გარდაცვლილის წყლიდან ამოსვენების მძიმე კადრები პირდაპირ ეთერში “მთავარსა” და “რუსთავი 2-ზე”
22.07.2020
21 ივლისს ტელეკომპანიებმა “მთავარმა” და “რუსთავი 2-მა” დღის მთავარი - 21:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება თბილისის ზღვაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის - ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების გაშუქებით დაიწყეს. პირდაპირ ჩართვაში შემთხვევის ადგილზე მყოფმა ჟურნალისტებმა მაყურებელს შეატყობინეს, რომ ერთი გარდაცვლილი მოზარდის ცხედარი მაშველებმა რამდენიმე საათის წინ იპოვეს, ხოლო მეორე მოზარდის სამძებრო ოპერაცია იმ წუთებშიც მიმდინარეობდა. ჟურნალისტებმაც, ისევე როგორც მაყურებელმა, პირდაპირ ჩართვაში გაიგეს, რომ მაშველებმა მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს. მაუწყებლებმა არასრულწლოვნის წყლიდან ამოსვენების კადრები პირდაპირ ეთერში აჩვენეს.

“რამდენიმე წამის წინ გახდა ცნობილი, რომ მეორე ბავშვი, რომელიც ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მყვინთავებმა უკვე იპოვეს. ისინი ახლა ცდილობენ და თქვენ კადრში ხედავთ, ტერიტორიაზე მაშველთა ჯგუფი ბავშვის ამოყვანას სწორედ ამ წუთებში ცდილობს. ეს ინფორმაცია ჩვენც რამდენიმე წამის წინ გავიგეთ, ვიდრე ეთერში შემოვიდოდით.

თქვენ ახლა კადრში ხედავთ, რომ მიმდინარეობს სავარაუდოდ 15 წლის ბავშვის ამოყვანა და, აი, ხედავთ, ახლა მყვინთავებს როგორ ამოყავთ ის თბილისის ზღვის ტერიტორიიდან”, - ამ შესავლით ჩაერთო “მთავარი არხის” ჟურნალისტი პირდაპი ეთერში და მისი სიტყვების პარალელურად მაყურებელი ხედავდა როგორ ამოჰყავდათ მაშველებს ცხედარი წყლიდან.

მოზარდის წყლიდან ამოსვენების შემდეგ პირდაპირი ეთერიდან კადრი მალევე შეწყდა და ეთერში სამძებრო სამუშაოების დროს გადაღებული ვიდეომასალა გავიდა.

ზუსტად იმავე დროს, თითქმის იდენტური შინაარსით და კადრებით გააშუქა ამბავი “რუსთავი 2-მაც”:

“ეს წამია მყვინთავებმა იპოვეს გარდაცვლილი მოზარდი, რომლის ცხედარი ამოჰყავთ ეხლა თბილისის ზღვის ტერიტორიიდან. ეხლა თქვენ შეგიძლიათ კადრში ნახოთ სწორედ ეს ვითარება, თუ რა მდგომარეობაა ადგილზე” , - “რუსთავი 2-ის” მაყურებელიც, ჟურნალისტის სიტყვების პარალელურად, ეთერში გარდაცვლილი მოზარდის ამოყვანის კადრებს ხედავდა.

აღსანიშნავია, რომ “კურიერის” წამყვანმა ჟურნალისტის ჩართვის დასრულებისას პირდაპირ ეთერში გასული მძიმე კადრების ჩვენებისთვის მაყურებელს ბოდიში მოუხადა.

გარდა ემოციური დატვირთვისა, გაუგებარია, რა ინფორმაციული ღირებულება ჰქონდა ტელეკომპანია “მთავარისა” და “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში მაყურებელისთვის გვამის ამოსვენების კადრების ჩვენებას. მაუწყებლებმა არ გაითვალისწინეს ის პოტენციური ტრავმა, რომელიც, შესაძლოა, მძიმე კადრების ჩვენებამ მიაყენოს მსხვერპლის ახლობლებს და, ზოგადად, საზოგადოებას.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ დაზარალებულის, გვამის ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლის და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე, მიზანშეწონილი არ არის. ამავე გზამკვლევში ვკითხულობთ, რომ უბედური შემთხვევების და ტრაგედიების გაშუქებისას უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის.

გარდა მძიმე კადრების ჩვენებისა, მაუწყებლებმა ამბავი გააშუქეს სენსაციურად, არ გამოკვეთეს მთავარი პრობლემა და არ დასვეს სწორი აქცენტები.

მაგალითად, პრობლემაზე აქცენტირების ნაცვლად, “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი დაინტერესდა მოზარდების ზღავაზე ასვლის მოტივით და მაყურებელს შეატყობინა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ძალიან მალე გახდება ცნობილი:

“ბუნებრივია, ჩვენთვის საინტერესოა, თუ რა არის კონკრეტული მოტივი ამ ახალგაზრდების თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ამოსვლის. თუმცა, უკვე გითხარით, რომ ამ მოტივებზე უკვე მუშაობენ საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები და ჩვენ ძალიან მალე გვეცოდინება ინფორმაცია ამის შესახებ”, - ამბობს ჟურნალისტი.

ანიშნული ამბის გაშუქებისას, მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებას მიეღო ინფორმაცია, რომ ამ ადგილას მსგავსი უბედური შემთხვევა პირველად არ მომხდარა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და მოქალაქეები თბილისის ზღვაზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას წლებია ითხოვენ. ასევე, მნიშვნელოვანია მაყურებელს სცოდნოდა თუ რომელი უწყებაა პასუხისმგებელი აღნიშნულ ზონაზე უსაფრთხოების ზომების დაცვაზე. მიუხედავად ამისა, მაუწყებლები შემოიფარგლნენ ამბის ზედაპირული გაშუქებით და 21 ივლისის მთავარ გამოშვებაში არცერთს პრობლემაზე არ უსაუბრია.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ