ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
19 აგვისტოს “ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” (NDI) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საუბარია საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე. ანგარიშის მიგნებები, სხვადასხვა აქცენტებით, ყველა ცენტრალური მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა, ტელეკომპანია“იმედმა" კი NDI-ს ანგარიში დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ გააშუქა. 

NDI-ის ანგარიშში, რომელზეც “იმედის” მაყურებელს ინფორმაცია არ მიუღია, ნათქვამია, რომ საქართველოში არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება, რაც ქვეყანაში პოლარიზაციას კიდევ უფრო აძლიერებს და საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს. ამავე ანგარიშში ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 30 რეკომენდაცია საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად.

19 აგვისტოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში NDI-ის კვლევა სხვადასხვა აქვენტებით გააშუქეს შემდეგმა მაუწყებლებმა: “რუსთავი 2”, “მთავარი”, “ფორმულა”, “ტვ პირველი”, “აჭარა” და “პოსტვ”.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს, 21:00 საათზე, იმ დროს, როდესაც არხზე დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება გადის, 19 აგვისტოს დინამო თბილისი - ტირანას საფეხბურთო მატჩი გავიდა, შესაბამისად, მთავარი საინფორმაციო ეთერში არ ყოფილა.
კატეგორია - ეთიკა
9 აგვისტოს ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემა “პოსტ ფაქტუმის” ერთ-ერთი სიუჟეტი, დიდი თანხის სანაცვლოდ სოციალური მუშაკებისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი პირების არასრულწლოვანთა ვაჭრობაში სავარაუდო ჩართულობის შესახებ, სრულიად დაუსაბუთებელ, კონკრეტული ფაქტებისა და სარწმუნო არგუმენტების გარეშე, მხოლოდ ვარაუდებზე დამყარებულ მსჯელობას ეფუძნებოდა.

კერძოდ, თემის წარდგენისას, წამყვანმა ამბის თხრობა იმ ფორმით დაიწყო, რომ ზემოთ ხსენებული პირების მძიმე დანაშაულში სავარაუდო ჩართულობის სარწმუნოობის შესახებ საზოგადოებრივი აზრი წინასწარ მოამზადა. “სოციალური მუშაკები, გარიგებული უშვილო ოჯახებთან და დიდი თანხების სანაცვლოდ სხვის შვილებს ყიდიან”, - სწორედ ამ ტექსტით დაიწყო მან ამბის მოყოლა და შემდგომ მისივე ვრცელი მონოლოგი, მხოლოდ ვარაუდებით გამყარებული თეორიებით განაგრძო.

წამყვანმა ქვეყანაში იმგვარი სქემის მოქმედების შესახებ გვიამბო, რომლის მიხედვითაც საქართველოში, თითქოს, სოციალური მუშაკები წლობით უშვილო ოჯახებს “დიდი ფულის სანაცვლოდ” ეხმარებიან. უფრო კონკრეტულად კი, თითქოს, საგულდაგულოდ, ისეთ ღარიბ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეძებენ, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები იზრდებიან და მიზანმიმართულად ოჯახურ მდგომარეობას “ისე საშინლად აღწერს”, რომ “რომ იქ დაიდოს დასკვნა, თითქოს იქ ბავშვის დატოვება დაუშვებელია”.

“ამ დასკვნის საფუძველზე მშობლებს ბავშვს ართმევენ, დროებით გადაჰყავთ სხვა ოჯახში და გარკვეული ხნის შემდეგ, სამუდამოდ გააშვილებენ, ანუ ახალ მშობლებს უპოვნიან. ეს ახალი მშობლები კი - სწორედ ის უშვილო წყვილი აღმოჩნდება, რომელმაც ამ ბავშვში ფული გადაიხადა”, - აგრძელებს წამყვანი დამაჯერებლად, ყოველგვარი არგუმენტებისა და მყარი დასაბუთების გარეშე და ვარაუდზე დაყრდნობით უშვებს, რომ ამ სქემაში, “დიდი ალბათობით, სოციალური სამსახურის ხელმძღვანელობაც იქნება ჩართული”.

მსჯელობაში ერთ-ერთი დედის ვარაუდებს იშველიებს, რომლის არასრულწლოვანი ვაჟი სოციალური სამსახურის გადაწყვეტილებით, აპრილის თვეში კახეთის ერთ-ერთ რაიონში მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. დედის რწმენით, მას ოჯახში არსებული სოციალური გარემო განზრახ, ხელოვნურად იმისთვის დაუმძიმეს, რომ მისთვის “ბავშვის ჩამორთმევა უფრო ადვილი ყოფილიყო”.

წამყვანის ვრცელი მონოლოგის შემდეგ, ამბის თხრობა იმავე პათოსითა კონკრეტული მტკიცებულებებისა და დამაჯერებელი არგუმენტების გარეშე გაგრძელდა თემაზე მომზადებულ სიუჟეტშიც. ჟურნალისტიც ბავშვის ოჯახის ვერსიას იმეორებს, რომლის თანახმადაც, საქმე შესაძლო დანაშაულთან გვაქვს და რომ “სოციალური სამსახური ბავშვის გასხვისებას გეგმავს”.

ამავე ვერსიას ავითარებს სიუჟეტის კიდევ ერთი გმირი, რომლის ვინაობაც დაკონკრეტებული არა არის და რომელიც, ასევე, მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ოჯახიდან ბავშვი მხოლოდ იმიტომ წაიყვანეს, რომ იგი “სუპერ მდიდარი ოჯახისთვის უნდოდათ”.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის წამყვანის საკმაოდ ვრცელი მონოლოგი და ვრცელი სიუჟეტიც სოციალური მუშაკების დიდი თანხების სანაცვლოდ არასრულწლოვნების გაყიდვის დანაშაულებრივ სქემაში სავარაუდო ჩართულობას ეხებოდა, შემოთავაზებულ მასალაში აღნიშნულის რაიმე მყარი დასაბუთება, კვალიფიციური არგუმენტაცია ან კონკრეტული მტკიცებულება ვერ ვნახეთ.

გარდა ამისა, სიუჟეტში წარმოჩენილი არ იყო მეორე მხარე, რომელსაც საპასუხო კომენტარის გაკეთებისა და წარდგენილი მძიმე ბრალდებების უარყოფის ან გაბათილების შესაძლებლობა ექნებოდა. ჟურნალისტმა სიუჟეტის მიწურულს მხოლოდ ის თქვა, რომ მან იმ სოციალურ მუშაკთან დაკავშირება სცადა, რომელიც კონკრეტულ საქმეზე მუშაობდა, თუმცა უშედეგოდ.

მასალაში მის მიერ მოპასუხე მხარის წარმოჩენის სხვა მცდელობა არ იკვეთებოდა. შესაბამისად, გაუგებარი დარჩა, რატომ არ სცადა ავტორმა უშუალოდ პასუხისმგებელი უწყების წარმომადგენლის ან სხვა ოფიციალური პირის პოზიციის ჩვენება, რომელიც მაყურებელს მომხდართან მიმართებით მათ ვერსიას გააცნობდა და მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებს ახსნიდა.

ამბის ცალმხრივად, სანდო წყაროების, ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე გაშუქება, ასევე, საკმაოდ მძიმე ბრალდებების მხოლოდ დაინტერესებული მხარის ვარაუდებსა და ეჭვებზე დამყარება, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ არხის მიზანი არსებული პრობლემის არა მრავალმხირი, კომპლექსური და კვალიფიციური წარმოდგენა, არამედ მხოლოდ სენსაციური გაშუქება და კონკრეტული საჯარო სამსახურის დისკრეტიცია, აგრეთვე მის გარშემო საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და მისი ნაგეტიური მიმართულებით წარმართვა იყო.

ამბავი პირველად 26 ივლისს ტელეკომპანია "პირველმა" გააშუქა. სიუჟეტში დედა ვარაუდს გამოთქვამდა, რომ მას შვილი სოციალურმა სააგენტომ გაშვილების მიზნით ჩამოართვა.
კატეგორია - ეთიკა
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, „მთავარი არხის“ დირექტორმა და წამყვანმა, ნიკა გვარამიამ, ჩართვაში, რომელშიც საუბრობდა, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოკადრებში ასახული ადამიანი ავთანდილ ბილანიშვილს ჰგავს, ქარტიის პირველი (სიზუსტის) პრინციპი დაარღვია.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ქარტიას ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად „კაწროს“ მეუღლემ, ნათია რუხაიამ მიმართა. განმცხადებელი თავდაპირველად თავად ბილანიშვილი იყო, თუმცა, მოგვიანებით, მომჩივანისვე თხოვნით, განმცხადებელი შეიცვალა.

სადავო მასალა ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 7 ივლისს, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა. ამ დღეს, საინფორმაციო გამოშვებაში ჩაერთო ნიკა გვარამია, რომელმაც თქვა, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს, თბილისში, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოკადრებში ასახული ადამიანი ავთანდილ ბილანიშვილს ჰგავს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

მხარე ასევე დავობდა მე-3 (წყაროს დადასტურების) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯების) პრინციპების დარღვევასაც.

მე-3 პრინციპი - „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.“

მე-11 პრინციპი - ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
  • ფაქტის განზრახ დამახინჯება;
  • ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
  • პლაგიატი.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას მე-3 და მე-11 პრინციპის დარღვევა არ დაუდგინდა.

შეგახსენებთ, ავთანდილ ბილანიშვილის სახელი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში თავდაპირველად მედიამ გააჟღერა. მედიაში მისი სახელის არაერთხელ ხსენების შემდეგ, 8 ივლისს, იგი საგამოძიებო ორგანოებში დაიბარეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ 19 ივნისის ღამეს, დიდუბის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი ჩანს და არა  ავთანდილ ბილანიშვილი. ამ ინფორმაციის გასაჯაროება უწყებამ მაღალი საზოგადოებივი ინტერესით ახსნა.
კატეგორია - ეთიკა
გარდაცვლილის გადმოსვენება, გლოვა, მგლოვიარე მამის დევნა მიკროფონებითა და კამერით, - ბოლო რამდენიმე დღეა ცენტრალური ტელევიზიების მაყურებელი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ამ მძიმე კადრების ფონზე ადევნებს თვალს.

22 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეს მედია წინა დღეებშიც აქტიურად აშუქებდა და ცხადია, მომხდარი ფაქტის გახმაურების წუთიდან, მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. მიუხედავად, არაერთი შემთხვევისა, როდესაც მსგავსი გაშუქება პროფესიულ წრეებში კრიტიკის საგნად იქცა, ტრაგედიის სენსაციურად გაშუქების, ამბის დრამატიზებისა და მაყურებლის ემოციების გამძაფრების ცდუნებას ტელევიზიებმა ამჯერადაც ვერ გაუძლეს.

22 და 23 ივლისს საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა, როგორ გადმოასვენეს გარდაცვლილი საკუთარი მანქანიდან და მეორე დღეს როგორ მიასვენეს სახლში. მაყურებელმა ასევე პირდაპირ ეთერში იხილა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მამის რეაქცია, როდესაც მან შვილის დაღუპვის შესახებ გაიგო და გარდაცვლილის სანახავად თეთრიწყაროში, ადგილზე ჩავიდა.

22 ივლისი - დღის საინფორმაციო გამოშვებები


22 ივლისს დღის საინფორმაციო გამოშვებები ტელეკომპანიებმა: “ტვ პირველი”, “ფორმულა”, “მთავარი არხი”, “იმედი”, “რუსთავი 2” და საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი” თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ამბის გაშუქებით დაიწყეს.

altმთელი დღის განმავლობაში ჩამოთვლილი ტელევიზიები პირდაპირ ეთერში ორი ადგილიდან მაუწყებლობდნენ - გარდაცვლილის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ და თეთრიწყაროდან, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს.

ზემოთჩამოთვლილი მაუწყებლებიდან ყველაზე ნაკლებად დრამატიზებული და ემოციური იყო ტელეკომპანია “იმედისა” და “პირველი არხის” გაშუქება. ეს ორი მაუწყებელი, ძირითადად, ჟურნალისტის ჩართვით და რესპონდენტების კომენტარების გაშუქებით შემოიფარგლებოდა, თუმცა ორივე მაუწყებლის ეთერში, მცირე დოზით მაინც მოხვდა ემოციური კადრები.

ტელეკომპანია “პირველის”, “ფორმულას”, “მთავარისა” და “რუსთავი 2-ის” მაყურებელი კი თითქმის მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში თანმიმდევრულად ადევნებდა თვალს ტრაგედიის ადგილას განვითარებულ მოვლენებს.

altცხადია, ამბის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და მედიას თანმიმდევრულად და სწრაფად უნდა მიაწოდებინა საზოგადოებისთვის ინფორმაცია. თუმცა, გარდა ემოციური დატვირთვისა, გაუგებარია, რა ინფორმაციული ღირებულების იყო მაყურებლისთვის გარდაცვლილის გადმოსვენებისა კადრების ნახვა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრების შემზარავი გლოვის მოსმენა.

“კრიმინალური ფაქტის გაშუქებისას ეთიკის სტანდარტების დარღვევის უფრო დიდ რისკი არსებობს ახალი ამბების მომზადებისას. როდესაც ფაქტი ახალი მომხდარია, ემოციური ფონი გამძაფრებულია და ხშირად ჟურნალისტები მისი ზეგავლენის ქვეშ ექცვიან. ჟურნალისტი უნდა შეეცადოს, შეინარჩუნოს ნეიტრალურ ტონი და არ მოექცეს ამბის მონაწილეთა ემოციური გავლენის ქვეშ”, - ვკითხულობთ კრიმინალის გაშუქების გზამკვლევში, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერაა მომზადებული.

ტელეკოპანია “მთავარისა”, “პირველის”, “ფორმულას” და “რუსთავი 2-ის” მაყურებელმა დღის განმავლობაში არაერთხელ ნახა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფი მამა, უყურა მიცვალებულის სხეულის მანქანიდან გადმოსვენებას და მოისმინა მეზობლების არასაჭირო კომენტარები, შეფასებები და ვარაუდები.

altპირდაპირი ჩართვების დროს, ჟურნალისტები ცდილობდნენ ნებისმიერი იქ მყოფი ადამიანისგან მოეპოვებინათ საჭირო თუ არასაჭირო ინფორმაცია. ცდილობდნენ გარდაცვლილის მეზობლებთან გაერკვიათ თუ რა შეიძლება გამხდარიყო 23 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი, ჰქონდა თუ არა მას პრობლემები სამსახურში, კონფლიქტი ოჯახში, მიაჩნიათ თუ არა რომ გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობდა, მათი აზრით, შეიძლებოდა თუ არა მისი გადარჩენა შესაბამის ორგანოებს დროულად რომ ემოქმედა, რას ფიქრობენ თვითმკვლელობის ვერსიაზე და ა.შ.

დღის ეთერისგან განსხვავებით, შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვებები შედარებით დაცლილი იყო სენსაციური და ემოციური გაშუქებისგან. თუმცა, სიუჟეტებში მაინც მოხვდა პრობლემური კადრები. მაგალითად, “რუსთავი 2-მა” სიუჟეტი გარდაცვლილი შვილის სანახავად მისული მამის ემოციური კადრებით დაიწყო და არაერთხელ აჩვენა მაყურებელს მძიმე მდგომარეობაში მყოფი მშობელი. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა კი ამბის გაშუქებისას მიცვალებულის მანქანიდან გადმოსვენების კადრები დაუფარავად აჩვენა.

alt

აღსანიშნავია, რომ სხვა მაუწყებლებმა მოგვიანებით დაბლარეს მიცვალებულის გადმოსვენების კადრები, რომლებსაც მანამდე, დღის საინფორმაციო გამოშვებაში, პირდაპირ ეთერში დაუფარავად ხედავდა მაყურებელი.



22 ივლისის მთავარი საინფორმაციო გამოშვებები - თემის პრიორიტეტულობა

დღის საინფორმაციო გამოშვებების მსგავსად, ყველა მაუწყებლისთვის მომხდარი მთავარი ამბავი იყო 22 ივლისის შემაჯებელ, დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაშიც, გარდა ტელეკომპანია “იმედისა”.

altთამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ამბავი “იმედმა” 20:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასკვნით ნაწილში, 55-ე წუთზე გააშუქა და 5 წუთამდე დრო დაუთმო.

“იმედის” მთავარი საინფორმაციო გადაცემის ბადეში ამბები შემდეგი თანმიმდევრობით მოხვდა:

  1. ეპიდვითარება საქართველოში
  2. როდის აღდგება საერთაშორისო რეგულარული ფრენები
  3. მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა რუსეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 800 000-ს უახლოვდება
  4. ამერიკის კონგრესში საქართველოს მიმართ სანქციებზე საუბარი არასდროს გამართულა
  5. 2020 წელი საქართველოს თავდაცვის ძალებში ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოცხადდა
  6. ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძე მე-11 დღეა ტყვეობაში იმყოფება
  7. უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა და სპექტაკლი პოლიციის იმიჯის გადასარჩენად
  8. შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე ვახო ახვლედიანი გამოკითხვაზე იმყოფება
  9. ხუთი დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს
  10. დედაქალაქს ახალი პარკირების წესები აქვს
  11. 21-23 აგვისტოს ბათუმი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს

დანარჩენმა მაუწყებლებმა საინფორმაციო გამოშვება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ამბით დაიწყეს და მთლიანობაში, ამბის გაშუქებას პრაიმტაიმის პერიოდში, დაახლოებით, 15-დან 25 წუთამდე დრო დაუთმეს.

23 ივლისი - გარდაცვლილის სახლში მისვენება

ემოციურად მძიმე, არასაჭირო კადრები ნახა მაყურებელმა 23 ივლისსაც. ამ დღეს ტელეკომპანიებმა “მთავარმა” და “ტვ პირველმა” გააშუქეს გარდაცვლილის სახლში მისვენება, ახლობლების ტირილი და გლოვა.

“მთავარმა” არხმა გარდაცვლილის სახლში გადასვენებისა და იქ მყოფების გლოვის ამსახველი მძიმე ემოციური კადრები ცალკე მასალად გამოაქვეყნა ფეისბუკის გვერდზე. ვიდეო ერთ დღეში ნახევარ მილიონამდე ადამიანმა ნახა.


პირველი არხი - სხვების კრიტიკა იმ კადრების გამო, რაც თავადაც აჩვენა


23 ივლისს “პირველმა არხმა” მოამბის 21:00 საათიან გამოშვებაში ტრაგედიების არეთიკურ გაშუქებაზე მოამზადა სიუჟეტი, სახელწოდებით - “ფსიქოლოგიური ტერორი - ტრაგედიის გაშუქება ქართულად”. წამყვანმა სიუჟეტის წარდგენა შემდეგი ტექსტით დაიწყო:

“უმძიმესი ფაქტების გაშუქების ახალი ტენდენცია, რომელიც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ დაამკვიდრა. მოვლენების ეთიკურად გაშუქების ყველა სახელმძღვანელოში შავით თეთრზე წერია, რომ მედია პირდაპირ ეთერში მუშაობისას უნდა ცდილობდეს, აქცენტი არ გააკეთოს შოკში მყოფი ადამიანების ტანჯვის ჩვენებაზე, თავიდან უნდა აიცილოს შემზარავი გამოსახულების მრავალჯერადად ჩვენება და მინიმუმამდე უნდა შეამციროს გარდაცვლილთა ახლობლების ხელახლა ტრავმირება. თუმცა ბოლო პერიოდში ეს სტანდარტი არაერთხელ უხეშად დაირღვა…”

alt

წამყვანის აღნიშნული წარდგენის შემდეგ კი ეთერში ის კადრები გავიდა, რაზეც მაუწყებელი სხვა ტელევიზიებს აკრიტიკებდა. სიუჟეტში ჟურნალისტმა ქრონოლოგიურად აღწერა როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც მამამ შვილის გარდაცვალების შესახებ შეიტყო და სწორედ ის მძიმე ემოციური კადრები გაუშვა ეთერში, რომელზეც თავად საუბრობდა:

“მამა შვილის გარდაცვალების ამბავს იგებს და რა ხდება ამ დროს - კაცი, რომელსაც ესესაა აცნობეს მისი ცხოვრების ალბათ ყველაზე ტრაგიკული ამბავი, წრეში ხვდება. წრეში, რომლის გარღვევაც არც ისე იოლია” - ამბობს ჟურნალისტი და პარალელურად გადის ფაქტის ამსახველი კადრები, სადაც, სხვა ტელევიზიებთან ერთად, მიკროფონით ხელში ჩანს პირველი არხის ჟურნალისტიც.



როგორ უნდა გაშუქდეს მსგავსი შემთხვევები


მაუწყებელთა ქცევის კოდექსში (მუხლი35/20) ვკითხულობთ, რომ მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა:

“მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა”.

კადრების სიფრთხილით შერჩევაზე საუბრობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც.

“მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება”, - ვკითხულობთ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში. ამავე დოკუმენტის მიხედვით, სიფრთხილეა საჭირო მაშინაც კი, თუ ტანჯვისა და მწუხარების ამსახველ საარქივო მასალას გამოვიყენებთ.

“მაუწყებელი უნდა შეეცადოს, შეამციროს ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა ამ მასალამ მიაყენოს მასში ასახულ პიროვნებას და/ან მის ნათესავებს. იგივე ეხება ინსცენირებულ რეკონსტრუქციებსა და ფაქტებზე დაფუძნებულ პროგრამებს”, - ნთქვამია სახელმძღვანელოში.
კატეგორია - ეთიკა
21 ივლისს ტელეკომპანიებმა “მთავარმა” და “რუსთავი 2-მა” დღის მთავარი - 21:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება თბილისის ზღვაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის - ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების გაშუქებით დაიწყეს. პირდაპირ ჩართვაში შემთხვევის ადგილზე მყოფმა ჟურნალისტებმა მაყურებელს შეატყობინეს, რომ ერთი გარდაცვლილი მოზარდის ცხედარი მაშველებმა რამდენიმე საათის წინ იპოვეს, ხოლო მეორე მოზარდის სამძებრო ოპერაცია იმ წუთებშიც მიმდინარეობდა. ჟურნალისტებმაც, ისევე როგორც მაყურებელმა, პირდაპირ ჩართვაში გაიგეს, რომ მაშველებმა მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს. მაუწყებლებმა არასრულწლოვნის წყლიდან ამოსვენების კადრები პირდაპირ ეთერში აჩვენეს.

“რამდენიმე წამის წინ გახდა ცნობილი, რომ მეორე ბავშვი, რომელიც ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მყვინთავებმა უკვე იპოვეს. ისინი ახლა ცდილობენ და თქვენ კადრში ხედავთ, ტერიტორიაზე მაშველთა ჯგუფი ბავშვის ამოყვანას სწორედ ამ წუთებში ცდილობს. ეს ინფორმაცია ჩვენც რამდენიმე წამის წინ გავიგეთ, ვიდრე ეთერში შემოვიდოდით.

თქვენ ახლა კადრში ხედავთ, რომ მიმდინარეობს სავარაუდოდ 15 წლის ბავშვის ამოყვანა და, აი, ხედავთ, ახლა მყვინთავებს როგორ ამოყავთ ის თბილისის ზღვის ტერიტორიიდან”, - ამ შესავლით ჩაერთო “მთავარი არხის” ჟურნალისტი პირდაპი ეთერში და მისი სიტყვების პარალელურად მაყურებელი ხედავდა როგორ ამოჰყავდათ მაშველებს ცხედარი წყლიდან.

მოზარდის წყლიდან ამოსვენების შემდეგ პირდაპირი ეთერიდან კადრი მალევე შეწყდა და ეთერში სამძებრო სამუშაოების დროს გადაღებული ვიდეომასალა გავიდა.

ზუსტად იმავე დროს, თითქმის იდენტური შინაარსით და კადრებით გააშუქა ამბავი “რუსთავი 2-მაც”:

“ეს წამია მყვინთავებმა იპოვეს გარდაცვლილი მოზარდი, რომლის ცხედარი ამოჰყავთ ეხლა თბილისის ზღვის ტერიტორიიდან. ეხლა თქვენ შეგიძლიათ კადრში ნახოთ სწორედ ეს ვითარება, თუ რა მდგომარეობაა ადგილზე” , - “რუსთავი 2-ის” მაყურებელიც, ჟურნალისტის სიტყვების პარალელურად, ეთერში გარდაცვლილი მოზარდის ამოყვანის კადრებს ხედავდა.

აღსანიშნავია, რომ “კურიერის” წამყვანმა ჟურნალისტის ჩართვის დასრულებისას პირდაპირ ეთერში გასული მძიმე კადრების ჩვენებისთვის მაყურებელს ბოდიში მოუხადა.

გარდა ემოციური დატვირთვისა, გაუგებარია, რა ინფორმაციული ღირებულება ჰქონდა ტელეკომპანია “მთავარისა” და “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში მაყურებელისთვის გვამის ამოსვენების კადრების ჩვენებას. მაუწყებლებმა არ გაითვალისწინეს ის პოტენციური ტრავმა, რომელიც, შესაძლოა, მძიმე კადრების ჩვენებამ მიაყენოს მსხვერპლის ახლობლებს და, ზოგადად, საზოგადოებას.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ დაზარალებულის, გვამის ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლის და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე, მიზანშეწონილი არ არის. ამავე გზამკვლევში ვკითხულობთ, რომ უბედური შემთხვევების და ტრაგედიების გაშუქებისას უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის.

გარდა მძიმე კადრების ჩვენებისა, მაუწყებლებმა ამბავი გააშუქეს სენსაციურად, არ გამოკვეთეს მთავარი პრობლემა და არ დასვეს სწორი აქცენტები.

მაგალითად, პრობლემაზე აქცენტირების ნაცვლად, “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი დაინტერესდა მოზარდების ზღავაზე ასვლის მოტივით და მაყურებელს შეატყობინა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ძალიან მალე გახდება ცნობილი:

“ბუნებრივია, ჩვენთვის საინტერესოა, თუ რა არის კონკრეტული მოტივი ამ ახალგაზრდების თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ამოსვლის. თუმცა, უკვე გითხარით, რომ ამ მოტივებზე უკვე მუშაობენ საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები და ჩვენ ძალიან მალე გვეცოდინება ინფორმაცია ამის შესახებ”, - ამბობს ჟურნალისტი.

ანიშნული ამბის გაშუქებისას, მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებას მიეღო ინფორმაცია, რომ ამ ადგილას მსგავსი უბედური შემთხვევა პირველად არ მომხდარა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და მოქალაქეები თბილისის ზღვაზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას წლებია ითხოვენ. ასევე, მნიშვნელოვანია მაყურებელს სცოდნოდა თუ რომელი უწყებაა პასუხისმგებელი აღნიშნულ ზონაზე უსაფრთხოების ზომების დაცვაზე. მიუხედავად ამისა, მაუწყებლები შემოიფარგლნენ ამბის ზედაპირული გაშუქებით და 21 ივლისის მთავარ გამოშვებაში არცერთს პრობლემაზე არ უსაუბრია.
კატეგორია - ეთიკა
ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად „კაწროს“ მეუღლე ნათია რუხაია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორსა და წამყვანს, ნიკა გვარამიას, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის. განმცხადებელი თავდაპირველად თავად ბილანიშვილი იყო, თუმცა, მოგვიანებით, მომჩივანისვე თხოვნით, განმცხადებელი შეიცვალა.

მხარე დავობს 2020 წლის 7 ივლისს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ნიკა გვარამიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, მკვლელეობის ღამეს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოკადრებში ასახული ადამიანი ავთანდილ ბილანიშვილია.

„იმის გამო, რომ ნიკოლოზ გვარამიას 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის უმძიმესი ტრაგედია როგორღაც დაეკავშირებინა „ქართულ ოცნებასთან“ და კერძოდ ივანიშვილის ოჯახთან, სრულიად დაუსაბუთებლად გააჟღერა ავთანდილ ბილანიშვილის გვარი, ვინაიდან ყველასთვის, მათ შორის ბატონი გვარამიასთვის იმთავითვე ცნობილი იყო ავთანდილ ბილანიშვილის და ბერა ივანიშვილის მეგობრობის შესახებ. მართალია, 12 ივნისის გადაცემაში ეს ინფორმაცია თავად ნიკოლოზ გვარამიამ უარყო, თუმცა მიგვაჩნია, რომ მის მიერ, თუნდაც ვარაუდების დონეზე გავრცელებულმა ცრუ-ინფორმაციამ თავის მიზანს მიაღწია და ავთანდილ ბილანიშვილი, ისევე როგორც მისი ოჯახი - მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი გახდნენ საყოველთაო ბულინგის მსხვერპლნი“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ქარტიამ 13 ივლისს მიიღო.

ავთანდილ ბილანიშვილის წარმომადგენელი ნიკა გვარამიას სამი პრინციპის დარღვევას ედავება: 1-ლი (სიზუსტის), მე-3 (დადასტურებული წყარო) და მე-11(ფაქტის განზრახ დამახინჯება).

1-ლი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

მე-3 პრინციპი - „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.“

მე-11 პრინციპი - ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: · ფაქტის განზრახ დამახინჯება;
  • · ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ; 
  • პლაგიატი.
ავთანდილ ბილანიშვილის სახელი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში არაერთხელ გაჟღერდა. მისი სახელი თავდაპირველად ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ ახსენა, როგორც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული ქუჩის ავტორიტეტი, რომელიც საქმეში ფიგურირებს და „საქმის ჩფარცხვას“ ცდილობს.

მედიაში ბილანიშვილის სახელის არაერთხელ გაჟღერების შემდეგ, 8 ივლისს, იგი საგამოძიებო ორგანოებში დაიბარეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ 19 ივნისის ღამეს, დიდუბის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი ჩანს და არა „ქუჩის ავტორიტეტი", ავთანდილ ბილანიშვილი. ამ ინფორმაციის გასაჯაროება უწყებამ მაღალი საზოგადოებივი ინტერესით ახსნა.
კატეგორია - ეთიკა
გიორგი რურუა, როგორც წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი, სერიული მკვლელი, მაფიოზი და კრიმინალი - როგორ წარმოაჩენდა სამაუწყებლო და ონლაინ მედიის ნაწილი ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებელს გიორგი რურუას, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ხელისუფლებისგან საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიღწეული შეთანხმების მხარდაჭერის წინაპირობად მის გათავისუფლებას ასახელებდა.


რურუას საქმე “იმედზე”

ბოლო ერთ თვეში, “იმედმა” გიორგი რურუას 4 სიუჟეტი მიუძღვნა. ერთ-ერთი პირველი ვრცელი სიუჟეტი 7 ივნისს, კვირის შემაჯამებელ გადაცემა”იმედის კვირაში” მომზადდა. 11 წუთიანი სიუჟეტი სახელწოდებით - “რურუას კრიმინალური წარსული” - სრულად გიორგი რურუას მიერ 90-იან წლებში “ადამიანის გატაცებას, ყაჩაღობას, თანხის გამოძალვას, [ქვეყნიდან] გაქცევას და ამერიკაში ყალბი პასპორტით ცხოვრებას” ეხებოდა.

“რურუას სახელს 90-იანი წლების საქართველოს არაერთი სისხლიანი ვენდეტა უკავშირდება, მათ შორის, შატბერაშვილის ქუჩაზე [მომხდარი] გახმაურებული მკვლელობა”, - თქვა თემის წარდგენისას წამყვანმა და დასძინა, რომ ერთ-ერთი მოკლულის ოჯახზე ახლა განხორციელებული მუქარის შესახებ, შსს-მ მოკვლევაც დაიწყო.

ამის შემდეგ, სიუჟეტი გიორგი რურუას მიერ ქვეყნიდან გაქცევისა და მექსიკიდან აშშ-ში ყალბი პასპორტით გადასვლის ვრცელი ისტორიით გრძელდება საიდანაც ვიგებთ, რომ “ადამიანის გატაცების, ყაჩაღობის და გამოძალვისთვის 1997 წლიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი რურუა ჯორჯიის შტატში საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის 2000 წელს დააკავეს” და საქართველოში ჩამოიყვანეს.

altავტორი დეტალურად ყვება, რომ რურუას ძებნის ისტორია 1995 წელს იწყება და მაშინ “ინტერპოლის ცენტრალური სამდივნოსთვის საქართველოდან გაგზავნილ თხოვნაში რურუა დახასიათებულია, როგორც აგრესიული, შეიარაღებული, მკვლელობისადმი მიდრეკილი, გამოძალვასა და ადამიანის გატაცებაში ბრალდებული”.

სიუჟეტის ავტორი, გიორგი რურუას საქართველოში დეპორტირების შემდეგ, მის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ საქმეებსაც იხესენებს და გვიყვება, რომ მას გამოძიება რამდენიმე დანაშაულს ედავებოდა. მათ შორის იყო, “თანამზრახველებთან” ერთად, მოქალაქის გატაცება, ცემა და იარაღის მუქარით დიდი ოდენობის თანხის გამოძალვა.

მასალაში 1993 წელს თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ისტორიაც ცოცხლდება, რომელშიც, როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, სხვა პირებთან ერთად, გიორგი რურუასაც ამხელდნენ. მართალია, ავტორი განმარტავს, რომ ეს საქმე არავის გამოუძიებია, თუმცა ამატებს, რომ ერთ-ერთი მოკლულის ოჯახი მომხდარში სწორედ გიორგი რურუას ადანაშაულებს.

სიუჟეტში ერთ-ერთი გარდაცვლილის და ე.წ. “ვერის საძმოს” მიერ, რომლის შემადგენლობაშიც გიორგი რურუაც მოიაზრებოდა, ჯერ მისი შვილის, შემდეგ კი - მისი ძმის და კიდევ ორი პირის მკვლელობის შესახებ ყვება და ამბობს, რომ ბოლო მკვლელობის მოწმე მისი რძალიც იყო.

ამბიდან ისიც შევიტყეთ, რომ მკვლელობას კიდევ ორი მოწმე ჰყავდა, მათგან ერთი რურუას საქართველოში დეპორტირებისას ცოცხალი უკვე აღარ იყო, ხოლო მეორე საკუთარ სახლში რამდენიმე თვეში მოკლეს. ამასთან, ისიც გავიგეთ, რურუას საქმის გამომძიებელი, რომელმაც მისი ექსტრადირების შემდეგ, საქმე გადაიბარა, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავეს” და “მან ციხეში, საეჭვო ვითარებაში თავი ჩამოიხრჩო”.

ჟურნალისტმა ისიც თქვა, რომ საქმის მასალების მიხედვით, რურუას გამოძიების საწყის ეტაპზე ალიბი შეუქმნეს, თითქოს იგი ჯაბა იოსელიანთან ერთად ზუგდიდში იმყოფებოდა და ალიბს ხელს “ბევრი მხედრიონელი აწერდა”, რომელთაგან ერთ-ერთმა 26 წლის შემდეგ აღიარა, რომ იმ დროს იგი “ზუგდიდში არ იმყოფებოდა და იქ ვერც გიორგი რურუას ნახავდა”.

“რურუების გვარი და გასამხედროებული დაჯგუფება, რომელსაც ე.წ. “ბოროტების საძმოდ” მოიხსენიებდნენ 90-იანი წლების ბევრ კრიმინალურ შემთხვევას უკავშირდება. გიორგი რურუას ოჯახის 7 წევრის მკვლელობაში ადანაშაულებს თამარ თორაძე. გიორგი ჭანტურიას პოლიტიკურ მკვლეობაში კი რურუები წლების შემდეგ, ირინა სარიშვილმა ამხილა. ამ ე.წ. საძმოს უკავშრებდნენ ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმასაც”, - თქვა სიუჟეტის ავტორმა.

მასალაში ყოფილი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის კომენტარსაც ვისმენთ, რომელიც ამბობს, რომ 2007 წელს, რამდენიმე დაჯგუფებიდან, ყველაზე სასტიკი - “რურუების დაჯგუფების” წევრები “დადიოდნენ ბაზრობებზე და ხალხს აშინებდნენ, რომ თუკი ისინი აქციაზე გასვლას გაბედავდნენ, მათ უსასტიკესად დასჯიდნენ”.

სიუჟეტის ავტორის შეფასებით, გიორგი რურუა ახლა მათთვის არის პოლიტპატიმარი, “ვინც ასეთივე მეთოდებით უსწორდებოდა ყველას, ვისთვისაც მათი პოლიტიკა მიუღებელი იყო”. “ახლა, სააკაშვილის კლასტერისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილების ბედიც და დემოკრატიაც სწორედ კრიმინალური წარსულის მქონე გიორგი რურუას თავისუფლებაზე გადის”, - დასძენს იგი.

ვრცელი სიუჟეტიდან ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, თუ რა კავშირი აქვს გიორგი რურუას წარსულ საქმიანობას მის ამჟამინდელ პატიმრობასთან და რა საერთო ხაზი აერთიანებდა მის ძველ ისტორიას ამჟამინდელ ვითარებასთან. გაუგებარია რატომ გადაწყვიტა არხმა პირის წარსული “დანაშაულების” არსებულ რეალობასთან დაკავშირება, მაშინ როდესაც ამ ორ მოცემულობას შორის რაიმე ტიპის კვეთა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი შემოთავაზებულ სიუჟეტში არ იკვეთებოდა.

“იმედმა” თემაზე იმავე შინაარსის სიუჟეტები მოამზადა 18, 24 და 28 ივნისსაც.

გიორგი რურუა ონლაინ გამოცემების რაკურსით

გიორგი რურუას დისკრედიტაციის მცდელობას კამპანიური ხასიათი ჰქონდა ონლაინ მედიის ნაწილშიც. მაგალითად, გამოცემები: “მარშალპრესი”, “კვირა.ჯი”, “თვალსაზრისი” და “რეპორტიორი” რურუას “კრიმინალური წარსულით” განსაკუთრებით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ოპოზიციამ 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში მისი გათავისუფლება მოითხოვა და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” ამ მიზეზით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.

alt“კრიმინალი ჟორჟიკა”, “საერთაშორისო ნაძირალა”, “სერიული მკვლელი”, “მაფიოზი”, - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ეპითეტებისა, რომლითაც გიორგი რურუას დახასიათება ზემოთ ჩამოთვლილ გამოცემებს მასალების სათაურებშივე გამოჰქონდათ.

მსგავსი მძიმე ბრალდებების გაჟღერებისას, “მარშალპრესი”, “კვირა.ჯი”, “თვალსაზრისი” და “რეპორტიორი”, ძირითადად, მთავრობის წევრების განცხადებებს ანდა ფეისბუქ მომხმარებლების სტატუსებს ეყრდნობოდნენ. გამოცემები, ასევე, ახალ ამბად აქვეყნებდნენ „ქართული ოცნების“ კონსულტანტის, მუსიკოსის, ექსპერტისა თუ ჟურნალისტის სტატუსით მოყვანილი პირების ფეისბუქ პოსტებს.

altმაგალითად, ინტერესდებოდნენ თუ რას ფიქრობს და რას პოსტავს ფეისბუქზე გიორგი რურუას შესახებ ვინმე ნიკოლოზ მჭედლიშვილი, სოფო ზარანდია, ზაზა კევლიშვილი, დიტო ჩუბინიძე, ლაშა ნაცვლიშვილი თუ სხვა. ეს პირები, ძირითადად, ავრცელებდნენ დაუდასტურებელ, მძიმე ბრალდებებს გიორგი რურუას წინააღმდეგ, პირდაპირ აკავშირებდნენ სხვადასხვა მკვლელობებთან და რურუას მხარდაჭერის გამო აკრიტიკებდნენ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს”.

გარდა მომხმარებლების ფეისბუქ პოსტების გამოქვეყნებისა, მაგალითად, “რეპორტიორი”, საკუთარ პლატფორმაზე ტელეკომპანია “იმედის” მიერ მომზადებულ გიორგი რურუას მადისკრედიტირებელ სიუჟეტებსაც ავრცელებდა.

ზემოთ ჩამოთვლილმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს რურუას ამერიკიდან ექსტრადირების კადრებიც. აღნიშნული მედიასაშუალებებისთვის ვიდეომასალის წყაროც ტელეკომპანია “იმედი” იყო.

altგიორგი რურუას სხვადასხვა დანაშაულებთან დაკავშირების ისტორიებიდან, გამოცემები ყველაზე აქტიურად წერდნენ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე. აქვეყნებდნენ გიორგი და კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებებს და პირდაპირ ადანაშაულებდნენ გიორგი რურუას ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში. გამსახურდიას ოჯახის წევრებისა და ფეისბუქის მომხმარებლების განცხადებებიდან ყველაზე მძიმე ბრალდებები კი სათაურშივე გამოჰქონდათ. მაგალითად - “რურუასა და მისნაირი ბანდების ხელშეწყობით განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ორგანიზება და სისრულეში მოყვანა”, “არ შეიძლება გიყვარდეს ზვიადი და პოლიტპატიმრად აცხადებდე სერიულ მკვლელს გიორგი რურუას”, “გიორგი რურუა თავისი კრიმინალური წარსულით ამაყობს” და ა.შ.

altგიორგი რურუას და ოპოზიციური პატიების მადისკრედიტირებელი შინაარსის მასალების კამპანიურად გავრცელებით, გამოცემები ნელ-ნელა აყალიბებდნენ ნარატივს, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” “კრიმინალის, სერიული მკვლელისა და დამნაშავის არგამოშვების გამო, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

გიორგი რურუას შესახებ ამგვარი მასალების კამპანიური მომზადება, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ასეთი გაშუქების მიზანი ამ პირის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ერთი კონკრეტული მიმართულებით ჩმოყალიბებაა. კერძოდ, მომზდებული მასალების მიზანი მაყურებლისთვის იმის ჩვენებაა, რომ წარსულში “არაერთი დანაშაულის” ჩამდენი პირი ახლა“პოლიტპატიმრად” არ უნდა იყოს მიჩნეული და მის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების მისამართით დამატებითი კითხვები არ უნდა დაისვას, რადგანაც მისი წარსული გამოცდილება სრულიად საპირისპიროს ამბობს.
კატეგორია - ეთიკა
“ყველა იმ ბავშვისთვის, ვინც იყო ამ პროცესში ჩართული, ჩანს იმ კადრებში თუ არა, გაბლარულია თუ არა, არ აქვს ამას მნიშვნელობა, თავისთავად ამ კადრების გამოჩენა რაიმე ფორმით, ასეთი დოზით ტრიალი, ასეთი გადაცემების გაკეთება, პირველი - ზრდის რეტრავმატიზაციის რისკებს, მეორე - მოდის ძალიან დიდი აგრესია საზოგადოების მხრიდან მსხვერპლის მისამართით, ხდება მისი დადანაშაულება, რასაც შეიძლება ძალიან მძიმე შედეგი მოჰყვეს და მესამე, ეს არის მზა მასალა პედოფილებისთვის”, - ასე აფასებს ფსიქოლოგი მაია ცირამუა იმ რისკებს, რაც შეიძლება მოჰყვეს პორნოგრაფიის მსხვერპლი ბავშვების კადრების რაიმე ფორმით ჩვენებას საზოგადოებისთვის.

მაია ცირამუას ეს შეფასება ეკუთვნის ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია “მთავარი არხის” კვირის შემაჯამებელ გადაცემაში გავიდა. სიუჟეტი ქართველი მოზარდების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების ღია სივრცეში ხელმისაწვდომობას ეხებოდა. სიუჟეტს თანდართული ჰქონდა ამ ფაქტის ამსახველი კადრები, რომელზეც ბავშვების სახეების დასაფარად ე.წ. “ბლარი” იყო გამოყენებული, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, მსხვეპლი არასრულწლოვნების ახლობლებისთვის მათი ამოცნობა შესაძლებელი იყო. ამასთან, კადრში ჩანდა სავარაუდო დანაშაულის ერთ-ერთი ადგილიც და აღწერილი იყო გარემო.

მასალის გასვლისთანავე სოციალურ ქსელში მომხდარს დიდი განხილვა მოჰყვა. კრიტიკის პასუხად, სიუჟეტის ავტორმა და გადაცემის პროდიუსერმა, სოციალურ ქსელშივე განაცხადეს, რომ მათი მიზანი იყო ამ მასალით დახმარებოდნენ ბავშვებს, რომელთა კადრები დიდი ხანია ასე ვრცელდება და ისედაც უკვე ბევრმა ნახა. მათ არც კი განუხილავთ ვერსია, რომ ასეთი კადრები საერთოდ არ უნდა ყოფილიყო სიუჟეტში, ირწმუნებოდნენ, რომ ბავშვები “კარგად იყვნენ დაბლარული და მათი ამოცნობა შეუძლებელი იყო”.

“თუ ჩვენი ამოცანაა, რომ სახელმწიფომ გამოიძიოს ეს საქმე და გაქრეს ეს საშინელი კადრები ინტერნეტ სივრციდან, მაშინ ჩვენ თვითონ რატომ ვუწყობთ ხელს ამ კადრების თუნდაც დაბლარული ფორმით გავრცელებას? 1%-იც რომ არსებობდეს რისკი იმისა, რომ ვიღაც ამ ბავშვს ამოიცნობს, და ყველაზე უფრო მტკივნეული, თავად ბავშვი ამოიცნობს თავის თავს, იქ უკვე ყველაფერი მთავრდება”, - ამბობს მაია ცირამუა.

მისივე თქმით, როდესაც ვიცით, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის კადრები ინტერნეტსივრცეში არსებობს და სახელმწიფო ამაზე არ რეაგირებს, მედიამ ამაზე უნდა ილაპარაკოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გააკეთებს ამას.

“როდესაც გვეკამათებიან [მასალის ავტორები], გვეუბნებიან, რომ სახეები დაბლარულია და არ ჩანს. რისკი რა არის?! ის თემი, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, არის პატარა, ამ ამბის შესახებ ყველა საქმის კურსშია და ამ ადამიანებისთვის ცხადი და გასაგებია ვისზეა საუბარი და რა პროცესში მიიღეს ამ ადამიანებმა მონაწილეობა. აქამდე შეიძლება ზედაპირული წარმოდგენა ჰქონდათ, მაგრამ ახლა დეტალურად არიან ინფორმირებული, იმიტომ რომ იქ იყო ასეთი კადრები. შეიძლებაა მე ვერ ვიცნო მსხვერპლი, მაგრამ მას აუცილებლად იცნობს თავისი თანაკლასელი, მეზობელი, ის ადამიანი, ვინც იცის, ვინ იყო ამ პროცესში ჩართული. ეს მათთვის ძალიან სერიოზულ პრობლემებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და თვითონ ბავშვისთვის, ყველაზე მაღალი რისკი რაც არის, ეს არის რეტრავმატიზაციის რისკი”.

რეტრავმატიზაციის რისკი არ არის ერთადერთი, რაც მაია ცირამუას აზრით, ასეთ შემთხვევაში არსებობს. ცირამუა ამბობს, რომ ადევნებდა თვალს როგორი დისკუსია დაიწყო სოციალურ ქსელში და როგორ ამუშავდა მანქანა, რომელმაც მთავარ დამნაშავეებად ისევ მსხვერპლები აქცია:

“არაერთი მოსაზრება წავიკითხე ამასთან დაკავშირებით, რომ ეს ბავშვია ისევ დამნაშავე. არ იცოდა რას აკეთებდა?! შეიკრა მთელი ჯაჭვი და კიდევ სხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლებად გადავაქციეთ ეს ბავშვები”.

და ამას გარდა, ცირამუა კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას:

“მრავალმხრივ პრობლემურია ასეთი ჩვენება. რამდენად კარგად დაბლარულია ეს კადრები, ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ამით, ფაქტობრივად, მათ მასალა დადეს, მოდი ასე ვთქვათ, პედოფილებისთვის, აღარ სჭირდებათ მათ ძებნა. ყველა მხრიდან, რა მხრიდანაც არ უნდა შევხედოთ ამ ამბავს, ეს იყო ძალიან სერიოზული დარღვევა და ძალიან მაღალი რისკის შემცველი ამ ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვის, მათდამი საზოგადოების დამოკიდებულების კუთხით. ამ ბავშვებს წავართვით შანსი, რომ ნდობა გაუჩნდეთ ადამიანების მიმართ. იმიტომ რომ ეს ტალღა, რისხვა, ისევ წავიდა ამ ბავშვების მისამართით და არა იქით, საითაც უნდა წასულიყო”.

სიუჟეტის გასვლისთანავე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არხს მოუწოდა ამოეღო აღნიშული სიუჟეტი გავრცელების ყველა შესაძლო პლატფორმიდან. ასევე მოუწოდა ყველა მედიასაშუალებას არ გაევრცელებინათ მსგავსი, ბავშვთა ინტერესების დამაზიანებელი ვიდეო კადრები.

“მედიის ვალდებულებაა, თავიდან აიცილოს ბავშვის რეტრავმირება და არ გაახსენოს მას ამბავი, რომელიც ნეგატიურ ემოციებთანაა დაკავშირებული. გამონაკლის შემთხვევად მიიჩნევა რედაქციის დასაბუთება და საჯარო ინტერესი, რასაც “მთავარი არხის” ეთერში გასული სიუჟეტის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია”, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

მიუხედავად ამ განცხადებისა და საზოგადოების კრიტიკისა, ამ შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ, ამავე არხზე დაანონსდა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე იქნებოდა გადაცემა “ნანუკას შოუ”, რომელშიც საქმის დეტალებზე სტუმარი თავად ილაპარაკებდა. გადაცემის სტუმარი სრულწლოვანი უნდა ყოფილიყო, თუმცა, მაია ცირამუა ამბობს, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა.

“ეს უარესია”, - ამბობს მაია ცირამუა, რომელიც ფიქრობს, რომ ადამიანის პირადი ტრაგედიიდან შოუს გაკეთება, სულ ცოტა ძალიან დაბალი სტანდარტია, - “საერთოდ გაუგებარია ჩემთვის, რატომ შეიძლება ამას ადამიანი აკეთებდეს. კიდევ ერთხელ, ასეთი ამბების გახსენება ნებისმიერი ფორმით, არის მაღალი რეტრავმატიზაციის რისკი მონაწილე პირებითვის და ხაზგასმით ვამბობ, ასეთი გადაცემებით, ასეთი სიუჟეტებით, ჩვენ ამ ადამიანებს ვწირავთ განკითხვისთვის, იმ საზოგადოებაში, სადაც მსხვერპლია ყოევლთვის დამნაშავე, ვაგდებთ ძალიან მძიმე სიტუაციაში და უნდა ვიფიქროთ შედეგზე - უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს კარგ შედეგზე ვერ გაგვიყვანს, იმიტომ, რომ რეტრავმატიზაციის გარდა, ეს ბავშვები ხდებიან ბულინგის, სექსტინგის მსხვერპლი”.

23 ივნისის გვიან საღამოს, სიუჟეტის გასვლიდან ორი დღის შემდეგ, მომხდარს არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა, ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ “მთავარმა არხმა” მძიმე შეცდომა დაუშვა.



იმავე დღეს, გვიან, მას შემდეგ, რაც კრიტიკა მიიღო “ნანუკას შოუს” ანონსმა, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქმეს გადაცემის ავტორიც და თქვა, რომ “მაყურებლის ნაწილმა ვერ გაიგო, რომ მათ სტუმარს კავშირი არ ჰქონდა ამავე არხზე გასულ რეპორტაჟთან”.

“არსებობს ორი ფოტოგრაფის საქმე. აქედან ერთის საქმეა არასრულწლოვნების თემა და მეორე საქმეზე დაკავებულია დედა-შვილი. სწორედ მეორე საქმის დეტალებზე დაავანონსეთ სტუმარი, რომელიც ფიქრობს რომ მის დას და დედას, ბრალი არასწორად წაუყენეს. გოგო სრულწლოვანია, თუმცა მის გამოჩენას ისედაც არ ვაპირებდით”.

ამავე სტატუსის თანახმად, მათ გვიან გაიგეს, რომ არასრულწლოვნების ფოტოები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. “გვითხრეს რომ ამ საქმის ნებისმიერი შინაარსით გაცოცხლება ფოტოების აქტუალურობას ისევ დღის წესრიგში დააყენებს. ამიტომ, გადავწყვიტე დროებით, ვიდრე მასალები არ წაიშლება გადავდო გადაცემა”.



24 ივნისის მდგომარეობით, არც კვირის შემაჯამებელ გადაცემაში გასული სიუჟეტი და არც ნანუკას შოუს ანონსი ინტერნეტ სივრცეში აღარ იძებნება.
კატეგორია - ეთიკა
როგორ გაშუქდა ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მიერ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ფქვილის გაგზავნის ამბავი, რომელიც დროში დაემთხვა სავარაუდოდ, კადიროვის დაკვეთით, ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მზადების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას; რა უნდა ყოფილიყო ასეთ დროს, ასეთი ამბის გავრცელების მთავარი კონტექსტი და როგორ უნდა აეხსნათ გამოცემებს ამგვარი ახალი ამბის მნიშვნელობა.

19 ივნისს რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, ჰუმანიტარული დახმარების სახით,100 ტონა ფქვილი გაგზავნა. ამ ამბავს რამზან კადიროვის შესახებ კიდევ ერთი ამბავი უსწრებდა წინ, რომელიც ერთი კვირით ადრე, 12 ივნისს გახდა ცნობილი. საუბარია ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, კადიროვის დაკვეთით, იგეგმებოდა ქართველი ჟურნალისტის, ტელეკომპანია “მთავარი არხის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია.

კადიროვის “ქველმოქმედების” შესახებ ახალი ამბავი გაავრცელეს გამოცემებმა: “რადიო თავისუფლებამ”, “იმედინიუსმა”, “ინტერპრესნიუსმა”, “რეზონანსმა”, “პრაიმატიმმა”, “კვირამ” და “კვირის პალიტრამ”. გუგლის საძიებო სისტემებით, იგივე შინაარსის მასალა იძებნება ონლაინგამოცემა “რეგინფოზეც”, თუმცა, ახლა აღნიშნული ბმული აღარ იხსნება. “რეგინფოს” რედაქციის განმარტებით, გამოქვეყნებიდან მალევე, იქამდე, ვიდრე მას მომხმარებლები ნახავდნენ, მასალა საიტიდან ჩახსნეს, რადგან რედაქტორმა მიიჩნია, რომ სტატია არ შეესაბამებოდა გამოცემის სარედაქციო პოლიტიკასა და ღირებულებებს.

ყველა იმ მედიასაშუალებაში, სადაც მასალა ამ დრომდე იძებნება, გარდა “რადიო თავისუფლებისა”, ამბავი თითქმის იდენტური ტექსტით გამოაქვეყნდა. მასალებში ნათქვამია, რომ რამზან კადიროვმა ოკუპირებულ ცხინვალს 100 ტონა ფქვილი გაუგზავნა და ეს ე.წ. “ჰუმანიტარული დახმარება” სოციალურად დაუცველ ოჯახებზე გადანაწილდება.

თითქმის იდენტური შინაარსის ტექსტი ჰქონდა გამოქვეყნებული თავდაპირველად “რადიო თავისუფლებასაც”, თუმცა, მოგვიანებით, გამოცემამ ამბავს ბოლოში ერთი აბზაცი დაამატა, რომელშიც ვკითხულობთ:

“ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი ჯერ კიდევ 2010 წელს ამბობდა, რომ აგვისტოს ომი იყო ნაწილი დასავლეთის სახელმწიფოთა ანტირუსული შეთქმულებისა, რომელიც მიზნად მთელი კავკასიის დაპყრობას ისახავდა. სააგენტო როიტერს რამზან კადიროვმა ისიც უთხრა, რომ დასავლეთის ზეგავლენის ქვეშ მყოფი საქართველო და უკრაინა რუსეთისთვის ავადმყოფობაა, რომლის ლიკვიდირებას შეტევა სჭირდება და საამისოდ რუსეთს არმიაც ჰყავს და ტექნოლოგიებიც აქვს”.

გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დიდი განხილვა მოჰყვა. მედიასაშუალებები მომხმარებელთა კრიტიკის სამიზნეებად იქცნენ, განსაკუთრებული კრიტიკა ისმოდა “იმედინიუსის” მისამართით. მომხმარებელთა უმეტესობამ ახალი ამბავი აღიქვა ისე, თითქოს გამოცემები ცდილობდნენ კადიროვი ქველმოქმედად წარმოეჩინათ.

ამ კრიტიკის პასუხად, “იმედინიუსმა” ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი ამბავი “მხოლოდ მშრალი ფაქტის პუბლიკაციაა”, მასში ადვილად იკითხება “მომხდარი ფაქტის მიმართ ჩვენი ვებ-გამოცემის მკაფიო სარედაქციო დამოკიდებულება” და ამას გამოცემა შემდეგით ხსნის - “მაგ.: ჰედლაინშივე ხაზგასმულია სიტყვები „ოკუპირებული ცხინვალი“, ხოლო სიტყვები „ჰუმანიტარული დახმარება“ ბრჭყალებშია ჩასმული”.

“მიუხედავად ამისა, სხვა ათამდე მედიასაშუალებას შორის, მხოლოდ „იმედინიუსი“ გახდა ფსევდოპატრიოტული ბულინგის სამიზნე და პოლიტიკურად მოტივირებული „ფეისბუქ იუზერების“ თავდასხმის ობიექტი”, - წერს “იმედინიუსი” და იქვე ხაზს უსვამს, რომ მათ გარდა ეს ამბავი სხვა გამოცემებსაც ჰქონდათ და ამავდროულად, მათზე ადრე -”ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელება (და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დასანანია, რომ ჩვენ არ ვიყავით პირველები) არის ნებისმიერი საინფორმაციო სამსახურის ძირითადი ფუნქცია და, იმავდროულად - ერთ-ერთი ლეგიტიმური გზა, რომ ხალხმა ზუსტად გაიგოს ვინ და რა ხერხით ებრძვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”.

მათზე ადრე გამავრცელებელში, “იმედინიუსი” სავარაუდოდ “რადიო თავისუფლებას” გულისხმობს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ეს ამბავი. კრიტიკა “რადიო თავისუფლების” მისამართითაც ისმოდა. “მედიაჩექერმა” სარედაქციო დასაბუთებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ასეთ დროს ამ ახალი ამბის გამოქვეყნება და რატომ დაემატა მას კონტექსტი მოგვიანებით, “რადიო თავისუფლების” ქართულენოვანი სამსახურის მმართველ რედაქტორს, ნინო ჯაფიაშვილს მიმართა:

“კონტექსტი, ნამდვილად, ოდნავ გვიან დაემატა. ჩვენ გვაქვს დამატების პრაქტიკა. ჟურნალისტმა, რომელმაც დაწერა ამბავი, არ დაურთო კონტექსტი, ახალი ამბების რედაქტორმა კი ჩათვალა, რომ მნიშვნელოვანი იყო კონტექსტი და დაამატა. შესწორება არ წერია იმიტომ, რომ შესწორებას იმ შემთხვევაში ვწერთ, როდესაც მასალას ახალ გარემოებებსა და ფაქტებს ვამატებთ, ან ვასწორებთ შეცდომებს”, - ამბობს ნინო ჯაფიაშვილი.

რაც შეეხება ამბის მნიშვნელობას, “რადიო თავისუფლება” კადიროვის მიერ ცხინვალში 100 ტონა ფქვილის გაგზავნის ამბის გაშუქებას საჯარო ინტერესით ხსნის და ამბობს, რომ რადიო თავისუფლებას აქვს სპეციალური პროექტი, რომელიც უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარ ამბებს აშუქებს.

“ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი იყო გვეთქვა რა სიახლეებია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით პანდემიის დროს, ეს საჯარო ინტერესია, მეორე მხრივ, საინტერესოა კადიროვი რა გადაწყვეტილებებს და რა განცხადებებს აკეთებს საქართველოსთან მიმართებაში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს დროში ემთხვეოდა გაბუნიას საქმეს, რომელიც იყო მთავარი თემა ქვეყანაში, მესამე ის არის, რომ ჩვენ სისტემატურად და ხანგრძლივად ვაშუქებთ ამბებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შეიძლება ითქვას, სხვა მედიებზე მეტი დოზითაც კი”, - ამბობს ნინო ჯაფიაშვილი.

სამხრეთ კავკასიის ამბები ერთ-ერთი მიმართულებაა ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთისთვის”, თუმცა ეს ამბავი მედიას არ გაუშუქებია. “მედიაჩექერი” “ნეტგაზეთის” სარედაქციო დასაბუთებითაც დაინტერესდა.

“კონტექსტის გათვალისწინებით, ჩავთვალეთ, რომ ამ შემთხვევაში არ უნდა გამოგვექვეყნებინა. დღეში რამდენიმე ნიუსს ვაქვეყნებთ რეგიონებიდან და სხვა უფრო მნიშვნელოვანი ამბები იყო იმ დროისთვის”, - ამბობს “ნეტგაზეთის” სამხრეთ კავკასიის ამბების რედაქტორი ნინო კახიშვილი.

“ამ ამბის გაშუქებისას მთავარი კონტექსტის სრულყოფილად ჩვენება უნდა ყოფილიყო”, - ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი და მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე, რომელიც ამატებს, რომ ქართულმა მედიასაშუალებებმა მკითხველს არ აუხსნეს რატომ იყო მნიშვნელოვანი კადიროვის მიერ ცხინვალში 100 ტონა ფქვილის გაგზავნის ამბავი:

“თუ ამ ამბავს აშუქებ, შენს მაყურებელს თუ მკითხველს უნდა აუხსნა სრულყოფილად, ვინ არის კადიროვი. ეს არის დარღვეული კონტექსტი, რომ იმასაც კი არ მეუბნები, ახლა რატომ არის მნიშვნელოვანი კადიროვზე ნიუსი.

ეს ამბავი უნდა გავრცელებულიყო ქართულ საინფორმაციო საშუალებებში კონტექსტით, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც აღიარებს არაღიარებულ რესპუბლიკებს და მათ მთავრობებს და ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ემუქრება სიკვდილით. ჩვენ, რეალურად, ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ სტაბილურობას ანგრევს და ამ კონტექსტით ინფორმაცია მკითხველისთვის არცერთ გამოცემას არ მიუწვდია”.

ზვიად ქორიძე ამბობს, რომ კადიროვის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის ამბავი თავიდან ბოლომდე მანიპულაციური ხასიათის იყო, ეს თავად კადიროვმა წამოიწყო და აღმოჩნდა, რომ ქართული მედიასივრცე ადვილად წამოეგო ამ მანიპულაციას.

“კადიროვმა მიზნობრივად გაავრცელა ეს ინფორმაცია, რომლის სავარაუდო სამიზნე აუდიტორია, მისი გათვლით, ქართული აუდიტორია იქნებოდა, რათა ეჩვენებინა, რომ, აი, რამდენად ჰუმანურია და რომ სისხლის მსმელი და სისხლის ამღები კი არ არის, არამედ, ჰუმანური ადამიანია - ეს კონტექსტი თვითონ კადიროვმა შექმნა. მე არ ვიცი კადიროვმა შარშან, შარშანწინ ან თუნდაც ბოლო ათი წლის განმავლობაში რამდენჯერ გააგზავნა ასეთი ტიპის ჰუმანიტარული დახმარება სამხრეთ ოსეთში. არც არასდროს გვიმსჯელია და დაგვიწერია ამაზე.

საბოლოო ჯამში, რატომ გავავრცელეთ ეს ინფორმაცია? მაგალითად, ვიცით რუსეთის ფედერაციის ცალკეული სუბიექტებიდან ან ფედერალური მთავრობიდან რა ტიპის დახმარება ჩავიდა ცხინვალში? ქართული მედია ამით დაინტერესებულა ოდესმე? ეს არის წმინდა პროპაგნდისტული სიახლე. პრაქტიკულად, ქართულმა მედიამ შეასრულა ის ფუნქცია, რაც უნდოდა რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას”, - ამბობს ზვიად ქორიძე.
კატეგორია - ეთიკა
“სახელმწიფო გადატრიალების წინასწარ გაწერილი სცენარი”, “ღალატად მონათლული პროტოკოლური შეცდომის გამო გაბრაზებული ახალგაზრდები” და “პარლამენტთან გამართული პოლიტიკური კარნავალი” - ამ კონტექსტში წარმოაჩინა ტელეკომპანია “იმედმა” გასული წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დაახლოებით 39 წუთიან უავტორო ფილმში, რომლის მთავარი მოქმედი გმირები მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. მთელი პროცესიც სწორედ სახელისუფლებო ინტერესებისა და პოზიციის დაცვის ხაზის გატარებით იყო აღწერილი, ყოველგვარი განსხვავებული მოსაზრებისა და კრიტიკული პოზიციის გარეშე.

საზოგადოებაში წინასწარი განწყობის შესაქმენლად, ფილმის დასაწყისში ავტორმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, მისი მეუღლის სანდრა რულოვსის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიას, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის, ასევე სააკაშვილი-გვარამიასა და სააკაშვილი - თემურ ალასანიას სხვადასხვა დროის საუბრები შემოგვთავაზა, სადაც მასობრივ დაუმორჩილებლობაზე, რეჟიმის წინააღმდეგ იარაღის აღების მზაობაზე და მოვლენების რადიკალიზაციაზეა ყურადღება გამახვილებული.

ამის შემდეგ, მანვე განმარტა, რომ ქვეყნის ყველაზე საკრარული შენობა - უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო “საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგ და საუკეთესო მაგალითად” ბოლოს ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისის მოვლენების დროს იქცა.

ფილმში ავტორი მოვლენების ქრონოლოგიას საქართველოს მიერ 2019 წლის 19-21 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის მასპიძლობის შესახებ ინფორმაციით იწყებს და ამბობს, რომ ადრე ოპოზიციას, როდესაც ეს მათ ინტერესში შედიოდა, ასამბლეის წევრების შემადგენლობა არასდროს გაუპროტესტებია. აღნიშნულის დასამოწმებლად იგი 2016 წელს თბილისში ჩატარებულ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარალმენტო ასამბლეას იხსენებს, რომელშიც  რუსული დელეგაციაც მონაწილეობდა და რომლის წევრებსაც, ავტორისვე განმარტებით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი “არაერთხელ აქვთ დარღვეული”.

ფილმში “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მაშინ ოპოზიციის დუმილის მიზეზი, იმ დროს “ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიგი წერეთლის მხრიდან ეუთოს საპარალმენტო ასამბლეის პრეზიდენტობის სურვილი იყო, რომელსაც პროცესში რუსული დელეგაციის წევრების მხარდაჭერის მოლოდინი ჰქონდა.

ამის შემდეგ, ფილმი უკვე 20 ივნისს განვთიარებული მოვლნების ავტორისეული ინტერპრეტაციით გრძელდება. მთავარ შეცდომად, ავტორი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის პარლამენტის შენობაში ჩატარებას ასახელებს და დასძენს, რომ წესის მიხედვით, სესიის მსვლელობისას , როგორც წესი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს ასამბლეის პრეზიდენტი იკავებს და ეს ფუნქცია 2018 წლიდან რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს აკისრია. “მიუხედავად ამისა, ქართლმა მხარემ ტრადიცია დაარღვია და ეს ადგილი გავრილოვის ნაცვლად ასამბლეის გენერალურ მდივანს დაუთმო და ეს ფაქტი დღის წესრიგშიც არის დაფიქსირებული. მიუხედავად ამისა, რუსმა დეპუტატმა ქართული მხარის მიერ გაწერილი პროტოკოლი დაარღვია და პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი თვითნებურად დაიკავა”, - განმარტავს იგი და ამატებს, რომ რუსი დეპუტატის ამ ქცევას მყისიერად გმობენ უმრავლესობის დეპუტატები “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრები კი - “იწყებენ პარლამენტის ტრიბუნის ბლოკირებას” და პარლამენტს წინ საღამოს 7 საათზე აქციას აანონსებენ.

ოპოზიციის მხრიდან რევოლუციური სცენარის განვითარების პერსპექტივის კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოსაჩენად ავტორი ამბობს: “მიუხედავად იმისა, რომ უკვე ცხადი იყო, რომ ასამბლეა აღარ გაგრძელდებოდა, პარლამენტის შენობაში პროტესტის გამოსახატად პლაკატებით აღჭურვილი [ოპოზიციის] აქტივისტების ტალღა არ წყდება. მათი მარშრუტი პლენარული სხდომის ცარიელი დარბაზია, სადაც უკვე აღარ იმყოფებიან ასამბლეის წევრები”. იგი ასევე აღნიშნავს, რომ “საპროტესტო აქციამდე საპროტესტო მუხტის მაქსიმალურად გამძაფრებას ნიკა მელია და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერები ცდილობდნენ”.

ამ დღეს ოპოზიციის მხრიდან კონსტიტუციური წყობის ძალისმიერი მეთოდებით დამხობის სურვილისა და ხელისუფლების მხრიდან ლეგიტიმური და ადეკვატური ძალის გამოყენების შესახებ ფილმში მმართველი გუნდის ლიდერების არაერთი განცხადება მოვისმინეთ. “დარაზმვა საზოგადოების გარკვეული ნაწილის, იმისათვის, რათა პარლამენტში შემოჭრილიყო, რასაკვირველია, რა თქმა უნდა, ეს იყო ნოემბრის გეგმის გამეორების მცდელობა. კარგად ორგანიზებული ჯგუფები, ჯახში გამოცდილი ადამიანები ჩაუდგენენ სათავეში ამ თითქოსდა სპონტანურ რევოლუციურ მოძრაობას. ამისკენ მიდიოდა ოპოზიცია სადღაც 2014 წლიდან”, - თქვა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

“[ეს იყო] არაადეკვატური შეტევა იყო, რაზეც დიდხანს არ პასუხობდნენ სამართალდამცველები”, - აღნიშნა ფინანსთა მინსიტრმა ივანე მაჭავარიანმა.

“ვერ წამომიდგენია მსოფლიოში დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც იმდენს მოითმენდა, რამდენიც მაშინ ქართულმა სახელმწიფომ მოითმინა. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პარლამენტზე შტურმის დაწყებიდან გაცემული იქნებოდა ბრძანება, რომ სახელმწიფოს მხრიდან მომხდარიყო ძალიან მკაცრი, ლეგიტიმური და ეფექტური პასუხის გაცემა და ეს, როგორც წესი, არის ხოლმე გაცილებით მკაცრი ვიდრე ეს საქართველოს შემთხვევში მოხდა”, - თქვა ყოფილმა სახალხო დამცველმა და ამჟამად პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა, რომელმაც ასევე განმარტა, რომ პოლიციელები კანონის იგნორირებას და სამართალდამცველებზე თავდასხმას 4 საათის განმავლობაში იგერიებდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერებულ ამ განცხადებებს არ მოჰყოლია კითხვები,  რამდენად პროპორციული იყო სამართალდამცველების მხრიდან, 20 ივნისს, მომიტიგნეების მიმართ გამოყენებული ძალა და ხომ არ ჰქონდა ადგილი, რიგ შემთხვევებში მაინც, უფლებამოსილების გადამეტებას? საერთოდ, რამდენად საჭირო იყო იმ დღეს სახელმწიფოს მხრიდან ძალის დემონსტრირება და საკმარისი იყო თუ არა თუნდაც აქციის რამდენიმე ათეული მონაწილის პარლამენტის შენობაში შესვლის სურვილი აღნიშნულისთვის? აგრეთვე, არ გაანალიზებულა ის ფაქტი, გამოიწვევდა თუ არა თუნდაც აქციის მონაწილეების საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ხელისუფლების “დამხობას” და რამდენად იყო საკანონმდებლო ორგანო ამისთვის სტრატეგიული დანიშნულების მქონე ობიექტი.

უფრო მეტიც, გამოთქმული მოსაზრებებისადმი კრიტიკული შეფასების ნაცვლად, ავტორი თავადვე იცავს მმართველი გუნდის პოზიციას და ამბობს, რომ რომ “მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციის მთავარ მიზანს პატრიოტული მოწოდებებით გულანთებული ახალგაზრდების გამოყენებით კონსტიტუციური წყობილების დამხობა წარმოადგენდა” და ამ მიზნით, პარლამენტში შეჭრის განზრახვის დატესტვას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია მომიტინგეებში ცდილობდა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც “პარლამენტზე შტურმი” დაიწყო, შსს-მ განცხადება გაავრცელა, აქციის მონაწილეებს კანონდარღვევის შეწყვეტისკენ მოუწოდა და იქვე განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, უწყება კანონით გათვალისწინებულ ზომებს გამოიყენებდა. აღნიშნულის ფონზე, კადრში შსს-ს მიერ Facebook-ის საშუალებით გავრცელებული განცხადება ჩანს. ფილმის ავტორი არ დაინტერესებულა, რამდენად საკმარისი იყო, წერილობითი განცხადება მომიტიგნეების ინფორმირებისთვის და როგორ უნდა გაეგოთ აღნიშნულის შესახებ აქციის მონაწილეებს, როდესაც ისინი, პარლამენტის წინ იმყოფებოდნენ და დიდი ალბათობით, მათი უმრავლესობა უწყების გვერდზე ინფორმაციის შემოწმებას ნამდვილად არ დაიწყებდა.

აღნიშნულის ნაცვლად, ავტორი ამბობს: “პარლამენტის წინ ესკალაციის განსამუხტად კიდევ ერთხელ კეთდება განცხადება, ამჯერად, “ქართული ოცნების” ოფისში, კახა კალაძე აქციის მონაწილეებს გონიერებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მართლწესრგის დასაცავად პოლიცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს. ამის მიუხედავად პარლამენტზე შტურმი უკვე 4 საათის განმავლობაში გრძელდება”.

როგორც სოზარ სუბარმა განმარტა, პოლიციამ რეზინის ტყვიები სწორედ ამის შემდეგ გამოიყენა, რაც აბსოლუტურად “ლეგიტიმური” იყო.

ავტორი 20 ივნისის ღამეს “მოქალაქეებთან ერთად”, მხოლოდ 80-ზე მეტი პოლიციელის დაშავებაზე გვიყვება, რომელთა ნაწილის მდგომარეობაც, მისივე შეფასებით, იმდენად მძიმე იყო, რომ “მათ საზღვარგარეთ მკურნალობა დასჭირდათ”. იგი არაფერს ამბობს, დაშავებულ რიგით მოქალაქეებზე, რომელთაგან ორმა თვალი დაკარგა, რამდენიმე ათეული მოქალაქე კი მძიმედ დაშავდა. ფილმში ვერც 30-ზე მეტი დაზარალებული ჟურნალისტის შესახებ მოხვდა ინფორმაცია, რომლებიც სამართალდამცველების მიერ, როგორც თავადვე ამბობდნენ, “დამიზნებით” ნასროლი რეზინის ტყვიებით, სწორედ საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდნენ. ისინი არც საკანონმდებლო ორგანოში “შეჭრას” ცდილობდნენ და არც ქვეყენაში კონსტიტუციური წესრიგის მოშლას და მით უფრო, მათი მიზანი არც რომელიმე ხელისუფალის დამხობა იყო.

მასალაში ასევე არაფერი თქმულა იმის შესახებ, რომ დაზარალებული ჟურნალისტების საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია, რომ აქციაზე დაშავებული მოქალაქეების დიდ ნაწილს დღემდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს. არც იმაზე გამახვილებულა ყურადღება, რომ აქციის დაშლის დროს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენების პროპორციულობაზე არსებულ არცერთ კითხვას ამ დრომდე პასუხი არ გასცემია.

2019 წლის 20 ივნისს, მოვლენების მხოლოდ ერთი პერსპექტივიდან წარმოჩენა და მთავარ რესპონდენტებად მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების გამოყენება, ასევე აქცენტის მხოლოდ ოპოზიციის ბრალეულობაზე გადატანა და სავარაუდო “რევოლუციურ” სცენარზე ყურადღების გამახვილება, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ავტორის მიზანს არა მომხდარის შესახებ საზოაგდოებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და მოვლენების კვალიფიციური ანალიზი, არამედ ხელისუფლების როლის სრულად ჩახსნა და მისი პოზიციის დაცვა წარმოადგენდა.
კატეგორია - ეთიკა
ონლაინგამოცემა hotnews-ის მიერ 15 ივნისსს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „პანდემია არ არსებობს“, რაც ვითომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიოლოგის „სკანდალურმა აღსარებამ“ ცხაყო - ყალბია და ის სიმართლეს არ შეესაბამება.

ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ვითომდა ჯანმო-ს კოვიდ-19-თან ბრძოლის ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერხოვმა „სენსაციური“ გაცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც „კარანტინისა და კომენდანტის საჭიროება არ არსებობს და ყველაფერი ეს ხელისუფლების მოთხოვნას წარმაოდგენდა ჩანასახშივე“.

„პანდემია არ არის. ეპიდემია არ არსებობს. არავითარი ვაქცინა არ არის საჭირო. ჯანმრთელ ადამიანს არ სჭირდება ხელთათმანები, პირბადე და სხვა დამცავი საშუალებები. არ იყო აგრეთვე არც კარანტინის და კომენდანტის საათის საჭიროება და არც ე.წ კონტაქტების გამოკვლევა, ვირუსი ზედაპირზე ვერ ცოცხლობს - ამგვარი იზოლაცია მხოლოდ მთავრობების მოთხოვნა იყო. ნებისმიერ ორგანიზაციას, ფიტნეს-კლუბს, თეატრებსა და რესტორნებს/კაფე-ბარებს საშუალება აქვთ, იმუშაონ სრული დატვირთვით“, - ციტირებს გამოცემა ვითომდა მარია ვან კერხოვის სიტყვებს.

გამოცემა აგრეთვე ამბობს, რომ ეპიდემიოლოგის მთავარი რეკომენდაცია სიცხის გაზომვაა და თითქოს, მისივე თქმით, „სხვა სახის ვირუსებით საგრძნობლად მეტი ადამიანი კვდება ყოველწლიურად ვიდრე კორონავირუსით“.

ინფორმაციის ნამდვილობის დასტურად მასალას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვიდეო ახლავს, რომელშიც მარია ვან კერხოვი კოვიდ-19-ის შესახებ ნამდვილად საუბრობს, თუმცა იგი მასალაში მოტანილი ინფორმაციის აბსოლუტურად საპირისპიროს ამბობს. თანდართულ ვიდეოში, კერხოვი კოვიდ-19-ის მქონე ასიმპტომურ პაციენტებსა და მათ მიერ ვირუსის გავრცელებისა და სხვა ადამიანისთვის მისი გადადების შესაძლებლობაზე მსჯელობს.

ვიდემასალას ზედა მარცხენა კუთხეში აღწერილობაც აღლავს, სადაც შემდეგს ვკითხულობთ: „ჯანმო-ს განცხადებით, კოვიდ-19-ის მქონე ასიმპტომური პაციენტებისგან ვირუსის გადადება იშვიათია“.

ვიძიებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გამოვლინდა ასიმპტომური შემთხვევები? მათი უმეტესობა ინფიცირებული პაციენტების კონტაქტებიდან გამოვლინდა. იგი სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკისა დაგამოცდილების გათვალისწინებით, დასძენს, რომ კვლევებისა და დაკვირვების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ასიმპტომური პაციენტიდან კოვიდ-19-ის გავრცელების შემთხვევები „იშვიათია“.

„ფოკუსირება სიმპტომების მქონე პაციენტებზე უნდა მოხდეს. თუკი ასე მოვიქცევით, ასევე გამოვიკლევთ მათ კონტაქებს და მათ იზოლაციას მოვახდენთ, ვირუსის გადაცემის რისკები მნიშვნელოვნად შემცირდება. არსებული მონაცემების მიხედვით, ასიმპტომური პაციენტებიდან ინფექციის გადაცემის შემთხვევები იშვიათია“, - ამბობს იგი.

ვიდეოდან, რომელიც მასალას ახლავს, ნათლად ჩანს, რომ მარია ვან კერხოვი არც ეპიდემიის არარსებობაზე საუბრობს და პირიქით, ინფექციის გავრცელების რისკების შესამცირებლად, იგი ინფიცირებული პაციენტების კონტაქტების გამოკვლევისა და მათი იზოლაციის მნიშვნელობაზე მიუთითებს. ალტერნატივის სახით, სხვა წყარო, რომელიც მასალაში ავტორის მსჯელობის ნამდვილობას დაადასტურებდა, მასალაში არ იძებნება.

ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნულის შესახებ, არც რომელიმე სოლიდურ გამოცემას დაუწერია და დამატებითი კომენტარები არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გაკეთებულა, რაც მოწოდებული ინფორმაციის რეალურობას ცალსახად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

აღსანიშნავია, რომ ონლაინგამოცემის ვეგვერდზე, თავად hotnews-ის რედაქციის, მფლობელებისა და გამოცემის საქმიანობის მიზნების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. ამასთან, მასალაზე მუშაობის მომენტში გამოცემის (16 ივნისი, 01:40 სთ) ვეგვერდიდან წინამდებარე მასალა გაქრა და მასალის ლინკზე გადასვლისას მხოლოდ შეცდომა 404 იძებნება.

Hotnews-ზე დაყრდნობით მასალა იდენტური ტექსტით tinp.ge-მ და qartuliazri.reportiori.ge -მ გადააკოპირა. ორივე მათგანმა ამბის პირველწყაროდ სწორედ hotnews.ge მიუთითა.
კატეგორია - ეთიკა

ორმა ტელეკომპანიამ, „იმედმა“  და აჭარის ტელევიზიამ, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მზადების საქმე, რომელიც 15 ივნისს გახდა ცნობილი, იმ დღის მთავარ გამოშვებაში არ გააშუქა.


alt

შეგახსენებთ, 15 ივნისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოქალაქე, 40 წლის კაცი, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. ეს ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. არხის საიტზე ეს ამბავი 15 ივნისს, 18:35 საათზე გამოქვეყნდა, 20:00 საათზე კი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და ამ საკითხებზე ვრცლად ისაუბრა.

გაბუნიას ლიკვიდაციის მზადების შესახებ ინფორმაცია მაუწყებელთა უმეტესობისთვის საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა იყო. ეს საქმე, შესაბამისად, გვარამიას ბრიფინგიც, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში პირველ ამბად გააშუქა: „ფორმულამ“, „TV პირველმა“, „კავკასიამ“ და „რუსთავი 2-მა“(თუმცა, „რუსთავი 2-მა“ ეს ბოკოვის დაკავების ერთ-ერთ ვერსიად განიხილა)

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გვარამიას ბრიფინგი და ბოკოვის დაკავების საქმე საინფორმაციო გამოშვების 34-ე წუთზე გააშუქა.

ტელეკომპანია „იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის15 ივნისის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში კი ეს თემა საერთოდ ვერ მოხვდა.