როცა ჟურნალისტი იკვლევს, როგორი მოსწავლე იყავით სკოლაში
13.11.2020
ჟურნალისტის პროფესიული მოვალეობაა საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილება.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, ვინაიდან შემაჯამებელ ოქმებში ცდომილების ის მასშტაბი, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, არჩევნების შედეგებს ცვლის იმ თვალსაზრისით, რომ ერთპარტიულ მმართველობას კოალიციური მთავრობა ანაცვლებს.

ცხადია, რომ არჩევნების შედეგების შეჯამებაზე პასუხისმგებელია ცენტრალური საარჩევნო კომისია. შესაბამისად, საზოგადოებრივი ინტერესის საგანია იმის გარკვევა, თუ რატომ აღმოჩნდა ბევრი ცდომილება შემაჯამებელ ოქმებში. იყო თუ არა ეს განპირობებული უბნებისა და ოლქების დონეზე კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაციით? თუ ეს ასეა, როგორ და რატომ შეარჩია ცესკომ კომისიის წევრები? როგორია თავად ცესკოს წევრების პროფესიული კვალიფიკაცია? მათი კავშირები ხელისუფლებასთან ან სხვა საარჩევნო სუბიექტებთან, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ პროფესიულ საქმიანობაზე და ა.შ.

მაგრამ არის თუ არა საზოგადოებრივი ინტერესის საგანი კომისიის წევრების ან ცესკოს თავმჯდომარის გარეგნობა? წონა? ასაკი? და ბოლოს, აკადემიური მოსწრების მაჩვენებლები სკოლაში?

ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასული რეპორტაჟის ავტორი დაინტერესდა იმით, თუ როგორი მოსწავლე იყო ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია. ამ მიზნით ჟურნალისტი ჩავიდა ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, სადაც ჟვანიამ სასკოლო განათლება მიიღო; ეწვია სკოლას, სადაც ის სწავლობდა; მოიძია მისი ფიზიკის მასწავლებელი, მათემატიკის მასწავლებლებს კი სასაფლაოზე მიაკითხა; გამოკითხა მეზობლები, მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები და მთელი ამ შრომის შედეგად საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ თამარ ჟვანია სკოლაში ფრიადოსანი და მოწესრიგებული მოსწავლე ყოფილა, მათ შორის, მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდა ფიზიკა-მათემატიკაშიც.

მოდით, ახლა ვიკითხოთ - მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხზე რა ინფორმაცია მიიღო ამ სიუჟეტის ნახვის შემდეგ აუდიტორიამ? რა კავშირშია თამარ ჟვანიას, როგორც ცესკოს თავმჯდომარის პროფესიულ საქმიანობასთან ან მისი მხრიდან არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან ანუ სისხლის სამართლის დანაშაულთან ის, თუ როგორი მოსწავლე იყო ის სკოლაში და რა ნიშნებს უწერდნენ მათემატიკისა თუ ფიზიკის მასწავლებლები? - რა თქმა უნდა, არავითარი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეათე პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი. ცხადია, პირადი ცხოვრების ნაწილია ის, თუ როგორი აკადემიური მოსწრება ჰქონდა ამა თუ იმ პირს სკოლაში. საზოგადოებრივ ინტერესზე უკვე ვისაუბრეთ ზემოთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

მოდით, ახლა ისიც ვიკითხოთ, თუ რატომ შეიძლება იყვნენ მასწავლებლები ანგარიშვალდებულები მოსწავლეების პროფესიულ საქმიანობაზე? - რას ემსახურებოდა ჟურნალისტის შეფასება, რომ “ალბათ საფლავში ბრუნავდა” თამარ ჟვანიას მათემატიკის მასწავლებელი? ან რატომ ჩააყენა თავის მართლების პოზიციაში ფიზიკის მასწავლებელი, რომლის ფრიადის დამსახურება ყოფილა, ჟურნალისტის ტექსტის მიხედვით, ჟვანიას წარჩინების ატესტატი?

თუკი ხსენებული რეპორტაჟის ავტორი ჟურნალისტის ლოგიკას მივყვებით, გამოდის, რომ მედიამ უნდა მიაკითხოს კორუფციაში ან სხვა “არითმეტიკულ ოპერაციებთან” დაკავშირებულ უკანონო საქმიანობაში დადანაშაულებული ან მხილებული პირების მათემატიკის მასწავლებლებს; ან “გამზრდელის” ანალოგიით პასუხი მოსთხოვს მკვლელობაში ბრალდებულების აღმზრდელებს და ა.შ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე.

***

განახლება: მასალის თავდაპირველ ვერსიას თანდართული ჰქონდა ის სიუჟეტი, რომელიც მაუწყებლის ეთერში გავიდა. თუმცა, ვინაიდან მოგვიანებით, არხმა ამ სიუჟეტის გამო ბოდიში მოიხადა და მასალა ყველა პლატფორმიდან წაშალა, ჩვენც საჭიროდ ჩავთვალეთ, სიუჟეტი აგვეღო და ის აღარ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. რედაქციის ბოდიშის შესახებ კი შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ