ინფორმაცია საზ მაუს სამეურვეო საბჭოს მიერ სხდომის ჩანაწერის წაშლის შესახებ ‘მოამბემ’ მთავარ გამოშვებაში არ გააშუქა
27.09.2018
26 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრმა, გია იაკობაშვილმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ 12 სექტემბრის შეხვედრის ჩანაწერი, რომელიც არხის თანამშრომლების სამუშაო პირობების შეცვლის საკითხს ეხებოდა, მან წაშალა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეორგანიზაციისადმი მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, არხმა ეს თემა 26 სექტემბრის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ გააშუქა.

შეგახსენებთ, 3 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 42 თანამშრომელს არხის მენეჯმენტმა შეცვლილი სამუშაო პირობები შესთავაზა. ცვლილება, რომელიც არხის ტექნიკურ თანამშრომლებს შეეხოთ, საათობრივ სამუშაო რეჟიმს და შესაბამის ანაზღაურებას გულისხმობს.

ამ შეთავაზებას არხის თანამშრომელთა ნაწილის საპროტესტო აქციები მოჰყვა. 12 სექტემბრის გაფართოებული სამუშაო შეხვედრა, რომლის ჩანაწერის განადგურების შესახებაცაა საუბარი, მაუწყებლის პროფკავშირების მოთხოვნით გაიმართა. ამ შეხვედრას საბჭოს წევრები, მენეჯმენტისა და თავად პროფკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ იმ თანამშრომელთა შესახებ იმსჯელეს, რომლებიც ახალ ხელშეკრულებაზე გადაიყვანეს.

ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ნინია კაკაბაძემ განაცხადა, რომ შეხვედრა ყველა მხარის შეთანხმებით ჩაიწერა, თუმცა მოგვიანებით იგი განადგურდა. 26 სექტემბრის სხდომაზე გია იაკობაშვილმა განაცხადა, რომ მას ჰქონდა საბჭოს წევრთა უმრავლესობის თანხმობა ჩანაწერის განადგურებაზე, თუმცა ვინ არიან ეს წევრები, არ დააკონკრეტა. გარდა ამისა, მისი თქმით, ეს შეხვედრა საჯარო არ იყო და მისი ჩაწერისა და გასაჯაროების ვალდებულება საბჭოს არ ჰქონია.

არ იზიარებს ამ არგუმენტებს მაუწყებელთა პროფკავშირების თავმჯდომარე ნინო ზაუტაშვილი. იგი ამბობს, რომ ამ შეხვედრის ამონარიდები იქნებოდა მნიშვნელოვანი მტკიცებულება სასამართლო პროცესებზე, რომელიც აუცილებლად გაიმართება თანამშრომელთა გათავისუფლების საკითხზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ფიქრობენ, რომ გია იაკობაშვილის ქმედება შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. იაკობაშვილის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით საიამ ასევე გუშინ, 26 სექტემბერს მიმართა მთავარ პროკურატურას. ისევე როგორც სხდომის ამბავი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვების მაყურებელს გუშინ არც საიას მიერ პროკურატურისთვის მიმართვის შესახებ მიუღია ინფორმაცია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც არხზე მიმდინარე ხმაურიანი ამბები მაუწყებლის პრიორიტეტებში არ ხვდება. თანამშრომელთა ახალი სამუშაო პირობების შესახებ ცნობილი სექტემბრის დასაწყისში გახდა და თემა მთელი კვირის განმავლობაში მედიის ყურადღების ცენტრში იყო. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამბავს მაშინაც მხოლოდ კადრ-სინქრონებად, არასაკმარისი სიმწვავით აშუქებდა.

თეგები : გამოტოვებული თემები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ