„Chai Khana დეზინფორმაციული თავდასხმის სამიზნე გახდა“ - მედია
პლატფორმა, 10 ივლისს, ტელეკომპანია „იმედის“ დილის საინფორმაციო
გამოშვებაში გასულ ინფორმაციაზე იმ ორგანიზაციების შესახებ, ვისთანაც
ევროკომისია საქართველოში თანამშრომლობს, განცხადებას ავრცელებს:
„ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასული ინფორმაციის თანახმად, Chai Khana-მ ევროკომისიისგან 31 947 ევრო მიიღო და კონტრაქტის მიხედვით, ჯამში 532 117 ევროს მიიღებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
სიუჟეტში დასახელებული თანხა, 532 117 ევრო, არის ექვს ბენეფიციარ ქვეყანაზე გათვალისწინებული თანხა, რომელიც, სხვადასხვა მოცულობით გადანაწილდა შემდეგ ქვეყნებზე:
- ჩეხეთი (273 855,13 €)
- უნგრეთი (89 139,99 €)
- რუმინეთი (74 822,85 €)
- სლოვაკეთი (32 180,79 €)
- ხორვატია (56 537,52 €)
- საქართველო (31 947€)
შესაბამისად, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დასახელებული თანხის, 532 117 ევროს, 94% არ წარმოადგენს Chai Khana-ს ბიუჯეტს, დასახელებული თანხა რეალურად ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ორგანიზაციების ბიუჯეტია.
მეტიც, პროექტის ფარგლებში, Chai Khana-მ ვერ მიიღო მისთვის თავდაპირველად გათვალისწინებული 31 947 ევრო, რადგან „რუსული კანონის“ მიღების გამო, კონტრაქტი დროზე ადრე შეწყდა. შესაბამისად, Chai Khana-ს მიღებული თანხის რეალური ოდენობა შეადგენს მხოლოდ 5 581 ევროს და არა 31 947 ევროს, როგორც ამას ტელეკომპანია „იმედი“ ამტკიცებს.
პროექტის ფარგლებში Chai Khana-სთვის განკუთვნილი თანხა, 31 947 ევრო, ორ წელს მოიცავდა და მიზნად ისახავდა Kinedok პლატფორმის მეშვეობით საუკეთესო ევროპული და ქართული დოკუმენტური ფილმების ჩვენებას საქართველოს მასშტაბით, ასევე ქართული დოკუმენტური კინოპროდუქციის გავრცელებას ქვეყნის გარეთ.
ინფორმაცია დაფინანსებული პროექტის, Kinedok-ის, შესახებ საჯაროა ევროკომისიის ვებგვერდზე, სადაც ასევე მითითებულია დაფინანსების ოდენობა, რომელიც Chai Khana-მ მიიღო.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მედია პლატფორმა Chai Khana ტელეკომპანია „იმედის“ დეზინფორმაციის სამიზნე ხდება. ტელეკომპანიამ ახლო წარსულშიც მოამზადა სიუჟეტები ნეგატიურ კონტექსტში Chai Khana-ს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შესახებ.
„იმედის“ ეთერით დღეს გასულ ინფორმაციას მოჰყვება „ქართული ოცნების“ წევრის, დავით მათიკაშვილის შეფასება, რომელიც ახსენებს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს”, იგივე ფარას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დამოუკიდებელი მედიისთვის მუშაობაში ხელის შეშლის განზრახვას და მისი დაშინების მცდელობას“.