ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში სახალხო დამცველს დღემდე არ უშვებენ. ეს საკითხი მედიაში განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაეროს ბავშვთ უფლებების კომიტეტმა 7 მაისს სახელმწიფო დაავალდებულა, გადაემოწმებინა პანსიონატებში მცხოვრები ბავშვებების უფლებრივი მდგომარეობა.

2 ივნისს ომბუდსმენმა თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში გამოძიება გაუპატიურების ერთ და ძალადობის სამ სავარაუდო ფაქტზე მიმდინარეობს.

სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ, 2 და 3 ივნისს შვიდი სატელევიზიო არხის (საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, იმედი, მთავარი არხი, TV პირველი, რუსთავი 2, ფორმულა, პოსტვ) მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს დავაკვირდით.

ვინ (არ) გააშუქა ნინოწმინდის პანსიონატის თემა?

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის საკითხი 2 ივნისს არ მოხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის, ტელეკომპანია "იმედისა" და "პოსტვ-ის" მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში. 3 ივნისს კი თემა დასახელებული 7 არხიდან მთავარ საინფორმაციოში არ გაუშუქებია "პოსტვ-ის".

alt

რატომ არის მნიშვნელოვანი მედიის ბავშვთა პანსიონატის თემის გაშუქება მედიაში

" გადამწყვეტია, რომ ეთიკური მედია, მუდმივად იყოს ამ ამბის საქმის კურსში. სახალხო დამცველმა და უფლებადამცველებმა ამ ისტორიის შესახებ 2018 წლიდან ვიცით და ვერ მოვახერხეთ ეს საკითხი მთავრობისთვის დღის წესრიგში დაგვეყენებინა, სანამ მედია არ ჩაერთო", - გვეუბნება ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)” აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, ამ თემაზე საზოგადოების ინფორმირებისთვის მედიის მაქსიმალური ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო:

"სანამ საზოგადოებამ არ მოითხოვა ბავშვების დაცვა და სანამ მედიამ არ დასვა კრიტიკული შეკითხვები სად არიან ბავშვები, არიან თუ არა ისინი უსაფრთხოდ, ჯანმრთელად და ცოცხალი, მანამდე, სამწუხაროდ, ვერაფერი გავაკეთეთ", - ამბობს არაგანაშვილი და დასძენს: „მედია უნდა გახდეს ამ ბავშვების ხმა, რადგან სხვანაირად ამ ბავშვების ხმა არ ესმის სახელმწიფოს".

​რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში

ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონიტორინგის ჩასატარებლად არ უშვებენ.

პანსიონატში არ უშვებენ მედიასაშუალებების უმრავლესობასაც, თუმცა შენობაში შეუშვეს „ალტ-ინფო“, "იმედი" და "ობიექტივი".

პანსიონატს სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ხელმძღვანელობს, რომელიც ამბობს, რომ  სახალხო დამცველი "ერთნაირსქესიანთა ქორიწინების დაკანონებას ოფიციალურად ითხოვს", ამის გამო მას შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებს და პანსიონატში არ უშვებს. 

ომბუდსმენის თქმით, სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულ ვალდებულებას და ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არღვევს.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, პანსიონატიდან 6 ბავშვი უკვე გამოიყვანეს. ამჟამად პანსიონატში 47 ბავშვი რჩება, მათგან 10-ის გადაყვანაზე მუშაობა მიმდინარეობს.

სისხლის სამართლის საქმეები

სახალხო დამცველის მიერ პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება:

  • სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი)
  • სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
  • სავარაუდო ძალადობის ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით )
შსს მიმართავს პანსიონატის თემით დაინტერესებულ ყველა მედიასაშუალებას, რომელიც შესაძლოა ფლობდეს გამოძიებისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდონ.
კატეგორია - ეთიკა
მანიპულაციური ტექსტებით, ვიდეოებით და აქტივისტების ფრაგმენტული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი კომენტარებით, მოსაზრებების ფაქტად წარმოჩენით და ჟურნალისტის უარგუმენტო, მტკიცებითი მონოლოგით - 31 მაისს „იმედის კვირაში“ რიონის ხეობის მცველების მადისკრედიტირებელი სიუჟეტი გავიდა.

ბრალდებები არგუმენტების ნაცვლად

“რიონის ხეობის მცველებს ჩვენი თვალით დანახული მათი მოთხოვნების გაშუქება და პროტესტის აღქმა არ მოსწონთ. ხეობიდან შემოგვითვალეს, რომ აქციის ორგანიზატორები ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ არ იბრძვიან და ნუ ცდილობთ საზოგადოების შეყვანასო“,- ამ შესავლით დაიწყო გადაცემის წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ რიონის ხეობაში მიმდინარე პროტესტზე მომზადებული სპეცრეპორტაჟის წარდგენა.

წამყვანმა გაგვაცნო საკუთარი პოზიცია იმის შესახებ, რომ „ქვეყანა უნდა იყოს ენერგოდამოუკიდებელი და ამისთვის სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს“: “სადავოა პროტესტის მიზანი, რას მოითხოვთ, რა ფორმით“ - მიმართა მან აქტივისტებს და დაგვიანონსა, რომ სიუჟეტში გავიგებდით, „ამჯერად რას ითხოვენ“ ისინი.

თუმცა, ამის გაგების ნაცვლად, მთელი სიუჟეტის განმავლობაში ვისმენდით აქტივისტების საწინააღმდეგო ცალმხრივ ბრალდებებს და იმის მტკიცებას, რომ პროტესტს ფარული კავშირები აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„დაპირისპირება, პოლიციის შეურაცხყოფა და სიტუაციის გამწვავება გჭირდება მაშინ, როდესაც უკვე თავად გიჭირს გარკვევა, რას ემსახურები, როდესაც ამბიციები გძლევს, ისეთ გეგმებს სახავ, რომლის ბოლომდე შესრულება შენს ძალებს აღემატება და ვერ აცნობიერებ, სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესები, რომლის სათავეშიც აღმოჩნდი“ - ამ ტექსტით დაიწყო ჟურნალისტმა სიუჟეტი, რომელიც მთლიანად მის ტექსტზე იყო აგებული.

პროტესტის “პოლიტიკური ელფერი”

სპეცრეპორტაჟში მაყურებელს არ მოუსმენია არც ერთი პასუხისმგებელი, რელევანტური პირის კომენტარი და არ ჰქონია შესაძლებლობა გაცნობოდა სპეციალისტებისა თუ ექსპერტების არგუმენტირებულ შეფასებებს.

შიგადაშიგ, ჟურნალისტი თავისი მოსაზრებების დასადასტურებლად, საპროტესტო აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით ავსებდა სიუჟეტს.

„სცენარი იმ სპექტაკლს ჰგავდა, რომელიც ერთმა პარტიამ რამდენიმე თვის წინ რუსთაველზე გაითამაშა. შემდეგ ულტიმატუმებს - აქციები, უარგუმენტო მოთხოვნებს კი საპროტესტო მუხტის განელება მოჰყვა და ლოგიკური დასასრული დადგა. გოლეთიანმა ისინი საჯაროდ აქციაზე არ მიუშვა, თუმცა მათთან ფარული კონსულტაციების პრობლემა არც არასდროს ჰქონია“, - მსგავსი ტექსტებით, ჟურნალისტი ცდილობდა, მაყურებელი დაერწმუნებინა, რომ პროტესტი ირიბად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული და ეჭვს გამოთქვამდა, რომ აქცია პოლიტიკური ფულით არის დაფინანსებული.

ჟურნალისტი იმასაც ამბობდა, რომ აქციის მონაწილეები „არც ძალადობას ემიჯნებიან და არც ძალადობაა მათთვის უცხო“ და ამტკიცებდა, რომ აქტივისტები რადიკალური ფორმებით ცდილობენ მიზნის მიღწევას:

„შებინდებულზე, როცა ხილვადობა ნაკლებია, პოლიციასთან მიახლოების, ხმაურისა და შეურაცხყოფის დრო დგება და შედარებით უფრო მეტი მობილიზებაცაა. სადღაც ისმის გინებაც. შეურაცხყოფენ პოლიციას, ქვებით შეიარაღებულები ცდილობენ, ნერვებმა უმტყუნოს ვინმეს და ამტკიცებენ, რომ ეს არა რადიკალიზმი, არამედ პროტესტის მშვიდობიანი ფორმაა.“

ფაქტებად შემოთავაზებული აზრები ჟურნალისტებისგან

სიუჟეტში არ იყო წარმოდგენილი ფაქტებზე დამყარებული მსჯელობა. ოფიციალური წყაროებისა და დოკუმენტების განხილვის გარეშე, ჟურნალისტი თავის მოსაზრებებს აქსიომად აწვდიდა მაყურებელს.

მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტში საუბარი არ ყოფილა ეკოლოგიურ საფრთხეებზე, პროექტის დეტალებზე და სახელმწიფოსა და კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, ჟურნალისტი უარგუმენტოდ, მანიპულაციური ტექსტით არწმუნებდა მაყურებელს, რომ „მოსადავებელი არაფერია“ და აქტივისტები უსაფუძვლოდ აპროტესტებენ ჰესის მშენებლობას:

„[ვარლამ გოლეთიანს] არც ის გასჭირვებია, აგრესორად პოლიცია და სახელმწიფო გამოეყვანა, თუმცა, რა გასაკვირია, ეს ის ხალხია, პოზიცია რამდენჯერმე რომ შეიცვალა. ჰესის წინააღმდეგ ჯერ ის არგუმენტები ჰქონდათ, გარემოს მიადგება ზიანიო. ეს თემა რომ ამოიწურა, ხელშეკრულება დაიწუნეს. როცა არც აქ დარჩა მოსადავებელი, თქვეს - ჰესი არ უნდა აშენდეს და მორჩაო“, - ამბობდა ჟურნალისტი.

მანიპულაციური იყო ის ტექსტიც, რომელთაც დაასრულა სიუჟეტი ჟურნალისტმა: „თუ ნამახვანი და სხვა დიდი თუ მცირე ჰესი არ აშენდა, ელექტროენერგიის მოხმარებაზე მოთხოვნის სწრაფ ზრდასთან ერთად კიდევ უფრო მეტად ვიქნებით დამოკიდებული ჩვენს მეზობელზე - რუსეთზე“.

მთლიანობაში, „იმედის კვირის“ მაყურებელმა ფაქტებზე და გადმოწმებულ ინფორმაციებზე დაფუძნებული მსჯელობის ნაცვლად, არგუმენტებს მოკლებული, აქტივისტების მადისკრედიტირებელი, ცალმხრივი ბრალდებები ისმინა.

„იმედის კვირის“ მაყურებელმა ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობის ნაცვლად, არგუმენტებს მოკლებული, აქტივისტების მადისკრედიტირებელი, ცალმხრივი ბრალდებები ისმინა
კატეგორია - ეთიკა
23 მაისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგებმა აქცია გამარრთეს. ამბავი დღის მთავარი თემა იყო ყველა ცენტრალური მაუწყებლისთვის.

ტელევიზიების დიდმა ნაწილმა ჰესის მოწინააღმდეგეების აქცია დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში მანიპულაციურად გააშუქა.

საინფორმაციო გამოშვებებში გამოკვეთილი აქცენტები:
  • გურამ ფალავანდიშვილი, გია კორკოტაშვილი და ლევან ვასაძე, როგორც საპროტესტო აქციის “მთავარი გმირები”;
  • აქციის ორგანიზატორების პოლიტიკური დღის წესრიგი;
  • ატარებს თუ არა აქცია “რუსულ ინტერესს”.
  • რატომ არ აყენებენ ორგანიზატორები ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხს?
  • ვინ აფინანსებს ნამოხვანის პროტესტს?

 იმედი

ტელეკომპანია “იმედმა” საპროტესტო აქციის გაშუქებას “იმედის კვირაში” 6 წუთამდე დრო დაუთმო. არხმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აქციაზე “სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების თუ კუთვნილების ადამიანები იყვნენ და ისინი ამბობდნენ, რომ მათთვის ქართულ მიწაზე თურქული კომპანიის ოპერირება იყო მიუღებელი”.

სტატუსით “აქციის მონაწილე” - “იმედს” მხოლოდ გურამ ფალავანდიშვილი და გია კორკოტაშვილი ჰყავდა ჩაწერილი. ამის შემდეგ კი მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლების - ირაკლი ღარიბაშვილის, ირაკლი კობახიძის და გია ვოლსკის პოზიციები და მშენებელი კომპანიის განცხადება.

პოსტვ

“მითებით მართული პროტესტი” ამ სათაურით გააშუქა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია ტელეკომპანია “პოსტვ-მ” 23 მაისის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. 4 წუთის განმავლობაში, მაუწყებელი აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ „ქვეყნისთვის ენერგეტიკული სიძლიერე და დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია და ვინც ამას ხელს უშლის, რუსეთის ინტერესს ატარებს“.

მთავარი არხი

“მთავარმა არხმა” გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” აქციის გაშუქებას 11 წუთამდე დაუთმო. მაყურებელი პირდაპირ ეთერში ისმენდა რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეების მოთხოვნებს. არხმა მთავარი ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხს არ აყენებენ.

აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორთან, ვარლამ გოლეთიანთან საუბრისას ჟურნალისტი მხოლოდ იმით დაინტერესდა, თუ რატომ არ ახსენეს გამომსვლელებმა ბიძინა ივანიშვილი და “რატომ არ საუბრობდნენ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაზე.”

ტელეკომპანია პირველი

ტელეკომპანია “პირველმა” დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში საპროტესტო აქცია ორ ნაწილად გააშუქა და ჯამში 9 წუთამდე დრო დაუთმო.

გამოშვების პირველ ნაწილში ჟურნალისტი აქციიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო, აქციის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში კი მაუწყებელმა ყურადღება გაამახვილა საპროტესტო აქციის გაურკვეველ ფინანსებზე, ქსენოფობიურ განცხადებებზე და “აქციაზე დამსწრე სხვადასხვა ჯგუფებზე”.

“რიონის ხეობიდან დიდ პოლიტიკაში - ვარლამ გოლეთიანი პოლიტიკურ დღის წესრიგში ერთვება” - ამბობდა ჟურნალისტი, თუმცა, ამ მოსაზრებას, სიუჟეტში მოცემული კომენტარები ვერ ამყარებდა. ჟურნალისტი ამბობდა, რომ დაინტერესდნენ, საიდან ფინანსდება აქცია, თუმცა “მცდელობის მიუხედავად პასუხი ვერ მიიღეს”.

ფაქტი: აქციის ორგანიზატორები მედიასთან საუბრისას საუბრობდნენ იმაზე, რომ აქციისთვის დაფინანსება ემიგრანტებისა და სხვა მხარდამჭერებისგან მიიღეს.

რუსთავი 2

“ტვ პირველის” მსგავსად, საპროტესტო აქცია დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ორ ნაწილად გააშუქა ტელეკომპანია “რუსთავი 2-მაც“ და ამბავს 7 წუთამდე დრო დაუთმო. პირველ ნაწილში არხმა ყურადღება გაამახვილა აქციაზე დამსწრე „ჰომოფობიური ჯგუფის წარმომადგენლებზე” და “მართმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრებზე. მაყურებელმა მოისმინა გურამ ფალავანდიშვილის, გია კორკოტაშვილის, დიმიტრი ლორთქიფანიძის (პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზ.ცენტრის დირექტორი) და მმკ-ს წევრების კომენტარები. მეორე ნაწილში კი მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციები.

ფორმულა

ტელეკომპანია “ფორმულამ” კვირის შემაჯამებელ გადაცემა “დროებაში” საპროტესტო აქცია ყველაზე ვრცლად, 18 წუთში გააშუქა. “ფორმულას” მაყურებელმა მიიღო ინფორმაცია მთელი დღის განმავლობაში აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე, აქტივისტების მოთხოვნებზე, დამსწრე პირებზე, აქციის ფინანსებთანთან დაკავშირებით ორგანიზატორების პასუხებზე. თუმცა, მაყურებელს არ მოუსმენია ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციები.

პირველი არხი

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა კვირის მთავარ საინფორმაციო გამოშვება “ახალ კვირაში” საპროტესტო აქციის გაშუქებას 7 წუთამდე დრო დაუთმო. მაყურებელმა აქციის ორგანიზატორებისგან ინფორმაცია მიიღო ჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნების შესახებ და მოისმინა ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებები. გარდა “რიონის ხეობის მცველებისა” და მთავრობის წევრების კომენტარებისა, “პირველი არხის” მაყურებელმა მოისმინა “ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებლის, ლევან ვასაძის კომენტარიც.


ფოტო: იანა ყორბეზაშვილი
კატეგორია - ეთიკა
11 მაისს მედიაში და სოციალურ ქსელში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს, საქართველო, ბოლო 7 დღეში, ყოველ მილიონ ადამიანზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მედია და სოციალური ქსელის მომხმარებლები წყაროდ ourworldindata.org-ს უთითებდნენ.

რა მოხდა?

შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ერთ-ერთმა პირველებმა ტელეკომპანია “პირველმა” და “მთავარმა არხმა” გაავრცელეს. მაუწყებლები აუდიტორიას ატყობინებდნენ, რომ მილიონ ადამიანზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო ლიდერია.

“ტვ პირველის” ეთერში ისიც მოვისმინეთ, რომ „მძიმე სტატისტიკით ინდოეთსაც კი გადავუსწარით. ქვეყანას, სადაც კორონავირუსით დაღუპულთა გამო, უმაღლესი სასამართლო მთავრობას ადამიანების გენოციდში ადანაშაულებს”.

მსგავსი სენსაციური სათაურებით, შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გაავრცელეს ონლაინ მედიასაშუალებებმაც - „დიანიუსმა“, „გურიის მოამბე“, „აქცენტნიუსი“ და სხვა. ასევე, ინფორმაციას ვირუსულად ავრცელებდნენ ფეისბუკის მომხმარებლები, მათ შორის ჟურნალისტები.

რატომ არის მონაცემები მანიპულაციური

მცდარი ინფორმაციის გამავრცელებლები აქვეყნბედნენ ინფოგრაფიკას, რომელზეც ნაჩვენები იყო ბოლო ერთი კვირის მდგომარეობით, ყოველ მილიონ ადამიანზე, სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებლი. ფოტოზე ჩანდა არა მთელი მსოფლიოს, არამედ მხოლოდ შერჩეული 14 ქვეყნის სტატისტიკური მონაცემები, საიდანაც პირველ ადგილზე საქართველო იყო.

სამეცნიერო ონლაინგამოცემა ourworldindata-ს ინფოგრაფიკები,მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი და აკადემიური დაწესებულების, აშშ-ს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებს ეყრდნობა. საიტზე თუ გადავალთ და ქვეყნების ჩამონათვალს სხვა პრინციპით შევარჩევთ, მაგალითად, თუ ჩამონათვალში მივუთითებთ ისეთ ქვეყნებსაც, როგორიცაა, უნგრეთი, ხორვატია, ბრაზილია, საბერძნეთი, ურუგვაი, პოლონეთი... ვნახავთ, რომ საქართველო პირველ ადგილზე არ არის და მას სიკვდილიანობით ყველა ზემოთჩამოთვლილი ქვეყანა უსწრებს.


alt

ourworldindata-ს მიხედვით, ბოლო ერთი კვირის საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში მილიონ ადამიანზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა ურუგვაი, საქართველო კი - მეოცეზე.

მოგვიანებით მედიების უმრავლესობამ ეს ამბავი ვებგვერდებიდან და სოციალური ქსელის ანგარიშებიდან წაშალა, თუმცა მანამდე ინფორმაცია რამდენიმე საათის განმავლობაში ვრცელდებოდა.

რა დაშავდა?

“ინფორმაცია იყო სკანდალური, პანიკის დამთესავი და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო დეზინფორმაცია”, - ამბობს ზურა ალხანიშვილი, საქართველოს გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, პრობლემა ისაა, რომ სკანდალური და ემოციური ინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება, სანდო, სამეცნიერო ინფორმაციასთან შედარებით, და “ახლა ბოდიშიც რომ მოიხადონ, დეზინფორმაცია მაინც გავრცელებულია, მან თავისი ცუდი საქმე უკვე გააკეთა და ამისი გამოსწორება ძალიან რთულია”.

ზურა ალხანიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისის დროს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინსტიტუციების მიმართ საზოგადოების ნდობას. სანდო წყაროების მითითებით მანიპულაციური ინფორმაციების გავრცელება კი, სანდო ინსტიტუციების მიმართ ადამიანების ნდობას ამცირებას:

“როდესაც 1000 მოწონებისა თუ გაზიარების ხათრით დეზინფორმაციებს ვავრცელებთ, დისკრედიტაციას ვახდენთ სანდო ინსტიტუციების და შემდგომში ეს ისევ ჩვენ გვიბრუნდება უკან. ამიტომ, მედიას აქვს უზარმაზარი როლი და პასუხისმგებლობა, რომ ფრთხილად გააშუქოს საკითხები. კრიტიკა უმნიშვნელოვანესია, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ამყოფებს მუდმივად ფორმაში, თუმცა, დეზინფორმაციის ან მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ადამიანებში იწვევს უნდობლობას, ეს პირდაპირ აისახება მთლიანად საზოგადოებაზე და აზარალებს მას.”

რა უნდა გავითვალისწინოთ მონაცემების გამოყენებისას

პანდემიის პერიოდში, ამ თემაზე მონაცემების გამოყენებისას კონტექსტს და სიზუსტეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რეკომენდაციები მედიებს COVID-19-ის გაშუქების დროს:

  • სიფრთხილით მოეკიდეთ მონაცემების გამოყენებას;
  • გახსოვდეთ, ყველა რიცხვი ზუსტი არ არის;
  • სტატისტიკური მონაცემების გამოყენებისას, დაეყრდენით მხოლოდ სანდო, ოფიციალურ წყაროებს;
  • მონაცემების გამოქვეყნებისას, აუცილებლად აჩვენეთ კონტექსტი;
  • თხრობაში ჩართეთ ისეთი პირები, რომელთაც კარგად შეუძლიათ მონაცემების ანალიზი

როგორ მოიქცნენ მედიები - შესწორების დარღვეული სტანდარტი

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებლის მანიპულაციური სტატისტიკა ვირუსულად გავრცელდა, მედიასაშუალებების ნაწილმა ვებგვერდიდან და სოციალური ქსელებიდან გამოქვეყნებული მასალები წაშალა, ნაწილზე კი კვლავ იძებნება. ამ დრომდე არცერთ მათგანს არ შეუსწორებია მასალები შესწორების სტანდარტების დაცვით. 

მედიების მიერ მასალის შესწორების სტანდარტის მიხედვით, ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ დაშვებულ შეცდომებზე და დროულად გაასწორონ უზუსტობები. მასალა სრულად მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება წაიშალოს და ასეთ შემთხვევაშიც კი, სასურველია, რომ რედაქციამ ახსნას ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

  • გამოქვეყნებული მასალა უნდა შესწორდეს ისე, რომ აუდიტორიისთვის ცნობილი გახდეს თუ რა გასწორდა. ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და არ უწყობს ხელს ვინმესთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებას, მასალის ბოლოს შენიშვნის სახით უნდა მიეთითოს რა ეწერა მცდარ ვერსიაში.
  • მასალა სრულად მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება წაიშალოს. მაგალითად მაშინ, როდესაც საჯარო ინტერესის არარსებობის შემთხვევაში ის ზიანს აყენებს, ლახავს სხვათა უფლებებს და განსაკუთრებით უხეშად არღვევს ეთიკურ სტანდარტებს.
  • მასალა შესწორების ნაცვლად როგორც წესი, მაშინ შეიძლება წაიშალოს, როდესაც მხოლოდ თქვენ ხართ ინფორმაციის გამავრცელებელი ერთადერთი ღია წყარო. თუკი ინფორმაცია სხვების მიერაც არის გავრცელებული, მაშინ ჩამოხსნის ნაცვლად იმავე ბმულზე შესწორება სჯობს.
  • მასალის წაშლის შემთხვევაში სასურველია რედაქციამ ახსნას ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

შენიშვნა: "მედიაჩეკერის" სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, გამოცემა "აქცენტნიუსმა", შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების გამო, მკითხველს ბოდიში მოუხადა.
კატეგორია - ეთიკა
ტელეკომპანია „იმედზე“ 21 მარტს გასულ გადაცემა „პრაიმშოუში“ მედიცინის სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების სტატუსით მიწვეული რესპონდენტების ნაწილი დაუსაბუთებლად აყენებდა ეჭვქვეშ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სანდოობას.

რა ხდებოდა გადაცემაში

"პრაიმშოუს" წამყვანები ამბობდნენ, რომ საზოგადოება ვაქცინაციის მომხრე და მოწინააღმდეგეებად არის გაყოფილი. ამის ერთ-ერთ არგუმენტად კი საკუთარ "ინსტაგრამ" გვერდებზე გაკეთებული გამოკითხვა მოჰყავდათ. მათივე თქმით, კითხვაზე, "აპირებთ თუ არა აცრას" აუდიტორიის პასუხი „ტრაგიკული“ იყო - დაახლოებით, 70% პასუხობდა, რომ აცრას არ აპირებს.

წამყვანები ამბობდნენ, რომ გადაცემის მიზანი იყო იმას გარკვევა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და რატომ არის სკეპტიკური დამოკიდებულება.

გადაცემაში მიწვეულები იყვნენ ვაქცინააციის მოწინააღმდეგე და მომხრე ექიმები და ცნობილი ადამიანები. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „პრაიმშოუს“ წამყვანებს ეთერში ეს ფორმატი მოუწონა: „ძალიან დიდი მადლობა, პირველ რიგში, ამ გადაცემისთვის და სწორედ თქვენი გადაცემის ფორმატი, ვთვლი, რომ არის ერთ-ერთი სწორი ფორმატი იმისათვის, რომ მოხდეს აზრის გაცვლა საზოგადოებასთან და ინფორმაციის სხვადასხვა ჭრილში მიწოდება“.


კონსპირაციული თეორიები საფუძვლიანი არგუმენტების ნაცვლად

ვაქცინაციის მომხრე ადამიანებთან ერთად, „პრაიმშოუში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მთავარ მოწინააღმდეგედ ორი ექიმი იყო მოწვეული: თინათინ თოფურია - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ხოლო თინათინ გოცაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორის სტატუსით.

თინათინ თოფურიას წარდგენისას, წამყვანმა თქვა, რომ მას „საფუძვლიანი არგუმენტები აქვს, რითაც თავის აზრს ამყარებს“, თუმცა 5 წუთიან მონოლოგში რესპონდენტი დაუსაბუთებლად ამტკიცებდა, რომ ვაქცინები სანდო არ არის. ის საუბრობდა „ძნელად მოსაპოვებელი ინსტრუქციების“ და კვლევების შესახებაც, რომელიც, მისი თქმით, ამ თეორიას ამყარებდა, თუმცა გადაცემაში ამის არანაირი მტკიცებულება არ მოუყვანიათ.

თინათინ გოცაძე კი მაყურებელს არწმუნებდა, რომ “ექსპერიმენტის ნაწილები ვართ და ვაქცინაციის კვლევის მესამე ფაზაში საქართველოც მონაწილეობს.“

ბილ ჰენეჯი, პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ მეცნიერების ერთ დარგში ნობელის პრემიის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი მეცნიერების ყველა დარგში ერკვევა. არც დოქტორის ხარისხი და პრესტიჟულ სამედიცინო სკოლაში სწავლება არ აქცევს მას სხვა კონკრეტულ საკითხში კომპეტენტურ და ავტორიტეტულ მეცნიერად: „დაურეკეთ ოთხ ან ხუთ დამოუკიდებელ მეცნიერს, თუ ისინი ერთსა და იმავე პასუხს გაგცემენკონკრეტულ საკითხზე, მაშინ თქვენს მასალაში ამ ინფორმაციის გამოყენება ღირს.“

ყალბი ინფორმაცია იმედის ფეისბუკ გვერდზე

„პრაიმშოუს“ ეთერში გასვლის შემდეგ, გადაცემიდან ამოჭრილი ფრაგმენტები „იმედისა“ და „პრაიმშოუს“ ფეისბუქის გვერდზეც განთავსდა. მათ შორის, ერთ-ერთი რესპონდენტის მონოლოგიც, წარწერით: „ეს ვაქცინები არის ექსპერიმენტული და მათი გამოცდა დასრულდება 2023 წელს - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თინათინ თოფურია“.

გამოქვეყნებიდან დაახლოებით 15 საათის შემდეგ ეს წარწერა შეიცვალა მინაწერით, რომ ვიდეოში „მცდარი ინფორმაციაა“, თუმცა ეს ვიდეო ვირუსულად უკვე გავრცელებული იყო. ათასობით მომხმარებელი კი ვაქცინაციის საწინააღმდეგო კომენტარებს წერდა.

alt   alt

რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაშუქებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვალიფიციური და სანდო რესპონდენტების შერჩევა, რომლებიც ფაქტებსა და კვლევებზე დაყრდნობით ისაუბრებენ. 

ვაქცინაციის გაშუქების სტანდარტები:

• მნიშვნელოვანია, თავიდან ავირიდოთ ცრუ/ხელოვნური ბალანსი.

• ინფორმაციის ორივე მხარე მხოლოდ მაშინ უნდა გაშუქდეს, როცა განსხვავებული მოსაზრებები თანაბრად არგუმენტირებულია და ეფუძნება ფაქტობრივ და სანდო ინფორმაციას.

• ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთათვის ეთერის დათმობა უნდა ემსახურებოდეს არამეცნიერული დასაბუთების მხილებას და არა მათ ტირაჟირებას.

• მედია განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეპყროს მოერიდოს საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე ისეთი ადამიანების აზრის გაშუქებას, რომლებსაც შესაძლოა არაზუსტი ან მცდარი ინფორმაცია ჰქონდეთ.

ფაქტები ვაქცინის შესახებ:

• Covid-19-ის ვაქცინას, ყველა სხვა არსებული ვაქცინის მსგავსად, გავლილი აქვს შემოწმებებისა და კლინიკური გამოცდის ყველა ეტაპი, რომლის ფარგლებშიც ვაქცინის ეფექტურობა გამოიცადა სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფისა და რასის წარმომადგენელზე, ისევე როგორც სხვადასხვა თანდაყოლილი თუ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე.

• ვაქცინების ეფექტურობა/უსაფრთხოება, მწარმოებელი კომპანიისგან დამოუკიდებლად, დამატებით მოწმდება იმპორტიორი ქვეყნების სურსათისა და მედიკამენტების უვნებლობის მაკონტროლებელი ორგანოებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
კატეგორია - ეთიკა
21 აპრილს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 17 წლის გოგოს გაუჩინარების შესახებ, რომელსაც, მათი ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. დღის ბოლოს კი გაირკვა, რომ გოგო იპოვეს. ამბავი მედიასაშუალებებმა არასათანადოდ გააშუქეს. 

რა არის საყურადღებო?

• როგორც ონლაინ მედიაში, ისე ტელევიზიებით, მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გავრცელდა. მათ შორის გოგოს კავშირი ინტერნეტ თამაშთან, „ლურჯ ვეშაპთან“ და, სავარაუდოდ, მის მიერ დატოვებული „წერილი“, რომელშიც მკვლელობების შესახებ იყო საუბარი.

• ამბის შესახებ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ მასალებში მოყვანილი იყო გაუჩინარებული გოგოს ახლობლების, მასწავლებლებისა და თანაკლასელების ვარაუდები მომხდართან დაკავშირებით.

• რესპონდენტები ამბობდნენ, რომ მოზარდი „გამუდმებით ტელეფონში იყურებოდა“ , ასევე ცდილობდნენ გაეშიფრათ „2-გვერდიანი წერილი“. ამ ჩანაწერს, რომელშიც ფურცელზე ინგლისურენოვანი ფრაზები და ნახატები იყო გაბნეული, მედია გოგოს გაუჩინარებას უკავშირებდა.

რა პრობლემაა?

• მაშინ, როდესაც „წერილის“ ავთენტურობა დადგენილი არ იყო, სიუჟეტებსა და სტატიებში ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ გოგომ ვრცელი წერილი დატოვა, რომელშიც „ახლობლების თქმით, მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე იყო საუბარი“ და „სავარაუდო თვითმკვლელობის სცენა იყო აღწერილი“.

• გაშუქდა „წერილის“ ინტერპრეტაციებიც იმის შესახებ, რომ მოზარდს რამდენიმე წლის წინ თანაკლასელი უყვარდა და სწორედ მისი ინიციალები იყო მითითებული „დატოვებულ ჩანაწერში“.

• ჟურნალისტები დადასტურებულად მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ გოგონა გაუჩინარდა და მას სამართალდამცველები ეძებდნენ, თემის ძირითადი ნაწილი კი სოფელში გავრცელებულ დაუდასტურებელ ვარაუდებსა და ვერსიებს ეთმობოდა.

რატომ არის პრობლემა?

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი მაია ცირამუა გვეუბნება, რომ ასეთმა გაშუქებამ ჭორებს და მითქმა-მოთქმას დაუდო საფუძველი, რამაც შეიძლება „წარმოუდგენელი მორალური და ფსიქოლოგიური ზიანი გამოიწვიოს ადამიანისთვის.“

„ამ [წერილის] შინაარსის გარეთ გამოტანა და, მითუმეტეს, იარლიყის მიწებება, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემასთან ან რაღაც ტიპის თამაშში ჩართულობასთან გვაქვს საქმე, დაუშვებელია. პირად ჩანაწერებში ადამიანს შეიძლება ყველაფერი ეწეროს და ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამკეთებელია. ეს ძალიან პირადია. ეს იგივეა, რომ შენს ფიქრებში, შენს გონებაში ვიღაც შემოძვრეს და შენი აზრები გამოაქვეყნოს.“

ასეთ თემებზე მომუშავე ჟურნალისტებმა თავიანთ თავს უნდა ჰკითხონ: რას არის ასეთი გაშუქების მიზანი და რაზეა ის ორიენტირებულიო - გვეუბნება ფსიქოთერაპევტი.

„ერთადერთი რა აზრიც მომდის ეს არის რეიტინგისთვის. ასეთ გაშუქებაში ეთიკური სტანდარტი აბსოლუტურად უგულებელყოფილია.“, - ამბობს მაია ცირამუა.

რა უნდა გავითვალისწინოთ?

მედია განსაკუთრებით ფრთხილად უნდა აშუქებდეს არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ითვალისწინებდეს შესაბამის ეთიკურ სტანდარტებსა და პრინციპებს:

ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესები:

• თავიდან აირიდეთ ბავშვთან დაკავშირებული პრობლემების სენსაციურ და სტერეოტიპულ ჭრილში გაშუქება.

• თავი აარიდეთ კატეგორიზაციას ან სიუჟეტის ისეთ აღწერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისათვის სამაგიეროს გადახდა - დამატებითი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, დამცირება, დისკრიმინაცია ან საზოგადოების მიერ გარიყვა.

• ეცადეთ თავიდან აიცილოთ ბავშვის რეტრავმირება და არ გაახსენოთ ის ამბავი, რაც მასზე ნეგატიურად იმოქმედებს, თუ ეს რედაქციულად დასაბუთებული არ არის და არ გადაწონის საჯარო ინტერესი, მაგალითად, გამოააშკარავებს სხვა დანაშაულს.

სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესები:

• თუ სამართლებრივად დადასტურებული არ არის, რომ საქმე გვაქვს სუიციდთან, თავად ნუ გააკეთებთ საქმის ამგვარ კვალიფიკაციას.
კატეგორია - ეთიკა
“ამ სტუდიაში არ არიან ოპონენტები და ეს ჩვენ შეგნებულად გადავწყვიტეთ ასე” - ამ სიტყვებით დაიწყო 13 აპრილს “იმედის ფაქტორის” წამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა გადაცემა, რომელიც “ნამოხვან ჰესის სიკეთეებზე” საუბარს და ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტების დისკრედიტაციას მიეძღვნა.

მთელი გადაცემის განმავლობაში, მაყურებელს არ ჰქონია შესაძლებლობა, რომ ნამახვანი ჰესის ათასობით მოწინააღმდეგიდან ერთის არგუმენტი მაინც მოესმინა. საათნახევრის განმავლობაში “იმედის” მაყურებელი მხოლოდ მთავრობის 5 წარმომადგენლის (მათ შორის ორი მინისტრის), მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობის და სპეციალისტისა თუ ექსპერტის სტატუსით მიწვეული, ჰესის მშენებლობის მომხრე ადამიანების აზრებს ისმენდა.

სტუდიაში ჰესის მოწინააღმდეგეების არყოფნა მაგდა ანიკაშვილმა ასე განმარტა: “მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ, როგორც წესი, დებატების დროს ძალიან ჭირს ხოლმე მაყურებლისთვის აზრის გამოტანა, საგნობრივი მსჯელობა სხვადასხვა მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხზე, რომელიც ამ თემას უკავშირდება”, მაყურებელს კი დაჰპირდა, რომ გადაცემაში მოასმენინებდნენ აქტივისტების “ყველა მნიშვნელოვან პრეტენზიასა თუ არგუმენტზე საქმიან პასუხებს”.

იმ დროს, როდესაც “იმედის” ეთერში მინისტრები და მიწვეული რესპონდენტები “ნამახვან ჰესის სიკეთეებზე” საუბრობდნენ, სოფელ გუმათში ამ პროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობდა. აქტივისტები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც შსს-მ 6 პირი დააკა. მიუხედავად იმისა, რომ “იმედის ფაქტორი” სწორედ ამ დროს გადიოდა ეთერში, მაყურებელს საპროტესტო აქციისა და იქ მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია “იმედისგან” არ მიუღია.

რა (ვერ) მოვისმინეთ “საქმიანი პასუხების” ნაცვლად

გადაცემაში მიწვეული ყველა რესპონდენტი ნამახვანი ჰესის პროექტის სიკეთეებზე საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ “სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტის” მშენებლობას “ანგაჟირებული პირები აპროტესტებენ და მათ უკან პოლიტიკური ინტერესი დგას.”

წამყვანები ფრაგმენტულად, არგუმენტების გარეშე აჟღერებდნენ აქციის მონაწილეების პოზიციებს, შემდეგ კი ეთერს უთმობდნენ რესპონდენტებს, რომლებიც ცდილობდნენ, გაებათილებინათ ყველა “პრეტენზია” და მაყურებელს არწმუნებდნენ, რომ “ამ პროექტის მშენებლობაზე გადის ქვეყნის მომავალი ენერგოდამოუკიდებლობა და სიძლიერე”.

გადაცემა ეკონომიკის და გარემოს დაცვის მინისტრებთან ინტერვიუთი დაიწყო. ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ნახევარ საათზე მეტი დროის განმავლობაში, საწინააღმდეგო არგუმენტების გარეშე, საუბრობდნენ “ნამოხვან ჰესის პროექტის სიკეთეებზე”.





მინისტრების პოზიციებს გადაცემის წამყვანებიც ეთანხმებოდნენ და თავადაც არ ერიდებოდნენ სუბიექტური შეხედულებების დაფიქსირებას.

ერთ-ერთი წამყვანმა, ვაკა გორგილაძემ მინისტრს მიმართა: “ქალბატონო ნათია, თქვენ ბრძანეთ, გაიხსენეთ, რომ ენგურ გესი აშენდა საბჭოეთის დროს. ესეც ხომ უნდა ვთქვათ, ხომ? საბჭოთა კავშირის დროს, როგორც წესი, საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიები არ ტარდებოდა, ამის საჭიროება არ იყო. გადაწყვიტეს და ააშენეს. ამაში გარკვეული ხიბლიც იყო, ალბათ, ამ თვალსაზრისით. მაგრამ, თქვენ ეხლა ხუთ-სამ წუთში ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ მნიშვნელობა ამ ჰესის.

სამოქალაქო პროტესტისთვის “პოლიტიკური სარჩულის” ძიების მცდელობა

ნამახვან ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტების დისკრედიტაციის მცდელობაში რესპონდენტებს წამყვანებიც უწყობდნენ ხელს. ვაკა გორგილაძე, არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე ამბობდა: “ჩვენ ვხედავთ, რომ ჩნდებიან ანგაჟირებული ფიგურები, იქ არის ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც გარკვეული კრიმინალური ჯგუფების წარმომადგენლებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას ამ საპროტესტო აქტივობების ორგანიზებაში.”

ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციას იზიარებდნენ სტუდიაში სპეციალისტებისა და ექსპერტების სტატუსით მიწვეული რესპონდენტებიც. ისინი ასევე ცდილობდნენ სამოქალაქო პროტესტის პოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირებას.

“იმედის” ტელეწამყვანი გურამ ნიკოლაშვილი, რომელიც გადაცემაში “საჯარო პლატფორმა ჰიდროალიანსის” დამფუძნებლის სტატუსით იყო მიწვეული, ამტკიცებდა, რომ ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად მიზანმიმართულად მანიპულირებენ, “დატრენინგებულები არიან” და მათი პროტესტი მალე ოპოზიციურ საარჩევნო კამპანიაში გადაიზრდება.

გურამ ნიკოლაშვილმა გადაცემაში ისიც ივარაუდა, რომ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორ ვარლამ გოლეთიანს მოსახლეობა “თვითმართველობის არჩევნებზე რომელიმე ოლქის მაჟორიტარად იხილავს”.
კატეგორია - ეთიკა
მაშველები დღემდე ეძებენ მდინარე რიონში, სოფელ ნამოხვანთან 10 აპრილს გაუჩინარებულ ადამიანს, თუმცა რამდენიმე მედიამ ის შემთხვევის დღესვე გამოაცხადა გარდაცვლილად, ზოგიერთმა კი ამბავი "თვითმკვლელობად" შერაცხა.

თუ სამართლებრივად დადასტურებული არ არის, რომ საქმე გვაქვს სუიციდთან, თავად ნუ გააკეთებთ საქმის ამგვარ კვალიფიკაციას

მედიის უმეტესობა, ონლაინ გამოცემა “რეგინფოს” დაეყრდნო. რეგიონული გამოცემა სათაურშივე მტკიცებით ფორმაში წერდა, რომ “ნამოხვანში ჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავი მოიკლა”.alt

გამოქვეყნებიდან 2 დღის შემდეგ, 12 აპრილს, "რეგინფომ" სტატიის სათაური და შინაარსი შეცვალა, თუმცა ეს ამბავი თავდაპირველი ფორმით სხვა გამოცემების ვებგვერდებზე დღემდე იძებნება.

"როგორც თვითმხილველები, ისე რიონის ხეობის მცველები გვიმტკიცებდნენ და აგვიღწერდნენ ამბავს ისე, რომ წყალში გადახტომის შემდეგ ბიჭი მდინარემ წაიღო და დაიხრჩო, ამიტომაც გამოვიტანეთ ასეთი სათაური" - განმარტავს გამოცემის დირექტორი და მთავარი რედაქტორი, გელა მთივლიშვილი.

თუმცა, მოგვიანებით, როცა ამბის ახალი დეტალები გაირკვა, მთივლიშვილის თქმით, რედაქციაში დაიწყეს მსჯელობა იმაზე, რომ "ჯობდა, მეტი სიფრთხილე გამოეჩინათ და, მაგალითად, სათაურში ეთქვათ, რომ მამაკაცი წყალში გადახტა, ხოლო "თვითმკვლელობა" საერთოდ არ ეხსენებინათ. "ნაჩქარევი გადაწყვეტილება ვეღარ შევცვალეთო," - დასძენს "რეგინფოს" რედაქტორი.


აუდიტორიამ უნდა იცოდეს რა გასწორდა [მასალაში], შესაბამისად ცხადად და მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული რა იყო არასწორი და რა არის სწორი

12 აპრილს ჩასწორებულ სტატიას "რეგინფომ" სარედაქციო განმარტებაც დაურთო. გამოცემამ შეცვალა სათაური და პირველი აბზაცი, სადაც ნათქვამი იყო, რომ "კაცმა თავი მოიკლა."

"რეგინფოზე" დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია დღემდე უცვლელია ტელეკომპანია "ოდიშინიუსის" ვებგვედზე. სტატიაში ვკითხულობთ, “ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავი მოიკლა”, წყაროდ, კი "რეგინფოა" მითითებული.
alt
ასეთივე სათაურით ვებგვერდზე სტატია გამოაქვეყნა “მთავარმა არხმაც”. ტელეკომპანიაც “რეგინფოს” ეყრდნობოდა და მტკიცებით ფორმაში წერდა, რომ კაცმა თავი მოიკლა. “მთავარმა” სტატია იმავე დღეს შეცვალა, შეასწორა სტატიის სათაური და შინაარსი, თუმცა, ამის შესახებ აუდიტორიისთვის არ უცნობებია. ჩასწორებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ კაცმა "სავარაუდოდ" მოიკლა თავი.

“რეგინფოზე” დაყრდნობით, “სავარაუდო თვითმკვლელობაზე” საუბრობდა ტელეკომპანია “პირველიც”.

გარდა იმისა, რომ მედიების ნაწილმა 30 წლამდე კაცი ნაადრევად გამოაცხადა გარდაცვლილად, ნაწილმა თვითმკვლელობის მიზეზებიც “გამოიკვლია”. მაგალითად, ტელეკომპანია “რუსთავი 2” წერდა, რომ კაცს, სავარაუდოდ, დეპრესია ჰქონდა. მაუწყებელი თვითმხილველებს ეყრდნობოდა და ამბობდა, რომ მას “რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა და თვითმხილველები არც სუიციდს გამორიცხავენ”.


alt  alt

ეთიკური გაშუქების სახელმძღვანელოები მედიებს მოუწოდებენ, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ მსგავსი თემების გაშუქებისას.

ნახეთ მსგავს თემაზე: ფსიქოლოგი მაია ცირამუა - "ასაწონ-დასაწონია, რა დევს სასწორზე, საზოგადოების მაღალი ინტერესი, პოპულარობა, მაღალი რეიტინგი თუ ადამიანი?"

altaltaltaltalt
კატეგორია - ეთიკა
5 აპრილს “ფორმულას” ეთერში ოჯახში სავარაუდო ძალადობაზე სიუჟეტი გავიდა.

ამბავი ეთიკური სტანდარტების დარღვევით გაშუქდა:

  • სიუჟტში ღიად იდენტიფიცირებულნი იყვნენ ძალადობის სავარაუდო მსხევრპლი, სავარაუდო მოძალადე და მისი არასრულწლოვანი შვილი;
  • ისმოდა ბრალდებები, რომლებიც არ იყო გამყარებული თვალსაჩინო ფაქტებით;
  • არ იყო გათვალისწინებული ბავშვთა უფლებები;
  • ჟურნალისტი ძალადობის სავარაუდო შემთხვევებს არა რელევანტურ უწყებებთან, არამედ მეზობლებში არკვევდა;
  • საუბარი იყო ძალადობაში დადანაშაულებული ქალის პირადი ცხოვრების არასაჭირო დეტალებზე;
  • ხდებოდა ალკოდამოკიდებული ადამიანების სტიგმატიზება;

რას ამბობს მედიაში ამბის ეთიკურად გაშუქების სახელმძღვანელოები და როგორ გააშუქა ოჯახში სავარაუდო ძალადობა “ფორმულამ”?

ბავშვთა უფლებები


სიუჟეტში აქცენტი კეთდებოდა ძალადობაში ბრალდებულის შვილზე, რომელიც, რესპონდენტების და ჟურნალისტის მტკიცებით, თავადაც მსხვერპლი იყო და არასათანადო პირობებში იზრდებოდა. არასრულწლოვანი პირდაპირ იყო იდენტიფიცირებული.

სიუჟეტში ჟურნალისტმა დაურეკა სოციალურ მუშაკს, რომელიც ამბობს, რომ დედის მხრიდან ბავშვზე ძალადობა “არ იკვეთება”. ჟურნალისტი კი ამტკიცებდა, რომ არასრულწლოვანი დასტრესილია და ეს “ ერთი შეხედვითაც” ნათელია.

“ერთი შეხედვითაც კი ჩანს, რომ 12 წლის ბიჭის მდგომარეობა იმდენად სტრესულია, რომ მასთან დალაპარაკება საჭიროდ არ ჩავთვალეთ” - ამბობს ავტორი ბავშვის კადრების ფონზე და ამტკიცებს, რომ “მოზარდი რომ არასათანადო პირობებში იზრდება, ამას ეს კადრებიც მოწმობს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებას და ასევე საცხოვრებელში ანტისანიტარიას ასახავს”.

ეთერში გავიდა ფარულად ჩაწერილი ერთ-ერთი მეზობლის კომენტარიც, რომელიც ამბობს - “სულ სხვანაირია, ამ სტრესში გადებილებულია ბავშვი…”

ქარტიის გაიდლაინის მიხედვით, ბავშვთა საკითხების გაშუქებისას, ჟურნალისტმა შემდეგი რეკომენდაციები უნდა გაითვალისინოს:

  • უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭეთ ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოთ ისეთი მასალა, რომელიც საზიანო იქნება მისთვის.
  • ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტები განიხილეთ, როგორც უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც საჭიროებს გამოძიებასა და საზოგადოების ყურადღებას.
  • იფიქრეთ არამხოლოდ იმაზე, რომ თავად დაიცვათ ბავშვის ინტერესები, არამედ რესპონდენტსაც არ მისცეთ ბავშვის უფლებების შელახვის შესაძლებლობა.
  • ეცადეთ ჟურნალისტური მასალის მთავარი მიზანი სისტემური პრობლემის მხილება იყოს - რატომ არის საჭირო საზოგადოების დახმარება ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად და რატომ ვერ უზრუნველყოფს მის მკურნალობას სახელმწიფო. გახსოვდეთ, რომ მასალის გმირი ბავშვის გარდა იმავე მდგომარეობაში კიდევ არაერთი ადამიანია და მათ თქვენთან დაკავშირება ვერ მოახერხეს.
  • მნიშვნელოვანია, ბავშვთა სიღარიბე და სოციალური პრობლემები გააშუქოთ თანმიმდევრობით. კონკრეტული ისტორიები გამოიყენეთ ზოგადი, სისტემური პრობლემის წარმოსაჩენად

იდენტიფიცირება

“ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტში ღიად იყვნენ იდენტიფიცირებულნი რესპონდენტები - ვიდეოში ნაჩვენები იყო თითოეული მათგანის, მათ შორის არასრულწლოვნის სახე და დასახელებული იყო ძალადობაში ბრალდებულის და სავარაუდო მსხვერპლის სახელი და გვარი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის “ბავშვთა საკითხების გაშუქების” გაიდლაინის მიხედვით, დაუშვებელია ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში არასრულწლოვნის როგორც პირდაპირი, ისე ირიბი იდენტიფიცირება, იმის მიუხედავად, არასრულწლოვანი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის.

კრიმინალის გაშუქების” სახელმძღვანელო კი ამბობს, რომ მსხვერპლის სახელის და გვარის ცოდნა, როგორც წესი, არაფრისმომცემია ხოლმე. ამავე სახელმძღვანელოში ნათვამია, რომ ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლებელია გამოიწვიოს აგრესია საზოგადოებაში როგორც მის, ისე მისი ახლობლების მიმართ. შესაბამისად, მედიას უნდა ესმოდეს ის რისკი, რასაც ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გამოიწვევს.

ურთიერთბრალდებები და პირადი ცხოვრების დეტალები

“ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტში, ოჯახის წევრები ერთმანეთს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

71 წლის ქალი და რომელიც ამბობდა, რომ 38 წლის დისშვილი მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა: “აქ მეძინა, მოვიდა და მგუდავდა [...] ჩემი და ხომ მოკლა უკვე თავისი ლოთობით და ცემით და ახლა ჩემი სიკვდილი უნდა, რომ თავისი საყვარელი მოიყვანოს და აქ იცხოვრონ. მარტო მე კი არ მექცევა ასე სასტიკად, შვილსაც აშიმშილებს, არ უვლის, სკოლაში არ უშვებს. დაშინებული ჰყავს, სულ აკანკალებს, ბავშვი აღარ მეტყველებს შიშისგან”.

38 წლის ქალი კი ყველაფერ ამას უარყოფდა და დეიდამისს თავად ადანაშულებდა ძალადობაში: “ხელი მკრა და წავიქეცი. მიკრო ინსულტი მაქვს გადატანილი, როგორ ვიძალადებდი. [...] მსახიობია, უნდა რომ აქედან გამაგდოს და დედაჩემის წილიც თვითონ დარჩეს, თორემ მე სხვა სახლიც მაქვს.”

ამ უარყოფის მიუხედავად, ავტორი სავარაუდო მსხვერპლზე დაყრდნობით ყვებოდა, რომ 38 წლის “ალკოდამოკიდებული ქალი მუდვილად ძალადობს 71 წლის დეიდაზე, ართმევს ფულს, სცემს და აშიმშილებს. ასევე, ძალადობს საკუთარ შვილზე, რომელიც ამ კონფლიქტის მოწმეა”.

სიუჟეტის ავტორი ამ ბრალდებებს მეზობლების კომენტარებით ამყარებდა: “უხასიეთო გოგოა, სვამს და შეურაცხყოფას აყენებს”, “ბავშვსაც ისეთ დღეში აგდებს…” და ა.შ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეათე პრინციპის მიხედვით, “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”.

კრიმინალის გაშუქების გაიდლაინში ვკითხულობთ, რომ ძალადობის გაშუქებისას უნდა დავიცვათ ბალანსი საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის.

პირადი ცხოვრების გაშუქების გაიდლაინში კი ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ფარულად გადაღება შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვების მიზნით, თუმცა მხოლოდ მაშინ უნდა გამოქვეყნდეს, თუკი რედაქცია დაასაბუთებს, რომ ღიად ვერ მოიპოვა იგივე ინფორმაცია და აუცილებელი იყო მისი გადაცემა;

სამი გამოკითხული მეზობლიდან ჟურნალისტს ორი ფარულად ჰყავდა ჩაწერილი და ტექსტში დასძენდა, რომ ისინი “ძალადობას ადასტურებენ, თუმცა, ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობენ, რადგან “მოძალადე ქალის” ეშინიათ”. სიუჟეტში არ ჩანდა, რომ მეზობლების ფარულად ჩაწერა მაღალ საჯარო ინტერესს ემსახურებოდა.

მეზობლები მთავარ წყაროებად

სიუჟეტში ჟურნალისტს მთავარ წყაროებად მეზობლები ჰყავდა ჩაწერილი და იმის ნაცვლად, რომ რელევანტური წყაროებისტვის მიემართა, მეზობლებში იკვლევდა, ძალადობის მსხვერპლია თუ არა ბავშვი - “ანუ ძალადობის მსხვერპლია?” - ეკითხება ერთ-ერთ რესპონდენტს, რომელიც ფარულად ჰყავს ჩაწერილი. ის კი უდასტურებს - “აუცილებლად”.

ჟურნალისტი იმასაც მეზობლებში არკვევდა, იცის თუ არა ძალადობის შესახებ პოლიციამ და დაწყებულია თუ არა გამოძიება:

“მეზობლები ამბობენ, რომ კონფლიქტის შესახებ ინფორმირებულია პოლიცია, რომელიც გამოძახებაზე დღესაც იყო მოსული. 71 წლის ქალი განყოფილებაში გადაიყვანა, თუმცა, როგორც მოხუცი ამტკიცებს, მას ჩვენება არ ჩამოართვეს და ეს იმით აუხსნეს, რომ ასე ზედმეტ პრობლემებს აარიდეს [...] სოციალური მუშაკი ამტკიცებს, რომ გამოძიება დაწყებულია. მეზობლები კი ყვებიან, რომ სამართალდამცავებს ჯერ არავინ გამოუკითხავთ.”

სიუჟეტის ბოლოს კი ვიგებთ, რომ ჟურნალისტმა იცოდა, ვისთვის შეიძლებოდა მიემართა - “ვიდრე სახელმწიფო ზრუნვის აპარატი სათანადოდ ამუშავდება, პოლიცია წლების წინ დაწყებული ძალადობის ისტორიას გამოიძიებს, სოციალური სააგენტო კი დაადგენს ვინ არის მოძალადე, ფაქტია, რომ 12 წლის ბიჭის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება”.

ერთადერთი რელევანტური წყარო სიუჟეტში ორგანზაციის, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ანა აბაშიძე იყო, რომელიც ვიდეოს დასკვნით ნაწილში უფლებების კუთხით ზოგად მდგომარეობაზე საუბრობდა.
კატეგორია - ეთიკა
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI-ს) კვლევა, რომელიც 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში საზოგადოების განწყობებს ასახავს, არ მოხვდა “მთავარისა” და “პოსტვ-ის” 5 აპრილის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში.

სხვა ტელეკომპანიებმა კი 5 აპრილს გამოქვეყნებული 100-გვერდიანი კვლევა, რომელიც პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს, საერთაშორისო ურთიერთობებს, მედიასა და პანდემიას ეხებოდა, სხვადასხვა აქცენტით გააშუქეს.

ტელეკომპანია იმედი:

თემის გაშუქებისას "იმედის" წამყვანები ამბობდნენ, რომ “აღიარებულია ქართული ოცნების რეიტინგი და მთავრობის მიერ პანდემიის ეფექტიანად მართვა”, მიუხედავად იმისა, რომ “IRI-ის კვლევის საველე სამუშაოებს საქართველოში IPM ატარებს, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან არაერთხელ აღმოჩნდა დაკავშირებული. მის მონაცემებს კი არაერთხელ ჰქონია ასევე სანდოობასთან პრობლემა.”

ტელეკომპანიამ ყურადღება გაამახვილა თემებზე:
  • როგორ აფასებენ გამოკითხულები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მთავრობის საქმიანობას;
  • ქართული ინსიტუტების საქმიანობისადმი განწყობა;
  • პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა;
  • ოპოზიციის ბოიკოტი პარლამენტში შესვლაზე;
  • გამოკითხულთა აზრი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე;
  • საგარეო პოლიტიკისა და ტელევიზიებისადმი ნდობა.

“იმედის” წამყვანების ტექსტის მიხედვით, “კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი გახლავთ ის, რომ იდენტური 45% ემხრობა და ეწინააღმდეგება ასევე რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში. ლოგიკურად მომხრეთა მონაცემი არის ოპოზიციის მხარდამჭერთა მონაცემი, თუმცა, “აიფიემისათვის” დამახასიათებელ ცდომილებას თუ გავითვალისწინებთ, მათი რაოდენობა შესაძლოა გაცილებით ნაკლები იყოს, ვიდრე არის 45% და საბოლოოდ, ეს ტენდენცია შესაძლებელია საპარლამენტო არჩევნების შედეგების კიდევ ერთ ლეგიტიმაციად განვიხილოთ.”

“იმედს” არ უხსენებია, რომ “კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს ოპოზიციიის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლისთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე?” გამოკითხულთა 15 % ამბობს, რომ სრულად უჭერს მხარს. წამყვანებმა ეს ნაწილი მხოლოდ ნაწილობრივ გააშუქეს: “42% აბსოლუტურად არ უჭრს მხარს ოპოზიციის ბოიკოტს, 18% გარკვეულწილად არ უჭერს მხარს, 11% გარკვეულწილად უჭერს მხარს”

ტვ პირველი

"ტვ პირველმა" შემდეგ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება:
  • როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა;
  • მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას;
  • ოპოზიციის ბოიკოტი პარლამენტში შესვლაზე;
  • რომელ პარტიას არ მისცემდა ხმას ხალხი;
  • საჯარო პირების პერსონალური რეიტინგი.

წამყვანები კვლევის პოლიტიკურ ნაწილში ხაზს უსვამდნენ იმ ამომრჩევლების თემას, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ, ან არ ამობენ, ვის მისცენ ხმა. ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ ოპოზიციური პარტიების რეიტინგი ჯამში ერთი პროცენტით ჩამოუვარდებოდა “ქართული ოცნების რეიტინგს.

ფორმულა

"ფორმულას" მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში კი ყურადღება “ ეკონომიკური საკითხების მიმართ მოქალაქეების შეშფოთებასა და მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვის პროცესისადმი უკმაყოფილებას” დაეთმო.

მაუწყებლის მიერ გამოკვეთილი აქცენტები:

  • ეკონომიკური ვითარების გაუარესება;
  • ქვეყნის განვითარების მიმართულება;
  • საქართველოში არსებული მთავარი პრობლემები;
  • პანდემიის მართვა;
  • პარტიების მხარდაჭერა;
  • პარტიების ნეგატიური რეიტინგი - ვის არ მისცემდნენ ხმას არავითარ შემთხვევაში;
  • პერსონალური რეიტინგები;
  • ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი;
  • ოპოზიციის ბოიკოტი;
  • საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები;
  • რუსეთიდან საფრთხე;
  • უმუშევრობა და სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში სასმელი წყლის პრობლემა.

“მნიშვნელოვანი რასაც კვლევა აჩვენებს, არის სოციალური მდგომარეობის დამძიმება და უნდობლობის გაღრმავება მთავრობის მიმართ, თუნდაც იმ საკითხში, რომელსაც თავად ფიქრობს, რომ ყველაზე კარგად მართავდა - ეს არის პანდემია”, - ასკვნიდა “ფორმულას” წამყვანი.

სხვა ტელეკომპანიებს, რომელთა მთავარ საინფორმაციო გამოშვებებსაც ჩვენ დავაკვირდით, კვლევის შედეგები ძირითადად წამყვანების სუბიექტური მოსაზრებების გარეშე ჰქონდათ გაშუქებული. ამიტომ გთავაზობთ მხოლოდ კვლევაში მათ მიერ შერჩეული თემების ჩამონათვალს.

პირველი არხი

IRI-ის კვლევიდან თემების სიმრავლით გამოირჩეოდა საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მთავარ გამოშვებაში გააშუქეს:

  • ოპოზიციის ბოიკოტი;
  • პარტიების დადებითი და ნეგატიური რეიტინგები;
  • 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასება;
  • მოსახლეობის აზრი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე;
  • პოლიტიკური და საჯარო პირების პერსონალური რეიტინგი;
  • ინსტიტუტების საქმიანობის შეფასება;
  • ქვეყნის წინაშე არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები;
  • საქართველოს პოლიტიკური პარტნიორები;
  • პანდემია.
რუსთავი 2

კურიერის” ეთერში ყურადღება გამახვილდა საკითხებზე:

  • ეკონომიკიური მდგომარეობის შეფასება;
  • ქვეყნის მთავარი პრობლემა;
  • პანდემიის მართვის მიმართ “მოსახლეობის დადებითი განწყობა”;
  • ოპოზიციის ბოიკოტი;
  • ვადამდელი არჩევნების საკითხი;
  • პარტიებისა და საჯარო პირების რეიტინგები;
  • 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასება;
  • ქვეყნის მთავარი გამოწვევა;
  • კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აცრის შესახებ კვლევის შედეგები.

ევრონიუსი

"ევრონიუსმა" კი 19:00-საათზე გასულ გამოშვებაში ეთერი IRI-ის კვლევიდან საზოგადოების განწყობებს შემდეგ თემებზე დაუთმო:

  • რიგგარეშე არჩევნების ჩატარება;
  • პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა;
  • კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აცრა;
  • საჯარო პირების პერსონალური რეიტინგი

აჭარის ტელევიზია 

IRI-ის კვლევიდან აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 5 აპრილის მთავარ საინფორმაციოში შემდეგ თემებზე გაამახვილა ყურადღება:

  • მედიის თავისუფლება;
  • დემოკრატია;
  • ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება;
  • პარტიების მხარდაჭერა;
  • რიგგარეშე არჩევნები;
  • ოპოზიციის ბოიკოტი;
  • ქვეყნის მიმართულება;
  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასება;
  • საჯარო პირების რეიტინგი
კატეგორია - ეთიკა
რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტი ქართულმა ტელევიზიებმა სხვადასხვა აქცენტით გააშუქეს.

ეს ამბავი 1 აპრილს დღის მთავარი თემა იყო ტელევიზიების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში.

  • მაუწყებლების ნაწილი ცდილობდა მაყურებელი დაერწმუნებინა, რომ პოზნერის ვიზიტს “ფსევდოპატრიოტები”, “კრემლის დაკვეთის შემსრულებელი” და “ორმაგ სტანდარტებში შემჩნეული ოპოზიცია” აპროტესტებდა;
  • ნაწილი ირწმუნებოდა, რომ “ოკუპაციის მხარდამჭერი პუტინის ხალხი” ხელისუფლების მფარველობით შემოვიდა საქართველოში;
  • ნაწილი კი მიმდინარე მოვლენების მშრალი და ფაქტობრივი გაშუქებით შემოიფარგლა;

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. რასაც იმავე დღეს, გვიან ღამით, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების პროტესტი მოჰყვა. პოზნერს, თანმხლებ პირებთან ერთად, რამდენიმე საათში, გამთენიისას აქციების ფონზე მოუწია ქვეყნის დატოვება.
ტელეკომპანიების უმეტესობამ, რომელთა მთავარ საინფორმაციო გამოშვებებსაც 1 აპრილს “მედიაჩეკერი” აკვირდებოდა, ამ ამბავს საინფორმაციო ეთერის დიდი ნაწილი დაუთმო.  alt


პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქებისას, “იმედი” ნახევარი საათის განმავლობაში ხელისუფლების რიტორიკას მისდევდა. ტელეკომპანიის სიუჟეტებში ხშირად ისმოდა ფრაზა, რომ “რუსულმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მოქალაქეთა პროტესტი თავისი პარტიული ინტერესისთვის გამოიყენა. “იმედის” წამყვანები, ჟურნალისტები და შერჩეული რესპონდენტები ერთნაირად არწმუნებდნენ აუდიტორიას, რომ ხელისუფლებას შესაბამისი, ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, “რადიკალურ ოპოზიციას კი - დესტრუქციის მორიგი მცდელობა”.

“ფსევდოპატრიოტული ისტერია” - ამ სათაურით გასულ სიუჟეტში, პოსტვ-ის” ჟურნალისტი და წამყვანი საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოიხსენიებდნენ ფრაზებით: “რუსეთუმე მინდია გულიას ხელის ბიჭი მაქარაშვილი”, “სააკაშვილის კიევის მარიონეტები”, “ჩეკისტების სკოლის კურსდამთავრებული ელენე ხოშტარია” და ა.შ.

“პოსტვ”, “იმედის” მსგავსად, მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ გზავნილებს იმეორებდა და კიდევ უფრო აგრესიული ტონით ცდილობდა მაყურებელი დაერწმუნებინა, რომ პოზნერის ვიზიტს არა სამოქალაქო აქტივისტები, არამედ “ფსევდოპატრიოტები” და “კრემლის დაკვეთის შემსრულებლები აპროტესტებენ”, ხელისუფლება კი კანონის შესაბამისად მოქმედებდა.

“ოპოზიციის ორმაგ სტანდარტებზე” აკეთებდა აქცენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიც სიუჟეტში სახელად “პოზნერის ჩაშლილი ვოიაჟი”. “ბოლო 24 საათს თუ რაიმე ასათაურებს, ეს ორმაგი სტანდარტია, ორივეგან - სამოქალაქო ყოფაშიც და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც” - ამ შესავლით დაიწყო სიუჟეტი ავტორმა, ბოლოს კი, “ოპოზიციის ორმაგი სტანდარტის” დამადასტურებლად მაყურებელს ელენე ხოშტარიას რუსული დიპლომი და “პატრიოტთა ალიანსის” და ნინო ბურჯანაძის კრემლში ვიზიტები შეახსენა.

სრულიად საპირისპიროდ გაშუქდა ამბავი “მთავარი არხზე”, რომელმაც “ვლადიმერ პუტინის კარის ჟურნალისტისა და მისი ამალის” ჩამოსვლა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს და “ქართული ოცნებას” დაუკავშირა. “უტიფრობის პიკი”, “ანტიდასავლურობა” და ხელისუფლების მიერ კრემლის პოლიტიკის გატარება იყო მაუწყებლის მთავარი გზავნილები. ჟურნალისტები ცდილობდნენ აუდიტორია დაერწმუნებინათ, რომ პოზნერის ვიზიტი და წვეულება “ქართული ოცნების” თანხმობის გარეშე ვერ დაიგეგმებოდა.

“მთავარი არხის” მსგავსად, “ტვ პირველიც” ყურადღებას იმაზე ამახვილებდა, რომ “ხელისუფლებამ ქვეყანაში “პუტინის ხალხი” შემოუშვა”. მაუწყებელი ირწმუნებოდა, რომ ხელისუფლებამ “მწვანე შუქი აუნთო” იმ ბიზესმენებსაც, ვინც რუს ჟურნალისტს და მის კაციან დელეგაციას ქვეყანაში “დროსტარების უფლება მისცა”.

პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოების ჩართულობაზე საუბრობდა ტელეკომპანია “ფორმულაც”. “ნარუშილოვკა კრემლის იდეოლოგისთვის” და ხელისუფლების თავდასხმები ოპოზიციის წინააღმდეგ” - ამ აქცენტებით გააშუქა მაუწყებელმა ამბავი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. “ფორმულამ” რუსი ჟურნალისტის ვიზიტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას შეადარა და 31 მარტს განვითარებული მოვლენებს “პოზნერის ღამე” უწოდა.

შედარებით ნეიტრალური ტონით ყვებოდნენ ამბავს “რუსთავი 2-ისა” და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის ჟურნალისტები. სიუჟეტში, სახელწოდებით “სკანდალური იუბილე” ტელეკომპანია “რუსთავი 2” ვრცლად შეეხო წვეულების დეტალებს და პოზნერის საწინააღმდეგო აქციის მიმართ გამოხმაურებებს როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი მაყურებელს მოუყვა პოზნერის ვიზიტის მიმართ საქართველოში გაკეთებულ შეფასებებზე, რუსი ჟურნალისტის ბიოგრაფიასა და რუსული მედიის გამოხმაურებაზე.
კატეგორია - ეთიკა
სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ქალის რევიქტიმიზაცია, რეტრავმატიზაცია, დისკრიმინაცია და დამნაშავედ წარმოჩენა - გადაცემა “სხვა ნანუკას” წამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის შეკითხვებმა და რეპლიკებმა, რომელსაც ის პოლიტიკოს გოგი წულაიას მხრიდან სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალთან ასმათ დვალიშვილთან საუბარში იყენებდა, არამხოლოდ გადაცემის სტუმრის, არამედ, ზოგადად, ძალადობის მსხვერპლი ქალების დისკრიმინაციასა და ამ თემაზე საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი სტერეოტიპების გაღრმავებას შეუწყო ხელი.
  • "ცოტათი დაუჯერებლად ჟღერს, რომ კაცმა გონება წაგივიდეს ისე იძალადოს შენზე, გაგკოჭოს, მერე ტუჩზე უკბინო და მერე შენ მაინც ამ კაცთან ერთ სივრცეში გაჩერდე"

  • "მე რომ რომელიმე მეგობარმა ეს მაკადროს ახლა, რასაც შენ ამბობ კომენდანტის საათი კი არა დაიწყევლის, რომ დაიბადა"

  • "მძაფრად მიყვები ამ ძალადობას და საერთოდ აღარ მესმის იმ სივრცეში როგორ მოხდა შენი გაჩერება”
  • "ანუ ამის შემდეგაც არ მიდიხარ სახლიდან?"

  • “მე რას ვიზამდი შენ ადგილას, თუ გაინტერესებს, პირველივე ძალადობაზე მექნებოდა რეაქცია"

ეს არის ნაწილი იმ რეპლიკებისა და შეკითხვებისა, რომლითაც 24 მარტს, ტელეკომპანია "მთავარი არხის" გადაცემა "სხვა ნანუკას” წამყვანი სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლ ქალს მიმართავდა. გადაცემის სტუმარი ასმათ დვალიშვილი იყო, რომელიც პარტია “თავისუფალი საქართველოს” ყოფილ თანათავმჯდომარეს, გოგი წულაიას სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს.

გადაცემის მსვლელობისას წამყვანმა არაერთხელ გამოხატა გაკვირვება რესპონდენტის პასუხზე, რომლის მიხედვითაც, მასზე რამდენჯერმე ძალადობის მცდელობის მიუხედავად ის მოძალადესთან ერთ სივრცეში რჩებოდა:

"ეს ძალიან ინდივიდუალურია ასმათ, მაგრამ, როგორ გგონია, მხოლოდ ეს არის პრობლემა, რომ გოგი წულაია ცნობილია, რომ არ დაგიჯერეს თუ მაგალითად, ის, რომ ერთხელ იძალადა, ორჯერ იძალადა, სამჯერ, ოთხჯერ, ფიზიკურად მერე გაგკოჭა, მერე ქალი იძულებული გახდი, რომ ტუჩზე გეკბინა, თავი ისე დაგეცვა და არ გახვედი სივრციდან, სადაც შენზე ძალადობდნენ”... წამყვანი ეჭვქვეშ აყენებდა ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის გულისწასვლასაც:

“აი მე ხომ უნდა გითხრა რისი არ მესმის, რომ ცოტათი დაუჯერებლად ჟღერს, რომ კაცმა, არ ვიცი ახლა გონება წაგივიდეს ისე იძალადოს შენზე, გაგკოჭოს, მერე ტუჩზე უკბინო და მერე შენ მაინც ამ კაცთან ერთ სივრცეში გაჩერდე, თან მე ხომ რამდენჯერმე გკითხე როგორი მეგობარია შენი გოგი წულაია და ყოველთვის მითხარი, რომ საქმიანი. ეს არ არის შენი ბავშვობის მეგობარი, რომელიც არ გინდა, რომ ციხეში ჩავსა, გაწირო და აი, ხომ მიხვდი რას გიხსნი”, - უთხრა მან გადაცემის სტუმარს…

"ასმათ, ძალით კოცნაც ძალადობაა, ძალით შეხებაც ძალადობაა, ეს ყველაფერი ძალადობაა, უბრალოდ იცი რა ეპიზოდია ჩემთვის ცოტათი კითხვისნიშნის… ეს გულისწასვლის ეპიზოდი"...

როდესაც რესპონდენტმა თქვა, რომ სახლს კომენდანტის საათის მიზეზით ვერ ტოვებდა, წამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა უპასუხა: "გოგომ აგერ კვერზე დააშვებინა საშვი კაცო, შენ თუ მაგალითად ეტყოდი, რომ რაღაცა ან ბავშვი სადღაც ან რაღაცა სხვადასხვა მიზეზით გასვლის პრობლემა არ არის".

მაშინ როდესაც ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი საზოგადოების განწყობებზე საუბრობდა, თქვა, რომ მისთვის იმ პოზიციაში ყოფნა რთული იყო: “მრცხვენოდა იმის თქმის, რომ მე ძალადობის მსხვერპლი აღმოვჩნდი და მე მესმის ყველა იმ ქალბატონის, რომელიც ერიდება და რცხვენია ამის თქმის. მე ძალიან დღესაც მრცხვენია, რომ ამ მდგომარეობაში მოვედი. საზოგადოება არ არის ლმობიერი ასეთ ქალებთან”.

წამყვანი კი მის ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა: “არა, ვერ ვიტყვი, საზოგადოება შევაქოთ მოდი და მოვეფეროთ . არ ესმით იცი როგორი ქალების? ვინც ოჯახებს ანგრევს, ასეთ ქალებს აკრიტიკებენ. ათასპროცენტიანი”.

გადაცემა ვერც პოლიტიკურ ელფერს აცდა, რაც ბუნებრივია, ვინაიდან, საქმეში პოლიტიკოსი ფიგურირებს. თუმცა, მთავარი აქცენტი იყო არა ის, რომ ძალადობის საქმეში მსხვერპლი მეტად დაუცველია, როდესაც სავარაუდო მოძალადე ცნობილი პირია, არამედ, ის, რომ სავარაუდო მსხვერპლი სინამდვილეში შესაძლოა პროვოკატორი იყოს:

“ობიექტურად უნდა გითხრა და გულწრფელად, წარმოუდგენლად მეჩვენება და შენ არ ვიცი, ჩემზე ძლიერი ხარ შეიძლება, ჩემზე ამტანი ხარ შეიძლება და შეიძლება კიარა ასეა, რომ ადამიანმა ამდენჯერ იძალადოს, ასე იძალადოს და მიუხედავად ამისა, ერთ სივრცეში მასთან დარჩე. ასევე მინდა მაყურებელმა იცოდეს, რომ საზოგადოების ნაწილი განიხილავს, რომ ეს არის პროვოკაცია. პროვოკაციაზე წამოგებაც დანაშაულია. თუნდაც ამ კუთხით რომ ვიმსჯელოთ, მე კი არ განვიხილავ, რომ ეს პროვიკაციაა, უბრალოდ პროვოკაციაზე წამოგებაც არ არის სწორი სამართლებრივად”...

"შეიძლება შეკითხვები არსებობდეს, მათ შორის იმ ქალთანაც, რომელზედაც იძალადეს. ძალადობა დასაგმობია ერთი მხრივ და სასტიკად. ეს ცალკე საკითხია, მაგრამ სხვა საკითხია, როდესაც პოლიტიკოსზეა საუბარი, ხომ არ აქვს ამას პოლიტიკური ელფერი. ეს ხომ ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ბატონ გოგი წულაიასთან ეს შეკითხვები ჩვენ გვექნება. იმიტომ, რომ ძალიან დაემთხვა მართლა მის პოლიტიკურ აქტივობას. ამიტომ ჟურნალისტებს გვიჩნდება შეკითხვები და ნუ უკვირთ ეს ადამიანებს”, - კიდევ ერთხელ თქვა გადაცემის ბოლოს წამყვანმა.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის ავტორი გამუდმებით უსვამდა ხაზს, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობა ძალადობაა და ამბობდა, რომ შეკითხვების დასმისას ის რესპონდენტს არ აკრიტიკებდა, მისი შეკითხვები და რეპლიკები სწორედ რომ მსხვერპლის დადანაშაულების ტონს ატარებდა.

“ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა არის უმძიმესი თემა. მათ მიმართ ემპათიის გამოჩენა უმნიშვნელოვანესია. ჟურნალისტს მუდმივად უნდა ახსოვდეს დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე ,რაც აშკარად მთლიანად უგულებელყოფილი იყო მისი [ნანუკა ჟორჟოლიანის] მხრიდან”, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომლითაც “ფემინა” (სივრცე, სადაც ქალები თავს გადამხდარ ძალადობაზე ყვებიან) გამოეხმაურა გადაცემა “სხვა ნანუკას”.

“ფემინა” უთითებს, რომ “მედიის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ნამდვილად არ ახალისებს მსხვერპლს ხმა აიმაღლოს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე”.

გადაცემა განხილვის თემა იყო სოციალური ქსელის სხვა თემატურ ჯგუფებშიც. “ნანუკა ჟორჟოლიანიამა ასმათ დვალიშვილთან გამოავლინა მთელი რიგი არაეთიკური და არაპროფესიონალური ქცევებისა. ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ გაჟღერებული უამრავი დამცინავი და დამამუნათებელი რეპლიკა არამხოლოდ ასმათ დვალიშვილის, არამედ ზოგადად ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის საზიანო და ფსიქოლოგიურად დამანგრეველია”, - წერენ ჯგუფში Space for Female talk/სივრცე ქალური საუბრებისთვის.

ამავე განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ქალების დიდი ნაწილი მოძალადესთან პირისპირ შეჯახების შემთხვევაში შიშისა და შოკის ფონზე შეშდება, ამიტომ, მათი დამუნათება, რატომ დარჩნენ მოძალადესთან ერთ სივრცეში, დაუშვებელია.

“სექსუალური ძალადობა უმძიმესი და ტრამვული გამოცდილებაა. უამრავი კვლევებით დასტურდება, რომ ქალების დიდი ნაწილი მოძალადესთან პირისპირ შეჯახების შემთხვევაში შიშისა და შოკის ფონზე შეშდება, ხმას ვერ იღებს. ქალების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ სხეულს ერთგვარი პარალიზება ეუფლებათ. ხშირად ქალები ცდილობენ მოძალადე უფრო მეტად არ გააღიზიანონ და სიკვდილსგან დაიხსნან თავი.

სწორედ ამიტომაც, ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გადაცემაში გაჟღერებული დამუნათებები ასმათ დვალიშვილის მიმართ თუ რატომ არ გაიქცა, იყვირა ან შეეწინააღმდეგა მოძალადეს, აღრმავებს ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქალი ფიზიკურად თუ არ შეეწინააღმდეგა მოძალადეს ან არ დაზიანდა სექსულური ძალადობის დროს მას მოსწონდა ან თანხმდებოდა ძალადობის აქტს”.

“ ფრთხილად იყავით, რომ თქვენი გაშუქებით ხელი არ შეუწყოთ მსხვერპლის ისე წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ”, - ვკითხულობთ გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელოში, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერაა მომზადებული.

ამავე სახელმძღვანელოში ხაზგასმულია, რომ მედიამ არათუ ხელი არ უნდა შეუწყოს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას, არამედ უნდა ებრძოლოს მას.