TV პირველის ჟურნალისტს დისკრიმინაციის პრინციპის დარღვევა დაუდგინდა
10.05.2020

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველის წამყვანმა ანა წერეთელმა, გადაცემაში, რომელშიც სტუმრად საქართველოს პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე ჰყავდა, აივ დადებითი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების დისკრიმინაცია წაახალისა.

საუბარია გადაცემის იმ ნაწილზე, სადაც სტუმარმა თქვა ფრაზა  - „C ჰეპატიტით უამრავი დაავადებული ადამიანი ეზიარება, შიდსით დაავადებული ადამიანიც ეზიარება. რატომ არ გადადის ეს დაავადებები?“

ანა წერეთლის წინააღმდეგ ქარტიას „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” და „თანასწორობის მოძრაობამ” მიმართეს. განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ ჟურნალისტმა გადაცემაშივე არ უზრუნველყო აეხსნა მაყურებლისთის, რომ აივ ინფექცია და C ჰეპატიტი არ გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. ამით კი ხელი შეუწყო დეზინფორმაციის გავრცელებას და სტიგმის გაძლიერებას აივ დადებითი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მიმართ.

 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად, "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". 

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად კი, მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის, გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება. ეს მოთხოვნა არ უკრძალავს მაუწყებელს, ხელი შეუწყოს ინფორმირებულ და არაცალმხრივ დისკუსიას შეუწყნარებლობის ან დისკრიმინაციის საკითხებზე, ან გადასცეს ფაქტობრივი მასალა ან საზოგადოებაში რეალურად არსებული მოსაზრება" (მუხლი 33). 

ასევე, იქვე ვკითხულობთ: 

"თუ წყარო პირდაპირ ეთერში ან ახალ ამბებში უსაფუძვლოდ ასახელებს ეთნიკურ წარმომავლობას, რელიგიურ მრწამსს, სექსუალურ ორიენტაციას, ოჯახურ ან ქონებრივ მდგომარეობას, სოციალურ კუთვნილებას, ან ნებისმიერ სხვა ნიშანს როგორც პრობლემის გამომწვევ მიზეზს, ან იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას რომელიმე ჯგუფის მიმართ, წამყვანი არ უნდა აჰყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით".

აქვე, ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ანა წერეთელს, მეშვიდე, ანუ დისკრიმინაციის წახალისების პრინციპის გარდა, ასევე დაუდგინდა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპების დარღვევაც.

  • პირველი პრინციპი: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.  
  • მეხუთე პრინციპი: მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

ქარტიის საბჭომ საქმე დღეს, 10 მაისს განიხილა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ