მასმედია - როგორც მასობრივი დეზინფორმაციის საშუალება
31.05.2024


მედია თავის პირველად და უძველეს ფორმებშიც კი, პროპაგანდის საშუალება იყო. შეიძლება ითქვას, რომ პროპაგანდიდან იშვა მასმედია. პროპაგანდა კი სინამდვილის გამრუდებას ნიშნავს გარკვეული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ რელიგიური მიზნების მისაღწევად. მაგალითად, საფრანგეთის დიდი რევოლუციის წინ, ერთმა რევოლუციურმა გაზეთმა ანტიმონარქისტული განწყობის გასაღვივებლად დედოფალ მარია ანტუანეტას მოუგონა, თითქოს, ეთქვას: „ვისაც საჭმელად პური არ აქვს, ნამცხვრები ჭამოსო“. დღევანდელი ტერმინოლოგიით ამ fake news-მა თავის მიზანს მიაღწია და მონარქისადმი სიძულვილის გაღვივებამ მთელი მონარქიული სისტემის დამხობისკენ მასების მობილიზაციას ხელი შეუწყო. 

XX საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც გაზეთებს, სააგიტაციო პლაკატებსა და პროკლამაციებს რადიოც შეემატა, მასების მანიპულაციის შესაძლებლობები ახალ სიმაღლეზე ავიდა. ამ ეპოქაში გაჩენილმა ტოტალიტარულმა სახელმწიფოებმა მედიაზე სრული კონტროლი დაამყარეს. მთლიანად პროპაგანდის სამსახურში ჩაყენებული მასმედია მასობრივი დეზინფორმაციის საშუალებად იქცა. 

დეზინფორმაცია არასდროს არაა უმანკო და მისი მიზანი საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მეშვეობით, ვიღაცისთვის ზიანის მიყენებაა. ამისი კლასიკური მაგალითია, გერმანიის ნაცისტური პარტიის მთავარი პროპაგანდისტული გაზეთი - „ფოლკიშერ ბეობახტერი“, რომელიც 25 წლის განმავლობაში გერმანიის მოსახლეობას ანტისემიტიზმითა და შეთქმულებათა თეორიებით წამლავდა და მნიშვნელოვანი როლი ითამაში გერმანიაში ფაშისტური განწყობის შექმნაში, რაც ჰოლოკოსტითა და მეორე მსოფლიო ომით დაგვირგვინდა. დეზინფორმაციით, ცილისწამებებითა და შეთქმულებების თეორიების გავრცელებით, ტოტალიტარული სისტემები საზოგადოებრივ განწყობას ქმნიდნენ ცალკეული პიროვნებებისა თუ მთელი საზოგადოებრივი ჯგუფებისა და კატეგორიების წინააღმდეგ, რაც მათი ფიზიკური განადგურების ნიადაგი უნდა გამხდარიყო, თანაც საზოგადოების თანხმობით. 

როცა დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ტოტალიტარიზმები მძვინვარებდა, თანამედროვე დემოკრატიის სამშობლოში - ამერიკის შეერთებულ შტატებში გაჩნდა საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის ახალი ფორმა, რომელსაც უმანკო სახელი - „საზოგადოებრივი ურთიერთობები“ (Public Realtions), ანუ შემოკლებით „პიარი“ (PR) ეწოდება. ამ ახალი ტექნოლოგიის შემქმნელი, ამერიკელი პროპაგანდის თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი, ედვარდ ბერნაისი წერდა: „თუ ჩვენ ჯგუფური აზროვნების მექანიზმებსა და მოტივებს გავიგებთ, შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ მასები, თვითონაც რომ ვერ მიხვდებიან ისე, ჩვენი სურვილისამებრ ვაკონტროლოთ და ვმართოთ". როგორც პრაქტიკოსი, ბერნაისი მასმედიის ყველა არსებულ საშუალებასა და ფორმას იყენებდა როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე პოლიტიკური დაკვეთების შესასრულებლად. ასე მაგალითად, თამბაქოს მწარმებელი კომპანიის, Lucky Strike-ის დაკვეთით სიგარეტის მოხმარება რომ გაეზარდა, ბერნაისმა სარეკლამო ბანერებზე ცნობილი ამერიკელი ქალები გამოასახინა სიგარეტით ხელში და ამით სცადა, სიგარეტი ემანსიპაციის სიმბოლოდ ექცია. მისივე შეთხზული მითია, რომ სასარგებლოა, რაც შეიძლება მსუყე საჭმლით საუზმობა, სასურველია, ბეკონის გამოყენება. ამ პიარ-კამპანიის დამკვეთი კი ლორის მწარმოებელი ფირმა იყო. ბერნაისის ტექნოლოგიებში შედიოდა დამკვეთი კომპანიის მხრიდან ჟურნალისტების, მეცნიერებისა თუ სხვა სახის „ექსპერტების“ მოსყიდვა და მათი მეშვეობით სრული დეზინფორმაციის გავრცელება, თუკი ეს კერძო კომპანიის ეკონომიკურ ან სახელმწიფოს პოლიტიკურ ინტერესებში შედიოდა. ასე დაიბადა ის, რასაც დღეს ინფლუენსერობა ეწოდება. 

როგორც პოსტტოტალიტარულ, ასევე დემოკრატიულ დასავლურ სამყაროში მასმედია წარსულთან შედარებით გადემოკრატიულდა, გაჩნდა ეთიკურ-ნორმატიული შეზღუდვებიც, მაგრამ მედიას არასდროს დაუკარგავს თავისი მანიპულატორული ფუნქცია. გამოთქმა - „მედიების სპექტაკლი“ დასავლური მედიის კრიტიკის დისკურსში გაჩნდა და ვიზუალური თუ ნარატიული საშუალებებით რეალობის მოჩვენებითობით ჩანაცვლებას გულისხმობს. ფრანგმა თეორეტიკოსმა ჯერ კიდევ 1972 წელს განსაზღვრა მედიების ფუნქცია, როგორც რეალობის სიმულაციით ჩანაცვლება. 

სწრაფ ტექნიკურ პროგრესთან ერთად სულ უფრო იხვეწება და რთულდება საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის ტექნოლოგიებიც. განსაკუთრებით სოციალური ქსელების გაჩენამ სრული საინფორმაციო და საინტერპრეტაციო ქაოსი წარმოშვა. გაჩნდნენ ტროლები და ბოტები - დეზინფორმაციისა და მანიპულაციის პირდაპირი აგენტები, რომლებისთვისაც რაიმე ეთიკური ზღვარი არა თუ არ არსებობს, არამედ ისინი საკუთარ არსში გამორიცხავენ ყოველგვარი მორალის არსებობას. ასეთი მორალური ატმოსფერო კი პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურთან, რომელიც იდეალურ ნიადაგს უქმნის მმართველობის დემოკრატიული თუ ჰიბრიდულად დემოკრატიული ფორმებიდან ავტორიტარიზმზე გადასვლას. ამისი სრულყოფილი ვარიანტია თანამედროვე რუსეთი, რომლის ყველა ლიცენზირებული მედია მასობრივი დეზინფორმაციის საშუალებაა, ხოლო მათი ერთადერთი დანიშნულება - საზოგადოებრივი აზრის სრული კონტროლი და მართვა. 

ამ თვალსაზრისით, უფრო მეტად ჰიბრიდულია "ქართული ოცნების" პროპაგანდისტული მედიაპოლიტიკა. ერთი მხრივ, ოფიციალური პროპაგანდისტული ტელეარხები - "იმედი" და "პოსტივი", პარალელურად, სატელიტი პროპაგანდისტები "საზოგადოებრივ მაუწყებელსა" თუ ინტერნეტ-პორტალებზე, რომლებიც ვითომ ზეპარტიული პოზიციებიდან, პირდაპირ ნიადაგს ამზადებენ იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებებისათვის, რომლებსაც „ქართული ოცნება“ შემდგომ თავისი აგრესიულად მორჩილი საპარლამენტო უმრავლესობით იღებს. უცხოეთის გავლენის აგენტების ძირგამომთხრელი საქმიანობები, დასავლეთის ნეოკოლონიალურობა, სუვერენიტეტის დაცვა, ლგბტ პროპაგანდის საშიშროება - ეს თემები თვეებისა და წლების განმავლობაში ძირითადად სატელიტი პროპაგანდისტებისგან უფრო მოდიოდა, ვიდრე თავად მმართველი პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან. "ქართული ოცნების" მმართველობის ხანაში საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის სფეროში წამყვანი ადგილი ტროლებმა და ბოტებმა დაიკავეს. პროფესიონალ გარეწართა ეს ინსტიტუციები ყველაზე ბინძურ და შავ საქმეებს ასრულებენ, მაგალითად, რომელიმე ოპონენტზე ცილისწამებების გავრცელება, ხშირად ვიზუალური მანიპულაციების მეშვეობით, აგრეთვე მმართველი პარტიის გზავნილების მოწონება და კრიტიკული პუბლიკაციების ლანძღვა და შეჩვენება. 

თუმცა, ბოლო თვეების მოვლენებმა "ქართული ოცნების" პროპაგანდისტებიც და მედიაც ურთულესი ამოცანის წინაშე დააყენა: თავად მმართველი პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელობა თავისი „გლობალური ომის პარტიით“, „მასონებითა“ თუ სხვა ყოველდღიურად პროგრესირებადი შეთქმულების თეორიებით იმდენად აბსურდულ და პარანოიდულ ხასიათს იღებს, რომ პროპაგანდისტულ მედიებს მათი დაწევა და გაპიარება უჭირთ. საქართველოს ხელისუფლების ტყუილები იმაზე მეტია, ვიდრე მისი მედიის საშუალებით სიმულაციაა შესაძლებელი.  

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ