'ნაციონალური მოძრაობა' როგორც ტერორიზმის მხარდამჭერი და მის სადარაჯოზე მყოფი ძალა „არენაზე“
30.01.2020
ქვეყნის „საერთაშორისო ავანტიურაში“ და „სახიფათო თამაშებში“ ჩათრევის, ასევე „დესტაბილიზაციის მოწყობის“ მიზნით, "ნაციონალური მოძრაობა", როგორც საერთაშორისო ტერორიზმის „მხარდამჭერი“ და „ტერორიზმის სადარაჯოზე“ მდგომი პოლიტიკური ძალა, ასეთ კონტექსტში განიხილეს ტელეკომპანია „იმედზე“28 იანვარს ტოქშოუ „არენაში“ პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება.

თემაზე სასაუბროდ სტუდიაში მხოლოდ ერთი მხარე იყო მოწვეული, რომლებიც სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას გამოხატავდნენ და საგამოძიებო უწყების მიერ გახმოვანებულ ვერსიას იცავდნენ. კერძოდ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, პროკურორი ვანო ოქროპირიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, ექსპერტი მამუკა არეშიძე, ანალიტიკოსები - ნიკოლოზ მეტრეველი ამირან სალუქვაძე და კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა.

altწამყვანის მიერ თემის წარდგენის შემდეგ, ეთერში ტერორიზმის თემაზე მომზადებული დაახლოებით 43 წუთიანი ფილმი გავიდა, რომელშიც ასევე მხოლოდ ერთი - სახელმწიფოს მიერ გაჟღერებული ვერსია იყო წარმოჩენილი. ფილმი 2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციით დაიწყო, შემდეგ მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული ტერაქტების სერიის განხილვით გაგრძელდა.

ამის შემდეგ ფილმში აქცენტი უკვე პანკისის ხეობისა და აჭარის მკვიდრების ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირზე გაკეთდა და საუბარი სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებული აჰმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლისა და მის მიერ საქართველოში დაგეგმილი ტერაქტების სერიაზე საუბრით გაგრძელდა. აღნიშნულს უკვე თემირლან მაჩალიკაშვილის ჩატაევის ჯგუფთან სავარაუდო კავშირების დეტალური სქემის განხილვა მოჰყვა.

ფილმში ასევე დეტალურად იყო წარმოდგენილი სალოსის ქუჩასა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციების რეკონსტრუქცია და ასევე ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული. ფილმი რომ სპეცსამსახურებთან აქტიური თანამშრომლობით მომზადდა, ეს თავად გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ვაკა გორგილაძემაც აღნიშნა. თავის მხრივ კი, ფილმის მომზადებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა ირაკლი ჩიმაკაძემ მათ მადლობა გადაუხადა.

altამის შემდეგ სტუდიაში საუბარი თემის პოლიტიკურ ნაწილზე გაგრძელდა, რაც პოლიტიკური ოპოზიციის კერძოდ კი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ „საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე“, საკითხით „პოლიტიზების“, „მანიპულირების“, „ინტერპრეტაციითა“ და „სპეკულაციის“ კონტექსტით გამოიხატა.

"ნაციონალური მოძრაობის", როგორც ტერორიზმის მხარდამჭერ და ერთგვარ წამქეზებელ პოლიტიკურ ძალად წარმოჩენისთვის, გადაცემაში აქტიურად განიხილებოდა ჩატაევის საქმე, ნაციონალური მოძრაობის მიერ მისი საქართველოში ხელოვნური ბრალდებით ჩამოყვანის, შემდეგ მისი საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისა და ლაფანყურის სპეცოპერაციის საკითხი.

კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის, გადაცემაში „ევროპული საქართველოს“ წევრის გივი თარგამაძის მიერ „ტელეკომპანია პირველთან“ საუბრის ვიდეოც შემოგვთავაზეს. ამ ვიდეოში თარგამაძე ამბობს, რომ ჩატაევის საქართველოში ექსტრადირებისა და მისი მხრიდან თანამშრომლობის სურვილის გამოთქმის შემდეგ, „კონკრეტულ ღონისძიებებში ჩატაევი იყო გამოყენებული, როგორც მომლაპარაკებელი“. აღნიშნული კი წამყვანმა შეაფასა, როგორც „აღიარება თუ როგორ თანამშრომლობდა ხელისუფლება ჩატაევთან“ და როგორ „შექმნა [მან] ჩატაევის ფენომენი“.

გადაცემის წამყვანისგან შემდეგი შინაარსის შეფასებებსა და კითხვებს ვისმენდით:

  • „ამ ფილმის შემდეგ, პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, ოპოზიცია კვლავ განაგრძობს უსინდისო სპეკულაციას ამ თემით და პირდაპირ მანიპულირებს მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილით. ეს რას ნიშნავს, ოპოზიციის ნაწილი არის საერთაშორისო ტერორიზმის მხარდამჭერი?“
  •  „ნაციონალური მოძრაობისთვის" არ იყო საკმარისი ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები, ის დიდი ხალისით ჩაება საერთაშორისო ტერორისტულ თამაშებში… რაკი ჩატაევი უპირისპირდებოდა კადიროვს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გადაერჩინა იგი. ჩამოჰყავთ ჩატაევი, ხდება შეთანხმება, ის იღებს ე.წ. ოპერატიულ პასპორტს, რომლითაც მოგზაურობს. შემდეგ, ხდება მისი ჩამოყვანა შეგზავნა ლაფანყურში, სადაც იგი რჩება იქ, ანუ ჩატაევმა გადააგდო ქართული სპეცსამსახურები. შემდეგ, სპეცსამსახურები ატარებენ სპეცოპერაციას, ანადგურებენ იქ ვიღაც ტერორისტებს თუ არ ვიცით ვის და აჰყავთ ჩატაევი, რომელსაც აღმოჩანდა ჩაგდებული ხელყუმბარა, ანუ მისი დაკავება მოხდა არაკანონიერად“. 

  • „ევროპაში ტერორიზმთან მიმართებით მთელი საზოგადოება არის კონსოლიდირებული, ჩვენთან ხდება პირიქით, ჩვენთან პოლიტიკურ მიჯნაზე არის, ხელისუფლება აწყობს ბრიფინგებს, ხდება გამოძიება, არის ფაქტები, ხელმოწერები, საბუთები, სასამართლოს გადაწყვეტილება, სხვადასხვა საექსპერტო უწყებების დასკვნები და ამის მიუხედავად ოპოზიცია კვლავ განაგრძობს შვილმკვდარი მამით სპეკულაციას და უნდობლობას უცხადებს სახელმწიფოს, შესაბამის უწყებებს და ამ სამწუხარო ტრაგედიას, რომ ეს იყო გარდაუვალი აუცილებელი თავდაცვითი რეაქცია“. 

  • „რაში სჭირდებოდა ნაც მოძრაობას ჩატაევი? რაიმე პოლიტიკური თამაშებისთვის, თუ უფრო მძიმე თამაშებისთვისაც ამზადებდნენ? იყენებდნენ თუ არა ჩატაევისნაირ ტიპებს საქართველოში შიდა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად?“ 

  • „ჩამოყვანეს აქ [ჩატაევი] და მონსტრი ვერ შექმნეს საბედნიეროდ, მაგრამ მოჰყვა მსხვერპლი, დესტაბილიზაცია, ეს ყვეაფერი ხდებოდა რუსეთის საზღვართან… მოკლედ ეს სახიფათო თამაშებია, რად უნდოდა ეს ნაციონალურ მოძრაობას?“

ოპოზიცასთან მიმართებით იდენტური შინაარსის განცხადებებს აკეთებდნენ გადაცემის სტუმრებიც.

alt„მაჩალიკაშვილის საქმესთან ვერ ვისმენთ ვერცერთ არგუმენტს გაჩერებულები ვართ პოლიტიკურ მესიჯებზე, რომ მამას შვილი მოუკლეს და წმინდად მანიპულირებენ მხოლოდ და მხოლოდ ემოციებზე, არცერთი საგნობრივი არგუმენტი ჩვენ დღემდე მოსმენილი არ გვაქვს“, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა არეშიძის შეფასებით კი, სწორედ წინა ხელისუფლების „საერთაშორისო ავანტურაში ჩართვის სურვილმა გამოიწვია ამ ადამიანების სიკვდილი საუბარია ლაფანყურის სპეცოპერაციაზე და საშინლად შეილახა ქვეყნის რეპუტაცია“.

გოგა ხაინდრავამ "ნაციონალურ მოძრაობას" „ბნელი ძალა“ უწოდა, რომელიც ებრძვის „ამ ქვეყანას“ და ებრძვის „ყველგან, სადაც შეუძლიათ, სადაც ხელი და ენა მიუწვდებათ იმიტომ რომ სძულთ ეს ქვეყანა“. „მარტო ჩატაევი კი არა თითქმის ყველა ჯგუფის (ტერორისტული) წევრი იყო ჩამოყვანილი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ისინი იყვნენ აქ ჩამოყვანილი ავანტიურის ჩასატარებლად საქართველოში“, - დასძინა მანვე.

ექსპერტმა ნიკოლოზ მეტრეველმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები „ჩატაევის გადმოყვანით გახდნენ ტერორიზმის სპონსორები, საერთაშორისო საფრთხის სპონსორები“.

სწორედ ასეთ შეფასებებს ვისმენდით მთელი გადაცემის განმავლობაში, ისე, რომ საკთხზე სიმბოლურად მაინც საპირისპირო პოზიცია წარმოჩენილი არ იყო. წამყვანებს არც ის განუმარტავთ, რომ მათ გადაცემაში მეორე მხარეც მოიწვიეს, თუმცა უარი მიიღეს.

გადაცემას თან ახლდა ინტერქატივი, რომლის კითხვა ასე იყო ფორმულირებული:

 „ნაციონალური მოძრაობისთვის "რომელია პრიორიტეტული?
 
• ძალაუფლების დაბრუნება
• ქვეყნის უსაფრთხოება


ინტერაქტივის შედეგები ასე დაჯამდა:  91.6%-მა თქვა, რომ ძალაუფლებაში დაბრუნება, 8.4%-მა კი - ქვეყნის უსაფრთხოება.

alt


მაჩალიკაშვილის საქმის ცალმხრივად განხილვა, სახელწმიფოს მიერ გაჟღერებული პოზიციის  უაპელაციოდ მიღება და შემდეგ უკვე ტერორიზმის მხარდაჭერასა და წახალისებაში "ნაციონალური მოძრაობის" დადანაშაულება, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ გადაცემის მიზანი არა საკითხის კრიტიკულად განხილვა, არამედ მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის დისკრედიტაცია და საზოგადოების თვალში მისი იმიჯის შელახვა იყო.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ