პრეზიდენტის განცხადების სახიფათო ინტერპრეტაცია
01.03.2019

27 თებერვალს ონლაინგამოცემა faqtebi.ge-მ გამოაქვეყნა მასალა სათაურით - “სალომე ზურაბიშვილი დათანხმდა აზერბაიჯანული მხარისთვის დავით გარეჯის ტერიტორიის გადაცემას - თენგიზ ომანაძე”. გამოქვეყნებული ტექსტი პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილის თენგიზ ომანაძის ინტერპრეტაციას ეყრდნობა და არა რაიმე კონკრეტულ ფაქტს.  
faqtebi.ge-ზე დაყრდნობით, იგივე მასალა გამოაქვეყნეს alia.ge-მ, infonews.ge-მ   და news.coa.ge-მ.

პრეზიდენტების სალომე ზურაბიშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა 27 თებერვალს შედგა. როგორც ომანაძე წერს, ამ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის საზღვრის დელიმიტაციაზე ისაუბრეს. “ეს ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი დათანხმდა აზერბაიჯანული მხარისთვის დავით გარეჯის ტერიტორიის გადაცემას, რადგან ამ დრომდე, საზღვრის დემილიტაციის პროცესის ერთადერთი შემაფერხებელი იყოს სწორედ ის, რომ აზერბაიჯანული მხარე აცხადებდა ტერიტორიულ პრეტენზიებს უდაბნოს სრულ ტერიტორიაზე, ხოლო სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება ნიშნავს, რომ ქართული მხარე დათანხმდა აზერბაიჯანული მხარის პირობებს”, -ასეთ დასკვნას აკეთებს თენგიზ ომანაძე.

მისივე შეფასებით, ეს სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა და ის “მიღებული არის გარკვეული კულუარული პროცესების შედეგად”: “მთავრობა გეგმავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ხელით გააკეთოს და მისი პასუხისმგებლობის საგნად აქციოს, ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება“.

♦    რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით 27-28 თებერვალს სტუმრობდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა განაცხადა:

“ვისაუბრეთ, რომ ტურიზმი უნდა გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის და ის ციფრული ნიშნული რაც მიღწეული არის, არ არის საკმარისი. უნდა მიიღოს სხვა მასშტაბი ამ ტურიზმის განვითარებამ, ორ ქვეყანას შორის, როგორც გარედან მოსული ტურისტებისთვის, რომ ეს სივრცე გაიხსნას… ამ კუთხით, მაგრამ, არა მხოლოდ ამ კუთხით, ასევე ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივცეთ საზღვრის სადემილიტაციო კომისიას მითითება, რომ განაახლონ თავიანთი მუშაობა და მივიყვანოთ ეს მუშაობა ბოლომდე და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი საზღვარი და არა გამიჯვნის საზღვარი… მაგრამ ნორმალური არის, რომ გამომდინარე ჩვენი მეგობრული ურთიერთობების, ეს საკითხი ბოლოს და ბოლოს დასრულდეს, ამდენი წლის შემდეგ”.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით, პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე სხვა განცხადება არ გაუკეთებია. საკითხთან მიმართებით, დამატებითი ინფორმაცია არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაუვრცელებია. შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნულზე დაყრდნობით იმის მტკიცება, რომ ზურაბიშვილი აზერბაიჯანისთვის დავით გარეჯის ტერიტორიის გადაცემას დასთანხმდა, ცალსახად არასწორი და სახიფათოა.

კონკრეტული გამოცემის მიერ ცალკეული პოლიტიკოსის პირადი შეფასების უაპელაციო გავრცელება და საზოგადოებამდე მსგავსი მნიშვნელობის მქონე საკითხის არასწორი კონტექსტით მიტანა, ორმხრივად სახიფათოა. ეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ისედაც არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების გაღრმავებას უწყობს ხელს და მეგობარი სახელმწიფოსადმი და კონკრეტული ეთნიკური ჯგუფისადმი ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ახალისებს.

ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოში 233 ათასამდე ეთნიკურად აზერბაიჯანელი ცხოვრობს, აზერბაიჯანში კი - 10 000-მდე ეთნიკურად ქართველი.

♦  საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია ბოლომდე დასრულებული არ არის. ამ დრომდე საზღვრის მხოლოდ 65 %-ია შეთანხმებული (300 კმ). შეუთანხმებელია საზღვრის ის მონაკვეთი, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია განთავსებული.


თეგები : არაზუსტი ინფორმაცია ;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ