მედია ლიბერალიზმს არასწორად გვაჩვენებს - აი, რა ხდება სინამდვილეში
20.09.2022
საქართველოში, საჯარო სივრცესა და მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე უცვლელი ტენდენცია ლიბერალიზმის ლანძღვაა. ქართული მედია, როგორც წესი, იდეოლოგიურ საკითხებს - ისევე, როგორც, ზოგადად, პოლიტიკის კეთებასთან დაკავშირებულ საკითხებს (ურბანული პოლიტიკა, ჯანდაცვის პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, განათლების პოლიტიკა და ა.შ.) ნაკლებად უღრმავდება ხოლმე. მიიჩნევა, რომ პიროვნული თემები: ვინ ვის პარტიაში გადავიდა, ვინ ვის მიაყენა შეურაცხყოფა, ვინ რომელი ქვეყნის აგენტია (მარადიული „წმინდა“ თემა ქართულ პოლიტიკაში), ვის როგორი წარსული და პირადი ცხოვრება აქვს და ა.შ. უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თემები, რომლებიც მოქალაქეების ცხოვრებას პირდაპირ ეხება. ამიტომ ხშირ შემთხვევაში, სიტყვა „ლიბერალიზმიც“ რჩება გაუგებარ ტერმინად, რომელიც არავინ განმარტავს, რას ნიშნავს, მაგრამ რომელსაც ყველა ტალახს ესვრის.

ვინ აღარ არის დაკავებული „ლიბერალიზმის“ და მითიური „ლიბერალების“ ლანძღვით: ტრადიციონალისტები, რომლებსაც ცხოვრების წესის ცვლილება და პროგრესი აშინებთ, მემარცხენეები, რომლებიც ლიბერალიზმს კაპიტალიზმის საძულველ ფორმებთან აიგივებენ, ნაციონალისტები, რომლებიც ლიბერალიზმს ანტისახელმწიფოებრივ იდეოლოგიად მიიჩნევენ, რელიგიური ფუნდამენტალისტები, რომლებისთვისაც ლიბერალიზმი ათეიზმთან ასოცირდება და ა.შ. მოკლედ, თითქმის ყველა გავრცელებულ იდეოლოგიას საქართველოში რაღაც პრობლემა აქვს ლიბერალიზმთან.

ამ სტატიაში, სამწუხაროდ, ვის რა პრობლემა აქვს, ამის გარკვევას ვერ შევძლებ, მაგრამ მინიმუმ, ის მაინც მინდა ვეცადო, რომ ტერმინ „ლიბერალიზმს“ გარკვეული სიცხადე შევძინო.

დავიწყეთ იქიდან, რომ ლიბერალიზმი არ არის ერთგვაროვანი იდეოლოგია, არამედ უფრო მეტად ქოლგა-იდეოლოგიაა, რომელიც სხვადასხვა ქვეიდეოლოგიურ მიმართულებას ფარავს. მაგალითად, კლასიკური ლიბერალები ძალიან ახლოს არიან მემარჯვენე ლიბერტარიანელებთან (რომლებიც სახელმწიფოს ჩარევისგან თავისუფალ ბაზარს ქადაგებენ), ხოლო თანამედროვე ლიბერალები, პირიქით - ფაქტობრივად, სოციალ-დემოკრატები არიან (ამ სიტყვის ევროპული გაგებით). ამ განსხვავების მიუხედავად, არსებობს გარკვეული საერთო ნიშნები, რომლებიც ლიბერალების დიდ ნაწილს აერთიანებს და რაზეც ქვემოთ მოკლედ მოგახსენებთ.

პირველი და მთავარი საერთო ნიშანი ის არის, რომ ლიბერალები თვლიან, რომ საჭიროა არსებობდეს ფორმალური თანასწორობა ადამიანებს შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კანონი ყველა ადამიანს თანაბრად უნდა მოექცეს და არა მიკერძოებულად. კლასიკური ლიბერალები მიიჩნევენ, რომ ფორმალური თანასწორობა არ უნდა გავიგოთ, როგორც შესაძლებლობების თანასწორობა, არამედ უნდა გავიგოთ, როგორც უფლებების თანასწორობა. თანამედროვე ლიბერალები ამის საპირისპიროდ თვლიან, რომ ფორმალური თანასწორობის მისაღწევად საჭიროა სოციალური და სხვა სახის შესაძლებლობების მეტნაკლებად გათანაბრება. საბოლოო ჯამში, ორივე ტიპის ლიბერალები თანხმდებიან, რომ ადამიანები ყველა შემთხვევაში თანასწორები უნდა იყვნენ კანონის წინაშე.

მეორე მთავარი ნიშანი ლიბერალიზმისა ის არის, რომ სახელმწიფოს მმართველობის დროს ლიბერალები ემხრობიან მერიტოკრატიას.

მერიტოკრატია ნიშნავს ყველაზე კომპეტენტური ადამიანების მმართველობას და არა, ვთქვათ, ყველაზე მეტი კავშირის, სოციალური კაპიტალის მქონეების (მარტივად რომ ვთქვათ, ვისაც მეტი გავლენიანი ბიძაშვილ- მამიდაშვილი ჰყავს).

ლიბერალები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო უნდა მართონ ადამიანებმა, რომლებიც ყველაზე მეტად აქვთ ამისი უნარი. საჯარო სამსახურებიც უნდა დაკომპლექტდეს არა რომელიმე პარტიის „აქტივისგან“ ან გამგებლის ნათესავებისგან, არამედ კომპეტენტური და უნარიანი ხალხისგან.

ლიბერალიზმის მესამე ამოსავალი წერტილი ის არის, რომ მას არ აინტერესებს როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობენ კონკრეტული ადამიანები. მისთვის სულ ერთია, ვიღაც რელიგიური ადამიანია, ათეისტია, გეია, ჰეტეროსექსუალია, კონსერვატორია, ლიბერალია (ამ სიტყვის, კულტურული და არა პოლიტიკური გაგებით), მფლანგველია, მომჭირნეა, ჭორიკანაა, მარტოსულია თუ სოციალურია. ლიბერალიზმს არ აინტერესებს სხვა ადამიანების პირადი ცხოვრება და მიიჩნევს, რომ ეს მათი პირადი ცხოვრებაა.

ლიბერალებს, ამის ნაცვლად, სჯერათ იმის, რომ ადამიანებს, მიუხედავად მათ შორის არსებული ბევრი განსხვავებისა, შეუძლიათ პოლიტიკურ დონეზე ერთმანეთთან თანაცხოვრება. ლიბერალიზმი მშვიდობიან პოლიტიკურ თანაცხოვრებას ქადაგებს და არა ჩაგვრას და დიქტატურას.

შესაბამისად, ლიბერალიზმი არ ეწინააღმდეგება არც რელიგიას და არც ტრადიციებს. ლიბერალები მიიჩნევენ, რომ არაფერი მიუღებელი არ არის იმაში, რომ ვინმეს ღმერთის სწამდეს ან ვინმე იყოს რომელიმე ეკლესიის მრევლის წევრი. უმალ პირიქით, რელიგიური თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი ლიბერალური პრინციპია, რომელიც ბევრი ქვეყნის - მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციაში არის ასახული.

და ბოლოს, ლიბერალიზმის მეოთხე მთავარი ნიშანი ის არის, რომ ის უმრავლეს შემთხვევაში ამრეზით უყურებს „სახელმწიფოს ინტერესების“ სახელით ინდივიდების უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას. ამიტომ, ბევრი ლიბერალი სკეპტიკურად შეხედავდა პოსტსაბჭოთა „ლიბერალებს“, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევებში, რეპრესიული სოციალისტური წარსულის გავლენით, ჩვეულებრივი ნაციონალისტი „გოსუდარსტვენიკები“ (განგებ გამოვიყენებ რუსულენოვან ბარბარიზმს) არიან ხოლმე.

ლიბერალების დიდი ნაწილი თვლის (გარკვეული სახის ლიბერტარიანელების გამოკლებით) რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს ინტერესი ინდივიდის ინტერესებზე მაღლა დგება - მაგალითად, საგანგებო მდგომარეობების (როგორიცაა მაგ. პანდემია) ან განსაკუთრებით, ომების დროს (ბევრ შემთხვევაში, ომის დროს დაშვებულია მედიის თავისუფლების შეზღუდვაც). თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ლიბერალებისთვის ინდივიდების უფლებებისა და თავისუფლებების გაუქმება გაუმართლებელია.

ლიბერალიზმის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი ის არის, რომ დიახ, თავისუფალი აზრი - ისევე, როგორც ზოგადად, თავისუფლება, ხშირად არის საშიში. ის არის სუბვერსიული და ზოგჯერ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოსაც. თუმცა მისი შეზღუდვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებშია დაშვებული. სხვა დროს კი ინდივიდებმა თავად უნდა შეძლონ ერთმანეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება. მხოლოდ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით არის შესაძლებელი სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა. ლიბერალები თვლიან, რომ ადამიანები რაციონალურ განსჯას მოკლებული რობოტები არ არიან, ისინი რაციონალური არსებები არიან, რომელთაც ძალუძთ თავად შექმნან და შეინარჩუნონ მშვიდობა და თავისუფლება.

მაშინ, როდესაც ქართველი პოლიტიკოსები, ინტელექტუალები, იდეოლოგები და მედია, „ლიბერალიზმს“ ებრძვიან, ისინი გააზრებით ან გაუაზრებლად ებრძვიან ზემოხსენებულ იდეალებს, იმიტომ, რომ ლიბერალიზმის არსს, პირველ რიგში, ეს იდეალები წარმოადგენს.

თუ დააკვირდებით, ეს იგივე პრინციპებია, რომლებსაც საქართველოში აბსოლუტურად არ სცემენ პატივს. აქედან გამომდინარე, სასაცილოა ხოლმე, ქართულ კონტექსტში ლიბერალიზმზე, როგორც დომინანტურ იდეოლოგიაზე საუბარი. დომინანტური კი არა, პირიქით, ლიბერალიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მარგინალური იდეოლოგიაა, რომელიც ყოველდღიურად ყველა მხრიდან განიცდის გაუგებარი დანიშნულების შეტევებს. იმისთვის, რომ ეს გაუგებრობა გაიფანტოს, მინიმუმ, მეინსტრიმულ და სოციალურ მედიაში ტერმინის სწორად გამოყენებაზე უნდა შევთანხმდეთ. სხვა შემთხვევაში, შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი იდეალები ექცეოდეს დაუსაბუთებელი დარტყმების ქვეშ.

ბლოგის ავტორი : გიორგი ცხადაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ