რა ინფორმაციული ღირებულება აქვს მკვლელობის ამსახველი კადრების ჩვენებას
26.10.2021
23 ოქტომბერს "მთავარმა არხმა" თბილისში ახალგაზრდა ქალის, ანასტასია შატალოვას მკვლელობის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები დაუფარავად "ექსკლუზიურად" გაუშვა, წინა დღეს კი მაყურებელმა მოკლული შატალოვას ნაწილობრივ დაფარული ფოტო ასევე „ექსკლუზიურად“ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში იხილა.

რა ინფორმაციული ღირებულება შეიძლება ჰქონდეს მკვლელობის ამსახველი მძიმე ვიზუალური მასალის ჩვენებას მაყურებლისთვის?

რა ზიანის მომტანია და როდის არის გამართლებული მედიის მიერ ასეთი კადრების ჩვენება?

კონტექსტი

30 წლამდე ქალი, ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს, თბილისში საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. 19 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მკვლელობის საქმე გახსნა და 3 პირი დააკავა.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ მკვლელობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი წამყვანის გაფრთხილების შემდეგ ეთერში დაუფარავად აჩვენა, ეს მასალა სოციალურ ქსელშიც გამოქვეყნდა. ტელეკომპანია „იმედმა“ კი ცხედრის ნაწილობრივ დაფარული ფოტო, რომელიც საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა, „ფეისბუქზეც“ გაავრცელა.

უნდა გააშუქოს თუ არა მედიამ მკვლელობის ამსახველი კადრები?

არ არსებობს ცალსახა მიდგომა, რომელიც კრძალავს ან უშვებს მკვლელობის ამსახველი მძიმე კადრების გაშუქებას. რედაქციამ გადაწყვეტილება თითოეული შემთხვევის კონტექსტიდან გამომდინარე უნდა მიიღოს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მაღალი საჯარო ინტერესია, თუმცა მნიშვნელოვანია მედიასაშუალებებმა საჯარო ინტერესი საზოგადოების ცნობისმოყვარეობისგან გამიჯნონო, ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.

„ცნობისმოყვარეობით შეიძლება გვაინტერესებდეს, მაგალითად რა ტრაექტორიით მოხვდა მას ტყვია, როგორ დაეცა, რა ეცვა მსხვერპლს და ა.შ მაგრამ ეს დეტალები, რეალურად საინტერესოა უბრალოდ ცნობისმოყვარეობის დონეზე, მაგრამ საჯარო ინტერესები არ არსებობს.“, - ამბობს გოგოსაშვილი.

ქარტიის დირექტორი განმარტავს, რომ საჯარო ინტერესი არსებობს, როდესაც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან რაიმე ტიპის დარღვევა ჩანს, იკვეთება დანაშაულის დაფარვის მცდელობები ან საგამოძიებო უწყებები არასწორ ინფორმაცის ავრცელებენ. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურების მხილებისა და დანაშაულის გახსნის ხელშეწყობის მიზნით საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება შეიძლება ხელშემწყობიც იყოს.

მეორე მხრივ მედია უნდა დაფიქრდეს, რა ინფორმაციული ღირებულება აქვს მძიმე კადრებს და შეუძლია თუ არა ამბავი ამ ვიზუალური მასალის გამოყენების გარეშეც გადმოსცეს.

რა ზიანი მოაქვს მკვლელობის ამსახველი მძიმე კადრების ჩვენებას?

ნებისმიერი მძიმე ვიზუალური მასალის გავრცელების დროს მედიასაშუალებებმა დაღუპულის ოჯახის წევრების რეტრამვირების საკითხიც უნდა გაითვალისწინონ.

კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების თანახმად, მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამის ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. ასეთი მასალების გამოყენების დროს მედიასაშუალება უნდა შეეცადოს შეამციროს, ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა ამ მასალამ მასში ასახულ პირს ან მის ნათესავებს მიაყენოს.

„როდესაც საძიებო სისტემაში თავიანთი ოჯახის წევრის სახელს და გვარს ჩაწერენ ძალაინ შემზარავ კადრებს უჩვენებს, რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს მათ რეტრამვირებას“, - განმარტავს მარიამ გოგოსაშვილი.

საერთაშორისო მედიის პრაქტიკაში მკვლელობის ამსახველი კადრების გაშუქების არაერთი მაგალითი არსებობს, თუმცა თითქმის ყველა მათგანს თავისი დასაბუთება აქვს. მაგალითად, 2020 წელს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ამსახველი ვიდეო ძირითადი მტკიცებულება იყო ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში და ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესზე და სისტემური რასიზმის პრობლემას წარმოაჩენდა.

ამ კადრებმა მთავარი როლი შეასრულა შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში სისტემური რასიზმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების დაწყებაში და მოგვიანებით მისმა 18 წლის ავტორმა პულიცერის პრემიაც მიიღო.

მაღალი საჯარო ინტერესისა და გამოძიების მნიშვნელოვან საგანს წარმოადგენდა აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის ამსახველი კადრების გავრცელებაც, საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობდა 2016 წელს თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობისა და 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მძიმე კადრების გაშუქების დროსაც.

მკვლებობის ამსახველი კადრების დაუფარავად გაშუქებამდე მედიასაშუალებამ ორი ძირითადი კრიტერიუმი უნდა გაითვალისიწინოს: მაღალი საჯარო ინტერესი და ამ მასალის გამოყენების დასაბუთება, რომელშიც ნათლად უნდა ჩანდეს, რომ ასეთი კადრების გავრცელება გადაწონის დაღუპულის ოჯახის წევრების რეტრამვირების რისკს.

ასევე, ამ თემაზე: მკვლელობის კადრები “ექსკლუზიურად ფორმულაზე”

ამ შემთხვევებიდან ერთი თვით ადრე ტელეკომპანია "ფორმულამ" საინფორმაციო გამოშვებაში ასევე „ექსკლუზიურად" უჩვენა თბილისში, ახალგზარდა კაცის, ნიკა კვარაცხელიას სასიკვდილოდ დაჭრის დაუფარავი კადრები.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ