კარტოგრაფების საქმე "იმედის" ფოკუსით
10.02.2021
"ლუსტრაციის კვირა", "ქვეყნის ოპონენტებად ქცეული რადიკალები", "სააკაშვილის რეჟიმი, როგორც დანაშაულებრივი სინდიკატი", "სისტემური დანაშაული წინა ხელისუფლების პირობებში", "მოღალატეობრივი, ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია", "დავით გარეჯის საქმის ე.წ. კარტოგრაფებად გადაკვალიფიცირების მცდელობა", "დავით გარეჯის საქმე, როგორც სააკაშვილის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკის და ქმედების კლასიკური ნიმუში", - მსგავსი შინაარსის განცხადებებსა და შეფასებებს მრავლად მოვისმენთ ტელეკომპანია "იმედის" მიერ კარტოგრაფების, ვალერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას თემაზე მომზადებულ მასალებში.

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი ექსპერტების,ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ განაჩენი ჯერ არ დამდგარა და საქმეში მათი ბრალი სამართლებრივად არ დადასტურებულა. თუმცა, საკითხის გააქტიურებიდან დღემდე, "იმედის" მიერ თემაზე მომზადებულ არაერთ სიუჟეტში, ბრალდების ვერსიის უტყუარად დადასტურებულ ჭეშმარიტებად წარმოჩენის აშკარა მცდელობა იკვეთება. მასალებში მელაშვილი და ილიჩოვა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დავალებით, სახელმწიფო საზღვრის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ შეთანხმებაში პირდაპირ არიან დადანაშაულებული.

მას შემდეგ, რაც 28 იანვარს, მელაშვილი და ილიჩოვა სასამართლომ 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა, „იმედმა“ თემაზე ზემოთ აღწერილი პათოსით ჯამში 8 სიუჟეტი (28, 29, 30, 31 იანვარი და 2, 3, 4, 7 თებერვალი) მოამზადა. კარტოგრაფების საქმეზე ერთ-ერთი ბოლო ვრცელი მასალა არხის ეთერში 7 თებერვალს, კვირის შემაჯამებელ გადაცემა „იმედის კვირაში“ გავიდა. სიუჟეტის მთავარი აქცენტი ოპოზიციის მხრიდან თემით სპეკულირებისა და ისტორიული სინამდვილის გადაწერის მცდელობა იყო. 

„ოპოზიცია თემით ისევ სპეკულირებს. სახელმწიფოს ღალატის ტოლფასი განცხადებებისთვის კი - ყველა პარტიული ტელეარხი ღიაა. ყველამ იცის, რომ პოლიტიკური განცხადებები, რომლებსაც ისინი აკეთებენ, აზიანებს მოლაპარაკებების პროცესს, თუმცა, სავარაუდოდ, დანაშაულის დასაფარად სხვა გზა უბრალოდ აღარ დატოვეს.

ჩვენ ექსკლუზიურად მოგვაწოდეს გარეჯის მუზეუმნაკრძალის რუკაზე ასახული სინამდვილე და თქვენც დარწმუნდებით, გვქონდა თუ არა საქმე ისტორიის გადაწერის მცდელობასთან. ექსკლუზიურად მოპოვებული აქამდე უცნობი რუკებიც ადასტურებს, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობის მიუხედავად, საზღვრის ეს მონაკვეთი [გარეჯის მიმდებარედ] სააკაშვილის ხელისუფლების დროს ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა“
, - ამ ტექსტით გახსნა თემა წამყვანმა.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება „უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ ქმედებაზე“ მიმდინარეობს და გამოძიება ბრალდებულებს სახელმწიფო კომისიების დონეზე საზღვრის რამდენიმე ნაწილის, მათ შორის, გარეჯის მიმდებარედ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ შეთანხმებას ედავება, საზოგადოებაში თემის მიმართ კიდევ უფრო მეტი სენტიმენტების აღსაძრავად, „იმედი“ საქმეს მხოლოდ გარეჯის თემით ფუთავს. ასე იყო ბოლო სიუჟეტშიც - „პოლიტიკურ ისტერია მაშინ დაიწყო, როცა საჯარო გახდა, რომ დავით გარეჯის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო“, -  გვითხრა ჟურნალისტმა და „ყოფილი ხელისუფლებისა და მათ გავლენებს დაქვემდებარებულების ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაც შეგვახსენა.

„ყოფილი ხელისუფლების წევრები უფრო დაბეჯითებით ამბობდნენ, რომ კომისიის დონეზე შეთანხმებული დავით გარეჯის ტერიტორია საქართველო არ არის. ნაწილი თავგამოდებით ცდილობდა პრობლემა მოქმედი ხელისუფლებისთვის დაებრალებინა, ნაწილი კი - იმაში გვარწმუნებდა, რომ ეს მძიმე საბჭოური მემკვიდრეობა იყო“, - ხაზი გაუსვა მან.

ჟურნალისტი აგრეთვე მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ „სააკაშვილის ხელისუფლება ცდილობდა შეეგუებინა და დაერწმუნებინა საზოგადოება, თითქოს კომისიის მიერ შეთანხმებული ტერიტორია სწორედ აზერბაიჯანს ეკუთვნოდა“. მისივე შეფასებით, „გამოძიების პარალელურად მიმდინარე პროცესები, პარტიული აქციები, პარტიული ეთერები და ვიწროპარტიული მიზნები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზეა გათვლილი“.

კიდევ უფრო მეტი შთამბეჭდაობისთვის, მასალაში ყოფილი ხელისუფლების ბრალეულობის დასადასტურებლად, მათი ის განცხადებებია წარმოდგენილი, სადაც ისინი ხაზს უსვამენ, რომ საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანისა და საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვარი იმგვარად გაივლო, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაახლოებით 2-3% აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

მეტიც, სიუჟეტში ერთგვარი კომპრომატის სახით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებაც მოვისმინეთ, სადაც მან აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვარი ისე შეთანხმდება, რომ აზერიბაიჯანი მისთვის სტრატეგიულ სიმაღლეს (ქედს) დაიკავებს, გარეჯის კომპლექსი კი - სრულად საქართველოს ტერიტორიაზე მოექცევა. აღნიშნულს ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი ანალიტიკოსების შეფასებები მოსდევს, რომლებიც ამბობენ, რომ შუეძლებელია აზერბაიჯანს სიმაღლე ისე დაუთმო, რომ „სამონასტრო კომპლექსი შენ დაგრჩეს“. „ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება პირდაპირი მნიშვნელობით გააფორმეს კომისიაში ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა და მისმა თანამოაზრეება“, - დაამატა ჟურნალისტმა.

„სააკაშვილის ხელისუფლებამ მემკვიდრეობად დიდი პრობლემა დაუტოვა მის მომდევნო ყველა ხელისუფლებას. ერთგვარი პოლიტიკური ნაღმი, სავარაუდოდ, სააკაშვილის ზეპირი და მისივე ნათქვამის მიხედვით დახაზული საზღვრის სახით, გადაწყვეტილების, რომელიც საქართველოს ინტერესებს და ისტორიულ რეალობას ეწინააღმდეგება“, - ხაზი გაუსვა მანვე.

როგორც ამ, ისე „იმედის“ მიერ თემაზე მომზადებულ სხვა მასალებში კონტექსტიდან გამოცალკევებულად არაერთხელ მოვისმინეთ ივერი მელაშვილის მიერ გათავისუფლების შემდეგ განცხადება, სადაც იგი შემდეგს განმარტავს - „როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, რომ არა გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი“. მელაშვილის ეს განცხადება მის აღიარებად არის წარმოჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ეთერში მანვე დააზუსტა, რომ იგი არა ისტორიულ სინამდვილეს, არამედ არსებულ იურიდიულ ფაქტორს გულისხმობდა, რომლის თანახმადაც, გარეჯის ნაწილის ტერიტორია შეუთანხმებელია და საკითხზე ხმამაღალი განცხადებები მოლაპარაკებების პროცესს აზიანებს.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხრიდან აღიარებით ჩვენებად არის წარმოჩენილი ბრალდების მხარის მიერ გასაჯაროებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებიც, რომლებიც შემდგარი საუბრების სრულ ვერსიას არ ასახავენ და მათზე დაყრდნობით კონკრეტული დასკვნების გამოტანა შეუძლებელია.

ამასთან, სიუჟეტებში აზერბაიჯანის სასარგებლოდ ტერიტორიების დათმობაში ყოფილი ხელისუფლების უტყუარ ბრალეულობაზე საუბრობენ საქართველოში „პრიმაკოვის ფონდის“ დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც რუსული ინტერესების გატარებაშია მხილებული, აგრეთვე ოკუპანტ ქვეყანასთან ფარულ კავშირებში ბრალდებული პარტია “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია.

მიუხედავად იმისა, რომ კარტოგრაფების საქმეზე „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტებში დაცვის მხარის პოზიცია წარმოჩენილი იყო, მასალების პათოსი და შინაარსი სრულად ბრალდებულების ღია მხილებაზე იყო აგებული და მკაფიოდ იკვეთებოდა, რომ აღნიშნული მხოლოდ ფორმალური ბალანსის დაცვას ემსახურებოდა და არა მეორე მხარის ვერსიის სათანადოდ წარმოჩენას.

ასე იყო რამდენიმე თვის წინაც, როდესაც პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე დააკავა. მაშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში წარწერაც გამოჩნდა - „გარეჯი საქართველოა“, რომელიც არჩევნების დასრულებიდან მალევე გაქრა.

ტელეკომპანია „იმედის“ მხრიდან თემის მიკერძოებულად, მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის აშკარა დაცვის მცდელობა, მეტყველებს, რომ მისი მიზანი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე არა აუდიტორიის სრულფასოვანი ინფორმირება, არამედ მაყურებლის თვალში სახელმწიფო ბრალდების არგუმენტების დაცვა და მათი კიდევ უფრო გამყარებაა.

თეგები : მიკერძოებული გაშუქება;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ