რატომ ვაპატიეთ აჭარის ტელევიზიას, აქციის დაშლის დროს, მის ეთერში მოცეკვავე ადამიანები?
29.03.2017
11 მარტს, ბათუმში დემონსტრანტებმა შეკრება 16:00-ზე დაიწყეს, საღამოს 7 საათზე დაიწყო მეორე აქცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან, სადაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა რიცხობრივად ბევრად მეტი იყო. მალევე, აქციამ პოლიტიკური ხასიათი მიიღო, მოგვიანებით კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მიმდინარე პროცესების გასაშუქებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ, საინფორმაციო გამოშვება ჯერ 20:00-ზე გაუშვა, ამავე გამოშვებაში მედიასაშუალება იტყობინებოდა, რომ აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მომდევნო სპეციალური გამოშვება არხს 22:10 წუთზე ჰქონდა, წამყვანმა გაგვაცნო ინფორმაცია აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ. არხის ინფორმაციით კი ადგილზე სამართალდამცავთა დამატებითი ძალების მობილიზება იწყებოდა. საინფორმაციო გამოშვება დაახლოებით 20 წუთში დამთავრდა და შემდეგ, ეთერში გადაცემა „ერთი დღე სოფელში“ დაიწყო. აჭარის ტელევიზიამ უწყვეტი რეჟიმით ამბის გადმოცემა მხოლოდ 23:55 წუთზე დაიწყო.

22:10-იან გამოშვებაში, ეთერში ნაჩვენები კადრები ცხადყოფდა, რომ ვითარება ადგილზე უკიდურესად დაძაბული იყო. ამგვარი მოვლენების ფონზე გაუგებარია, რატომ არ გააგრძელა საინფორმაციო სამსახურმა უწყვეტი რეჟიმით მაუწყებლობა და რატომ დაჭირდა არხს საათზე მეტი ეთერში კვლავ დასაბრუნებლად, მაშინ როდესაც დედაქალაქში ბაზირებულმა რუსთავი2-მა 9 საათზე დაწყებული საინფორმაციო გამოშვება გააგრძელა და საწყის ეტაპზე, ერთადერთი მაუწყებელი აღმოჩნდა, საიდანაც მოქალაქეებმა ბათუმში მიმდინარე ამბის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

ამ დროს აჭარის ტელევიზია გადაცემას - „ერთი დღე სოფელში“ და აჭარულ ცეკვას გადასცემდა.

სოციალურ ქსელებში ხალხი კითხულობს - სად არის აჭარის ტელევიზია?

ბათუმში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, საზოგადოება სოციალურ ქსელში მოქალაქეების ლაივსტრიმს ადევნებდა თვალყურს, facebook-ზე აქტიურად ისმოდა ორი მთავრი კითხვა: რა ხდება ბათუმში? და მეორე - სად არის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რატომ არ აშუქებს აქციას და რატომ გადის აჭარაზე „ერთი დღე სოფელში“?

მაშინ როცა, მოვლენების დაძაბვისთანავე, აჭარის ტელევიზია დანარჩენი ეროვნული მაუწყებლებისთვის ამბის მთავარი წყარო უნდა გამხდარიყო, მას მიმდინარე მოვლენების გაშუქებით, სხვა ტელევიზიებმა, უწყვეტი ეთერის ჩართვამდე ნამდვილად აჯობეს.

მაშ, რა მოხდა, რატომ ვერ შეძლო საინფორმაციო სამსახურმა, ეთერში მასალის ოპერატიული გაშვება? ჰქონდა თუ არა არხს მოვლენების დრამატულად განვითარების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა? მორიგებოდა თუ არა არხზე მოვლენების მეთვალყურე გუნდი ან პირი? წინასწარ გამზადებული იყო თუ არ ტექნიკური ინვენტარი საინფორმაციო გამოშვების ექსტრემალურ სიტუაციაში ეთერში შესაყვანად? ამ კითხვებზე პასუხები ნათელს მოჰფენს იმას, თუ რატომ ვერ შეძლო მაუწყებელმა მაყურებლისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება.

აჭარის ტელევიზიამ უწყვეტი რეჟიმით ამბის გადმოცემა მხოლოდ 23:55 წუთზე დაიწყო, ამ პერიოდიდან მოყოლებული გამთენიამდე, მაუწყებლის თანამშრომლები შემთხვევის ადგილიდან, საკუთარი ჯანმრთელობის და რისკის ფასად, ტელევიზიითა და სოციალური ქსელების ლაივსტრიმით გვაწვდიდნენ მასალას. ინფორმაცია, ტექნიკური ხარვეზების მიუხედავად, გადმოიცემოდა მშვიდად, არაანგაჟირებულად და მიუკერძოებლად.

თუმცა, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა სათავისოდ, არხის სასარგებლოდ ვერ გამოიყენეს ის უპირატესობა, რასაც ადგილობრივი არხის სტატუსი აძლევდათ.

ნაცვლად ამისა, ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ახდენდნენ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები სხვა კონკურენტი ტელეკომპანიების მეშვეობით აუდიტორიის ინფორმირებას მაშინ, როცა არხი რომლისთვისაც ისინი მუშაობენ, ვერ ახერხებდა საკუთარ მაყურებლებამდე ინფორმაციის მიტანას.

საპროტესტო აქციისას განვითარებულმა ამბებმა დაგვანახა ისიც, რომ მაუწყებელს არ გააჩნია, ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობის სამოქმედო გეგმა და მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, როგორც ადამიანური რესურსების მხრივ, ასევე მატერიალურ ტექნიკური ბაზის თვალსაზრისითაც.

გაკვეთილი მომხდარი ამბიდან

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აჭარაში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა ისაა, რომ ქვეყანას სჭირდება ძლიერი რეგიონული მაუწყებლები. მაუწყებლები, რომელიც ოპერატიულად, კვალიფიციურად და სანდოდ შეძლებენ მოგაწოდონ ინფორმაცია რეგიონიდან.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გაძლიერებაა არა იმიტომ, რომ ჩვენი გადასახადებით ფინანსდება, არამედ იმიტომ, რომ მაუწყებელმა დაგვანახა საკუთარი პოტენციალი.

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მუშაობა უნდა გახდეს პრესტიჟული, იმაზე მეტად პრესტიჟული ვიდრე, სხვა ტელევიზიებში წამიერი გამოჩენაა. მაუწყებელმა უნდა შეძლოს, საკუთარი თანამშრომლების მოტივირება, იმ შეგრძნების გაღვივება, რომ „საზმაუ მისია“. მაუწყებელმა და მისმა თანამშრომლებმა უნდა გააცნობიერონ საკუთარი მნიშვნელობა.

მსგავსი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, როგორიც იყო, კრიტიკულ, მნიშვნელოვან მომენტში აჭარის ტელევიზიის ეთერში გადაცემის - „ერთი დღე სოფელში“ გაშვება, მნიშვნელოვანია, მაუწყებელს ჰქონდეს კრიტიკული სიტუაციების გაშუქებისას სამოქმედო გეგმა თუ, როგორ უნდა მოიქცნენ მაუწყებლის თანამშრომლები, ისეთ შემთხვევებში როცა სპეცრაზმი აქციას შლის, განრისხებული მოქალაქეები ქვებს ისვრიან, ან ჰიპოთეტურად, ზღვა მათ კართან ჩხრიალებს.

და მაინც რატომ ვაპატიეთ აჭარას „ერთი დღე სოფელში“ ?

ვაპატიეთ, რადგან მოვლენების ეპიცენტრში მომუშავე ჟურნალისტთა ჯგუფებმა თითქმის 6 საათიანი უწყვეტი სამუშაო რეჟიმის დროს, საკუთარი სიმამაცის, პროფესიონალიზმის და ამტანობის ხარჯზე შეძლეს საზოგადოების ინფორმირება ქალაქში განვითარებული მოვლენების შესახებ.

ვაპატიეთ, რადგან ინტერნეტისა და სოციალური მედიის ხანაში - როცა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი კამერით ნებისმიერი მოვლენა გააშუქოს, როგორც არასდროს, ისე ფასობს ჟურნალისტთა პროფესიონალიზმი. დაძაბული დღის ბოლოს, მართალია გვიან ღამით, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი აღნიშნავდა, რომ ისინი კვალიფიციურ ინფორმაციას, სწორედ აჭარის ტელევიზიისგან იღებენ.

ვაპატიეთ, რადგან ვიცით, არხი ყოველმხრივ ცდილობს გახდეს უკეთესი, გამორჩეული და საინტერესო. რადგან ახლა, ამ გარდამავალ პერიოდში, ისე, როგორც არასდროს, აჭარის ტელევიზიას წახალისება, ჩვენი მხარდაჭერა და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება სჭირდება.

ბლოგის ავტორი : ნინო თოფურიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ