არასრულწლოვნის სუიციდის მცდელობის მეთოდების აღწერა “მთავარ არხზე”
11.05.2020
11 მაისს მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ტყიბულში 13 წლის მოზარდმა სუიციდი სცადა. მიზეზად, ოჯახის წევრები პოლიციის თანამშრომელის მხრიდან არასრულწლოვანზე ძალადობას ასახელებენ. “მთავარმა არხმა” 12:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში მომხდარი პრობლემურად გააშუქა, - გარდა იმისა, რომ მასალაში დეტალურად აღწერეს რა მეთოდებით ცდილობდა არასრულწლოვანი თვითმკვლელობას, მისი ოჯახის წევრების პირდაპირი იდენტიფიცირებით, მაუწყებელმა არასრულწლოვნის ირიბი იდენტიფიცირებაც მოახდინა.

12:00 საათიან გამოშვებაში, ჟურნალისტი დეტალურად მოყვა როგორ ცდილობდა არასრულწოვანი თავის მოკვლას.  ეთერში გავიდა არასრულწლოვნის დედის კომენტარიც, სადაც იგი სუიციდის მცედლობის დეტლებზე საუბრობდა. გარდა ამისა, ამბის გაშუქებისას,  არასრულწლოვნის დედისა და ბებიის პირდაპირი იდენტიფიცირებით, ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი არასრულწლოვნის იდენტიფიცირებაც შესაძლებელი გახდა.

მომხდარის შესახებ მასალა “მთავარი არხის” ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. სტატიაში, ისევე როგორც 12:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ მასალაში, ირიბად იდენტიფიცირებულია არასრულწლოვანი, რომელიც სავარაუდო მსხვერპლია და რომელმაც სუიციდი სცადა. გარდა ამისა, "მთავარმა არხმა" სუიციდის მცდელობის მეთოდი, ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში, ჯერ სათაურში მიუთითა, გარკვეული დროის შემდეგ კი სათაური ჩაასწორა.  (აღნიშნულის დამადასტურებელ ფოტოასლებს, ისევე როგორც მასალების ბმულებს, "მედიაჩეკერი" შეგნებულად არ ურთავს მასალას, რათა ხელი არ შეეწყოს მეთოდების გასაჯაროებას. რედ)

“მედიაჩეკერს” არაერთი მასალა აქვს მომზადებული სუიციდის გაშუქების დილემებზე. თვითმკვლელობის მცდელობის ცალკეული შემთხვევების გაშუქებისას მედიას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რისკები განსაკუთრებულად დიდია, თუ საქმე არასრულწლოვანს ეხება.

“სუიციდის შემთხვევების არაკვალიფიციური გაშუქების დროს, იზრდება რისკი, განსაკუთრებით, მოზარდების შემთხვევაში, რომ შეიძლება ეს იყო განმეორებული და ამას მოჰყვეს შემთხვევების ციკლი.... ძალიან სარისკოა უშუალოდ თვითმკვლელობის იარაღზე თუ შესაძლებლობებზე ლაპარაკი, იმ ადგილის ჩვენება, სადაც შემთხვევა მოხდა” - ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა “მედიაჩეკერთან” საუბრისას.



მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ნათქვამია, რომ “მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს თვითმკვლელობის ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების მეთოდები. აღნიშნული მეთოდების გადაცემა იმ შემთხვევებშიც კი, როცა ეს რედაქციულად დასაბუთებულია ან გამართლებულია კონტექსტით, უნდა მოხდეს მხოლოდ ვერბალური სახით" (მუხლი 55).

თავად ფაქტი, სამართალდამცველის შესაძლო ძლადობა არასრულწლოვანზე, ცხადია, მაღალი საჯარო ინტერესის საგანია და მედიას უნდა გაეშუქებინა, მაგრამ, ამ შემთხვევაში გაუგებარია რა ინფორმაციული ღირებულება ჰქონდა დეტალურ აღწერას, სად და რა გზებით ცდილობდა არასრულწლოვანი სუიციდს.

სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესებშიც, რომელიც ქარტიის მიერ არის მომზადებული, განმარტებულია, რომ "სუიციდის განხორციელების ადგილი და დეტალების გასაჯაროვება საჭირო არ არის. ამგვარ დეტალებზე ყურადღების გამახვილებით შესაძლოა, უნებურად თავად ვასწავლოთ, თუ როგორ გააკეთონ ეს".


თეგები : სუიციდი;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ