“ძალიან კარგია”, “არაფერი შეცვლილა”, “გაუარესდა” - მედია ბიზნესის კეთების ინდექსს აფასებს
29.10.2015
28 ოქტომბერს ბიზნესის კეთების მსოფლიო ინდექსში საქართველოს საკითხი თითქმის ყველა ტელეკომპანიამ გააშუქა. საკითხის გაშუქებისას ძირითადად სამი აქცენტი გამოიკვეთა: ერთი, როდესაც ჟურნალისტი ცალსახად აცხადებდა, რომ საქართველოს ბიზნესის კეთების რეიტინგში ძალიან კარგი პოზიცია აქვს, მეორე, როდესაც ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ ბიზნესის კეთების მსოფლიო ინდექსში საქართველოს პოზიცია არ შეუსუსტებია და მან ბევრ კომპონენტში გაიუმჯობესა მდგომარეობა და მესამე - საქართველოში ბიზნესის კეთების მხრივ არაფერი შეცვლილა, ქვეყანა კვლავ იგივე პოზიციაზეა, თუმცა არის კომპონენტები, სადაც საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფასებით, ბიზნესის კეთების ინდექსში საქართველოს პოზიცია “ძალიან კარგია”. საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” პირველივე სიუჟეტში ჟურნალისტმა განაცხადა:

“189 ქვეყნიდან 24-ე ადგილზე ყოფნა საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის ძალიან კარგია. ცალკეულ მაჩვენებლებსაც თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივია”.

სიუჟეტში აღინიშნა, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს პოზიცია არ შეუცვლია, შეიცვალა მხოლოდ მეთოდოლოგია. თუმცა აქ აქცენტი გაკეთდა იმაზეც, რომ მსოფლიო ბანკის ამავე რეიტინგში საქართველოს ეკონომიკა ევროპისა და ცენტრალური აზიის წამყვან ოთხეულში მეოთხე ადგილზე მოხვდა. ამ საკითხზე ყურადღება ტელევიზიებს შორის მხოლოდ “პირველმა არხმა” გაამახვილა.

ძირითადი აქცენტების შემდეგ ჟურნალისტმა განსხვავებულ მოსაზრებებზეც ისაუბრა და დრო მმართველ გუნდთან ერთად, ექსპერტებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუთმო. წამყვანის ტექსტში აღნიშნული იყო, რომ “ახლადმიღებულ რეიტინგს განსხვავებულად კითხულობს ოპოზიცია”. ექსპერტების თქმით კი, ქვეყანა რომ წინ არ მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს.

ჟურნალისტმა ასევე მიმოიხილა გაუმჯობესებული და გაუარესებული კომპონენტები. უნდა გამოიყოს ჟურნალისტის ერთერთი დასკვნითი ფრაზა, სადაც ის ამბობს: “მსოფლიო ბანკი ბიზნესის კეთების რეიტინგს 12 წელია აკეთებს, ამ ხნის განმავლობაში კი ყველაზე დიდი პროგრესი საქართველომ განიცადა”.

ბიზნესის კეთების ინდექსს “იმედის” “ქრონიკაში” მეორე ბლოკის პირველი სიუჟეტი დაეთმო. ჟურნალისტმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიო რეიტინგში საქართველო 24-ე ადგილზეა. მან ეკონომიკის სამინისტროს განმარტება მოიშველია და აღნიშნა, რომ ქვეყნის პოზიცია ფაქტობრივად არ შეცვლილა და გასული წლის მე-15 ადგილიდან 24-ზე გადასვლა მხოლოდ მეთოდოლოგიის ცვლილებამ განაპირობა.

მასალაში ეკონომიკური საკითხების სპეციალისტის ვატო ლეჟავას შეფასებაც იყო წარმოდგენილი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეთოდოლოგია წინა წლებშიც იცვლებოდა, თუმცა საქართველოს პოზიციები უმჯობესდებოდა კიდეც.

„სულ საქართველოს 39 რეფორმა აქვს განხორციელებული მსოფლიო ბანკის მოხსენების მიხედვით, აქედან 38 განხორციელებულია 2012 წლამდე“, - განაცხადა ვატო ლეჟავამ.

ჟურნალისტი კი, აღნიშნავს, რომ რეიტინგის მეთოდოლოგიის ცვლილებას მიესალმება მმართველი გუნდი, ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის და ბიზნესის წარმოებისთვის დღეს უკვე ნაკლებად მიმზიდველი სახელმწიფოა. "ანგარიშის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, გამარტივდა სამშენებლო ნებართვების გაცემა. ასევე შესაძლებელი გახდა, კომერციულ დავებთან დაკავშირებით, სასამართლოში მიმართვა ელექტრონული ფორმით. ქონებრივი რეგისტრაციის კუთხით, საქართველო კვლავ საუკეთესო სამეულშია. ოდნავ გაუარესებულია ბიზნესის დაწყების და სესხის აღების მაჩვენებელი".

“იმედის” აქცენტი გაიზიარა GDS-მა, ოღონდ ოდნავ მძაფრად. აქ გაუარესებულ კომპონენტებზე ჟურნალისტს არ უსაუბრია. გადაცემა 2030 ბიზნესის კეთების ინდექსში საქართველოს პოზიციებს საკმაოდ დადებითად გამოეხმაურა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ საქართველომ შარშანდელთან შედარებით 13 მაჩვენებელი გაიუმჯობესა და ახლა უკვე 165 ქვეყანას უსწრებს, მათ შორის პოლონეთს, შვეიცარიას და ნიდერლანდებს.

სიუჟეტში ითქვა, რომ შარშანდელისგან განსხვავებით (მე-15 ადგილი) საქართველო 24-ე ადგილზეა რეიტინგში. თუმცა რესპონდენტები აცხადებდნენ, რომ ეს ცვლილება ინდიკატორების შეცვლამ განაპირობა და რეალურად საქართველოს რეიტინგში ადგილი არ შეუცვლია.

თითქმის ყველა რესპონდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს წინსვლა და ბევრად უკეთესი შედეგი. მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენელმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ კვლავ არის წინაღობები და მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის.

“რუსთავი 2-ის” აქცენტი განსხვავდებოდა ზემოაღნიშნული ტელევიზიებისგან. “კურიერის” მთავარ გამოშვებაში მომზადებულ სიუჟეტში ცალსახად აღინიშნა, რომ ბიზნესის წარმოების კუთხით საქართველოში არაფერი შეცვლილა. შესაბამისად, ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს პოზიციაც უცვლელია. ეს ინფორმაცია დაადასტურა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმაც. შემდეგ კი მოვისმინეთ ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ ისეთ ქვეყნებს ვუსწრებთ, როგორებიცაა პოლონეთი, შვეიცარია, საფრანგეთი და ნიდერლანდები. ასევე პრემიერმა აღნიშნა, რომ არის რამდენი პოზიციაზე გაუმჯობესება და არსად არ არის გაუარესება.

მის საპასუხოდ ჟურნალისტმა რამდენიმე კომპონენტი მოიყვანა, რაშიც მდგომარეობა კვლევის მიხედვით გაუარესდა, მაგალითად - ბიზნესის დაწყების მონაცემებისა და კრედიტების აღების შესაძლებლობის კუთხით. აქვე აღნიშნულია ის სფეროები, სადაც მდგომარეობა გაუმჯობესდა. მასალაში ჟურნალისტი რეიტინგებით ოპოზიციის წარმომადგენელთა უკმაყოფილებასაც უსვამს ხაზს, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვნად გაუარესდა ბოლო 3 წლის მანძილზე.

ამის პარალელურად კი ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ “მმართველი გუნდი კმაყოფილია მთავრობის მუშაობითაც და კვლევის მეთოდოლოგიის შეცვლითაც”. მმართველი გუნდიდან გია ჟოროლიანმა განაცხადა, რომ ძველი რეიტინგი არარეალურად ასახავდა სურათს და ახალი მეთოდოლოგია უფრო ადეკვატურია.

სიუჟეტში, ექსპერტების თქმით, ხელისუფლებას მეთოდოლოგიის ცვლილებები ადრე რომ გაეთვალისწინებინა, ქვეყანა რეიტინგში უფრო მაღლა იქნებოდა.

ჟურნალისტი მასალას პოზიტიური ინფორმაციით ასრულებს. ბიზნესის კეთების ინდექსში საქართველოში გატარებული ორი რეფორმა განსაკუთრებით არის გამოყოფილი - კონტრაქტების აღსრულებითა და მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებით, საქართველო 19 ქვეყანას შორისაა.

ტელეკომპანია “მაესტროს” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში "ფაქტორი რვაზე" წამყვანმა განაცხადა, რომ საქართველოს რეიტინგი ბიზნესის კეთების მხრივ გაუარესდა, ქვეყანამ კი მე-15 პოზიციიდან 24-ე ადგილზე გადაინაცვლა. "ამას ციფრები ამბობენ, საქართველოს ხელისუფლება კი პროცენტებს სხვაგვარად კითხულობს", - დაამატა წამყვანმა.

სიუჟეტში საუბარია შეცვლილ მეთოდოლოგიაზე, ანგარიშში მოყვანილ დადებით და გაუარესებულ ინდიკატორებზე. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის პოზიციების დაკარგვაში ეკონომიკური გუნდი ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და ვითარებას მეთოდოლოგიის ცვლილებით ხსნის.

ჟურნალისტმა სიუჟეტში აღნიშნა, რომ შეცვლილი მეთოდოლოგია, როგორც ჩანს, მხოლოდ საქართველოზე აისახა, რადგან, რეიტინგებში მაკედონიას პოზიცია არ შეუცვლია, საქართველომ კი - პოზიციები დათმო. სიუჟეტში მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ვატო ლეჟავამაც ისაუბრა, მან აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ მეთოდოლოგიის ცვლილება მკვეთრად არ უნდა ცვლიდეს ქვეყნის პოზიციას. ჟურნალისტმა ახალი მონაცემები 2006 წელს შეადარა და ხაზი გაუსვა იმას, რომ მაშინდელ მაჩვენებელთან შედარებით მდგომარეობა ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით 15 პუნქტით გაუარესდა.

შენიშვნა: მასალა შესწორებულია 31 ოქტომბერს. შესწორება ეხება ტელეკომპანია "მაესტროს" ნაწილს. მანამდე აღნიშნული იყო, რომ "მაესტრომ" ზემოაღნიშნული თემა 28 ოქტომბრის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ გააშუქა.

თეგები : კვლევების გაშუქება;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ