რატომ არის საშიში და სარისკო პორნოგრაფიის მსხვერპლი ბავშვების ნებისმიერი ფორმით ჩვენება
24.06.2020
“ყველა იმ ბავშვისთვის, ვინც იყო ამ პროცესში ჩართული, ჩანს იმ კადრებში თუ არა, გაბლარულია თუ არა, არ აქვს ამას მნიშვნელობა, თავისთავად ამ კადრების გამოჩენა რაიმე ფორმით, ასეთი დოზით ტრიალი, ასეთი გადაცემების გაკეთება, პირველი - ზრდის რეტრავმატიზაციის რისკებს, მეორე - მოდის ძალიან დიდი აგრესია საზოგადოების მხრიდან მსხვერპლის მისამართით, ხდება მისი დადანაშაულება, რასაც შეიძლება ძალიან მძიმე შედეგი მოჰყვეს და მესამე, ეს არის მზა მასალა პედოფილებისთვის”, - ასე აფასებს ფსიქოლოგი მაია ცირამუა იმ რისკებს, რაც შეიძლება მოჰყვეს პორნოგრაფიის მსხვერპლი ბავშვების კადრების რაიმე ფორმით ჩვენებას საზოგადოებისთვის.

მაია ცირამუას ეს შეფასება ეკუთვნის ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია “მთავარი არხის” კვირის შემაჯამებელ გადაცემაში გავიდა. სიუჟეტი ქართველი მოზარდების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების ღია სივრცეში ხელმისაწვდომობას ეხებოდა. სიუჟეტს თანდართული ჰქონდა ამ ფაქტის ამსახველი კადრები, რომელზეც ბავშვების სახეების დასაფარად ე.წ. “ბლარი” იყო გამოყენებული, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, მსხვეპლი არასრულწლოვნების ახლობლებისთვის მათი ამოცნობა შესაძლებელი იყო. ამასთან, კადრში ჩანდა სავარაუდო დანაშაულის ერთ-ერთი ადგილიც და აღწერილი იყო გარემო.

მასალის გასვლისთანავე სოციალურ ქსელში მომხდარს დიდი განხილვა მოჰყვა. კრიტიკის პასუხად, სიუჟეტის ავტორმა და გადაცემის პროდიუსერმა, სოციალურ ქსელშივე განაცხადეს, რომ მათი მიზანი იყო ამ მასალით დახმარებოდნენ ბავშვებს, რომელთა კადრები დიდი ხანია ასე ვრცელდება და ისედაც უკვე ბევრმა ნახა. მათ არც კი განუხილავთ ვერსია, რომ ასეთი კადრები საერთოდ არ უნდა ყოფილიყო სიუჟეტში, ირწმუნებოდნენ, რომ ბავშვები “კარგად იყვნენ დაბლარული და მათი ამოცნობა შეუძლებელი იყო”.

“თუ ჩვენი ამოცანაა, რომ სახელმწიფომ გამოიძიოს ეს საქმე და გაქრეს ეს საშინელი კადრები ინტერნეტ სივრციდან, მაშინ ჩვენ თვითონ რატომ ვუწყობთ ხელს ამ კადრების თუნდაც დაბლარული ფორმით გავრცელებას? 1%-იც რომ არსებობდეს რისკი იმისა, რომ ვიღაც ამ ბავშვს ამოიცნობს, და ყველაზე უფრო მტკივნეული, თავად ბავშვი ამოიცნობს თავის თავს, იქ უკვე ყველაფერი მთავრდება”, - ამბობს მაია ცირამუა.

მისივე თქმით, როდესაც ვიცით, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის კადრები ინტერნეტსივრცეში არსებობს და სახელმწიფო ამაზე არ რეაგირებს, მედიამ ამაზე უნდა ილაპარაკოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გააკეთებს ამას.

“როდესაც გვეკამათებიან [მასალის ავტორები], გვეუბნებიან, რომ სახეები დაბლარულია და არ ჩანს. რისკი რა არის?! ის თემი, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, არის პატარა, ამ ამბის შესახებ ყველა საქმის კურსშია და ამ ადამიანებისთვის ცხადი და გასაგებია ვისზეა საუბარი და რა პროცესში მიიღეს ამ ადამიანებმა მონაწილეობა. აქამდე შეიძლება ზედაპირული წარმოდგენა ჰქონდათ, მაგრამ ახლა დეტალურად არიან ინფორმირებული, იმიტომ რომ იქ იყო ასეთი კადრები. შეიძლებაა მე ვერ ვიცნო მსხვერპლი, მაგრამ მას აუცილებლად იცნობს თავისი თანაკლასელი, მეზობელი, ის ადამიანი, ვინც იცის, ვინ იყო ამ პროცესში ჩართული. ეს მათთვის ძალიან სერიოზულ პრობლემებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და თვითონ ბავშვისთვის, ყველაზე მაღალი რისკი რაც არის, ეს არის რეტრავმატიზაციის რისკი”.

რეტრავმატიზაციის რისკი არ არის ერთადერთი, რაც მაია ცირამუას აზრით, ასეთ შემთხვევაში არსებობს. ცირამუა ამბობს, რომ ადევნებდა თვალს როგორი დისკუსია დაიწყო სოციალურ ქსელში და როგორ ამუშავდა მანქანა, რომელმაც მთავარ დამნაშავეებად ისევ მსხვერპლები აქცია:

“არაერთი მოსაზრება წავიკითხე ამასთან დაკავშირებით, რომ ეს ბავშვია ისევ დამნაშავე. არ იცოდა რას აკეთებდა?! შეიკრა მთელი ჯაჭვი და კიდევ სხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლებად გადავაქციეთ ეს ბავშვები”.

და ამას გარდა, ცირამუა კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას:

“მრავალმხრივ პრობლემურია ასეთი ჩვენება. რამდენად კარგად დაბლარულია ეს კადრები, ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ამით, ფაქტობრივად, მათ მასალა დადეს, მოდი ასე ვთქვათ, პედოფილებისთვის, აღარ სჭირდებათ მათ ძებნა. ყველა მხრიდან, რა მხრიდანაც არ უნდა შევხედოთ ამ ამბავს, ეს იყო ძალიან სერიოზული დარღვევა და ძალიან მაღალი რისკის შემცველი ამ ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვის, მათდამი საზოგადოების დამოკიდებულების კუთხით. ამ ბავშვებს წავართვით შანსი, რომ ნდობა გაუჩნდეთ ადამიანების მიმართ. იმიტომ რომ ეს ტალღა, რისხვა, ისევ წავიდა ამ ბავშვების მისამართით და არა იქით, საითაც უნდა წასულიყო”.

სიუჟეტის გასვლისთანავე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არხს მოუწოდა ამოეღო აღნიშული სიუჟეტი გავრცელების ყველა შესაძლო პლატფორმიდან. ასევე მოუწოდა ყველა მედიასაშუალებას არ გაევრცელებინათ მსგავსი, ბავშვთა ინტერესების დამაზიანებელი ვიდეო კადრები.

“მედიის ვალდებულებაა, თავიდან აიცილოს ბავშვის რეტრავმირება და არ გაახსენოს მას ამბავი, რომელიც ნეგატიურ ემოციებთანაა დაკავშირებული. გამონაკლის შემთხვევად მიიჩნევა რედაქციის დასაბუთება და საჯარო ინტერესი, რასაც “მთავარი არხის” ეთერში გასული სიუჟეტის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია”, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

მიუხედავად ამ განცხადებისა და საზოგადოების კრიტიკისა, ამ შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ, ამავე არხზე დაანონსდა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე იქნებოდა გადაცემა “ნანუკას შოუ”, რომელშიც საქმის დეტალებზე სტუმარი თავად ილაპარაკებდა. გადაცემის სტუმარი სრულწლოვანი უნდა ყოფილიყო, თუმცა, მაია ცირამუა ამბობს, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა.

“ეს უარესია”, - ამბობს მაია ცირამუა, რომელიც ფიქრობს, რომ ადამიანის პირადი ტრაგედიიდან შოუს გაკეთება, სულ ცოტა ძალიან დაბალი სტანდარტია, - “საერთოდ გაუგებარია ჩემთვის, რატომ შეიძლება ამას ადამიანი აკეთებდეს. კიდევ ერთხელ, ასეთი ამბების გახსენება ნებისმიერი ფორმით, არის მაღალი რეტრავმატიზაციის რისკი მონაწილე პირებითვის და ხაზგასმით ვამბობ, ასეთი გადაცემებით, ასეთი სიუჟეტებით, ჩვენ ამ ადამიანებს ვწირავთ განკითხვისთვის, იმ საზოგადოებაში, სადაც მსხვერპლია ყოევლთვის დამნაშავე, ვაგდებთ ძალიან მძიმე სიტუაციაში და უნდა ვიფიქროთ შედეგზე - უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს კარგ შედეგზე ვერ გაგვიყვანს, იმიტომ, რომ რეტრავმატიზაციის გარდა, ეს ბავშვები ხდებიან ბულინგის, სექსტინგის მსხვერპლი”.

23 ივნისის გვიან საღამოს, სიუჟეტის გასვლიდან ორი დღის შემდეგ, მომხდარს არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა, ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ “მთავარმა არხმა” მძიმე შეცდომა დაუშვა.



იმავე დღეს, გვიან, მას შემდეგ, რაც კრიტიკა მიიღო “ნანუკას შოუს” ანონსმა, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქმეს გადაცემის ავტორიც და თქვა, რომ “მაყურებლის ნაწილმა ვერ გაიგო, რომ მათ სტუმარს კავშირი არ ჰქონდა ამავე არხზე გასულ რეპორტაჟთან”.

“არსებობს ორი ფოტოგრაფის საქმე. აქედან ერთის საქმეა არასრულწლოვნების თემა და მეორე საქმეზე დაკავებულია დედა-შვილი. სწორედ მეორე საქმის დეტალებზე დაავანონსეთ სტუმარი, რომელიც ფიქრობს რომ მის დას და დედას, ბრალი არასწორად წაუყენეს. გოგო სრულწლოვანია, თუმცა მის გამოჩენას ისედაც არ ვაპირებდით”.

ამავე სტატუსის თანახმად, მათ გვიან გაიგეს, რომ არასრულწლოვნების ფოტოები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. “გვითხრეს რომ ამ საქმის ნებისმიერი შინაარსით გაცოცხლება ფოტოების აქტუალურობას ისევ დღის წესრიგში დააყენებს. ამიტომ, გადავწყვიტე დროებით, ვიდრე მასალები არ წაიშლება გადავდო გადაცემა”.



24 ივნისის მდგომარეობით, არც კვირის შემაჯამებელ გადაცემაში გასული სიუჟეტი და არც ნანუკას შოუს ანონსი ინტერნეტ სივრცეში აღარ იძებნება.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი; ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ