნდა დაუჯეროს ხალხმა, ამიტომ არც მათი ფავორიტი პოლიტიკოსები იზღუდავენ თავს და რაც პირზე მოადგებათ, ლაპარაკობენ. მიაჩნიათ, რომ ხალხი ცხვარია და ყველაფერი შერჩებათ. თუ შემთხვევით რომელიმე ურჩმა სტუმარმა არათანმიმდევრულობა შენიშნა და კითხვა დასვა, ჟურნალისტისგან ხშირად ისმის ბრალდება, რომ „ოპოზიციის ოპოზიციაა“. ძნელია, გააგებინო, რომ ამ კითხვებს თავად უნდა სვამდეს, თუ საკუთარი როლის შესრულება და საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვნად მიაჩნია, მაგრამ „რა დროს კითხვებია, როცა ქვეყანა იღუპება“? ამ დროს, რთული არაა იმის გაგება, რომ სწორედ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის გადარჩენას სჭირდება, მედიამ საკუთარი როლი პირნათლად შეასრულოს, ფაქტები გადაამოწმოს, კომენტარი ფაქტისგან გამიჯნოს, რესპონდენტებს არათანმიმდევრულობაზე პასუხი მოსთხოვოს იმისთვის, რომ პოლიტიკური სპექტრი ფორმაში ამყოფოს, გააწონასწოროს, წინააღმდეგობის სისტემამ უფრო გამართულად იმუშაოს და მოქალაქეებმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

ემოციურმა ინჟინერიამ მოკლევადიანი შედეგი შეიძლება მოიტანოს, მაგრამ ჭაობიდან ასე ვერ გავაღწევთ - პროპაგანდა ვიღაცაზე ჭრის, მაგრამ იმდენზე არა, რომ ცვლილებების პროცესი დაძრას. ტელემედიების მიერ დადგმული ოპტიკურ-ილუზორული დრამა მოქალაქეების ნაწილს პროცესიდან აუცხოებს, ადამიანების დიდ ნაწილს არ უყვარს, როდესაც თავს მანიპულირებულად გრძნობს, ჯიუტდება და სტატუს კვოსადმი მიკერძოების ჭაობში იძირება.

პოლიტიკური ცვლილება კომპლექსური პროცესია და ძალიან ბევრ, ერთმანეთისგან, ერთი შეხედვით, დაუკავშირებელ ფაქტორზეა დამოკიდებული. ზემოთაც აღვნიშნე, რომ ცვლილებების რეცეპტის გამოწერა შეუძლებელია, მაგრამ შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რომ რეალობა რომ შევცვალოთ, უპირველეს ყოვლისა, ეს რეალობა სწორად უნდა დავინახოთ: ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი ფინანსური უპირატესობა, აკონტროლებს ხელისუფლების ყველა შტოს, ბიზნესს, მნიშვნელოვანწილად მედიას - პირდაპირ, ირიბად და ძალმომრეობით. რეჟიმის მხარესაა საპატრიარქო, მისი მოკავშირეა კრიმინალური სამყარო, მისკენ არიან მოძალადე ორკები და რუსეთი. ძალაუფლება ასეთი კონცენტრირებული ერთი ადამიანის ქვეშ არასოდეს ყოფილა გასული 30 წლის განმავლობაში.

თქმაც არ უნდა, რომ ასეთი ავტორიტარული რეჟიმის შეცვლა გაცილებით უფრო რთულია და კიდევ უფრო რთულდება, თუ წინააღმდეგობის პროცესის ყველა ძირითადმა ელემენტმა საკუთარი როლი სათანადოდ არ შეასრულა. ამიტომ, ძალიან სამწუხაროა ტელემედია საკუთარ როლს არ ასრულებს და პოლიტიკურ სპექტრს ნაგაზად არ უდგას. მაგრამ იმის მიუხედავად, რამდენად ავტორიტარულია რეჟიმი და რამდენად არაადეკვატურია ოპოზიციური ტელემედია, ქართველი ხალხის ამოცანა არ იცვლება. ჩვენ გვჭირდება, გადავწყვიტოთ, რას ვაკეთებთ - ავტორიტარიზმის ჭაობში ვრჩებით, თუ დემოკრატიული ცვლილებების გზით, კარგ მმართველობას ვამყარებთ.

იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ, უნდა ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, არგუმენტები გავცვალოთ. რადგან ამ მედიაგარემოში სრულფასოვანი დისკუსია არ გამოდის, დღეს ინტერნეტი არსებობს - ალტერნატიული სივრცეები უნდა შევქმნათ და ხალხს იქ ველაპარაკოთ. იქაც ვიმეოროთ, რომ ტელემედიის მიერ საკუთარი როლის თვითლიკვიდაცია, სახიფათო, კონტრპროდუქტიული და არასწორია.

ბლოგის ავტორი : თამარ ჩერგოლეიშვილი - "ტაბულას" დამფუძნებელი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ