ადამიანების დაცინვა, როგორც მეგაშოუების წარმატების საწინდარი
11.04.2018
ჩვენ პოლიტკორექტულობის ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სანამ პირს გავაღებთ, უნდა დავფიქრდეთ, რამდენი ადამიანი შეიძლება დარჩეს ჩვენი ნათქვამით შეურაცხყოფილი. ვინაიდან ეს მიდგომა ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი ნიშანია, ბევრი ადამიანი, მედია საშუალება, პოლიტიკური პარტია და სხვანი მართლაც ცდილობენ საკუთარი ენის კონტროლს. ამ პირობებში კი სანახაობას დახარბებული აუდიტორია სწრაფად იკლებს და გართობის ალტერნატიულ წყაროებს ეძებს. ყოველივე ამის ფონზე სხვადასხვა ტელე-შოუებს ისეთი ხერხების მოძებნა უწევს, რომელიც მათ შემქმნელებს სინდისის ქენჯნისგანაც გაათავისუფლებს და პოლიტკორექტულობასაც, როგორც ცივილიზებულობის ნიშანს შეინარჩუნებს.

იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს სანახაობა ყოველთვის გვწყურია, სხვადასხვა სტიგმის მქონე სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი პირები ხშირად ხდებიან სიბრალულის, მაგრამ ამავდროულად დაცინვის ობიექტები. ნებისმიერი კლოუნადა, რომელიც ბავშვთა გასართობ ღონისძიებებზე გამოიყენება, სათავეს სწორედ დაბნეული, არაადეკვატურად წოდებული პიროვნებების გაშარჟებიდან იღებს სათავეს. შესაბამისად, ჩვენ ბავშვობიდანვე ვსწავლობთ, რომ ადამიანი, რომელიც გროტესკისა და უბრალოდ დაბნეულობის ზღვარზეა, სასაცილოა და მისი არსებობა კომედიურ ჟანრს მიეკუთვნება.

ქართველ ერს უკვე წლებია გვაქვს „ბედნიერება", რომ ყოველ სეზონზე წამყვანი ტელეარხებისგან მივიღოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედია-პროდუქტების ქართული ვარიანტები. "ჯეოსტარი", "ნიჭიერი", "X-ფაქტორი" და ახლა უკვე "მხოლოდ ქართული" საიმონ კოუელის მიერ შექმნილი ბრიტანული და ამერიკული ორიგინალების რეპლიკებია. ეს გადაცემები, როგორც ორიგინალები, ისე ქართული ვარიანტები, საუკეთესო პლატფორმებია აუდიტორიისათვის კლოუნადის ისე მიწოდებისთვის, რომ პოლიტკორექტულობის ჩარჩოები ძალიან უხეშად და შესამჩნევად არ დაირღვეს.

ეს მეგაშოუები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობას არ კარგავს და მილიონობით მაყურებელი ჰყავს, ორ მარტივ ხერხს იყენებს - ერთი, მაყურებელს შეექმნას ილუზია, რომ ადამიანი თავისი გადაწყვეტილებითა და არჩევანით მივიდა ამ შოუში მონაწილეობისათვის და მეორე, მისი უდიდებულესობა, მონტაჟი.

მონტაჟი არის ის, რაც განსაზღვრავს დროს, რომელსაც ჩვენ ვუთმობთ კონკრეტული ამბის ყურებასა და მოსმენას. ის არის ხერხი, რომლითაც შოუს შემქმნელები მოქმედებენ ჩვენს ემოციებზე. მონტაჟი მით უფრო კარგი და ხარისხიანია, რაც უფრო კარგად იცნობს რეჟისორი საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს, რწმენა-წარმოდგენებსა და ფობიებს. შესაბამისად, ავსტრალიის რომელიმე მსგავს შოუში, სულ რომ თავისი ფეხით მისულიყო ქალის სამოსში გამოწყობილი მამაკაცი, გაცილებით უფრო წარუმატებელი იქნებოდა მისთვის დიდი დროის დათმობა, ვიდრე საქართველოში. ამ შოუების დამდგმელმა იცის, რომ ქართველს ყოველთვის დააინტერესებს მისი ფობიებისა და ამავდროულად დაცინვის ობიექტის ნახვა საკუთარი ტელევიზორის ეკრანზე, შესაბამისად, ამ პერსონაჟებს იმაზე მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კონკურსის საშუალო სტატისტიკურ მონაწილეს (ბევრი მათგანი საერთოდ არც ხვდება საბოლოოდ დამონტაჟებულ მასალაში).

ყოველივე აქედან გამომდინარე, კულტურული კონტექსტის გათვალისწინება სასიცოცხლო როლს თამაშობს ამ შოუების წარმატებულობაში. თუმცა არის ერთი კითხვა, რომელზე პასუხიც არც ისე ექსპლიციტურია - რა არის ის ნიშანი, რომელიც კულტურული კონტექსტის მიღმაა, ნიშანი, რომელიც შეიძლება გახდეს ადამიანის დაცინვის მიზეზი და ამით პოლიტკორექტულობის ჩარჩოები არ დაირღვეს? პასუხი კი იმ კულტურულ კონტექსტებს, სოციალურ განწყობებსა და ფობიებში შეიძლება ვიპოვოთ, რომელიც ამა თუ იმ საზოგადოებას ახასიათებს.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საერთაშორისო გამოცემა წერს იმის შესახებ, თუ რა სახის პრობლემები შეექმნათ, მაგალითად, აუტიზმის მქონე ადამიანებს, რომლებიც დამცირებისა და დაცინვის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ ამ შოუებში მონაწილეობის გამო, საიმონ კოუელი და მისი ქართული თუ სხვა ეროვნების განსახიერებები იმავეს აგრძელებენ.

ამის ნათელი მაგალითი იყო 2018 წლის 9 აპრილს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "მხოლოდ ქართულში", ერთ-ერთი მონაწილის გამოსვლა. ქალი, რომელიც ფუფალას არქეტიპის გაცოცხლებაა, მისი ქოლგით მოდის გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად და რომელსაც ერთდროულად სევდიანი, მაგრამ სასაცილო ისტორია აქვს მოსაყოლი. ის მამაკაცზეა შეყვარებული, რომელმაც სხვა მოიყვანა ცოლად. ამ ისტორიას ჯერ სევდისმომგვრელი მუსიკალური ფონი აქვს, შემდეგ კი საიმონ კოუელის ქართული განსახიერების შეწუხებული სახე.

მთელი ეს სცენა, კლასიკური მაგალითია იმისა, რაც ზემოთ აღვწერეთ. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ წარსული გამოცდილებისგან განსხვავებით, წელს ეს კონკრეტული კონკურსანტი ჟიურისა და ფილარმონიის დარბაზში მსხდომი ათასობით ადამიანის დაცინვას გადაურჩა. არ ვიცი ეს რამდენად არის წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გადაცემის მაყურებლის დიდი ნაწილი მოუთმენლად ელოდება ხოლმე ე.წ. კასტინგის ყურებას, რადგან ამ პროცესში რაც უფრო მეტი მსგავსი მონაწილე იქნება ნაჩვენები, მით უფრო მეტს იცინებს მაყურებელი და მით უფრო მოიმატებს მათი რიცხვი.

საბოლოოდ, ამ მეგაშოუებმა მოახერხეს პოლიტკორექტულობის ჩარჩოების დარღვევა და იმ ილუზიის შექმნა, რომ ადამიანები თავისი ნებით მიდიან ამ გადაცემებში და მათ წინასწარ იციან თუ რისთვის არიან ისინი განწირული. სწორედ ამ "თავისუფალი არჩევანით" ამართლებენ ადამიანების დაცინვას, რომელიც უკვე წლებია ამ გადაცემებში დამკვიდრებული პრაქტიკაა.

ბლოგის ავტორი : დავით კახაბერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ