დაუდასტურებელი ბრალდება და ეთნიკურობაზე არასაჭირო ხაზგასმა არასრულწლოვნების შესახებ მასალაში
01.03.2019

პირველ მარტს „პრაიმტაიმმა“, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია ერთი არასრულწლოვნის მხრიდან მეორეზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ. სტატიაში დეტალურად არის მოთხრობილი, რა მოხდა ერთ-ერთ სკოლაში და იდენტიფიცირებულია სკოლის მდებარეობა. გარდა ამისა, ხაზგასმულია სავარაუდო ინცინდენტში მონაწილეთა ეთნიკური წარმომავლობა, რასაც ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და გარდა იმისა, რომ ამ ჯგუფის შესახებ სტერეოტიპებს აჩენს,  დამატებითი ინფორმაციული ღირებულება არ აქვს.

„პრაიმტაიმზე“ დაყრდნობით იდენტური ინფორმაცია გაავრცელეს შემდეგმა ვებგვერედებმა: dianews.ge, resonancedaily.com, cyc.ge, alia.ge, 2020news.ge, news.coa.ge, mediamall.ge, newposts.ge, exclusivenews.ge.

ვებსაიტების ნაწილი სათაურშივე მტკიცებით ფორმაში, ნაწილი კი - კითხვის ნიშნით წერს, რომ მეოთხე კლასელ გოგონაზე მეექვსე კლასელმა ბიჭმა სექსუალურად იძალადა.

„პრაიმტაიმს“ ანონიმური წყაროს გარდა, სხვა რესპონდენტი მომხდარს არ უდასტურებს. ამ წყაროს გარდა მასალაში ჩანს მხოლოდ სკოლის დირექტორი, რომელიც ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, გამოცემების ნაწილი სათაურშივე მტკიცებით ფორმაში, ნაწილი კი - კითხვის ნიშნით წერს, რომ ერთმა არასრულწლოვანმა მეორეზე სექსუალურად იძალადა.

ტექსტებში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, სხვა წყაროებთანაც გადაემოწმებინა, ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტს ადგილი; ვერ ვიგებთ ინფორმირებულია თუ არა სავარაუდო ძალადობის შესახებ განათლების სამინისტრო; ვინ და რა ფორმით იმუშავა მომხდარში მონაწილე არასრულწლოვნებთან, თუ ასეთ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი და ა.შ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ მედია ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების სენსაციურ და სტერეოტიპულ ჭრილში გაშუქებას უნდა მოერიდოს. გარდა ამისა, სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში არასრულწლოვნის იდენტიფიცირება, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი, დაუშვებელია, იმის მიუხედავად ბავშვი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის.

•  "უფრო მეტად ნუღარ მოახდენთ ბავშვის სტიგმატიზებას. თავი აარიდეთ კატეგორიზაციას ან სიუჟეტის ისეთ აღწერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისათვის სამაგიეროს გადახდა - დამატებითი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, დამცირება, დისკრიმინაცია ან საზოგადოების მიერ გარიყვა" [ ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო].

“ეცადეთ თავიდან აიცილოთ ბავშვის რეტრავმირება და არ გაახსენოთ ის ამბავი, რაც მასზე ნეგატიურად იმოქმედებს, თუ ეს რედაქციულად დასაბუთებული არ არის და არ გადაწონის საჯარო ინტერესი, მაგალითად გამოააშკარავებს სხვა დანაშაულს”, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

თეგები : ბავშვთა საკითხები; სტერეოტიპები;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ