ComCom-მა კრიტიკული ტელევიზიები „ოცნების“ საჩივრების საფუძველზე, სამართალდამრღვევებად „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ ცნო
11.07.2025


კომუნიკაციების კომისიამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი 3 ტელევიზია, „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე, სამართალდამრღვევად ახალი ამბების გადაცემისას „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

ComCom-მა „TV პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ სამართალდამრღევებად 3 ივლისის სხდომაზე ერთხმად გამოაცხადა, გადაწყვეტილებები კი ოფიციალურ ვებგვერდზე 9 და 10 ივლისს გამოაქვეყნა.

----------------------------------------------------------
ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიების წინააღმდეგ კომისიას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მინდობილმა პირმა, ნათია ბოკუჩავამ 27 მაისს მიმართა და ისეთი სიტყვების გამოყენებით, როგორებიცაა: „ოლიგარქი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „კლანის მსახური მოსამართლე“,„ოლიგარქის დეპუტატი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური პარლამენტი“ „კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევისათვის“ მათი დასანქცირება მოითხოვა.

ამ საჩივრების საფუძველი სამივე ტელეკომპანიის შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 1 აპრილს შეტანილი ცვლილებები გახდა. 

„ქართული ოცნების“ საჩივრები პირველია, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ მისი უფლებამოსილების გაზრდის შემდეგ მიიღო და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები სამართალდამრღვევად ცნო. 
----------------------------------------------------------

როგორც კომუნიკაციების კომისია წერს, საკითხის შესწავლის შემდეგ, დაადგინეს, რომ „TV პირველმა“ და „ფორმულამ“ ეთერში გასული ახალი ამბების პროგრამაში საკუთარი პოზიცია  გამოხატეს, რაც მაუწყებლობის მიუკერძოებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს არღვევს.

„ქართული ოცნება“ დაობდა „TV პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზეც, ComCom-ის შეფასებით, ტელევიზიებმა კანონი ამ შემთხვევებშიც დაარღვიეს. 

გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ საჩივრებში მიუთითებდა, რომ მაუწყებლებმა ახალი ამბების პროგრამაში ფაქტი და მოსაზრება ერთმანეთისგან არ გამიჯნეს. ComCom-ის ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიამ კანონის ამ პუნქტის დარღვევაზე მსჯელობა არარელევანტურად ჩათვალა. როგორც კომისია განმარტავს, „მაუწყებლის მიერ აღნიშნული პუნქტი ვერ დაირღვეოდა, იმის გათვალისწინებით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა საერთოდ აკრძალულია“.

საბოლოოდ, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ ტელევიზიებმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 59 პრიმა მუხლის მე-5 პუნქტები დაარღვიეს, თუმცა, მათ კანონით გათვალისწინებული სანქცია არ შეუფარდა, რადგან დარღვევა კანონით გათვალისწინებულ გარდამავალ პერიოდში მოხდა.

ComCom-ი წერს, რომ კომისიამ მხედველობაში ის გარემოებაც მიიღო, რომ მას აქამდე მაუწყებლის მიუკერძოებლობის სტანდარტებზე არ უმსჯელია და არ შეუფასებია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში მიუკერძოებლობის დაცვისა და საკუთარი მოსაზრების გამოხატვის აკრძალვის მოთხოვნები. 

3 ივლისის სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახი ბექაურმა კრიტიკული ტელევიზიების სამართალდამრღვევებად ცნობის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ „ანალოგიური დარღვევების პრევენციას ხელს შეუწყობს არსებული გადაწყვეტილება და არსებული დასაბუთება“.

ComCom-ის გადაწყვეტილების შემდეგ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ განაცხადა, რომ კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებას აჩვენა, რომ მზად არის, ძალაუფლების მქონე ჯგუფის მითითებით, შინაარსობრივი საკითხების ფართო სპექტრის რეგულირებით დაკავდეს:

„მაშინ, როცა კომისია იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება და მისი დასაბუთება „ანალოგიური დარღვევების პრევენციას“ შეუწყობს ხელს, ქარტია და ჟურნალისტური თემი შიშობს, რომ ის „მსუსხავ ეფექტს“ იქონიებს და ქვეყანაში მიმდინარე საჯარო პოლიტიკურ დისკურსს გააღარიბებს.  

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე, მუხლი, რომელიც „სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას“ აწესრიგებს და ერთ-ერთია იმ მუხლებს შორის, რასაც საჩივარი ეყრდნობა, პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. 

მედიისთვის ისეთი ტერმინების გამოყენების აკრძალვა, რაც სრულად სარედაქციო პოლიტიკის დისკრეციაშია, სხვა არაფერია, თუ არა პრესის თავისუფლების შეზღუდვა და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლებისთვის ცენზურის დაწესება. მედიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რეალობა იმგვარი ტერმინებით აღწეროს, როგორც ის ხედავს მას თავისი სარედაქციო პოლიტიკის პრიზმიდან“. 

„ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ 1 აპრილს მიღებული ცვლილებებით, რომელიც მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო, კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ამ ცვლილებების დაინიიცირებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული. 

კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლების დასანქცირება 2025 წლის პირველი ივნისიდან შეუძლია, კანონის გარდამავლი დებულებით კი, მანამდე შეფარდებული სანქციები არ აღსრულდება. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ