საბჭოს გადაწყვეტილებით, „კურიერ P.S. - ის“ სიუჟეტში ქარტიის პრინციპები დაირღვა
22.04.2017
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება „რუსთავი2-ზე“, გადაცემა „კურიერი P.S.-ში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით. მასალა თბილისში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების კეთილმოწყობის პრობლემას ეხებოდა. ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სიუჟეტში ფაქტების ნაწილი არაზუსტად გაშუქდა, ნაწილი კი მიიჩქმალა, ხოლო წამყვანის შესავალი ტექსტი დისკრიმინაციული იყო.

სიუჟეტის მიხედვით, დავით ნარმანიას მერობისას გახსნილი საპირფარეშოები არ ფუნქციონირებს, მერიამ საზოგადოებრივი საპირფარეშოები ისე ააშენა, რომ საკანალიზაციო სისტემა არ გაითვალისწინა. საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, სიუჟეტის ავტორი დაეყრდნო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომლიდანაც ნათლად იკვეთება, რომ საპირფარეშოების კეთილმოწყობაზე ხელშეკრულებები დაიდო არა თბილის მოქმედი, არამედ ყოფილი მთავრობის უფლებამოსილების ფარგლებში. შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილებით, წამყვანის შესავალი ტექსტი, სადაც საპირფარეშოების გახსნა დავით ნარმანიას მიეწერებოდა, არ შეესაბამებოდა სიმართლეს და დაირღვა ქარტიის პირველი, ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი. შესავალი ტექსტი კი ასეთი იყო: „დავით ნარმანიას შეუდარებელმა კოლექტივმა გადაწყვიტა, ადამიანობა გამოეჩინა და თბილისის ყველაზე დატვირთულ წერტილებში საზოგადოებრივი ტუალეტები დაამონტაჟა“.

გარდა ამისა, საბჭო აღნიშნავს, რომ სიუჟეტის ავტორი იცნობდა აუდიტის დასკვნას, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო, რომ ხელშეკრულებები გაფორმდა ქ. თბილისის წინა მთავრობის მიერ. შესაბამისად, საბჭოს აზრით, სიუჟეტში მიიჩქმალა ეს ფაქტი და დადგინდა ქარტიის მესამე პრინციპის (ფაქტის მიჩქმალვა) დარღვევაც.

საბჭოს აზრით, გადაცემის წამყვანმა შესავალი ტექსტით ქარტიის მეშვიდე, დისკრიმინაციის პრინციპიც დაარღვია. „ალბათ დავით ნარმანიას დაავიწყდა, რომ ის დედაქალაქის მერად აირჩიეს და ისევ სადმე სოფელში ჰგონია თავი, სადაც ტუალეტებს დიდი ორმოების თავზე აშენებენ კანალიზაციის გარეშე“- ასეთი იყო წამყვანის ტექსტი. საბჭომ აღნიშნა, რომ გეოგრაფიულ წარმომავლობისა და უკანალიზაციო საპირფარეშოების პრობლემის ერთმანეთთან დაკავშირება დისკრიმინაციულია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ. “წამყვანმა ისე გამოიყვანა თითქოს, კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები პირებისთვის მისაღები და დამაკმაყოფილებელია ის, რაც არ შეეფერება ქვეყნის დედაქალაქს“- ვკითხულობთ გადაწყვეტილებში.

განმცხადებელი ასევე ფიქრობდა, რომ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ დაარღვია ქარტიის მეთერთმეტე პრინციპიც, რომელიც ფაქტის განზრახ დამახინჯებას გულისხმობს, თუმცა საბჭომ არ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია და ამ მუხლის დარღვევა არ დაუდგენია: „აღსანიშნავია, რომ თავად გიორგი გაბუნია არ იყო სიუჟეტის ავტორი და ლოგიკურად დასაშვებია, არ სცოდნოდა, რომ საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო დავით ნარმანიას უფლებამოსილების ცნობამდე. საბჭო მიიჩნევს, რომ არასწორი ფაქტი გავრცელდა გიორგი გაბუნიას მიერ სიუჟეტის სუბიექტური შეფასების/ინტერპრეტაციის და ფაქტების გადაუმოწმებლობის საფუძველზე“ - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

კურიერ P.S- ს სიუჟეტი


თეგები : სტერეოტიპები; თვითრეგულირება; არაზუსტი ინფორმაცია ;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ