ზედაპირულობა და დაუდასტურებელი ბრალდება - 4 წლის გოგოს გარდაცვალების გაშუქება
24.01.2019

გასული დღეების განმავლობაში, ქართული მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებენ თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში 4 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტს. შემთხვევა 22 იანვარს მოხდა და მისი გახმაურებიდან მალევე, პოლიციამ გარდაცვლილის დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით დააკავა. როგორც ირკვევა, რამდენიმე დღის წინ, მშობემა შვილზე ფიზიკურად იძალადა, რაც დედისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერის საფუძველი გახდა. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში კი, ოჯახში გამოძახებულ სასწრაფო დახმარებას არასრუწლოვანი გარდაცვლილი დახვდა. 

მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებს დედისათვის შვილის მკვლელობაში ბრალი არ წაუყენებიათ, ხოლო სასამართლოს 24 იანვრამდე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე არ უმსჯელია, ქართული მედიასაშუალებების ნაწილი, ძირითადად ონლაინ გამოცემები, არ დაელოდნენ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას და  ბავშვის მკვლელობაში დედა დაადანაშაულეს. გარდა ამისა, მედიასაშუალებების ნაწილმა ფაქტი იმდენად ფრაგმენტულად და ზედაპირულად გააშუქა, რომ ინფორმაციის მომხმარებლებს ამბის ობიექტური გარემოებების ნაცვლად, ემოციური, სენსაციურობით გაჯერებული და სკანდალზე ორიენტირებული მასალები შესთავაზა.

მედიასაშუალებების სრულმა უმეტესობამ ამბის გახმაურებიდან მალევე მოახდინა ოჯახის სრული იდენტიფიცირება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა ორგანოებმა ოჯახის წევრების მხოლოდ ინიციალები გაავრცელეს, როგორც ტელე ისე ონლაინ მედიასაშუალებებმა გაავრცელეს დედისა და გარდაცვლილის ვინაობები. მოგვიანებით გასაჯაროვდა გარდაცვლილი გოგოს ფოტოსურათიც, რომელზეც მას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. აღსანიშნავია, რომ ამ ოჯახში სხვა არასრულწლოვნებიც ცხოვრობენ, რომლებიც უკვე გაიყვანეს ოჯახიდან სახელმწიფო უწყებებმა, ხოლო მედიის მიერ ოჯახის სრული იდენტიფიცირება, შესაძლოა, აღნიშნულ არასრულწლოვანთა მომავალში სტიგმატიზების წყარო გახდეს. მედიასაშუალებებში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფიზიკური ძალადობის კვალი გარდაცვლილის 5 წლის ძმასაც აღენიშნებოდა.

არაერთმა ონლაინ გამოცემამ მხოლოდ და მხოლოდ მეზობლებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ „თბილისში დედამ 4 წლის შვილი, სავარაუდოდ, ცემით მოკლა“, ზოგიერთმა ვებგვერდმა კი აღნიშნული ინფორმაცია მტკიცებით ფორმაში გაავრცელა და აღნიშნა, რომ „4 წლის გოგონა დედამ ცემით მოკლა“. მედიასაშუალებების ნაწილმა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ გოგოს გარდაცვალების მიზეზი დედინაცვლის მიერ მისი ცემა გახდა. სხვა მედიასაშუალებების მიხედვით კი გოგოს არა დედინაცვალი, არამედ მამინაცვალი ჰყავდა. ამგვარი ფაქტობრივი უზუსტობებიც ცხადყოფს, რომ მედიასაშუალებების ნაწილი ამბის სწრაფად გავრცელებას, ჟურნალისტური სიზუსტის ხარჯზე ცდილობდა. ასევე, სხვადასხვა ტელემედიამ და ონლაინ გამოცემამ უაპელაციოდ გაავრცელა მეზობლების კომენტარები, სადაც ისინი პირდაპირ ბრალს სდებენ ბავშვის დედას მკვლელობაში, მიუხედავად იმისა, რომ მათი თქმით, მათ არაფერი დაუნახავთ და მხოლოდ ქალის ყვირილისა და ბავშვის ტირილის ხმები ესმოდათ ხოლმე.

ამბავს ონლაინ გამოცემები, უმეტესწილად, ფრაგმენტულად აშუქებდნენ და მომხმარებლებს ინფორმაციას არაამომწურავად აწვდიდნენ. შესაბამისად, მათ გაშუქებაში პრობელმა იყო არა მხოლოდ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ოჯახის იდენტობის გამჟღავნება, არამედ ამბის ზედაპირული და არასიღრმისეული გაშუქებაც. ხშირად ვებ-გვერდებზე გავრცელებული ინფორმაცია სხვა საინფორმაციო გვერდებიდან დაკოპირებული მასალებისაგან შედეგებოდა.

გარდა ამისა, ზოგიერთმა გამოცემამ საკუთარ Facebook გვერდებზე გააკეთა Live-ჩართვები გარდაცვლილი გოგოს საცხოვრებელი სახლიდან. მიუხედავად იმისა, რომ არავითარი საჭიროება არ იდგა ამ თემის გაშუქებისას პირდაპირ ეთერში გარდაცვლილის სახლისა და ოჯახის წევრების ჩვენების, მედიებმა მაინც გადაწყვიტეს, რომ ამბის მეტი დრამატიზირებისათვის პირდაპირი ჩართა შეეთავაზებინა მაყურებლებისათვის.

თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ მედიასაშუალებები ვერ შეძლებდნენ ამბის გაშუქებისას სკანდალურობისა და სენსაციურობისაგან სრულად დაცლას. მიუხედავად ამისა, ამბისათვის კონტექსტის მიწოდებისა და უფრო კომპლექსური გაშუქების მეშვეობით, შესაძლებელი იქნებოდა, რომ შემთხვევა არ გაშუქებულიყო როგორც მორიგი „შემზარავი ფაქტი“, რითაც ისინი, ერთი მხრივ, თემის სიღრმისეულად შესწავლასა და ინფორმაციის მომხმარებლამდე მიტანას შეძლებდნენ, მეორე მხრივ კი, თავს აარიდებდნენ ტრაგიკული მოვლენის სკანდალურ რეპორტინგს. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე მედიასაშუალება შეეცადა, ფაქტის მიღმა, სტრუქტურული პრობლემების დანახვას, რისთვისაც მათ ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობასა და მის პრევენციასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე გააკეთეს აქცენტი.


თეგები : ბავშვთა საკითხები; არაზუსტი ინფორმაცია ; ტრაგედიების გაშუქება ;
ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ