„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ „ქართული ოცნების“ საჩივრის
საფუძველზე კომუნიკაციების კომისიის მიერ ხელისუფლების მიმართ
კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიების: „TV პირველის“, „ფორმულასა“
და „მთვარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობას ეხმაურება.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად კომისიის მიერ ტელეკომპანიების
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა,
„როგორც ამას „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის გარდამავალი
დებულება მოითხოვდა, მან ამ გადაწყვეტილებით უკიდურესად სახიფათო
პრეცედენტი შექმნა“.
ქარტიის განცხადებით, 3 ივლისს, ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებას აჩვენა, რომ მზად არის, ძალაუფლების მქონე ჯგუფის მითითებით, შინაარსობრივი საკითხების ფართო სპექტრის რეგულირებით დაკავდეს:
„მაშინ, როცა კომისია იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება და მისი დასაბუთება „ანალოგიური დარღვევების პრევენციას“ შეუწყობს ხელს, ქარტია და ჟურნალისტური თემი შიშობს, რომ ის „მსუსხავ ეფექტს“ იქონიებს და ქვეყანაში მიმდინარე საჯარო პოლიტიკურ დისკურსს გააღარიბებს.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე, მუხლი, რომელიც „სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას“ აწესრიგებს და ერთ-ერთია იმ მუხლებს შორის, რასაც საჩივარი ეყრდნობა, პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.
მედიისთვის ისეთი ტერმინების გამოყენების აკრძალვა, რაც სრულად სარედაქციო პოლიტიკის დისკრეციაშია, სხვა არაფერია, თუ არა პრესის თავისუფლების შეზღუდვა და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლებისთვის ცენზურის დაწესება. მედიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რეალობა იმგვარი ტერმინებით აღწეროს, როგორც ის ხედავს მას თავისი სარედაქციო პოლიტიკის პრიზმიდან“.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს მისი რეგულირების ქვეშ მოქმედი მაუწყებლების დამოუკიდებლობას მაშინაც კი, როდესაც ამ მაუწყებლებისგან წამოსული კრიტიკა ძალაუფლების სტრუქტურებს დისკომფორტს უქმნის, და იქცეს მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის რეალურ გარანტად, როგორც ამას კომისიისთვის, როგორც დამოუკიდებელი სააგენტოსთვის, მინიჭებული მანდატი ითვალისწინებს, „სხვა შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიის როლი სამაუწყებლო სექტორის განვითარებაში ცალსახად შეფასდება როგორც რეგრესული და უარყოფითი“.
ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიების წინააღმდეგ კომისიას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მინდობილმა პირმა, ნათია ბოკუჩავამ 27 მაისს მიმართა და ისეთი სიტყვების გამოყენებით, როგორებიცაა: „ოლიგარქი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „კლანის მსახური მოსამართლე“,„ოლიგარქის დეპუტატი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური პარლამენტი“ „კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევისათვის“ მათი დასანქცირება მოითხოვა.
ამ საჩივრების საფუძველი სამივე ტელეკომპანიის შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ის ცვლილებები იყო, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით 1 აპრილს მიიღო. „ქართული ოცნების“ საჩივრები პირველია, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ მისი უფლებამოსილების გაზრდის შემდეგ მიიღო და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები სამართალდამრღვევად ცნო.
1 აპრილის ცვლილებებით, რომელიც მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო, კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ამ ცვლილებების დაინიიცირებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული.
კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლების დასანქცირება 2025 წლის პირველი ივნისიდან შეუძლია, მანამდე შეფარდებული სანქციები კი არ აღსრულდება.
დარღვევის დადგენის შემთხვევაში კომისიას შეუძლია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, გარემოებების შესაბამისად, წლიური შემოსავლის 0,5%-ის, 1%-ის ან 3%-ის ოდენობით, შეაჩეროს ან გააუქმოს მაუწყებლის ლიცენზია.