ლევან იზორიას ძმის საქმის მანიპულაციური გაშუქება “იმედზე”
27.01.2020
რატომ და რა მიზნით მალავდა ამ დრომდე ყოფილი პოლიციელი 2014 წელს გადაღებულ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ დაზვერვის სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელის ლევან იზორიას (იგი იმ დროს შს მინისტრის მოადგილე იყო) ძმა სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და მათ ემუქრება? - მხოლოდ ამ კითხვებით დაინტერესდა ტელეკომპანია “იმედი” მოქმედი მაღალჩინოსნის ძმის მიერ 5 წლის წინ ჩადენილი შესაძლო სამართალდარღვევის შესახებ 24 იანვარს მთავარი საინფორმაციო გამოშვებისთვის მომზადებულ სიუჟეტში.

წამყვანმა თემის წარდგენისას აღნიშნა, რომ “ყოფილი პოლიციელი, რომელიც ლევან იზორიას ძმას ვახტანგ იზორიას სამართალდამცველების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, მხოლოდ “ქრონიკას” ემალება”. ის, რომ ყოფილი პოლიციელი “ქრონიკის” კითხვებს არ პასუხობს და იგი მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” ტელეარხთან თანამშრომლობს” მეორე წამყვანმაც ხაზგასმით აღნიშნა და იქვე იმით დაინტერესდა, თუ “რა მიზნით მალავდა საპატრულო პოლიციის მაიორი 2014 წელს სამხრე კამერით გადაღებულ ინციდენტს?”

მსგავსი პათოსი გაგრძელდა სიუჟეტშიც. “პოლიციელს, რომელმაც ეს კადრები გადაღებიდან ხუთი წლის შემდეგ, ერთ-ერთი მედიასაშუალების დახმარებით გაასაჯაროვა, არაერთხელ ვთხოვეთ, რომ კითხვებზე ეპასუხა, მათ შორის, იმ კითხვაზე, რატომ დუმდა ამ პერიოდის განმავლობაში, [თუმცა], პოლიციელი გიორი დვალიშვილი მთელი დღის მცდელობის მიუხედავად “ქრონიკასთან” არ ჩნდება, თუმცა თანამშრომლობს სხვა მედიასთან და აწვდის ვიდეოკადრებს”, - ამბობს ჟურნალისტი, რის შემდეგადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის კომენტარს ვისმენთ, რომელიც ხაზს ასევე იმას უსვამს, რომ პოლიციელი კადრებს ხუთი წლის განმავლობაში იქამდე ინახავდა, ვიდრე მას სამსახურში პრობლემები არ შეექმნა.

ამის შემდეგ, ყოფილი პოლიციელის მიმართ უნდობლობის გაჩენის მიზნით, ჟურნალისტი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ “მის სახლში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იმყოფებოდა, რომელიც “სხვა ოპოზიციონერ თანამოაზრეებთან ერთად, ამ საქმის პოლიტიკურ ნაწილზე დილიდან საუბრობდა”.

მანვე სავარაუდო სამართალდარღვევის ქმედების გამართლების მიზნით, იქვე დასძინა, რომ “მაშინ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი და მოქმედი ლიდერები იზორიას ძმისთვის ხელის დაფარებაზე საუბრობდნენ, გაირკვა, რომ სინამდვილეში საქმე სხვაგვარდაა” და რომ თურმე იზორიას ძმას ფსიქიკური პრობლემები ჰქონია, რაზეც დეპუტატმა სოფო კილაძემ ისაუბრა. პარალელურად, იზორიას დედის Facebook სტატუსიც შემოგვთავაზეს, რომელშიც მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.

მასალიდან ისიც მოვისმინეთ, რომ “დედის ამ განცხადების შემდეგ, პოზიცია არ შეუცვლიათ, მათ ვისაც სურთ, რომ ეს ინციდენტი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ და ამის შესახებ ჩვენთან არ ისაუბრა არც თავად პოლიციელმა”. ჟურნალისტმა ისიც აღნიშნა, რომ მათ ის აინტერესებდათ, “ჰქონდა თუ არა მას ინფორმაცია იზორიას ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მაშინ როდესაც გამოძიებას ითხოვდა”, თითქოს აღნიშნული მომხდარს რაიმე ფორმით გაამართლებდა.

სიუჟეტიდან ასევე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი კრიტიკული კითხვა, რომელიც მომხდარის გამო სისტემაში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც “მთავარი არხის” მიერ თემაზე მომზადებულ მასალაში ნათქვამი იყო, რომ ვიდეოკადრების არსებობის შესახებ საქმის კურსში არიან მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

ასევე არ დასმულა კითხვა იმის შესახებ, თუკი სავარაუდო სამართალდამრღვევს ფსიქიკური პრობლემები ნამდვილად ჰქონდა, რატომ მართავდა იგი ავტომობილს, რატომ ჰქონდა მას მართვის მოწმობა და ე.წ. “ნარუშილოვკა”, რომლის ჩვენების შემდეგაც, პოლიციელი ვალდებულია გაჩერებული ავტომობილისა და მისი მძღოლის შემოწმება აღარ გააგრძელოს და გაჩერებული პირი მაშინვე გაუშვას. აღნიშნული ასევე იყო ნათქვამი თემაზე “მთავარი არხის” მიერ წინა დღით მომზადებულ სიუჟეტში.

ჟურნალისტი არც იმით დაინტერესებულა ხომ არ ჰქონდა ადგილი მაღალჩინოსნის მხრიდან მისი ძმის მიმართ გავლენების გამოყენებას, შესაძლო დანაშაულის მიჩქმალვას და დამნაშავისთვის ხელის დაფარებას.

სიუჟეტში აქცენტის მხოლოდ იმაზე გადატანა, თუ რატომ მალავდა პოლიციელი ამ დრომდე მის ხელთ არსებულ ვიდეოკადრებს და ყურადღების იმაზე გამახვილება, რომ შესაძლო დამნაშავეს ჯანმრთელობის აქვს, ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მიზანი არა თემის სრულფასოვნად და კრიტიკულად გაშუქება, არამედ სამართალდამცველი უწყების, ასევე ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩნოსნების ქმედების გამართლება და მათთვის პასუხისმგებლობის აცილება იყო.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ