მოზარდების სუიციდი, ქართველი მენტორები, დიდი ფული - სიუჟეტი "პოსტ სკრიპტუმში"
08.05.2018
2018 წლის 6 მაისს, კვირას, "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პოსტ სკრიპტუმში" ერთ-ერთი სიუჟეტი მოზარდების სუიციდის შემთხვევებსა და ინტერნეტ თამაშს, ეგრეთ წოდებულ "ლურჯ ვეშაპს მიეძღვნა"

მასალას რამდენიმე გზავნილი ჰქონდა მაყურებლისთვის: საქართველოში მოზარდები თავს იკლავენ ინტერაქტიული თამაშის (ლურჯი ვეშაპის) გამო, ამ თამაშს ჰყავს ქართველი მენტორები, ბავშვების თვითმკვლელობით ვიღაცები დიდ ფულს აკეთებენ და ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არაეფექტურად მუშაობს. ეს მესიჯები გადაცემის წამყვანმა თემის წარდგენისას გააჟღერა, მტკიცებით ფორმაში: „ბავშვების სიცოცხლე და სიკვდილიც სხვების გასართობია, ე. წ. მენტორების, რომლებიც დავალებებს აძლევენ მოზარდებს და ბოლოს ისინი თვითმკვლელობამდე მიჰყავთ“.

ასეთივე ქვეტექსტი ჰქონდა მთლიან სიუჟეტსაც, სახელწოდებით: „ფსონი ბავშვების სიკვდილზე“. თუმცა, მასალაში არ ყოფილა არცერთი სანდო არგუმენტი და დასაბუთება, რაც მის მთავარ გზავნილებს დაადასტურებდა.

ამბავი - სუიციდის შემთხვევების "ლურჯ ვეშაპთან", ასევე ქართველ ხელმძღვანელებსა და დიდ ფულთან კავშირზე, სიუჟეტის ავტორმა ერთი რესპონდენტის, შვილმკვდარი დედის მონათხრობზე დაყრდნობით გაავრცელა. რესპონდენტი მომხდარს თამაშთან რამდენიმე მიზეზით აკავშირებს: წარწერა, რომელიც შვილმა თავის მოკვლამდე ფანჯარაზე დატოვა, გოგონას ტელეფონში აღმოჩენილი ძალადობის შინაარსის შემცველი ფოტოები და ჩანაწერები, რომლებშიც იგი ახსენებს ადრესატს საეჭვო ფსევდონიმით: „ეს ყველაფერი ერთმანეთთან დავაკავშირეთ და საბოლოო ჯამში ამ დასკვნამდე მივედით, რომ ელენე სამწუხაროდ ამ თამაშს შეეწირა, ისევე როგორც ძალიან ბევრი ბავშვი საქართველოში“.

"ლურჯი ვეშაპის" ქართველი ხელმძღვანელის თემასაც ავტორი ამავე რესპონდენტის შემდეგი მონაყოლით ავრცელებს: "მე დანამდვილებით ვიცი, რომ ამ თამაშს ჰყავს ქართველი მენტორი და მე მინიმუმ სამი შემთხვევა ვიცი მშობლებისგან და ბავშვებისგან, როდესაც ისინი ადასტურებენ ფაქტს, რომ მათ ესაუბრებოდნენ ქართულად", - ეუბნება რესპონდენტი სიუჟეტის ავტორს, თუმცა მასალაში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა გადაამოწმა თუ არა ეს ნათქვამი და სცადა თუ არა ამ ადამიანებთან დაკავშირება. ასევე, ვერ გავიგეთ გამოძიებას მაინც თუ აქვს ინფორმაცია ამ ადამიანებზე და ისინი თუ თანამშრომლობენ შესაბამის უწყებასთან.

თამაშის კავშირს მოზარდების სუიციდთან და ქართველი ხელმძღვანელის თემას ავტორი მასალაში მხოლოდ ფსიქოლოგის კომენტარით ამყარებს. ჟურნალისტის კითხვაზე: „შეგიძლიათ დანამდვილებით იმის თქმა, რომ ამ ქალაქში, ან ამ ქვეყანაში, ამ თამაშის გამო მოზარდების სიცოცხლე დასრულებულა ფატალურად?“ რესპონდენტი პასუხობს, რომ ამას ადასტურებს. იქვე იგი ამატებს, რომ "თამაში განსაკუთრებით რეგიონებშია მოდაში“. თუმცა, სიუჟეტში არ ჩანს რის საფუძველზე ამბობს ამას იგი.

ასევე, მხოლოდ ორი რესპონდენტის კომენტარი უდევს საფუძვლად იმის მტკიცებას, რომ საგამოძიებო უწყება არაეფექტურად მუშაობს. გარდაცვლილი მოზარდების მშობლები ამბობენ, რომ ვერ გახსნეს მათი შვილების მობილურები და კომპიუტერები. საგამოძიებო უწყებაში კი ამბობენ, რომ საქმის დეტალების გასარკვევად არსებობს სხვა გზაც და კატეგორიულად გამორიცხავენ კავშირს სუიციდსა და ინტერნეტ თამაშს შორის.

„ვადასტურებთ მთავარ კითხვას, ეს (სუიციდი) არ არის ინსპირირებული საჯარო სივრცეში არსებული რაღაც თამაშით“, - ამბობს მასალაში ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი, რომლის თქმით, შესწავლილია მოზარდების სუიციდის ყველა შემთხვევა და ფაქტები, რომლებზეც გარდაცვლილების მშობლები აპელირებენ, არასწორია.

მასალის ბოლოს ავტორი ასევე ამბობს, რომ "სახიფათო თამაშის სავარაუდო მსხვერპლები არიან მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. პოსტსაბჭოთა სივრცეში მოზარდთა სუიციდის ყველაზე ხშირი ფაქტებია ლიტვაში“. თუმცა, წინა გზავნილების მსგავსად, ვერც ამ შემთხვევაში ვიგებთ ან ვხედავთ დოკუმენტს, წყაროს ან სტატისტიკას, რაც ავტორს ამ განცხადების საფუძველს აძლევს. მასალიდან არ ჩანს რა აჩვენა გამოძიებამ სხვა ქვეყნებში, დადგინდა თუ არა სადმე, თუნდაც მაგალითად ლიტვაში, სადაც ავტორის თქმით, თვითმკვლელობის მაღალი მაჩვენებელია, შემთხვევების კავშირი ინტერნეტ თამაშთან.

ისეთი თემისადმი, როგორიცაა არასრულწლოვნების სუიციდი, რა თქმა უნდა მაღალი საჯარო ინტერესია და მედიამ ამ საკითხებზე უნდა ილაპარაკოს. თუმცა, სწორედ ამ დიდი ინტერესისა და თემის სენსიტიურობის გამო მართებს ჟურნალისტს განსაკუთრებული სიფრთხილე და მეტი პასუხისმგებლობა მასალის მომზადებისას.

„არ დაიყვანოთ სუიციდი მხოლოდ ერთ მარტივ მიზეზამდე, მაგალითად, პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემები, ფინანსური მდგომარეობა, ნარკოტიკები და ა.შ. ამგვარი გაშუქების მთავარი ფოკუსი პრობლემაზე მსჯელობაა. მაგალითად, შესაძლებელია, საზოგადოებას დაეხმაროთ გაარჩიონ სუციდის გამომწვევი ნიშნები, რათა მოხდეს პრევენცია", - ვკითხულობთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო დოკუმენტში.

ამავე სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ ჟურნალისტს განსაკუთრებული ყურადღება მართებს გარდაცვლილის ოჯახის წევრთან ურთიერთობისას.

„სუიციდის მსხვერპლის ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები არიან აფექტურ მდგომარეობაში, დაბნეულები, თავს გრძნობენ დამნაშავედ და ეძებენ პასუხებს კითხვაზე, რატომ მოიქცა მათი ახლობელი ასე. ასეთ სიტუაციაში მათ შესაძლოა ჟურნალისტებს უთხრან ისეთი რამ, რასაც მომავალში ინანებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სუიციდის მსხვერპლის გარემოცვა ხშირად იყენებს მედიასთან ინტერვიუს იმისთვის, რომ ბრალი დასდოს რომელიმე პირს ახლობლის თვითმკვლელობაში. არადა, ამ დროს, ისინი, მიღებული შოკის გამო, შესაძლოა კარგად ვერც აცნობიერებდნენ საკუთარ ნათქვამსა თუ ქმედებებს. კვლევები ცხადყოფს, რომ სუიციდის მსხვერპლთა ოჯახი თავადვე არის სუიციდისკენ მიდრეკილი მაღალი რისკჯგუფი“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.




თეგები : სუიციდი;
ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ