ხელვაჩაურის საკრებულოს დღევანდელი სხდომა „აჭარა თაიმსის“
დაფუძნებელსა და ჟურნალისტს, სულხან მესხიძეს დაცვის სამსახუის
თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
„ჩვენ ვიყოფებოდით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც საკრებულოს სხდომის მიმდინარეობა უნდა გადაგვეღო, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა. საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მერიის თანამშრომლებმა ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად გამოგვაგდეს“, - ამბობს სულხან მესხიძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.
მესხიძის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ ირემაძე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ხედავდა, თუმცა მას რეაგირება არ ჰქონია.
ფიზიკურ დაპირისპირებას სიცრუე უწოდეს ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურში. მათი თქმით, მესხიძემ „ხმამაღალი ტონით სცადა სხდომის არევა“, რის გამოც სხდომათა დარბაზი დატოვებინეს.
„როგორც სხდომაზე დამსწრეებმა გვითხრეს, ჟურნალისტი შეუშვეს ჩვეულებრივად სხდომათა დარბაზში, მიუთითეს პრესისთვის გამოყოფილ ადგილას დამჯდარიყო, მაგრამ თავიდანვე არ დაემორჩილა მითითებას სულხან მესხიძე და ხმამაღალი ტონით სცადა სხდომის არევა. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რამდენჯერმე მითითების შემდეგ, იგივე რომ გაიმეორა, დაცვის თანხლებით დაატოვებინეს დარბაზი…რაც შეეხება ფიზიკურ დაპირისპირებას, შეხლა-შემოხლას ადგილი არ ჰქონია, ეს სიცრუეა“.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ამ ინციდენტით და სწრაფად გამოიძიოს მომხდარი.
ქარტიის განცხადებით, ადგილობრივ მედიას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საჯარო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობას სულ უფრო ხშირად არ აძლევენ და პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ზღუდავენ.
„შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა ვერ იღებს
ინფორმაციას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე და
მოქალაქეები ვერ ახერხებენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
მონაწილეობას.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ
წახალისებული ძალადობრივი ატმოსფერო ადგილებზე ჟურნალისტებისთვის
პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის პროფესიულ
საქმიანობას“.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ „თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, თვითმმართველობის სხდომები საჯაროა და ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს“.
ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომიდან „აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტის გაძევების ფაქტს გამოეხმაურა „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“:
„კოალიცია მკაცრად გმობს ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე „აჭარა თაიმსის” გადამღებ ჯგუფზე ფიზიკურ ძალადობას და მისი სხდომიდან გაძევების ფაქტს. ჟურნალისტების მიმართ ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია და წარმოადგენს ღია თავდასხმას მედიის თავისუფლებაზე“.
კოალიციის განცხადებით, საქართველოში ამჟამად არსებული სამუშაო გარემო მედიის თავისუფლებისთვის კრიტიკული და მნიშვნელოვნად შემზღუდველია. ხოლო, ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვა ზიანს აყენებს დემოკრატიულ პროცესებს და ზღუდავს საზოგადოების ინფორმირების უფლებას.