წამყვანთა სახეები ქართულ ტოქშოუებში
24.05.2019
alt

რამდენიმე კვირის წინ, ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორი და იურისტი ბენ შაპირო BBC-ის ჟურნალისტმა ენდრიუ ნეილმა გადაცემა "Politics Live"-ში მიიწვია სტუმრად. შაპირო, რომელიც თავისი ანტილიბერალური და უკიდურესად კონსერვატიული, მათ შორის აბორტის საწინააღმდეგო შეხედულებებით გამოირჩევა, ფაქტობრივად ეთერიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა შაპიროს შეკითხვები დაუსვა აშშ-ის ზოგიერთ შტატში, აბორტთან დაკავშირებით ახლახან მიღებულ, დასავლური ქვეყნებისათვის საკმაოდ მკაცრ კანონმდებლობაზე. ნეილის მწვავე შეკითხვებმა შაპირო ფაქტობრივად წყობიდან გამოიყვანა, რის შემდეგაც სტუმარმა წამყვანს მემარცხენეების სასარგებლოდ მიკერძოებულობაში ბრალი დასდო.

შაპირო, რომელიც მგზნებარე მოდებატეა და ხშირად დემაგოგიასაც არ ერიდება, მომდევნო დღეს სრულიად ინგლისურენოვანი Twitter-ის დაცინვის ობიექტად იქცა. როგორც აღმოჩნდა, ენდრიუ ნეილი თავად კონსერვატიულად განწყობილი ჟურნალისტია, ოდესღაც კონსერვატიული პარტიისთვის მუშაობდა მკვლევრად და ამჟამად სათავეში უდგას ჯგუფს, რომელიც ფლობს კონსერვატიულ ჟურნალს The Spectator. შაპიროს შეკითხვაზე ობიექტური ჟურნალისტი ხართ თუ მიკერძოებული ჟურნალისტი, ნეილს მარტივი პასუხი ჰქონდა: „მე ვარ ჟურნალისტი, რომელიც სვამს შეკითხვებს [...] ჩემი საქმეა დავუსვა კითხვები იმათ, ვისაც აქვთ მტკიცე შეხედულებები და ვაჩვენო ამ მოსაზრებების ალტერნატივა. თუ თქვენ აბორტის მოწინააღმდეგე ხართ, მე დაგისვამთ აბორტის მომხრეთა შეკითხვებს.“

ენდრიუ ნეილის პასუხი შაპიროს ბრალდებებზე, ალბათ, საუკეთესოდ აჯამებს ზოგადად რატომ შეიქმნა სატელევიზიო სივრცეში ტოქშოუები და რატომ ჰყავს ამ გადაცემებს წამყვანები. მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებების ხარჯზე დემოკრატიულ საზოგადოებაში რთულია ადამიანები სათანადოდ ინფორმირებული გყავდეს. ხოლო ისეთი გადაცემების დამატებით, როგორიც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუებია, მაყურებელს უჩნდება შანსი, რომ აქტუალურ საკითხებზე მრავალმხრივი ინფორმაცია მიიღოს.

სიღრმისეული, დინამიკური და საინტერესო ფორმით ინფორმაციის მისაღებად კი ერთადერთი გზა ოპონირებაზე გადის. ქართული ტელესივრცისთვის რაც არ უნდა უჩვეულოდ ჟღერდეს, ოპონირება გადაცემის წამყვანმა უნდა გასწიოს და არა გადაცემაში მოსულმა, რესპონდენტთან დაპირისპირებულმა სხვა სტუმარმა. ყველა სხვა ფორმატი, სადაც ჟურნალისტი ოპონირების ფუნქციას არ ასრულებს, სცდება ჟურნალისტურ საზღვრებს და უახლოვდება პოლიტიკოსთა პიარს, ჟურნალისტის ფუნქციის დაკნინებას მოდერატორის ფუნქციამდე ანდა როგორც ხშირად ქართულ სადისკუსიო გადაცემებში ხდება ხოლმე - ქაოსს.

ქართულ ტელესივრცეში გასული ტოქშოუებიდან ალბათ თითზე შეიძლება ჩამოვთვალოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტმა თავისი არსებობის გამო რესპონდენტს ისეთი დისკომფორტი შეუქმნა, რომ გადაცემა პოლიტიკოსისათვის ტრიბუნის დათმობას არ დამსგავსებოდა. სამაგიეროდ, იოლად შეიძლება გავიხსენოთ ისეთი მაგალითები, სადაც როლები იცვლებოდა და რესპონდენტებს მიჰყავდათ გადაცემა. ასეთი ჟურნალისტური მარცხების თავიდან ასარიდებლად კი, ჩვენი ტელეწამყვანები რამდენიმე ხერხს მიმართავენ ხოლმე, სადაც ჟურნალისტები ასრულებენ შემდეგ ფუნქციებს:

1) მოდერატორ - გამშველებელი - მოგყავს ორი დაპირისპირებული პოლიტიკოსი, დასვამ ერთმანეთის პირისპირ, შუაში თავად ჩაჯდები, იტყვი რომ დღეს მოდერატორის ფუნქციას ასრულებ, რამდენიმე გამხსნელ შეკითხვას სვამ და შემდეგ უკვე ეთერში მოწვეულ ფალავნებს უთმობ ტატამს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სტუმრებმა უნდა დაასისხლიანონ ერთმანეთი ისე, რომ მაყურებელს შეიძლება სულაც დაავიწყდეს ჟურნალისტის სტუდიაში არსებობის შესახებ მანამ, სანამ რომელიმე სტუმარი ჭიქას არ გადაალეწავს მეორეს და ამ დროს ირთვება შენში გამშველებლი. სტუდია იწყებს ზანზარს, ირღვევა დეკორაციები, სტუმარი გარბის, მეორე სტუმარი მისდევს და აჩქარებული სუნთქვით გადიხარ ეთერიდან. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ევრონიუსზეც მოხვდეთ;

2) მსაჯი - სტუდია იყოფა ორ მხარედ. თითოეულ მხარეს სტუმართა რაოდენობა შესაძლოა მერყეობდეს 3-დან 6-მდე. სასურველია სტუმართა შორის იყოს იყვნენ „ექსპერტები“ და „ცნობადი სახეები“, რომლებსაც შეუძლიათ კვანტური ფიზიკიდან ფისკალურ პოლიტიკამდე ყველა თემაზე საუბარი. ხსნი გადაცემას შეკითხვით, „როგორია თქვენი კომენტარი“, საუბარს იწყებს ერთ-ერთი სტუმარი, რამდენიმე წუთში მას აჰყვება მეორე სტუმარი, საუბარში ერთვება მესამე რესპონდენტი, იწყება პოლიფონია, მოსაუბრეთა რაოდენობამ შესაძლოა ხუთსაც მიაღწიოს, ეკრანიდან ისმის კაკაფონია, ჰაერში გოგირდის სუნი ტრიალებს, კულმინაცია ახლოვდება, სცენაზე შემოდის წამყვანი და შელოცვასავით იმეორებს სიტყვებს „გთხოვთ, დაასრულებინეთ სათქმელი,“ „გთხოვთ, დაასრულებინეთ სათქმელი.“ სტუმრები (ზოგჯერ) ჩუმდებიან, მაგრამ რამდენიმე წუთში მეორე ტაიმი იწყება;

3) დირიჟორი - გადაცემაში მოსულ სტუმართა რაოდენობას თავისუფლად უნდა შეეძლოს თბილისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის შევსება. სასურველია, სტუმართა 100-ვე პროცენტი ერთ აზრზე იყოს, მაგრამ რეგალიებით განსხვავდებოდნენ. აუდიტორიის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე ისე გადადის მიკროფონი, რომ რთული მისახვედრია ეკრანის შეხედვის გარეშე მიხვდე როდის მორჩა ერთი რესპონდენტი სათქმელს და გააგრძელა მეორემ. ვიდრე ერთი საუბრობს დანარჩენი 24 მორჩილად ელოდება რიგს. წამყვანის მთავარი ფუნქცია კი გამომსვლელთა რიგითობის დაცვაა. თითოეულ რესპონდენტს აქვს 5-7 წუთი (გარდა ტელევიზიის დირექტორისა), გადაცემა გრძელდება უსასრულობამდე, მაყურებელი იძინებს ტკბილად, ტელევიზორის პულტით ხელში.

4) დეკორაცია - უბრალოდ ზიხარ.

რა თქმა უნდა, ამით არ ამოიწურება ჩვენში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუთა მრავალფეროვნება. თუმცა, ყველაზე ხშირად, სწორედ ამ 4 ტიპის ტელეწამყვანებს მოკრავთ თვალს ეკრანებზე. ქვეყანაში, სადაც წამლად ერთი ნორმალური Hard Talk შოუც კი არ გადის, შეუჩვეველმა აუდიტორიამ შესაძლოა იკითხოს - რა არის პრობლემა ასეთ გადაცემებში? რა და არაინფორმირებული მაყურებელი, რომელიც მათი ნახვის შემდეგ ან სრულ პოლიტიკურ აპათიაში ვარდება ან კიდევ უფრო ნაკლებად ინფორმირებული და დაბნეული თიშავს ტელევიზორს.

არადა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, ჩვენს წამყვანებს ოპონირება რომ ეცადათ.

ბლოგის ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ