დაუსაბუთებელი ინფორმაცია “კურიერში”
18.07.2018
16 ივლისს "რუსთავი 2-ის" მთავარი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი სიუჟეტი გურიაში, კურორტ ბახმაროში უკანონო მშენებლობებს და მიწების მიტაცებას მიეძღვნა. სიუჟეტი წამყვანმა შემდეგი ტექსტით წარადგინა: “უკანონო მშენებლობები და მიწების მიტაცება ბახმაროში. მოსახლეობა განუკითხაობაზე საუბრობს და პრობლემებს თბილისის მერს და სხვა თანამდებობის პირებს უკავშირებს. ადგილობრივი ხელისუფლება კი კანონის დარღვევით მიტაცებული ქონების მეპატრონეებს მხოლოდ საფინანსო ჯარიმას აკისრებს და ამით არაფერი იცვლება. უკანონო მშენებლობები კურორტზე შეუფერხებლად გრძელდება”.

სიუჟეტში, რომლის მთავარი სათქმელი იყო, რომ ბახმაროში, მეწყერსაშიშ, ასევე რეკრაციულ ზონაში, უკანონო მშენებლობები მიმდინარეობს და ამ ყველაფრის უკან თანამდებობის პირები დგანან, ამგვარი განცხადებების დამადასტურებლად ვერც რაიმე დოკუმენტი ვნახეთ და ვერც ჟურნალისტის მცდელობა - უკეთ გადაემოწმებინა ფაქტები. გზავნილებს ავტორი უმეტესად ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებდა.

რუსთავი 2-ის სიუჟეტი ბახმაროში უკანონო მშენებლობების შესახებ

მასალის მთავარი დასაყრდენი ბახმაროს განვითარების ხელშემწყობი ასოციაციის თავმჯდომარე არმაზ ახვლედიანია, რომელიც ყვება, რომ ბოლო 20-25 წელია ბახმაროელებს არ ახსოვთ ის, რაც დღეს იქ ხდება: "შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილი, რაც თქვენ მოგეწონებათ, მოიხაზოთ. უბრალოდ გადაიხადოთ ამისთვის ფული, ქრთამის სახით და გაიტანოთ თქვენი”. მისივე თქმით, უკანონო მშენებლობა კურორტზე ბევრია, რისთვისაც "უმოწყალოდ ნადგურდება ბახმაროს უნიკალური ლანდშაფტი". იგი კორუფციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლებაში ამას ან ხელს აფარებენ, ან გაჩუმების სანაცვლოდ დიდ ფულს იღებენ. სიუჟეტიდან არ ჩანს, კონკრეტულად რომელ თანამდებობის პირს გულისხმობს ახვლედიანი, ან აქვს თუ არა კორუფციული გარიგების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

შემდეგ მასალიდან ვიგებთ, რომ ერთ-ერთი ასეთი ადგილი, რომელიც უცნობმა მოქალაქემ, მაგრამ “სავარაუდოდ, გავლენიანმა პირმა მოიხაზა, პირდაპირ სარეკრეაციო ზონაზე გადის”. ჟურნალისტისვე ინფორმაციით, დაზუსტებით ვინ აშენებს სახლს ამ კონკრეტულ ადგილას, უცნობია, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ვინმე ჭეიშვილია. “ბახმაროში ადგილობრივები ყვებიან, რომ ეს პირი კახი კალაძის მეგობარია”, - აზუსტებს ჟურნალისტი.

გარდა ადგილობრივების კომენტარებისა, მასალაში არ ჩანს ოფიციალური დოკუმენტების გადამოწმებისა და არსებული რესურსების გამოყენების მცდელობა იმის დასადგენად ვინ არის სინამდვილეში ამ კონკრეტული ადგილის მფლობელი, ან, ვინ არის ეს “ვინმე ჭეიშვილი” და რა აკავშირებს მას თბილისის მერთან. ჟურნალისტს კითხვით არც კახა კალაძისთვის მიუმართავს.

კიდევ ერთი შეუსაბამობა, რაც მაყურებელს უფრო კითხვებს უჩენს, ვიდრე ინფორმაციას აწვდის, ამ ახალგაჩეხილი ადგილის მეპატრონის დაჯარიმებაა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ერთის მხრივ ამბობს, რომ აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და მიმდინარებს მოკვლევა იმის დასადგენად, “ვინ ამუშავა ტექნიკა”, მეორეს მხრივ კი განმარტავს, რომ უკანონო მშენებლის ზუსტი ვინაობა არ იცის, თუმცა იცის, რომ ოზურგეთელია და უკვე დაჯარიმებულია. როგორ დააჯარიმეს დაუდგენელი პირი, ჟურნალისტს კითხვა კი გაუჩნდა, მაგრამ, როგორც სიუჟეტიდან ჩანს, არც ამ ფაქტის გადამოწმება უცდია.

მასალის ბოლოს ჟურნალისტმა კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მან თქვა, რომ მდინარის კალაპოტი, რომელიც კურორტის ცენტრში მოედინება, წლებია არ გაწმენდილა და ადიდებული მდინარე მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ამ განცხადების ფონად კი ვიხილეთ ვიწრო ზოლში ჩამომავალი მდინარე, რომლის სიმაღლე ქვებსაც ძლივს ფარავს. სიუჟეტიდან სრულიად გაუგებარი დარჩა, რა კავშირი ჰქონდა თემასთან მდინარის საკითხს.

თუ გავითვალისწინებთ პათოსს, რომელიც თითქმის 5-წუთიან სიუჟეტს მთავარ ხაზად გასდევს და რაშიც კურორტზე მიმდინარე უკანონო მშენებლობები, თანამდებობის პირების მიერ მიტაცებული მიწები და თბილისის მერთან კახი კალაძესთან კავშირები მოიაზრება, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულის დასამტკიცებლად, ჟურნალისტს გარდა რამდენიმე ადგილობრივის ვარაუდისა, სხვა არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდენია. ამბავი ტოვებს ზედაპირული მსჯელობის, რეალობის გაზვიადებისა და შესაძლო კორუფციულ კავშირებში თბილისის მერის ხელოვნურად ჩართვის მცდელობის შთაბეჭდილებას.

თეგები : არაზუსტი ინფორმაცია ;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ