ანტისაოკუპაციო აქციის დისკრედიტაციის მცდელობა “აიპლიუსში” მომხდარი ყაჩაღობის გაშუქებისას
26.06.2019

26 ივნისს მაღაზია „აიპლიუსის“ დაყაჩაღების მცდელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 31 წლის ნოდარ რაფავა დააკავეს. შემთხვევიდან მალევე, ონლაინ ტელევიზია POSTV-მ სოციალურ ქსელში სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გაავრცელა შემდეგი შესავლით - „აიპლიუსის” მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობისას ნოდარ რაფავა დააკავეს - ბრალდებული 21 ივნისს, პარლამენტთან აქციაზე გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა”.

იგივე ნარატივით გაავრცელეს ამბავი გამოცემებმა: ქართული აზრი, კვირა +, პრაიმტაიმი, ექსკლუზივ ნიუსი, ტელეკომპანია "დია", ალია, digest.pia.ge და სოციალურ ქსელში არსებულმა გვერდმა iNews.  უმეტესობა სათაურში უთითებს, რომ “მაღაზიის დაყაჩაღებაში ბრალდებული აქციაზე გახარიას გადადგომას ითხოვდა, ან აქციის ერთ-ერთი მონაწილეა".

ბრალდებული აქციებთან დააკავშირა ტელეკომპანია „იმედმაც“ . 14:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ დაკავებული პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაში მონაწილეობდა.

ვინ არის რაფავა ან რა კავშირი აქვს აქციასთან, - დამატებითი ინფორმაცია მკითხველისთვის არცერთ გამოცემას არ შეუთავაზებია. მოგვიანებით, გამოცემებმა, ტაბულამ და ნეტგაზეთმა, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ნოდარ რაფავას არანაირი კავშირი არ აქვს აქციის ორგანიზატორებთან და პირიქით, ის აქციაზე პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა. არსებობს ვიდეომასალაც, რომელშიც ჩანს როგორ გაჰყავთ სამართალდამცავებს აქციიდან ნოდარ რაფავა.

როგორც “მედიაჩეკერმა” გადაამოწმა, ნოდარ რაფავა 2015 წლიდან 2019 წლის 5 ივნისამდე თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული შპს - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსის“დირექტორი იყო. 50%-იან წილს ფლობს კომპანია შპს “კრისტალი 111-ში”, რომელიც 2012 წლის დეკემბერშია დაფუძნებული, თუმცა ამ კომპანიის შესახებ ინტერნეტში რაიმე ინფორმაცია არ იძებნება.

რაფავას შესახებ ეს მონაცემები იმ გამოცემებს, რომელთა გაშუქების მთავარი აქცენტი მისი აქციასთან კავშირი იყო, მასალისთვის არ დაურთავთ. გამოცემებს არც აქციიდან მისი გაძევების შესახებ უცნობებიათ მკითხველისთვის. ამბის ამგვარი გაშუქება კი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის თბილისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

***


პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები 20 ივნისიდან იმართება. საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან, მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალურ ასამბლეას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გაუძღვა. აქციის პირველ დღეს, გვიან ღამით, ხალხმრავალი საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის დარვების დროს 2-მა ადამიანმა თვალი დაკარგა, დაშავდა 240 მოქალაქე, მათ შორის, 38 ჟურნალისტი და 80 პოლიციელი, 305 მოქალაქე კი დააკავეს.

მეშვიდე დღეა აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასა და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. მათი კიდევ ერთი მოთხოვნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, ხელისუფლებამ დააკმაყოფილა.

 


თეგები : მანიპულაცია;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ