ყალბია ამბავი, რომ მორგის თანამშრომელს Covid-19 ინფიცირებულ გვამთან სექსუალური კავშირით გადაედო
18.09.2020
ქართული ონლაინ გამოცემების ნაწილის მიერ გავრცელებული ამბავი, თითქოს მასაჩუსეტსის შტატში მორგის თანამშრომელს, 29 წლის დემიენ კოულის კორონავირუსი ინფიცირებულ გვამთან სექსუალური კონტაქტის შემდეგ დაუდგინდა, ყალბია.

ამის შესახებ მასალა ონალაინ გამოცემა newposts-მა 16 აგვისტოს გამოაქვეყნა. Სტატიაში ნათქვამია, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც პირდაპირი, დაუცველი შემხებლობა, რამდენიმე გვამის გარდა არავისთან ჰქონია, „იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მას ინტიმური კონტაქტი ჰქონდა რამდენიმე გვამთან“.

„კორონავირუსზე გამოკვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დემიენის მიერ წაბილწული გვამებიდან რამდენიმეს ინფექცია მართლაც აღმოაჩნდათ, თუმცა, სავარაუდოდ ვირუსი სიცოცხლეში უსიმპტომოდ მიმდინარეობდა და ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ეს ადასტურებს იმას, რომ კორონავირუსი შეიძლება გარდაცვლილი ადამიანებისგანაც ისევე გავრცელდეს, როგორც ცოცხლებისგან“, - ვკითხულობთ მასალაში.

Newposts-ი ინფორმაციას კანადაში რეგისტრირებულ ვებგვერდ World News Daily Report-ზე დაყრდნობით წერს, რომლის მთავარი მიმართულება მსოფლიოში მიმდინარე ამბების „სასაცილო“ რაკურსში წარმოჩენა და „მაღალი ხარისხის სატირული“ მასალების მომზადებაა.

„World News Daily Report-ი პასუხისმგებელობას იღებს მისი სატირული ხასიათის მასალებსა და მათ გამოგონილ შინაარსზე. მასალებში წარმოჩენილი ყველა პერსონაჟი სრულად გამოგონილები არიან და მათი ნებისმიერ ადამიანთან მსგავსება მხოლოდ სასწაულის დამსახურებაა“, - ვკითხულობთ ვებგვერდის აღწერილობაში.


ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ