„აბა, არ უნდა გაგვეშუქებინა?“
04.04.2017
ქართული ტელეშოუების ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ალბათ, სრულ ალოგიკურობამდე მისული ეკლექტიკაა. მაგალითად, ერთსა და იმავე გადაცემაში შეიძლება გია სურამელაშვილმა პედიკური გაიკეთოს, ლალი მოროშკინა თავის გასტრონომიულ პრეფერენციებზე გვესაუბროს, საზოგადოებრივი მორალის სადარაჯოზე შემომდგარი გაურკვეველი ადამიანების წივილ-კივილიც გვანახონ და ამის პარალელურად იქვე, პირდაპირ ეთერში გვაყურებინონ თუ როგორ იტანჯებიან ტკივილისგან ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვები ან როგორ ეხმარებიან ბიზნესმენები სოციალურად შეჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახებს.

ტელეშოუებში თემატური მრავალფეროვნების საწინააღმდეგო თავისთავად არ შეიძლება რამე გვქონდეს, ვიდრე ამ მრავალფეროვნების კონტექსტუალიზაციას არ მოვახდენთ. განსაკუთრებით საინტერესო ტოქშოუების დაუძლეველი ვნებაა, მიაბან ქველმოქმედება ნებისმიერ თემას და მთელი გადაცემის განმავლობაში ნანახი აბსურდი მაყურებლებს ცრემლების ყლაპვით გაანეიტრალებინონ. თუკი შეიძლება გაბრაზდე გია ჯაჯანიძის მჩხიბაობაზე, ვერ გაბრაზდები 7-შვილიანი მშიერი ოჯახის ეკრანზე გამოჩენაზე. ანდა მაგალითად, როგორც ეს მოხდა ეკა ხოფერიას ტოქ შოუში რამდენიმე კვირის წინ. გადაცემა, რომელიც მთლიანად რეჟისორ ელდარ შენგელაიას და მის ახალ ფილმს ეძღვნებოდა, რატომღაც 2 მცირე საქველმოქმედო სიუჟეტით დასრულდა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო წინა თემასთან და რომელსაც წამყვანის ეს ტექსტი უძღვოდა: „თქვენ გახსოვთ არაერთი ისტორია, რომელიც ეკა ხოფერიას ტოქ შოუს დახმარებითაც კარგად დასრულებულა. ასე რომ, მოისმინეთ ეს ორი ისტორია და გთხოვთ, რომ მხარში ამოუდგეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ ისტორიებში შეხვდებით“.

პირველი სიუჟეტი სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად შქმნილი ბერი ანდრიას ფონდის საქმიანობას და ამ ფონდის დახმარებას შეეხებოდა, მეორე კი ქრონიკული თირკლმის უკმარისობის მქონე 6 წლის გოგონას და მისი დახმარებისკენ მოწოდებას. ტრადიციულად, სიუჟეტებს ფონად გასდევდა ლირიკული მუსიკა და ხაზგასმა იმაზე, თუ როგორ იტანჯება ჯანმრთელობის პრობლემებისგან ბავშვი. ისევე როგორც პირველ სიუჟეტში, არც ამ სიუჟეტში მომხდარა კონკრეტული პრობლემის ფართო სოციალურ ჭრილში განხილვა და სრული კონტექსტის ჩვენება. ის, რაც რეალურად სერიოზული სოციალური გამოწვევაა - ნებისმიერ ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი ღირსეული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სერვისებზე - არტიკულირდა ინდივიდუალურ პრობლემად, რომლის გადაჭრაზეც პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენ ყველას, მთელ საზოგადოებას ანუ სინამდვილეში, არავის.

ეს, რა თქმა უნდა, ერთი კონკრეტული, თუმცა, სამწუხაროდ, არაგამონაკლისი შემთხვევაა. ეკა ხოფერიას ტოქშოუს ნაცვლად, შესაძლოა ყოფილიყო ნებისმიერი მეტ-ნაკლებად რეიტინგული არხის რეიტინგული გადაცემა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და UNICEF-ის ერთობლივი მედია-მონიტორინგიც აჩვენებს, რომ ქველმოქმედება ერთ-ერთი მთავარი თემაა, რომლის კონტექსტშიც ბავშვთა საკითხების გაშუქება ხდება ქართულ მედიაში. მაგალითად, 2014 წელს, ბავშთა საკითხებთან დაკავშირბეული მასალების 16% სწორედ ქველმოქმედებას ან ქველმოქმედებისკენ მოწოდებას შეეხებოდა. 2015-16 წლებში კი ასეთი მასალები 12%-ს შეადგენდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ბავშვები ქველმოქმედების კარგი ობიექტები არიან, ჩვენს მედიას კი ამ ხატის შექმნაში დიდი წვლილი შეაქვს.

ყოველ წელს, მონიტორინგის დასრულების შემდეგ, როდესაც საუბარია ქველმოქმედების გაშუქების პრობლემურობაზე, ერთი და იგივე დისკუსია წამოიჭრება ხოლმე. როგორც წესი, ჟურნალისტებსა თუ პროდიუსერებს, რომლებიც ზემოთ მოყვანილი მაგალითების მსგავს სიუჟეტებსა თუ გადაცემებს ამზადებენ, უცვლელი არგუმენტაცია აქვთ: „აბა ჯობდა, რომ ის ბავშვი მომკვდარიყო?“; „ჩვენ ადამიანებს ვეხმარებით, თქვენ კი ჩვენ გვაკრიტიკებთ“; „აბა ეს ბავშვები ასეთ გაჭირვებაში მივატოვოთ?“ და ა.შ. ეს არგუმენტები ერთი ხელის მოსმით ცხადია არ უნდა უგულებელვყოთ, თუმცა აუცილებად უნდა ითქვას, რომ თემაზე მსჯელობისას მორალური განზომილების შემოტანა სრულიად აზრს უკარგავს დისკუსიას. გაჯიბრება იმაში თუ ვის უფრო შესტკივა გული კონკრეტულ არასრულწლოვანზე სასაცილოც კია. ხოლო კითხვაზე „აბა, არ უნდა გაგვეშუქებინა?“ პასუხი მარტივია - დიახ უნდა გაგეშუქებინათ, მაგრამ სრულად.

აბსოლუტურად გასაგებია ცდუნება, რომ მაყურებელში აღძრა სიბრალულის გრძნობა, რომლის შემდეგაც ისინი ამა თუ იმ მოზარდს დაეხმარებიან. თუმცა, ეს სულაც არ გამორიცხავს ისეთი ჟურნალისტიკის კეთებას, რომელიც არსებული ცალკეული შემთხვევის სოციალური პრობლემის ჭრილში გააზრების საშუალებას მისცემს მაყურებელს, შექმნის დისკუსიას პრობლემაზე, ხელს შეუწყობს კრიტიკული აზრის ჩამოყალიბებას მოსახლეობაში და შესაძლოა, საჭირო წნეხსაც კი პასუხისმგებელ ინსტიტუციებზე. შესაბამისად, კრიტიკა იმას კი არ შეეხება, უნდა გააშუქონ თუ არა ჟურნალისტებმა/ტოქშოუებმა ეს თემა, არამედ როგორ უნდა გააშუქონ.

სიღარიბის, გაჭირვების, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გაშუქება კონტექსტის გარეშე, სინამდვილეში, პრობლემის არსის სრულ გაქრობას, მათ ინდივიდუალიზაციას, გაპათეტიკურებასა და საბოლოო ჯამში, პრობლემის მოგვარების ნაცვლად, მის არმოგვარებას უწყობს ხელს. ინფორმაციულად ისედაც გადატვირთულ გარემოში, ძალიან იოლია ყველაზე ტრაგიკულმა ამბებმაც კი დაკარგონ ტრაგიკულობა მაყურებლის აღქმაში. ერთი კონკრეტული პრობლემური სიტუაციის მოგვარება შესაძლოა სინდისს გვიმშვიდებდეს და გარკვეულწილად, თვითკმაყოფილების განცდას გვიქმნიდეს, მაგრამ სინამდვილეში, მთავარი პრობლემა (და ასობით ასეთივე სხვა შემთხვევა) გვერდზე გვრჩება. ჟურნალისტის სურვილი, დაეხმაროს ინდივიდს ან გადაჭრას ინდვიდუალური პრობლემა ისე, რომ არ აჩვენოს კონტექსტი, არ შეეცადოს წინ წამოწიოს შესაბამისი ინსტიტუციების თუ კერძო პირების პასუხსიმგებლობის საკითხი, პასუხისმგებლობის სიმძიმის ცენტრის მასზე გადაჩოჩებას იწვევს, რაც ცოტა არ იყოს და ცდება ჟურნალისტის მოვალეობას და საშიშად ამბიციურიც კია.

მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს

ბლოგის ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ