„ქართული ოცნების“ მიერ 28 მაისს ინიციირებული საკანონმდებლო
ცვლილებებით,
კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ექნება თბილისის საქალაქო
სასამართლოს მიმართოს და ბანკებისგან მაუწყებლების შესახებ
კონფიდენციალური ინფორმაცია სასამართლოს მეშვეობით
გამოითხოვოს.
„ქართული ოცნების“ წევრების საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც პარლამენტის ბიურომ გუშინ, 2 ივნისს დაარეგისტრა, შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ და საქართველოს კანონებში: „მაუწყებლობის შესახებ’’, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ’’ და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ შევა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლს, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებისგან მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა შეეძლო, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებაც დაემატება.
მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, კომისია უფლებამოსილი იქნება „კომერციული ბანკისგან ან/და მიკრობანკისგან გამოითხოვოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.“
„ქართული ოცნების“ წევრები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების განმარტებით ბარათში უთითებენ, რომ მაუწყებლების დაფინანსების რეგულირება მიზნად ისახავს მაუწყებლების და შესაბამისად საზოგადოების დაცვას სხვადასხვა ჯგუფების გავლენებისგან. „ამ ლეგიტიმური, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად“ კი საჭიროა შეიქმნას ქმედითი მექანიზმი, რომელიც კომუნიკაციების კომისიას „საშუალებას მისცემს მაუწყებლების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მესამე პირისგან - საბანკო დაწესებულებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია მაუწყებლის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ“.
---------------------------------
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე პრიმა მუხლით, აკრძალულია მაუწყებლის დაფინანსება ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ. ასევე აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღებაც.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება, რომელიც მაუწყებლებისთვის
„უცხოეთიდან დაფინანსების“
აკრძალვას გულისხმობს, 2025 წლის 1 აპრილს
მიიღო.
---------------------------------
დაგეგმილი ცვლილებებით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამის მუხლებში, რომელიც საბანკო საიდუმლოებას შეეხება, გაჩნდება ჩანაწერი, რომ ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), განხორციელებული გადახდის ოპერაციის, ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასაც შეიძლება მიეცეს.
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს“ კომუნიკაციების კომისიის მიერ კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მაუწყებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების შესახებ სპეციალური თავი დაემატება, რომელშიც ვკითხულობთ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მაუწყებლის მიერ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 66(1) მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ფარგლებში კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მაუწყებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, თუ კომისიამ ამ მაუწყებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მიმართა ინფორმაციის წარდგენის შესახებ, მაგრამ მან აღნიშნული ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა“.
„ქართული ოცნების“ წევრები ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ, „რათა მისი მიღება და ამოქმედება მოესწროს მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის მიერ საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობას“.