ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
“სკანდალური განცხადება - ვეფხისტყაოსანი რასისტულია და უნდა აიკრძალოს” - ამ და მსგავსი მყვირალა სათაურებით 11-12 ივნისს ე.წ. კლიქბაიტ საიტებზე და სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “ვეფხისტყაოსნის” აკრძალვას ითხოვს. აღნიშნული ინფორმაცია ყალბია და სახალხო დამცველის დისკრედიტაციას ემსახურება.

დეზინფორმაცია, საეჭვო წყაროზე დაყრდნობით, გამოაქვეყნეს საიტებმა: geomediapress.ge და timesnews.ge. მასალების ავტორები წერენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება: timesnews.ge მტკიცებულებად ე.წ. სქრინს ურთავს, რომელშიც ჩანს ფეისბუკის მომხმარებლის პოსტი - სავარაუდოდ, გაყალბებული ფოტოთი და ნინო ლომჯარიას მადისკრედიტირებელი კომენტარებით. geomediapress.ge-ის მასალა კი კიდევ უფრო მეტად ბუნდოვანია, საიტი მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფრაზას წერს - “დღეს სოციალურ ქსელში ვრცელდება შემდეგი სახის ინფორმაცია, სადაც სახალხო დამცველი ამბობს – “პოემა ვეფხიტყაოსანი რასისტულია და უნდა აიკრძალოს, რადგან იხ ხშირადაა ნახსენები მონა ზანგი”.

Timesnews.ge-ის მიერ გამოქვეყნებულ სქრინში ჩანს გამოცემა news.on.ge-ის ვებგვერდი ნინო ლომჯარიას ფოტოთი და სათაურში გამოტანილი ციტატით - “პოემა ვეფხიტყაოსანი რასისტულია და უნდა აიკრძალოს, რადგან იქ ხშირადაა ნახსენები მონა ზანგი”. ეს ფოტო გაყალბებულია, რადგან, მსგავსი შინაარსის მასალა news.on.ge-ზე საერთოდ არ იძებნება. ფოტოს სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს ის ფაქტიც, რომ სქრინში მხოლოდ ფოტოსა და სათაურის ნაწილია გამოტანილი და არ ჩანს მასალის შინაარსი, ასევე არ არის მითითებული გამოქვეყნების თარიღი. “მედიაჩექერმა” ინფორმაცია news.on.ge-სთანაც გადაამოწმა და გადმოცემა ადასტურებს, რომ მსგავსი შინაარსის მასალა news.on.ge-ის გვერდზე არ გამოქვეყნებულა.

12 ივნისს დეზინფორმაციას თავად ნინო ლომჯარიაც გამოეხმაურა და ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ სახალხო დამცველის სახელით მოგონილი ამბავი ვრცელდება:

“არ მეგონა ამ საკითხზე განმარტების გაკეთება თუ დამჭირდებოდა, მაგრამ იმდენმა ადამიანმა მომწერა, რომ განვმარტავ, ეს ინფორმაცია არის მოგონილი, ტყუილი, მორიგი ე.წ "ფეიკ ნიუსი". არ ენდოთ ფეისბუქზე გავრცელებულ ინფორმაციებს, რომლებიც ძალიან ხშირად ვრცელდება თითქოსდა ჩემი სახელით, ჩემი ფოტოთი, თუმცა არ ახლავს წყარო (ვოდეომასალა ან ლინკი სანდო მედია საშუალების) მითითებული,” - წერს ნინო ლომჯარია. 

ფეისბუკის მომხმარებელი, რომელსაც timesnews.ge ეყრდნობა, Tamazi Tamaziko-ს სახელითაა სოციალურ ქსელში რეგისტრირებული. აღნიშნულ ანგარიშზე დაკვირვებით, იკვეთება რომ Tamazi Tamaziko ტროლია: გარდა იმისა, რომ გაურკვეველია მისი გვარი, ანგარიშის “ჩემ შესახებ” ველში მითითებული არ აქვს არანაირი პერსონალური ინფორმაცია, პროფილის ფოტოდ კი ინტერნეტიდან აღებული ფოტო აქვს გამოყენებული. ჰყავს სამი ათასამდე გამომწერი, ყოველდღიურად აქვეყნებს ბევრ პოსტს და აქტიურია, ასევე, აზიარებს ახალ ამბებს არასანდო და საეჭვო წყაროებზე დაყრდნობით.alt

გარდა ამისა, აღნიშნული ფეისბუქის ანგარიში ხშირად აზიარებს, აქვეყნებს და ავრცელებს რასისტული შინაარსის გზავნილებს. პროფილის აქტივობასა და მის მიერ გავრცელებულ კონტენტზე დაკვირვება კი აჩვენებს, რომ Tamazi Tamaziko-ს მიერ გამოქვეყნებული კონტენტი, ძირითადად, ოპოზიციისა და ზოგადად ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დისკრედიტაციისკენაა მიმართული. ასევე, მის მიერ გავრცელებული მასალების კომენტარების ველში გამართულ დისკუსიებზე დაკვირვებით იკვეთება, რომ პროფილი დაკავშირებულია სხვა საეჭვო ანგარიშებთან.
კატეგორია - ეთიკა
რამდენიმე დღეში, 11 ივნისს, ზუსტად სამი თვე გახდება იმ დღიდან, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით, ოფიციალურად ინფიცირების 7 მლნ-მდე შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 400 000-ს აღწევს. პანდემიის მასშტაბების პარალელურად, არნახული სისწრაფით ვრცელდება დეზინფორმაცია ვირუსის შესახებ და პანდემიის მართვასთან ერთად, გამოწვევად იქცა ე.წ. ინფოდემიის მართვაც.

ბოლო 6 თვეში, ვირუსის პირველი შემთხვევების დაფიქსირებიდან დღემდე, ინტერნეტსივრცეში არაერთი კონსპირაციული თეორია გავრცელდა ვირუსის წარმოშობის შესახებ და ამ თეორიებმა ბანანებიდან „მსოფლიოს მოსახლეობის დაჩიპვამდე“ მიაღწია. სოციალური ქსელის სხვადასხვა ჯგუფებში ასობით მომხმარებელი დღემდე თავგამოდებით ამტკიცებს, რომ კორონავირუსი ხელოვნურად გამოგონილი იარაღია ადამიანებზე კონტროლის დასამყარებლად, ან/კიდევ ვირუსი მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტის 5 G-ს ანტენებიდან ვრცელდება. ეს ჯგუფები ხალხს მასობრივი პროტესტის ორგანიზებისკენ მოუწოდებენ.


ინფოდემია - მოზღვავებული ინფორმაცია, დიდი მოცულობის საინფორმაციის ტალღა, რომელსაც ხშირად თან ახლავს დამახინჯებული და მცდარი ცნობები გაჩენილი/შექმნილი კორონავირუსის პანდემიის ფონზე.


„მედიაჩექერმა“ კორონავირუსის შესახებ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ კონსპირაციებს მოუყარა თავი.


❌ კონსპირაციული თეორია #1 - კორონავირუსი ბიოლოგიური იარაღია

 ფაქტი - ეს ასე არ არის, გენეტიკური გამოკვლევებით დასტურდება, რომ ვირუსი თავდაპირველად ცხოველებში გაჩნდა

კონსპირაციული თეორია, რომ ახალი კორონავირუსი ბიოლოგიური იარაღია და ის ხელოვნურად შეიქმნა, ერთ-ერთი პირველი იყო ვირუსის შესახებ გავრცელებულ მითებს შორის. ეს თეორია Covid-19-ის გაჩენიდან მალევე გაჩნდა, ვირუსულად გავრცელდა და პერიოდულად დღესაც აქტიურდება.

altეს თეორია, დასაწყისიდანვე, ორი მიმართულებით ვრცელდებოდა. კონსპიროლოგების ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ ახალი კორონავირუსი ვუჰანის ლაბორატორიაში შეიქმნა, მეორე ნაწილი კი ირწმუნებოდა, რომ Covid-19 „ამერიკულ ლაბორატორიებშია“ შექმნილი. ამ ნარატივში არაერთხელ მოხვდა საქართველოში მოქმედი რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაც.

საინტერესოა, რომ გარდა რუსული პროპაგანდისტული მანქანისა, რომელიც ძალიან წარმატებით იყენებს კორონავირუსის პანდემიას დეზინფორმაციის კამპანიისთვის, ამ თეორიის გამავრცელებლებს შორის ხშირად იყვნენ პოლიტიკოსებიც. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი სენატორი, ტომ კოტონი, რომელმაც არ გამორიცხა, რომ ვირუსის წარმოშობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ვუჰანის ლაბორატორიასთან. ამის საპირისპიროდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის სპიკერმა ლიიან ჟაომ თქვა, რომ COVID-19-ის გამავრცელებელი შესაძლოა იყოს ამერიკული არმია, რომელმაც "ვირუსი უჰანში მიიტანა". 

თუ საქართველოს დავუბრუნდებით, ამ თეორიის გამავრცელებელი, დასაწყისიდან დღემდე, კრემლისტური გამოცემები არიან, ისეთები, მაგალითად, როგორიცაა „ნიუს ფრონტი“ , „საქართველო და მსოფლიო“, „სპუტნიკი“. ამგვარ თეორიებს აქტიურად ავრცელებდა გადაცემებსა და სიუჟეტებში ტელეკომპანია „ობიექტივიც“.

რა იმალება ამგვარი ნარატივის უკან, ადვილი ამოსაცნობია - ანტიდასავლური გზავნილების გავრცელებას კრემლისტური მედია მხოლოდ ამ ტიპის მასალებით არ ცდილობს.



სინამდვილეში, სრული პასუხი კითხვაზე - რამ გამოიწვია კორონავირუსი, მეცნიერებს ჯერ ისევ არ აქვთ. თუმცა, გენეტიკური გამოკვლევებით დასტურდება, რომ ვირუსი თავდაპირველად ცხოველებში გაჩნდა. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი უარყოფს მოსაზრებას, რომ კორონავირუსი ხელოვნურად არის შექმნილი ან ჩინეთის ლაბორატორიიდან შემთხვევით გავრცელდა: „თუ შეხედავთ ვირუსის ევოლუციას ღამურებში, კვლევა ძლიერად იხრება იმისკენ, რომ ამ ვირუსით ხელოვნურად ან მიზანმიმართულად მანიპულირება შეუძლებელი იყო, რადგან მუტაციები ვითარდებოდა ბუნებრივი გზით. ბევრი ძალიან კვალიფიციური ბიოლოგი-ევოლუციონისტი აცხადებს, რომ ყველაფერი, რაც ეტაპობრივ ევოლუციას ეხება, მტკიცედ მიუთითებს, რომ ის განვითარდა ბუნებაში“, – განაცხადა ფაუჩიმ „ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან“.



                                 



  
კონსპირაციული თეორია #2 - კორონავირუსის გავრცელებას 5 G ტექნოლოგია იწვევს

  ფაქტი - ეს ასე არ არის,  არ არსებობს არცერთი კვლევა, რომელიც ამბობს, რომ 5G ტექნოლოგია შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს ადამიანებისთვის

altმითი, რომ კორონავირუსის გავრცელება მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტის ანძებს უკავშირდება, ახლა ყველაზე სწრაფად და ფართოდ გავრცელებადი თეორიაა. ამ თეორიის გამავრცელებლებს შორის არიან როგორც სხვადასხვა არასანდო გამოცემები, ასევე ცნობილი პირები. მკვლევრები ამ კონსპირაციის გავრცელებაში კოორდინირებული დეზინფორმაციის ნიშნებსაც ხედავენ. 5G-ის მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი არის ის, რომ „მაღალი გამოსხივება, რომელიც ამ ანტენებს აქვთ, ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. მაგალითად, ანგრევს ადამიანის იმუნურ სისტემას“. სოციალურ ქსელში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მოწინააღმდეგეთა უკვე მარავლაათასიანი არაერთი ჯგუფი იძებნება და ამ ჯგუფებში უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება.


ამავე თემაზე იხილეთ „მედიაჩექერის“ სტატია: უსაფუძვლო თეორია 5G-ის კორონავირუსთან კავშირზე

ეთო ბუზიაშვილი, „ატლანტიკური საბჭოს“ „ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიიდან“ „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ თეორიას 5G ტექნოლოგიის მიერ ვირუსის გამოწვევის შესახებ „ფეისბუქზე“ ათასობით ადამიანი განიხილავდა: „ასეთი დეზინფორმაციის გამო ხალხმა ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში ანძები დაწვა. ეს ჯგუფები საქართველოშიც მოუწოდებენ ხალხს მასობრივი პროტესტის ორგანიზებისეკენ. ესაა ნათელი მაგალითი იმისა, როგორ გადაიზრდება-ხოლმე ონლაინ, ციფრული დეზინფორმაცია რეალურ ზიანად. შეიძლება საქართველო იყოს კიდეც შემდეგი“.

„თეორია, რომ 5G ტექნოლოგია იწვევს სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის გართულებებს ჯერ კიდევ 2016 წლიდან ცირკულირებს საინფორმაციო სივრცეში. თავდაპირველად ამგვარი მოსაზრებები გაჩნდა ფორუმებსა და YouTube-ზე, თუმცა მალევე აიტაცეს ისეთმა წყაროებმა, როგორებიცაა Infowars, ამერიკული რადიკალური მემარჯვენე ვებგვერდი, რომელიც აქტიურად ავრცელებს კონსპირაციის თეორიებსა და ყალბ ნიუსებს, და RT, რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო სატელევიზიო ქსელი. RT აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას, რომ 5G შეიძლება გლობალურ კატასტროფად იქცეს, რადგან იწვევს სიმსივნეს ადამიანებსა და ცხოველებში“, - ვკითხულობთ მცირე კვლევაში, რომელიც 27 მაისს, ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.

IDFI წერს, რომ მსგავს შეთქმულების თეორიას შემდეგი ქართული წყაროები ავრცელებენ: iTv.ge, geomediatv.ge, wnews.ge, pirveli.site, Facebook-გვერდი „დედაქალაქი“. თუმცა, ყველაზე საშიში და საყურადღებო Facebook-ზე შექმნილი ჯგუფია - STOP 5G GEORGIA, რომელიც უკვე 22 500-მდე მომხმარებელს აერთიანებს. არსებობს მეორე ამგვარი ჯგუფიც - „შევაჩეროთ 5G საქართველოში“, 7300-ზე მეტი წევრით.

„გარდა სხვადასხვა სახის არაავთენტური მასალისა და კონსპირაციის თეორიებისა, ჯგუფებში აქტიურად ზიარდება ინფორმაცია იმგვარი წყაროებიდან, რომლებიც რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადრეც ყოფილან შემჩნეული. ასეთებია, მაგალითად, tvalsazrisi.ge, geoworld.ge, რომლებიც განსაკუთრებული სიხშირით აშუქებენ რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას , Sputnik და თავად RT“, - ვკითხულობთ IDFI-ს სტატიაში.

სინამდვილეში, 5G არის მაღალსიჩქარიანი უსადენო კავშირი. როგორც BBC წერს, მართალია, 5G წინამორბედებისგან განსხვავებულ რადიო სიხშირეებს იყენებს, მაგრამ გამოყენებული რადიოტალღები არაა იონიზებადი, შესაბამისად, ის ადამიანის უჯრედებს ვერ დააზიანებს. ამ დრომდე არ არსებობს არცერთი კვლევა, რომელიც ამბობს, რომ 5G ტექნოლოგია შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს ადამიანებისთვის.




 კონსპირაციული თეორია #3 - ბილ გეიტსმა კორონავირუსის შესახებ წინასწარ იცოდა და მას ხალხის „დაჩიპვა“ სურს

  ფაქტი - ეს ასე არ არის, სინამდვილეში ამერიკელი ბიზნესმენი და ფილანთროპი მილიონებს ხარჯავს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

altმესამე შეთქმულების თეორია, რომელიც ვირუსის დაწყებიდან დღემდე არანაკლები ინტენსივობით ვრცელდება, ვიდრე პირველი ორი, კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელს, ამერიკელ ბიზნესმენ ბილ გეიტსს ეხება. მისი დაკავშირება ვირუსთან იანვრიდანვე დაიწყო. The New York Times-ი აპრილში წერდა, რომ ახლა აშშ-ში კორონავირუსის შესახებ გვრცელებულ ცრუ ინფორმაციებს შორის, ყველაზე ფართოდ გავრცელებული ბილ გეიტსთან დაკავშრებული დეზინფორმაციებია.

64 წლის ფილანტროპს, ფეისბუკში, ტვიტერსა და იუთუბზე ხშირად მოიხსენიებენ როგორც „სპეკულიანტს, რომელსაც მოსახლოების დაჩიპვა და ამ გზით მათზე კონტროლის დამყარება სურს“.

ამ თეორიის მიმდევრები ირწმუნებიან, რომ ბილ გეიტსმა პანდემიის შესახებ წინასწარ იცოდა და ამ მოსაზრების გასამყარებლად 2015 წელს, ბიზნესმენის TED-ზე გამოსვლას იმოწმებენ. ამ ვიდეოს 65 მლნ-ზე მეტი ნახვა აქვს.

ამ გამოსვლაში გეიტსი ებოლას ეპიდემიის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ არ არის გამორიცხული რომელიმე უფრო გადამდებმა დაავადებამ მსოფლიო პანდემია გამოიწვიოს. იგი ხაზს უსვამს, ერთი მხრივ მსოფლიოს მოუმზადებლობას რომელიმე ასეთი ვირუსისადმი, და მეორე მხრივ ვერსიას, რომ შესაძლოა ვირუსი დასაწყისში უსიმპტომო მიმდინარეობის იყოს. ბილ გეიტსზე შექმნილი კონსპირაციების ავტორები ირწმუნებიან, რომ კორონავირუსის პანდემია „საუკეთესო საბაბია იმისათვის, რომ ხალხს ბილ გეიტსის მიერ შექმნილი მიკროჩიპები ჩაუყენონ. ამ გზით კი ადამიანების გაკონტროლებას შეძლებენ“.

               



ქართული გამოცემებიდან ამ ვერსიას აქტიურად ავრცელებენ ისეთი გამოცემები, როგორიცაა „თვალსაზრისი“, „ალია“, „რეზონანსი“, „ჰოთ ნიუსი“. ეს გამოცემები მეტწილად ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს ეყრდნობიან.

სინამდვილეში, ბილ გეიტსი უზარმაზარ ფულად რესურსს ხარჯავს პანდემიასთან ბრძოლაში. BBC-ის ინფორმაციით, მისმა საქველმოქმედო ფონდმა, ახალი ვაქცინის შემუშავებისა და პრევენციული ზომების მიღებისთვის 300 მილიონი დოლარი გამოყო.

„ასეთ დროს, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვისა და ეკონომიკის უპრეცენდენტო კრიზისის წინაშეა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ არიან ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ. მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა ვეძებდეთ თანამშრომლობის გზებს სიცოცხლის გადასარჩენად. ახლა ყველაზე მნისვნელოვანი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ შევაჩეროთ Covid-19-ის გავრცელება, ფაქტების გავრცელებაა“, - განაცხადა ბილ გეიტსმა BBC-სთან ინტერვიუში, მასზე გავრცელებული დეზინფორმაციების პასუხად.


alt
სტატია მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.
კატეგორია - ეთიკა
„რამ დააჩქარა ვირუსის გავრცელება - პანდემიის მეორე ტალღას ზაფხულშივე ელიან“- ამ სათაურით 6 ივნისს გამოცემა რეზონანსმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ 90%-ით კორონავირუსის მეორე ტალღა ზაფხულშივეა მოსალოდნელი. გამოცემა მასალას „დეილი მეილზე“ დაყრდნობით აქვეყნებს და წერს, რომ ეს მტკიცება გამოცემის კვლევასა და იაპონელი ექიმი - ინფექციონისტის მოსაზრებას ემყარება. თუმცა, სტატიაში არაფერია ნათქვამი რა კვლევაზეა საუბარი და რამდენად სანდოდ შეიძლება მივიჩნიოთ იგი.

გამოცემა წერს, რომ „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით გაირკვა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსმა უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო გავრცელება, თუმცა, პარალელურად, აღინიშნა, რომ COVID-19-ით გამოწვეული ლეტალური შედეგის სტატისტიკურმა მონაცემებმა იკლო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „დეილი მეილი" წერს მათ მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით“.

მტკიცება, რომ ვირუსის მეორე ტალღა ზაფხულშივეა მოსალოდნელი, იაპონელ ექი - ინფექციონისტს აკიჰირო სატოს ეფუძნება, რომელიც ამბობს, რომ „პანდემიის მეორე ტალღის დაწყება თითქმის გარდაუვალია, რადგან მსოფლიო მოსახლეობის 99%-ს არ აქვს ახალი ვირუსის მიმართ გამომუშავებული იმუნიტეტი“.

იაპონელი ინფექციონისტის ეს ვარაუდი რამდენიმე გამოცემაში ნამდვილად იძებნება, თუმცა აღასანიშნავია, რომ ეს გამოცემები თავის მხრივ რუსულ მედიასაშუალებებს ეყრდნობიან, ისეთებს მაგალითად, როგორიცაა რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება „რია ნოვოსტი“, ან/კიდევ Gazeta.ru.

აქვე, საინტერესოა, რომ ამ გამოცემების თქმითაც, აკიჰირო სატო ვარაუდებს გამოთქვამს, რომ ვინაიდან მოსახლეობის უემტესობას არ აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი და ვირუსი კვლავ სწრაფად ვრცელდება, მეორე ტალღის ალბათობა 90%-ია. იგი ამბობს, რომ ეს შეიძლება მოხდეს შემოდგომით ან ზამთარში, მაგრამ შესაძლოა მოხდეს ისეც, რომ მეორე ტალღა გაცილებით ადრე დაიწყოს, მაგალითად, ივლისში ან აგვისტოში.

COvid-19-ის მეორე ტალღა რომ მოსალოდნელია და ადამიანებმა ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, ამას არავინ უარყოფს. მეტიც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბოლო პერიოდში აქტიურად მოუწოდებს იმ ქვეყნებს, სადაც საგანგებო მფგომარეობები გაუქმდა და დაწესებულებები იხსნება, რომ მკაცრად დაიცვან უსაფრთხოების ზომები. თუმცა, მტკიცებით ფორმაში განცხადება, რომ ვირუსის მეორე ტალღა, რომელიც შესაძლოა უფრო მძლავრი იყოს, უახლოეს პერიოდში, მაგალითდ, ზაფხულშივე იქნება, არსად იძებნება.

კორონავირუსის მეორე ტალღას ელიან საქართველოშიც. როგორც საქართველოს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მეორე ტალღა მოსალოდნელია ოქტომბერ-ნოემბრიდან და ეს დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა ვირუსს სეზონური ბუნება. ცერცვაძე ფიქრობს, რომ მეორე ტალღა ნაკლებად ძლიერი იქნება.

„ყველაფერი ეს ვარაუდებია და ეს ვარაუდები აგებულია იმაზე, თუ როგორ იქცევიან სხვა რესპირაციული ინფექციები, მაგალითად გრიპი და სხვა. ველოდებით ოქტომბერ-ნოემბრიდან, დამოკიდებულია იმაზე, რა ბუნება აქვს კორონავირუსს. მას აქვს ისეთივე ბუნება როგორც გრიპის ვირუსს, რომელიც ცივ პერიოდებში აქტივირდება, ხოლო ცხელ პერიოდებში მისი აქტივობა იკლებს. თუ კორონავირუსს არ აქვს ასეთი სეზონური ბუნება, შეიძლება, არც იქნეს მეორე ტალღა.

ვფიქრობ, რომ მას მაინც აქვს სეზონურობის ბუნება, მაგრამ არა ისე მკაფიოდ გამოხატული, როგორც გრიპს. მე მგონია, რომ მეორე ტალღა იქნება, მაგრამ ნაკლებად ძლიერი, ვიდრე პირველი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

„რამ დააჩქარა ვირუსის გავრცელება - პანდემიის მეორე ტალღას ზაფხულშივე ელიან“- რეზონანსის ეს სათაური სენსაციური და პანიკის შემცველია. პანიკურობა და სენსაციური ელემენტები არის ის, რაც კორონავირუსის პანდემიის გაშუქებას დასაწყისიდანვე თანსდევდა.

„ამით ახალი კორონავირუსი აქამდე გავრცელებული სხვა ვირუსული ეპიდემიებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მართალია, SARS‐მა, ახლო აღმოსავლეთის რესპირატორულმა სინდრომმა MERS‐მა და ზიკას ვირუსმა, სამივემ გამოიწვია პანიკა მსოფლიოში, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული შიში სოციალურმა მედიამ განსაკუთრებით გაამძაფრა“, ‐ წერენ MIT Technology Review‐ს ჟურნალისტები კარენ ჰაო და ტანია ბასუ.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი სტეფან მორსე ჟურნალისტებს ურჩევს, კრიზისის დროს უსაფუძვლო პანიკისა და შიშის დათესვას მოერიდონ.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი, პროფესორი ბილ ჰენეჯი ჟურნალისტებს, რომლებიც კორონავირუსის თემაზე მუშაობენ, ურჩევს, რომ ექსპერტები, რომელთა მოსაზრებებსაც თავიანთ მასალებში გამოიყნებენ, ყურადღებით შეარჩიონ: „მეცნიერების ერთ დარგში ნობელის პრემიის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი მეცნიერების ყველა დარგში ერკვევა. არც დოქტორის ხარისხი და პრესტიჟულ სამედიცინო სკოლაში სწავლება არ აქცევს მას სხვა კონკრეტულ საკითხში კომპეტენტურ და ავტორიტეტულ მეცნიერად. დაურეკეთ ოთხ ან ხუთ დამოუკიდებელ მეცნიერს, თუ ისინი ერთსა და იმავე პასუხს გაგცემენ კონკრეტულ საკითხზე, მაშინ თქვენს მასალაში ამ ინფორმაციის გამოყენება ღირს“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რაც პანდემიის გაშუქების თემაზე გვხვდება, კვლევების მიგნებების გამოყენებას ეხება.

„გამოიყენეთ სანდო სამედიცინო კვლევები, აღწერეთ კვლევის მეთოდოლოგია“, - ვკითხულობთ გზამკვლევში, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მოამზადა სპეციალურად პანდემიის გაშუქებისთვის.

“არასდროს შესწიროთ ფაქტები კლიკებს და განსაკუთრებული ყურადღება ამას კრიზისების დროს მიაქციეთ. ყოველთვის ვცდილობ ისეთი სათაურის შერჩევას, რომელიც რეალობას ასახავს და სენსაციური არ არის”, - ამბობს ფრილანსერი ჟურნალისტი დოტოგრამა ბეტსი ჯოულსი, რომელიც კორონავირუსის პადემიას ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში აშუქებდა.


alt
სტატია მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.
კატეგორია - ეთიკა

“მეცნიერების საგანგაშო დასკვნა - კორონავირუსი მელოტებში ყველაზე მძიმე ფორმებით მიმდინარეობს”, - ამ და მსგავსი სათაურით, 5 ივნისს, რამდენიმე ონლაინ გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ “ეპიდემიოლოგების სენსაციური დასკვნით, მელოტი ადამიანები Covid-19-ისგან გარდაცვალების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან”. გამოცემები ამ ინფორმაციას აქვეყნებენ ერთ-ერთ პროფესორზე დაყრდნობით და მტკიცებით ფორმაში, თუმცა არ უთითებენ, რომ ეს დასკვნა მხოლოდ მცირერიცხოვან პაციენტებზე დაკვირვებას ემყარება.

გამოცემები წერენ, რომ ამ აღმოჩენის ერთ-ერთი მთავარი ავტორია პროფესორი ვინმე კარლო უემბიერი, რომელმაც “ტელეგრაფთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ სიმელოტე ინფიცირებულ პაციენტებს შორის ხშირ შემთხვევაში დაავადების რთული ფორმების გამომწვევია. ამას იგი იმით ხსნის, რომ “უთმო მამაკაცებს ორგანიზმში ისეთ ჰორმონები უვითარდებათ, რომლის შემდეგაც ვირუსული ნაწილაკებისთვის უფრო მარტივდება ორგანიზმის დასნებოვნება”.

altმსგავსი შინაარსის ინფორმაცია იძებნება ონლაინ გამოცემებზე: რეზონანსზე, ნიუპოსტსზე და ნიუსრეპორტზე. ამ უკანასკნელის მასალა კი სოციალური ქსელის გვერდზე გაზიარებული აქვს ტელეკომპანია კავკასიასაც. ტექსტები ყველგან იდენტურია.

“ერთ-ერთი კვლევის თანახმად დადასტურდა, რომ ესპანეთში 122 კოვიდ ინფიცირებული პაციენტიდან 79% მელოტი იყო. მეორე კვლევაში კი მადრიდში ერთ-ერთი საავადმყოფოში მყოფი 41 დაავადებული პაციენტიდან 71% მელოტი იყო”, - ვკითხულობთ ამ სტატიებში.

გამოქვეყნებული სტატიების მიხედვით, არცერთ შემთხვევაში არ ჩანს მცდელობა დამატებითი ინფორმაციის ან წყაროს მოძიების, რაც ავტორს ამ მსჯელობის ასეთ, მტკიცებით ფორმაში განვითარების სრულ შესაძლებლობას მისცემდა.


altalt












მსგავსი შინაარსის ინფორმაცია The Telegraph-ზე ნამდვილად იძებნება. ავტორი წერს, რომ მელოტი მამაკაცები შესაძლოა იყვნენ მაღალი რისკის ქვეშ, რომ მათ უფრო მწვავე სიმპტომები ექნებათ კორონავირუსის. სტატიაში ასევე ნამდვილად არის საუბარია ჰორმონ ანდროგენზე, რაც ორგანიზმს შესაძლოა ხდიდეს მოწყვლადს კორონავირუსის მიმართ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ სტატიას არ აქვს იმგვარი მტკიცებითი ტონი, როგორც ეს ზემოთდასახელებულმა ქართულმა გამოცემებმა გამოიყენეს და ტექსტი გაჯერებულია სიტყვებით: “შესაძლებელია”, “ვარაუდოებენ” და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Covid-19-ით დაინფიცირებას, სიმპტომების სიმწვავეს ან გარდაცვალების რისკს სხვადასხვა ფაქტორს უკავშირებენ - მაგალითად, სქესს, ფიზიკურ მახასიათებელს, კანის ფერს, გენს, ასევე ქცევასაც, მაგალითად, ნიკოტინის მოხმარება და ა.შ.

ინტერნეტ სივრცეში არაერთი მასალა იძებნება სათაურით - ”რატომ კლავს კორონავირუსი უფრო მეტ კაცს, ვიდრე ქალს”, ბევრგან ყურადღება კანის ფერზეა გამახვილებული - “შავკანიან ბრიტანელებში კორონავირუსით გარდაცვალება 4-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე თეთრკანიანებში”. ვრცელდებოდა ვარაუდიც, რომ ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობა სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს იწვევს. ერთ-ერთი, ყველაზე ვირუსულად გავრცელებული ყალბი ამბავი კი შეეხებოდა კვლევას, თითქოსდა, “ნიკოტინი კორონავირუსს ბლოკავს”, რაც სინამდვილეში ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.


“კაქტუს-მედიის” დამფუძნებელი ჟურნალისტი ცირა გვასალია,რომელიც საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის საკითხებს აქტიურად აშუქებს, ამბობს, რომ ინფორმაციის გამოქვეყნებისას, მითუმეტეს, როდესაც ეს სამედიცინო თემას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია ამბავმა გაიაროს ე.წ. რეცენზიები, რაც გულისხმობს, რომ კვლევას სანდოობის უფრო მაღალი ხარისხი ჰქონდეს.

“ძალიან ბევრი კვლევა ძალიან ბევრი კუთხით შუქდება, ზოგი მაღალი ხარისხის, ე.წ.”პიარ რევიუ” ჟურნალებში, რაც გულისხმობს იმას, რომ სტატიები რომლებიც იქ ქვეყნდება, რეცენზიებს გადის და რა თქმა უნდა, ის მაღალი სანდოობის არის. თუმცა არსებობსსხვა ჟურნალები და ონლაინ პლატფორმები, რომლებიც აქვეყნებს ისეთ ვერსიებს, რომელთაც რეცენზია გავლილი არ აქვთ და ნაკლები სანდოობისაა”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ ასეთ კვლევებში ზოგჯერ მონაწილეობს მხოლოდ 10, 20 , 30, ან თუნდაც 100-მდე ადამიანიც, მაგრამ ათასზე ნაკლები. ამ კვლევებს კი ახლავს შეზღუდვები და სწორედ ეს შეზღუდვებია ძალიან საინტერესო, - “როდესაც ესა თუ ის მონაცემი ქვეყნდება შეზღუდვებით, მაგალითად, არ ყავს საკონტროლო ჯგუფი, ასეთი კვლევის განზოგადება არ შეიძლება”.

საკონტროლო ჯგუფი კი, მისი განმარტებით, იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ როდესაც კვლევის დიზაინი დგება, კარგ შემთხვევაში, იქმნება ორი ჯგუფი: თვით გამოსაცდელი მედიკამენტის და საკონტროლო ჯგუფი. მედიკამენტის ჯგუფი იღებს იმ მედიკამენტს ან მედიკამენტების კომბინაციას, რაც გამოიცდება, ხოლო საკონტროლო ჯგუფი იღებს პლაცებოს, რაც არ არის მედიკამენტი. საბოლოოდ, კვლევის შედეგების შეჯამების დროს, ორი ჯგუფის შედეგები დარდება ერთმანეთს და განსხვავებაში გამოიხატება მედიკამენტის უსაფრთხოება და ეფექტურობა.

alt

ცირა გვასალიას, რომელიც აქტიურად წერს კორონავირუსის შესახებაც, იმის საილუსტრაციოდ, რომ მედიამ დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს სამედიცინო მასალების გავრცელებისას, ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის მაგალითი მოჰყავს.

ცირა გვიყვება, რომ სამედიცინო და სამეცნირო ჟურნალმა Lancet-მა მაისში გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ამბობდა, რომ პრეპარატი პლაქვენილი ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ არაეფექტურია, რის გამოც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის დროებით თავისი გლობალური კვლევიდან ამოიღო. მათ შორის, როგორც სამკურნალო საშუალება, გამოყენებიდან ამოიღო საქართველომაც. ამის შემდეგ კი დაახლოებით ასამდე მეცნიერმა დაწერა სტატია, საჩივრის წერილის ფორმით ჟურნალ Lancet-ის მისამართით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მათ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას პრეპარატ პლაქველინზე არ ჰქონდა საკმარისი მონაცემები და ეჭვი შეიტანეს გამოქვეყნებული მონაცემების სიზუსტეში.

“მათი განმარტებით, აუცილებელი იყო, რომ გამოექვეყნებინათ მონაცემები იმის შესახებ სად და რომელ კლინიკებში ჩატარდა ეს კვლევები, როგორ და რა პირობებში, ვინაიდან ამ მონაცემების გარეშე კვლევა არ არის ვალიდური. 5 ივნისს, ჟურნალმა ეს სტატია გავრცელებიდან ამოიღო და გამოქვეყნებული მასალის გამო ბოდიში მოიხადა”, - ამბობს იგი.

მისივე განმარტებით, გამოცემის რედაქტორმა, რიჩარდ ჰორტონმა გარდიანთან საუბრისას განმარტა, რომ “ეს არის კვლევის წესების გადაცდომის შოკისმომგვრელი მაგალითი ჯანდაცვის გლობალური საგანგებო მდგომარეობის მიმდინარეობისას.” ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი პრეპარატი პლაქვენილი 3 ივნისს “სოლიდარობის კვლევაში” დააბრუნა.

“ეს შემთხვევა კარგია იმის საილუსტრაციოდ რომ, როდესაც ვკითხულობთ ნებისმიერ სტატიას, აუცილებლად უნდა ვნახოთ კვლევის დიზაინი, მონაცემები თუ არის ხელმისაწვდომი და ამის მიხედვით უნდა შევაფასოთ ეს კვლევა. და უკვე ეთიკის ამბავიცაა, რომ კვლევაშივე იყოს მითითებული შეზღუდვები, ანუ საკონტროლო ჯგუფი ჰყავდა თუ არა მაგალითად”,- ამბობს ცირა გვასალია.

alt

მონაცემებისა და ასევე კვლევის მიგნებების გამოყენება არის ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვან დილემებს შორის, რის წინაშეც მედია დადგა კორონავირუსის პანდემიის გაშუქებისას.

„როდესაც მონაცემებს ვიყენებთ, ერთი, მნიშვნელოვანია სანდო წყაროს შერჩევა და მეორე, წყაროს ღიად მითითება, რათა აუდიტორიამ თავად შეძლოს მისი სანდოობის შეფასება. სანდოობა და მასთან ერთად გამჭვირვალობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ახლა, ამ ვითარებაში, როდესაც ინფორმაცია ფრაგმენტულია, არასრული და ხანდახან სანდო წყაროებიც კი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი მონაცემები ამ კონკრეტულ ეტაპზე შსაძლებელია ვერ წარმოაჩენდნენ ტენდენციებს”, - ვკითხულობთ რადიო თავისუფლების ქართულენოვანი სამსახურის მმართველი რედაქტორის ნინო ჯაფიაშვილის კომენტარს გზამკვლევში, რომელიც საქართველოს ურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ არის მომზადებული.

მაღალკვალიფიციური, სანდო წყაროების შერჩევა, სამეცნიერო დოკუმენტაციის გაცნობა მიაჩნია სიზუსტის დაცვისთვის მნიშვნელოვნად ზვიად ქორიძეს, მედიაექსპერტს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრს.

„როდესაც ვსაუბრობთ ისეთ სერიოზულ თემაზე, როგორიც არის პანდემია, საჭიროა ძალიან ბევრი წყაროს მოძიება, ბევრი დოკუმენტის გაცნობა დ გააზრება. გვჭირდება მაღალკვალიფიციური ადამიანების: მეცნიერების, ექიმების, მკვლევრების პოზიციების მოძიება და, თავისთავად, მნიშვნელოვანია, რომ როცა ამას ვიძიებთ, ვეძებოთ საკმაოდ მაღალრეიტინგულ და გავლენიან სამეცნიერო ჟურნალებში”, - ვკითხულობთ ზვიად ქორიძის რეკომენდაციას ამავე გზამკვლევში.

„შეარჩიეთ ექსპერტები ყურადღებით. მეცნიერების ერთ დარგში ნობელის პრემიის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი მეცნიერების ყველა დარგში ერკვევა. არც დოქტორის ხარისხი და პრესტიჟულ სამედიცინო სკოლაში სწავლება არ აქცევს მას სხვა კონკრეტულ საკითხში კომპეტენტურ და ავტორიტეტულ მეცნიერად. დაურეკეთ ოთხ ან ხუთ დამოუკიდებელ მეცნიერს, თუ ისინი ერთსა და იმავე პასუხს გაგცემენ კონკრეტულ საკითხზე, მაშინ თქვენს მასალაში ამ ინფორმაციის გამოყენება ღირს“, ‐ ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი, პროფესორი ბილ ჰენეჯი.


alt
სტატია მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.
კატეგორია - ეთიკა
3-4 ივნისს ონლაინ მედიაში, სხვადასხვა ტიპის საიტებზე და სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, პირბადის დიდხანს ტარება ჯანმრთელობის არაერთ პრობლემას იწვევს. გამოცემები სათაურებში, დიდი ასოებითა და ძახილის ნიშნებით, მტკიცებით ფორმაში წერენ, რომ პირბადის დიდხანს ტარება გონების დაკარგვას, კომას, კრუნჩხვებს, ჰიპერვენტილაციას, კუნთების მოდუნებასა თუ ჯანმრთელობის სხვა არაერთ პრობლემას იწვევს. ზოგი იმასაც ამტკიცებს, რომ დიდი ხნით პირბადის ტარება მომაკვდინებელია. შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გამავრცელებლებისთვის ერთადერთი წყარო სოციალურ ქსელში მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული სტატუსია.

პირველ ივნისს სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ხათუნა ჯანჯალიამ, რომელსაც მითითებული აქვს, რომ ბიოსამედიცინო კორპორაციის Calypte-ს ჟენევის ფილიალის პრეზიდენტია, ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერს, რომ პირბადის დიდი დროით ტარება ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ხათუნა ჯანჯალია თავის პოსტში “ხანგრძლივად ნიღბის (პირბადის) ტარების მქადაგებლებს და მატარებლებს” მიმართავს და წერს:

“გარდა იმისა, რომ ჩვენს ცხვირხახაში თანამცხოვრები არაპათოგენური ან პირობითპათოგენური მიკროორგანიზმები ანაერობულ პირობებში შეიძლება პათოგენურად გადაიქცნენ და ეს უკანასკნელი მომაკვდინებელ მტრად მოევლინოს შინაგან ორგანოებს და უკურნებელი პათოლოგიები გამოიწვიოს, ასევე, კოვიდთან დაკავშირებული ნიღბების ხანგრძლივი ტარება იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის ჩასუნთქვის გამო, ვითარდება ჰიპოქსია, რაც თავის მხრივ იწვევს თავბრუსხვევას, დაღლილობას, ძილად მიგდებას, ოფლიანობას, კანის გამოშრობას და სუნთქვის უკმარისობას. სხვადასხვა პათოლოგიების მქონე ადამიანებში შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა, კომაში ჩაგდება, ჰიპერვენტილაცია, კუნთების მოდუნება და კრუნჩხვები!!!”



პოსტში განმარტებული არ არის და გაუგებარია, რას გულისხმობს ავტორი “კოვიდთან დაკავშირებულ ნიღბებში”, რადგან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეკომენდებულია ჩვეულებრივი სამედიცინო პირბადის საჭიროებისამებრ გამოყენება და რაიმე სპეციფიური ნიღაბი, რომელიც მხოლოდ COVID-19-თანაა დაკავშირებული, არ არსებობს.

ექიმი იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე განმარტავს, რომ ნახშირორჟანგი პირბადის ქვეშ არ გროვდება და, შესაბამისად, პირბადის ტარების დროს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის ჩასუნთქვა არ ხდება:

“ნახშირორჟანგის დაგროვება პირბადის ქვეშ არანაირად არ ხდება, ასეთი ფენომენი არ არსებობს. ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ცვლა ზუსტად ისევე ხდება, როგორც ჩვეულებრივ პირობებში. პირბადე არანაირად არ არის არაგამტარი ისეთი მცირე მოლეკულებისთვის, როგორიც არის ჟანგბადი და ნახშირორჟანგი”, - ამბობს გიორგი კამკამიძე.

რაც შეეხება “უკურნებელი პათოლოგიების” გამოწვევის საფრთხეს, ექიმი იმუნოლოგი ამბობს, რომ ეს გაზვიადებულია და მძიმე დაავადებები პირბადის ტარებასთან პირდაპირ კავშირში არ არის:

“უკურნებელი და კატასტროფული დაავადებები, რასაკვირველია, არ არის ამასთან კავშირში. პრობლემა შეიძლება იყოს, მაგალითად, ასთმიანი პაციენტის შემთხვევაში, როდესაც პროვოცირება შეიძლება მოხდეს ასთმის ან შეტევა, იმის გამო, რომ პაციენტს ტენიანი ჰაერი არ მიეწოდება, თუ მუდმივად ატარებს და არ იხსნის.

თუმცა, ასეთი მძიმე პრობლემების გამოწვევა გაზვიადებულია. როდესაც არასწორადაა გამოყენებული პირბადე და ხდება ერთი და იგივე პირბადის მუდმივად ტარება და, მაგალითად, ხდება მისი დასველება, ამ შემთხვევაში ის შეიძლება წარმოადგენდეს ინფექციის წყაროსაც. ამიტომ არის რეკომენდებული პირბადის ხშირი ცვლა. ზოგადი რეკომენდაციაა, რომ როდესაც არ არის საჭირო, როდესაც არ არის ახლო კონტაქტი სხვა ადამიანებთან, პირბადის ტარება აუცილებელი არ არის”.

3-4 ივნისის მონაცემებით, ხათუნა ჯანჯალიას ფეისბუკ პოსტზე დაყრდნობით, არასწორი ინფორმაცია, მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანი სათაურებით გაავრცელეს შემდეგმა გვერდებმა: ალია, რეზონანსი, ნიუს ფრონტი, თვალსაზრისი, itar.ge, wnews.ge, epicentri.club. აღნიშნულმა გვერდებმა სოციალური ქსელის მომხმარებლის ვარაუდი (რომ პირბადის დიდი დროით ტარებამ, სხვადასხვა პათოლოგიების მქონე ადამიანებში, შეიძლება, გამოიწვიოს გონების დაკარგვა, კომაში ჩაგდება, ჰიპერვენტილაცია, კუნთების მოდუნება და კრუნჩხვები) უაპელაციოდ, გადამოწმების გარეშე, სანდო, დაზუსტებულ ამბად გაავრცელეს და სათაურში, მტკიცებით ფორმაში დაწერეს, რომ პირბადის ტარება ზემოთჩამოთვლილ ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

უფრო მეტიც, ზემოხსენებული გამოცემებიდან, News Front-მა მეტი დამაჯერებლობისთვის, მასალის ბოლოს მიაწერა, რომ ექიმთა უმრავლესობა პირბადის ტარებასთან დაკავშირებულ რისკებზე აღნიშნულ ვარაუდს იზიარებს. “პ.ს. ჩვენთვის ცნობილია, რომ ასე ფიქრობს ექიმთა უმრავლესობა” - წერს News Front. ამ განცხადების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს ის ფაქტი, რომ ამ ფრაზის დამადასტურებლად მასალაში არც ერთი წყარო არ არის მოყვანილი. ავტორი არ განმარტავს, ვის/რას ეყრდნობა და არ აკონკრეტებს რომელი ექიმები იზიარებენ ხათუნა ჯანჯალიას მოსაზრებებს.

altარასწორი აქცენტებითა და იდენტური მითითებით (თითქოს, იმავეს ფიქრობს ექიმთა უმრავლესობა), შეცდომაში შემყვან ინფორმაციას სხვადასხვა ჯგუფებში ავრცელებენ სოციალური ქსელის მომხმარებლებიც. მაგალითად, ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნული ინფორმაცია გააზიარა ჯგუფში “აკადემია / Academy” , რომელსაც ამ დროისთვის 245 ათასამდე წევრი ჰყავს. გავრცელებიდან რამდენიმე საათში მისი პოსტი 400-მდე ადამიანმა გააზიარა. კომენტარების ველში გამართული დისკუსიიდან თუ ვიმსჯელებთ, მომხმარებლთა ნაწილმა არასწორი ინფორმაცია მარტივად დაიჯერა.

„შეარჩიეთ ექსპერტები ყურადღებით. მეცნიერების ერთ დარგში ნობელის პრემიის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი მეცნიერების ყველა დარგში ერკვევა. არც დოქტორის ხარისხი და პრესტიჟულ სამედიცინო სკოლაში სწავლება არ აქცევს მას სხვა კონკრეტულ საკითხში კომპეტენტურ და ავტორიტეტულ მეცნიერად. დაურეკეთ ოთხ ან ხუთ დამოუკიდებელ მეცნიერს, თუ ისინი ერთსა და იმავე პასუხს გაგცემენ კონკრეტულ საკითხზე, მაშინ თქვენს მასალაში ამ ინფორმაციის გამოყენება ღირს“, ‐ ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი, პროფესორი ბილ ჰენეჯი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, კორონავირუსული პანდემიის გაშუქებისთვის მედიისთვის მომზადებულ სახელმძღვანელო წესებში, კორონავირუსის პანდემიის გაშუქებისას, სანდო, გადამოწმებული, პანიკისა და სენსაციურობისგან მაქსიმალურად დაცლილი ინფორმაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ქარტია მედიის წარმომადგენლებს ურჩევს, რომ გამოიყენონ სანდო, რელევანტური წყაროები და შეარჩიონ მაღალკვალიფიციური რესპონდენტები.

„როდესაც ვსაუბრობთ ისეთ სერიოზულ თემაზე, როგორიც არის პანდემია, საჭიროა ძალიან ბევრი წყაროს მოძიება, ბევრი დოკუმენტის გაცნობა დ გააზრება. გვჭირდება მაღალკვალიფიციური ადამიანების: მეცნიერების, ექიმების, მკვლევრების პოზიციების მოძიება და, თავისთავად, მნიშვნელოვანია, რომ როცა ამას ვიძიებთ, ვეძებოთ საკმაოდ მაღალრეიტინგულ და გავლენიან სამეცნიერო ჟურნალებში, ან, თუნდაც, პოპულარულ მედიაში, ოღონდ სანდოობის მაღალი ხარისხის მქონე მედიებში. ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ საზოგადეობას ჰქონდეს ინფორმაცია და ეს ინფორმაცია იყოს ზუსტი. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე სერიოზული დილემა დღეს“, ‐ ამბობს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე.




alt
სტატია მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.
კატეგორია - ეთიკა
კორონავირუსის პანდემიამ კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკის საჭიროება განსაკუთრებულად გაზარდა, ამავდროულად, მედიასაშუალებები ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელთან, ნათია კუპრაშვილთან ვსაუბრობთ მედიის გამოწვევებზე პანდემიის პირობებში, ასევე, ვანალიზებთ, როგორ მუშაობდა მედია კრიზისულ პერიოდში.

- სხვა ბევრ დილემასთან ერთად, რის წინაშეც მედია დადგა პანდემიის პირობებში, იყო ეთიკური დილემებიც. მაგალითად, მონაცემების გამოყენება, რაც, ვფიქრობ, რომ ახლაც პრობლემაა. ნათია, როგორ ფიქრობთ, რა წყაროებზე დაყრდნობით უნდა გამოიყენოს მედიამ მონაცემები და ასევე, რატომაა მნიშვნელოვანი მონაცემებთან ერთად კონტექსტი, როგორ ცვლის კონტექსტი რიცხვების აღქმას.

ზოგადად მონაცემების დილემა უკავშირდება იმას, რამდენად რთული აღმოჩნდა, რომ გვემუშავა მედიცინაზე, როგორც მეცნიერებაზე, ამის პრაქტიკა არ გვქონდა, აქამდე ნაკლებად ვიყავით დაკავებული ჯანდაცვისა და მედიცინის საკითხების გაშუქებით. გამოცილების არმქონეები შევხვდით პანდემიას და ამან, თავისთავად, მონაცემებთან კავშირშიც მოიტანა პრობლემები სიზუსტისა და მიუკერძოებლობის, და შემდეგ, უკვე არასწორი ინტერპრეტაციების.

- რას გულისხმობთ?

ხშირად მხვდება ჩივილი იმის შესახებ, რომ აუდიტორია დაბნეულია. ეს ეხება ყველა ტიპის მონაცემს, - ზედაპირიდან ვრცელდება თუ არა ვირუსი, ერთგან ვამტკიცებთ რომ ვრცელდება, მეორეგან ვამტკიცებთ რომ არ ვრცელდება. ერთგან ვურჩევთ რომ, გარეცხონ მარწყვიც კი საპნით და მეორეგან ვეუბნებით, რომ ეს სისულელეა. ეს ეხება ნიღბების ტარებას, იმიტომ, რომ ერთგან ვეუბნებით, რომ არ არის სავალდებულო და მხოლოდ ინფიცირებულ ადამიანებს ეხება, მეორეგან კი ვეუბნებით, სავალდებულოა. თითქოს ერთმანეთის საწინააღმდეგო ინფორმაციას და რეკომენაციებს ვაწვდით.

ვფიქრობ, ერთ მთავარ მოცემულობას უნდა შევეგუოთ, - ჩვენ, ყველანი, ჟურნალისტები და მუდმივად გვახსოვდეს, რომ ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცით ამ ავადობასთან დაკავშირებით, არის ის, რომ არავინ არაფერი იცის. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი, - ჩვენ ის ვიცით, რომ არავინ არაფერი იცის.

ძალიან რთულია, მაგალითად, როდესაც შენ გაქვს ორი ავტორიტეტული სამედიცინო ინსტიტუტის მონაცემი, ორივე ერთმანეთს ეწინააღმდეგება და შენ გიწევს არჩევანის გაკეთება.




- ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ზუსტად უნდა მივუთითოთ ჩვენს პროდუქტში ვის ვეყრდნობით?

ამის ხაზგასმა მინდა, ჩვენ გვჭირდება დისტანცირება და უნდა გვახსოვდეს წყაროების მოხსენების ვალდებულება. და ასევე, ვფიქრობ, მონაცემებთან დაკავშირებით საჭიროა სხვა ტიპის მეცნიერთა ჩართვაც, არამხოლოდ მედიცინის მუშაკების, სტატისტიკოსების, სოციოლოგების, ვისაც უფრო კარგად ესმის ის, რასაც ესა თუ ის მონაცემი გულისხმობს.

- ფიქრობთ, რომ წყაროების დასახელების და სიზუსტის პრობლემები იყო მედიაში?

უბრალოდ, გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს ერთგვარი რეკომენდაცია, - დისტანცირება, წყაროების დაკონკრეტება, სიღრმისეული გაშუქება და დამატებით, მცოდნე ადამიანების ჩართვა.

აგრეთვე, რაც დაგვეკარგა ჩემი აზრით, იმიტომ, რომ დასაწყისში ცოტა დავიბენით, იყო სკეპტიციზმი, ამან კი თითქოს თვითცენზურის პრობლემა გააჩინა, - იქ, სადაც გაბატონებული აზრია, თვითცენზურა გერთვება, რომ იმ საკითხებზე კითხვები დასვა.

ამას დაემატა ცალკე პრობლემა, ინსტიტუტებისა და ადამიანების სიმბოლიზება და ჰეროიზაცია და ჩვენვე, ფაქტობრივად, ჩვენს წინააღმდეგ განვაწყვეთ საზოგადოებრივი აზრი, იმიტომ რომ, როდესაც კითხვა გაგვიჩნდა ჩვენს მიერვე სიმბოლიზებულ და ჰეროიზებულ ადამიანებთან, იქ ჩვენ დაგვატყდა საზოგადოების რისხვა.



 
- როგორ ფიქრობთ, რატომ დაემართა ეს მედიის ნაწილს?

სხვადასხვა მიზეზი იყო, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი არის მასშტაბურობა. ის პირველი ეჭვი და სკეპტიციზმი, რაც ჩვენ გაგვიჩნდა, იყო გაუბედავი, რადგან მთელს მსოფლიოში ვხედავდით იგივე ტენდენციას. ამის ტყვე აღმოვჩნდით, ჩვენ დავიბენით დასაწყისშივე.

მონაცემების თემას რომ დავუბრუნდეთ, როგორ უნდა მიაწოდოს მედიამ აუდიტორიას მონაცემები, რასთან ერთად, რამდენად მნიშვნელოვანია კონტექსტი?

ჟურნალისტიკა არ არის შევიდეთ StopCov.ge-ზე, ან ჯანდაცვის ორგანიზაციის საიტზე და წავიკითხოთ ციფრები. ჩვენი მოვალეობაა დამატებითი კითხვების დასმა, კონტექსტში შესვლა და მე როგორც ქართულ, ისე არაქართულ მედიაში, ეს კონტექსტი დამაკლდა

- ნათია, თქვენ ახსენეთ მონაცემებთან კავშირშიც და ისეც სენსაციურობა, პანიკის შემცველი მასალები... ვფიქრობ, დასაწყისში მეტად სენსაციური იყო გაშუქება, ახლა ცოტა დაიწრიტა, მაგრამ სენსაციური ელემენტები მაინც დარჩა. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ გაშუქება არ იყოს სენსაციური, მაშინ როდესაც ისეთ გლობალურ კრიზისზეა საუბარი, როგორიცაა ჯანდაცვის კრიზისი?

პირველ რიგში იმიტომ, რომ საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთელობას და საქმე ეხება გადაწყვეტილებას, გავწიროთ თუ არა ადამიანები შიმშილისთვის. რეალურად, ჩვენ ამ ორი დილემის წინაშე ვართ. გვინდა, რომ არც მწვადი დავწვათ და არც შამფური, გვინდა, რომ ერთის მხრივ დავიცვათ დაავადებისგან და მეორე მხრივ, მათ სარჩო-საბადებელი ჰქონდეთ ხვალ. როგორი იქნება მათი ხვალინდელი დღე, აი, აქ გვჭირდება სიფრთხილე ინფორმაციის გადაცემისას.

მე გავიზიარებდი მოსაზრებას, რომ დასაწყისში მეტად სენსაციური იყო გაშუქება და ეს მოიტანა ტერმინოლოგიურმა ფაქტორმაც. აგრეთვე, ვფიქრობ, რომ პანიკას თესავს განმეორებითი სიხშირეც, მუდმივი საუბარი, ერთი და იგივე ამბის გამეორება დღის განმავლობაში, ესეც დილემაა. და ზედაპირული გაშუქებაც არის ძალიან დიდი შეცდომა.

- ერთი და იგივე თემების ხშირი გაშუქება ახსენეთ, ხომ არ ფიქრობთ, რომ მედიის დღის წესრიგში იყო პრობლემა?

საერთოდ ის, რომ პანდემიამ სრულად შეუცვალა მედიას დღის წესრიგი, თავიდანვე უნდა ყოფილიყო დისკომფორტის შემქმნელი, თავიდანვე მას ეს არ უნდა მიეღო როგორც მოცემულობა. როდესაც ერთი თემა ფიგურირებს, ყველა შემთხვევაში ეს არასწორია, იმიტომ, რომ ადამიანები აგრძელებენ ცხოვრებას და მათ ცხოვრებასთან ბევრი საკითხებია დაკავშირებული. ეს საკითხები არსად გამქრალა, ჩვენ გავაქრეთ ეთერიდან, დღის წესრიგიდან. ცხადია, რომ ეს თემები ვერ გაექცეოდა ინფექციის ჭრილს, მაგრამ ეს თემები უნდა ყოფილიყო.

მე არ მინდა ვთქვა, რომ ზოგადად მედიამ ცუდად იმუშავა, მედიამ იმუშავა ისე, როგორც შეეძლო. ჩვენ დავიშვით შეცდომები, თუნდაც მაშინ, როდესაც უაპელაციოდ გავატარეთ საჯარო ინფორმაციის შეზღუდვა, მაგრამ თუ სწრაფად ვისწავლით ჩვენივე შეცდომებზე, გაგვიიოლდება მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ არავინ არაფერი იცის, ყველა გვეუბნება იმას, რომ ჩვენ მოგვიწევს ვირუსთან ერთად ცხოვრება. როგორ ვცხოვრობთ და როგორ ვმუშაობთ, ამაზე ფიქრია საჭირო და ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომების გაანალიზება.

- და საუბარი რომ შევაჯამოთ და დავასრულოთ, რა უნდა ვისწავლოთ ამ გაკვეთილიდან?

ერთი ის, რომ არ ვიცოდით, მეორე, რომ სანდო წყაროებმაც არ იციან და მესამე, რომ ეს ძალიან მასშტაბურია და ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება. ბევრი რამ იყო ერთად, ვინც მუშაობს, ის უშვებს შეცდომებს და ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის. დანაშაული იქნება ის, რომ ჩვენ ეს არ გავაანალიზოთ.

კატეგორია - ეთიკა
მძიმე ბრალდებები მეზობლებსა და არასრულწლოვან რესპონდენტებზე დაყრდნობით, რომლებიც ამბის თვიმხილველებიც არ არიან, უგულვებელყოფილი ბავშვის საუკეთესო ინტერესი და უპირობოდ მკვლელად გამოცხადება არასრულწლოვნის, რომელიც შესაძლოა თავადაც მსხვერპლი იყოს - ასე გაშუქდა 2 ივნისს "TV პირველზე" თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ჩვილის ცხედრის აღმოჩენის შემთხვევა. 

საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმაც და სიუჟეტის ავტორებმაც მეზობლებსა და არასრუწლოვან რესპონდენტებზე დაყრდნობით მაყურებელს უთხრეს, რომ “ჩვილი, სავარაუდოდ, იმავე კორპუსში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა გოგომ გააჩინა, რომელიც ორსულობას მალავდა და კვალის დამალვის მიზნით, ბავშვი ფანჯრიდან გადააგდო”.

ამ ვერსიის გარდა, როგორც საინფორმაციო გამოშვების, ასევე სიუჟეტის ავტორისგან ასევე მტკიცებით ფორმაში მოვისმინეთ, რომ პოლიციამ „ახალშობილი ბავშვის ცხედარი პოლიეთილენის პარკში გაახვია და შემდეგ უკვე სანაგვე ურნაში გადააგდო“.

აღნიშნულის დასამოწმებლად სიუჟეტში მხოლოდ ორი მეზობლის კომენტარი მოვისმინეთ. არცერთი მათგანი ფაქტის შემსწრე არ არის.

„დამლაგებელია და იმან თქვა, რომ მივედიო, დავინახეო და დავრეკეო [ახალშობილი მიცვალებულიო]. მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი იყოო“, - ამბობს ერთი.

„დილით სადღაც 8 საათისთვის [მოხდა], არფერი ვიცით, დაახლოებით ასე გავიგეთ ჩვენც [რომ არასრულწლოვანმა ბავშვი გააჩინა და ფანჯრიდან გადმოაგდო]”, - ამატებს მეორე.

სიუჟეტიდან ასევე გავიგეთ, რომ „არასრულწლოვანი დედის ოჯახი, რომელმაც, სავარაუდოდ, ჩვილი ბავშვი თავიდან მოშორების მიზნით, მეექვსე სართულის ფანჯრიდან ქუჩაში გადააგდო, შემზარავი შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა“, - თუმცა რა წყაროს ეყრდნობა ჟურნალისტი აღნიშნულის მტკიცების დროს, სიუჟეტიდან არ ჩანს. აღნიშნულის საპირწონედ, მასალაში მხოლოდ ორი ბავშვის კომენტარს ვისმენთ, რომლებიც განმარტავენ, რომ ქალი, რომელმაც ბავშვი ფანჯრიდან „ჩამოაგდო“, ტიროდა და „დედამისი სცემდა“.

ასევე, სიუჟეტში მხოლოდ არასრუწლოვნების მონათხრობს ეყრდნობა ის ვერსიაც, რომ ახალშობილის ცხედარი სამართალდამცველებმა ჯერ პოლიეთილენის პარკში გაახვიეს და შემდეგ კი - სანაგვე ურნაში ჩააგდეს. დამატებითი წყარო, რომელიც ამ ვერსიას მეტ დამაჯერებლობასა და სოლიდურობას შესძენდა, მასალაში არ ჩანს.

სიუჟეტში მომხდარში უპირობოდ არის დადანაშაულებული არასრულწლოვანი ისე, რომ მისი საუკეთესო ინტერესები გათვალისწინებული არ არის. Სიუჟეტში არც კი ჩანს მსჯელობა, რომ არასრულწლოვანი, რომელმაც სავარაუდოდ შვილი გააჩინა, შესაძლოა თავად იყოს მსხვერპლი. ასეთი მძიმე თემის ამგვარად გაშუქება კი ეთიკური სტანდარტების მიღმაა.
კატეგორია - ეთიკა
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის განცხადება, რომელიც პარალელებს ავლებდა ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით სომხეთისა და საქართველოს მიდგომებს შორის, ფართოდ გაშუქდა ორივე ქვეყნის მედიასაშულებების მიერ. ამ გაშუქებას მოჰყვა მძლავრი არმენოფობიური ტალღა აუდიტორიის მხრიდან.

სომხეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ საქართველოსა და სომხეთს ეპიდემიასთან ბრძოლის განსხვავებული სისტემა აქვთ. მისივე შეფასებით, სომხეთის სისტემა უკეთესია და ამის საილუსტრაციო რამდენიმე საკითხი წამოსწია:

  • იყენებს თუ არა საქართველო, სომხეთის მსგავსად, ყველა საეჭვო შემთხვევის შესამოწმებლად PCR ტესტს, თუ გამოიყენება სწრაფი ტესტები, რომლებიც ნაკლები სიზუსტით გამოირჩევა?
  • უკეთდება თუ არა ტესტი იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ მწვავე რესპირატორული ინფექციური ვირუსის მსუბუქი სიმპტომები?
  • შეჰყავთ თუ არა საერთო სტატისტიკურ მონაცემებში ის პაციენტები, რომლებიც პნევმონიის შედეგად გარდაიცვალნენ და ამავდროულად აღმოაჩნდათ COVID-19?
  • შეიძლება ჩაითვალოს, რომ საქართველოში დღეში მართლაც 1-2 შემთხვევა ვლინდება კორონავირუსის, თუ სინამდვილეში ყველა შემთხვევა არ ვლინდება და, შესაბამისად, არ შედის სტატისტიკაში, რადგან არსენ ტოროსიანის თქმით, მძღოლებს, რომლებიც საქართველოდან შედიან სომხეთში უმრავლეს შემთხვევაში უფიქსირდებათ კორონავირუსი.

ქართული მედია შემოიფარგლა სომხური მედიის მიერ გავრცელებული ამ ინფორმაციის თარგმნით. სათაურებში აქცენტირებული იყო ის, რომ არსენ ტოროსიანის თქმით, სომხეთის ანტიეპიდოემიოლოგიური სისტემა უკეთესია, ვიდრე - საქართველოსი.

იმ კონტექსტის გათვალისწინებით, როდესაც საქართველოში არმენოფობიური განწყობების ერთ-ერთი მთავარი მკვებავი სწორედ ეს შეჯიბრებითობაა, მედიამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო არმენოფობიური განწყობების წინ წამოწევას.

იმის ნაცვლად, რომ მედიას უფრო სიღრმისეულად გაეშუქებინა თითოეული ის საკითხი, რაც საეჭვოდ გახადა მეზობელი ქვეყნის მინისტრმა და ამით ეჩვენებინა, თუ რამდენად საფუძვლიანი ან უსაფუძვლო იყო კონკრეტული ჩინოვნიკის განცხადებები, გაშუქება შემდეგშიც ზედაპირულად გაგრძელდა და შემოიფარგლა “გაბრაზებული კოლეგების” კომენტარების ტირაჟირებით, რომლებითაც არსენ ტოროსიანისგან ითხოვდნენ ბოდიშის მოხდას და გადადგომასაც კი.

მედიაორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ მასალებს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ასობით კომენტარი აქვს დართული მომხმარებლებისგან, რომელთა უდიდესი ნაწილი არმენოფობიურია.

ტელეკომპანია “იმედის” ფეისბუკ გვერდზე გაზიარებულ მასალას - “სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება - შეფასებები” - 500-ზე მეტი კომენტარი ახლავს, აქედან უმრავლესობა არმენოფობიურია:

  • “ეს ვირუსიც სომხურია, ალბათ, მაგათ რომ კითხო და უკვირთ, თუ როგორ განიკურნა ჩვენთან ხალხი, ყველაფერს ხომ ეგენი იჩემებენ, ქართული ღვინის და შოთა რუსთაველის არ იყოს”;
  • “ესენი მოძმე ერი კი არა, მუდამ ქართველების დაუძინებელი მტრები იყვნენ ყოველთვის შურდათ ქართველების და ქართველების ცუდი უხარიათ...”

იგივე პათოსით გაჟღენთილი არმენოფობიური კომენტარებია თავმოყრილი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ფეისბუკის გვერდზე, სადაც გაზიარებულია ნიუსი, სათაურით: “სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი”. ნიუსს 400-ზე მეტი კომენტარი ახლავს და ამ შემთხვევაში მომხმარებლები კიდევ უფრო შორს მიდიან და არა მხოლოდ არმენოფობიურ, არამედ ზოგადად, ქსენოფობიურ კომენტარებს აკეთებენ.

“ეგრე კი ამბობდნენ, სომეხია, "კარენა" ჰქვიაო, მაგრამ ჩვენთან მამედამ კი შემოიტანა”, - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი კორონავირუსთან დაკავშირებით პირველი არხის ფეისბუკ გვერდზე.

არმენოფობიური კომენტარების სიუხვეა იმ მედიასაშუალებების გვერდებზეც, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ნებისმიერი ფორმის დისკრმინაციის საფრთხის გააზრებას და შესაბამისი სარედაქციო პოლიტიკაც აქვთ შემუშავებული.

მაგალითად, რადიო “თავისუფლების” ფეისბუკის გვერდზე, სადაც გაზიარებულია ნიუსი იმაზე, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს აეჭვებს საქართველოში Covid 19-ის სტატისტიკის სიზუსტე, 500-მდე კომენტარია თავმოყრილი, მათ შორის ბევრია არმენოფობიური.

ნინო ჯაფიაშვილი, რადიო “თავისუფლების” ქართულენოვანი სამსახურის მმართველი რედაქტორი გვიხსნის, რომ მათი რედაქციისთვის უწყვეტი პროცესია კომენტარების პოსტმოდერირების პროცესი.

“რთული, კომპლექსური და მოცულობითი”, - ასე აფასებს ნინო ჯაფიაშვილი მომხმარებლების კომენტარებზე მუშაობის პროცესს, რომელშიც რადიო “თავისუფლების” ყველა თანამშრომელია ჩართული. მისივე თქმით, სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ კომენტარების რაოდენობა ბევრია, ამავე დროს მნიშვნელოვანია კრიტიკული და სტანდარტებთან შეუსაბამო კომენტარების გამიჯვნა.

Publika.ge-ს რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი “მედიაჩეკერთან” საუბარში ამბობს, რომ კომენტარების ნაწილში პოსტმოდერირებას მიმართავენ იმ შემთხვევებში, როდესაც კომენტარი შეიცავს სიძულვილის ენას. ამის მიუხედავად, არაერთი არმენოფობიური კომენტარია თავმოყრილი “პუბლიკის” ფეისბუკის გვერდზე, სადაც სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადების თაობაზე ნიუსია გაზიარებული.

“სიძულვილის შემცველ კომენტარებს ვშლით, ანუ ყოველდღე ვცდილობთ, რომ კომენტარებს გადავხედოთ და ასეთი შინაარსის კომენტარები წავშალოთ. ამის მართვა დელეგირებულია სხვადასხვა დღეს სხვადასხვა თანამშრომელზე და როგორც ჩანს, გამორჩა”, - გვითხრა ლიკა ზაკაშვილმა.

სამხრეთ კავკასიის, მათ შორის, სომხეთთან დაკავშირებულ ამბებს ყოველდღიურ რეჟიმში აშუქებს Netgazeti.ge. აღნიშნული განყოფილების რედაქტორი, ნინო კახიშვილი გვეუბნება, რომ არმენოფობიური განწყობები აუდიტორიაში ისეთი მძაფრი აღარ არის, როგორც იყო 5 წლის წინ, თუმცა მაინც არსებობს ამ კუთხით დიდი გამოწვევები.

“გვაქვს შემთხვევები, როდესაც ბევრი ფიქრი გვიწევს თუნდაც, მასალის სათაურზე, რომელიც არ გამოიწვევს დამატებით მძაფრ რეაქციებს კომენტარებში. დილემური იყო რამდენიმე დღის წინ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ქართულ ჯანდაცვაზე კომენტარის გამოქვეყნების საკითხიც, რადგან არსებობდა მხოლოდ ერთი გადაუმოწმებელი წყარო და ზუსტად ვიცოდით ისიც, რომ ის დამატებით შუღლს გააღვივებდა. ჩვენი მიზანი კი, არ არის ეს და შესაბამისად, მეტ ძალისხმევას ვხარჯავთ იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი ამბები მივაწოდოთ მკითხველს და ამავე დროს, შუღლი არ გავაღვივოთ”, - გვითხა ნინო კახიშვილმა.

საბოლოოდ, “ნეტგაზეთის” სარედაქციო გადაწყვეტილება იყო, რომ არ გამოექვეყნებინათ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე ნიუსი ცალკე და ის ქართული მხარის მიერ გაკეთებულ კომენტარებთან ერთად განათავსეს ვებ-გვერდზე. შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ გვერდზე არმენოფობიური კომენტარები არ გვხვდება, თუმცა, ზოგადად გამოცემის სარედაქციო პოლიტიკის მიხედვით, არმენოფობიური და ზოგადად, კომენტარები, რომლებიც შუღლს აღვივებს, იშლება.

“თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც გამოგვრჩენია, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ დაწერეს, ან ჩვენ ვნახეთ გვიან”, - გვითხრა ნინო კახიშვილმა.

ზოგადად, ფეისბუკში და სხვა სოციალურ ქსელებში მედიაორგანიზაციების გვერდებზე გაკეთებული კომენტარების მოდერირება რთული და მნიშვნელოვანი გამოწვევაა მედიაორგანიზაციებისთვის.

“სოციალურ ქსელში მედიასაშუალების ოფიციალურ გვერდით გავრცელებული ინფორმაცია აღიქმება როგორც მედიასაშუალების პროდუქტი და მასზე ვრცელდება ყველა ჟურნალისტური სტანდარტი, რაც ჩვეულებრივ, მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ პროდუქტზე ვრცელდება. ამგვარი პრაქტიკა აქვს საქართველოს ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიას და ევროპის ბევრი ქვეყნის პრესის საბჭოებსაც”, - ვკითხულობთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ “სოციალური მედიის გამოყენების სახელმძღვანელო წესებში”. თუმცა ეს გაიდლაინი ცალკე რეკომენდაციებს არ იძლევა კომენტარების ნაწილზე, რომელიც თან ახლავს მედიაორგანიზაციების გვერდებზე განთავსებულ მასალებს სოციალურ ქსელებში. თუმცა ევროპის ქვეყნებში ბევრ პრესის საბჭოს აქვს კონკრეტული გაიდლაინები ამ საკითხთან მიმართებაში, რომელთა არსი მდგომარეობს იმაში, რომ მედია პასუხისმგებელია მის მიერ გავრცელებულ კონტენტზე, მათ შორის, კომენტარებზე, რომლებსაც მედიაორგანიზაციების გვერდებზე მომხმარებლები ტოვებენ.
კატეგორია - ეთიკა
22 მაისს სამართალდამცველებმა ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს. სასამართლომ ბასილაშვილი ორი დღის შემდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ამბავი 24 მაისს გახმაურდა და იმავე დღეს ყველა საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. დაუდასტურებელი ინფორმაციებისა და ვარაუდების ტირაჟირებით, პირადი ცხოვრების არასაჭირო დეტალების გასაჯაროებით და სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მოტივებზე აქცენტირებით ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” მომხდარი არაკვალიფიციურად, ეთიკური სტანდარტების დარღვევით გააშუქა.

alt24 მაისს “მთავარ არხზე” კვირის მთავარი გამოშვება “პოსტ ფაქტუმი” ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის დაპირისპირების თემით დაიწყო. ამბის გაშუქებას 12 წუთზე მეტი დაეთმო. “ძალადობა თუ შანტაჟი - რა გახდა ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის დაპირისპირების საგანი” - ამ სათაურიდანვე ცხადი გახდა, რომ ამბის გაშუქების მთავარი ამოცანა დაპირისპირების დეტალების გარკვევა იყო.

იმავე აქცენტით დაიწყო სიუჟეტის წარდგენა გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ: “ძალადობა თუ შანტაჟი - რა მოხდა ნიკა ბასილაშვილსა და მის მეუღლეს შორის, რა გახდა მათ შორის დაპირისპირების მიზეზი...”. ამბის გაშუქებისას, ნათელი გახდა, რომ გადაცემის წამყვანი, ისევე როგორც სიუჟეტის ავტორი ყოფილი ქმრის მხრიდან ცოლზე სავარაუდო ძალადობის მოტივის ძიებაზე იყო ფოკუსირებული.

მოვლენების ქრონოლოგიურად აღწერისა და მხარეების კომენტარების გაცნობის შემდეგ, ჟურნალისტმა ლაპარაკი ჩოგბურთელის პირადი ცხოვრების უცნობ დეტალებზე და დაპირისპირების სავარაუდო მოტივებზე დაიწყო.

ვარაუდების გაჟღერებისას სიუჟეტის ავტორი ერთადერთ წყაროს - ჟურნალისტ მაგდა კლდიაშვილს დაეყრდნო. აღნიშნული რესპონდენტის რელევანტურობის საპირწონედ ჟურნალისტი მხოლოდ იმას ამბობს, რომ იგი “ნიკოლოზ ბასილაშვილს დიდი ხანია იცნობს”.

მაგდა კლდიაშვილი საუბარს ჩოგბურთელის პირად ცხოვრებაზე იწყებს და ამბობს, რომ ბასილაშვილისა და ყოფილი ცოლის დაპირისპირება არ გაკვირვებია, რადგან მის უკან “სხვა ამბები” იმალება. მისივე თქმით, იგი “კულუარულ ინფორმაციას ფლობს” და ამბობს, რომ ბასილაშვილს პირადი ცხოვრების გარკვეული დეტალის გასაჯაროება არ უნდოდა, დუმილის სანაცვლოდ კი ყოფილ ცოლს ყოველთვიურად 100 000 ლარს უხდიდა.

ამის შემდეგ, რესპონდენტი დაპირისპირების კონკრეტულ მიზეზებზე იწყებს საუბარს და საზოგადოებისთვის უცნობ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ნელი დოროყაშვილი თანხის გასამმაგებას ითხოვდა და “სწორედ მაშინ დამუქრებია ყოფილი მეუღლე ჩოგბურთელს, რომ მე შენს კარიერას დავასრულებო”.

altმაგდა კლდიაშვილის “კულუარული” და უცნობ წყაროებზე დამყარებული ინფორმაციების შემდეგ, მაყურებელი ჩოგბურთის მსოფლიო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტისგან ნიკოლოზ ბასილაშვილის დადებით დახასიათებებს ისმენს.

სიუჟეტის ბოლო ნაწილში ჟურნალისტი კვლავ ნელი დოროყაშვილის ბრალეულობაზე ამახვილებს ყურადღებას: “ბასილაშვილების ოჯახი ყოფილი რძლის მხრიდან შანტაჟზე საუბრობს. მაგდა კლდიაშვილი კი გვიყვება, რომ ნეკა დოროყაშვილი მის ყოფილ მეუღლეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს გახმაურებით და კარიერის დასრულებით ხშირად ემუქრებოდა. სიჩუმის სანაცვლოდ მიღებული თანხა კი, ლარის ინფლაციის გამო, დოროყაშვილისთვის საკმარისი აღარ იყო და კონტრაქტის გადახედვას ითხოვდა”, - ამბობს სიუჟეტის ავტორი.

ნელი დოროყაშვილის ბრალეულობაზე და ნიკოლოზ ბასილაშვილის დადებითად წარმოჩენაზე მიუთითებდა სიუჟეტში მოყვანილი საარქივო მასალებიც.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჟურნალისტი სიუჟეტს შემდეგი ფრაზით ასრულებს: “არის თუ არა ფემიციდის მორიგი ფაქტი ბასილაშვილების ოჯახში მომხდარი დაპირისპირება, სასამართლომ შემდეგ სხდომაზე 16 ივლისს უნდა დაადგინოს. ფემიციდის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა ბასილაშვილს ძალადობა, პატიმრობასთან ერთად, შესაძლოა, ბრწყინვალე საჩოგბურთო კარიერის დასასრულად დაუჯდეს.”

ფემიციდი ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმაა და გენდერული ნიშნით მოტივირებულ ქალის განზრახ მკვლელობას ნიშნავს. ამ შემთხვევაში, ჟურნალისტი არასწორად იყენებს ტერმინს და ძალადობას მკვლელობასთან აიგივებს.

“პოსტ ფაქტუმის” შემდეგ, იმავე თემით დაიწყო “მთავარი აქცენტები” გადაცემის წამყვანმა ნიკა გვარამიამ.

“დღეს ცუდი ამბავი გავიგეთ. ძალიან ვგულშემატკივრობ ამ სპორტსმენს, როგორც საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელს, ეს უნდა ითქვას”, - აღნიშნა წამყვანმა და ვრცელ მონოლოგში ბასილაშვილის მიღწევებზე ისაუბრა, განმარტა, რომ ქალზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ბოლოს ნიკოლოზ ბასილაშვილს მოუწოდა, რომ აღიაროს ის “უწყინარი ინფორმაცია”, რის დაფარვაშიც უხდიდა ფულს ყოფილ ცოლს:

alt“ბასილაშვილს მოვუწოდებ, რომ ილაპარაკოს ღიად. რის დაფარვაში უხდიდა ცოლს ასი ათას თვეში და როგორ აშანტაჟებდა ის, მიუხედავად იმისა, რომ არსებულია წერილობითი ხელშეკრულება ინფორმაციის გაუთქმელობის ამ კონკრეტულ თანხად და რის გამხელას ემუქრებოდა ის სამასი ათას ლარად თვეში. ნიკა, ეს გაცილებით უფრო უწყინარი ინფორმაციაა, ვიდრე ცოლის მცემელის იმიჯი, რომელიც ყველაფერს დაამთავრებს. არც მოშანტაჟე ქალის ცემა არ შეიძლება, იმედი მაქვს, რომ ეს არ მომხდარა, მაგრამ ჯობია ყოველთვის სიმართლე, გამჭვირვალობა. ეს ყოველთვის ამარცხებს ყველას და ყველაფერს, ყველა შეთქმულებას და ყველაფერს ცუდს, დამიჯერე”, - მოუწოდა ნიკა გვარამიამ ნიკოლოზ ბასილაშვილს.

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის დაპირისპირების საკითხი 25 მაისსაც ერთ-ერთი წამყვანი თემა იყო “მთავარი არხისთვის”. დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არხმა მაყურებელს აცნობა, რომ დაპირისპირების ახალი დეტალები გაარკვია.

“ახალი ფაქტები ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეში. ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის საქმეში სულ უფრო მეტი ახალი დეტალი ხდება ცნობილი”, - ამ შესავლით დაიწყეს წამყვანებმა სიუჟეტის წარდგენა, თუმცა, სიუჟეტში მაყურებელმა ფაქტების ნაცვლად კვლავ ვარაუდები და პირადი ცხოვრების არასაჭირო დეტალები მოისმინა.

შესავლის შემდეგ, წამყვანებმა ჟურნალისტი ჩართეს: “ჩვენმა ჟურნალისტმა დავით ერაძემ იცის ყველა დეტალი ამ კონფლიქტის თაობაზე და ახლა ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება”. მიუხედავად წამყვანის ანონსისა, მაყურებელმა ჟურნალისტისგან კონფლიქტის შესახებ დეტალები და ფაქტებზე დამყარებული, არგუმენტირებული მსჯელობა ვერ მოისმინა:

alt“დიახ, კონფლიქტის დეტალებზე საუბარს საკმაოდ დიდი დრო დაუთმო როგორც ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველმა, ასევე - ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა. ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა რამდენიმე საინტერესო ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. ერთ-ერთი უდავოდ საინტერესო ფაქტია ის, რომ სწორედ დოროყაშვილთან ურთიერთობას უკავშირდება ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატება. ხოლო მეორე არის ის შემთხვევა, რომელიც სამი თვის წინ მოხდა და შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას, როდესაც მას შეჩერების ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ეს ორდერი სააპელაციო სასამართლომ მას შემდეგ გააუქმა, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმა ის გააპროტესტა. სწორედ, ადვოკატი თვლის, რომ სწორედ ამ ორდერის შეჩერება გახდება საქართველოსა და ევროპის სასამართლოში სარჩელის შეტანის საფუძველი, სწორედ, ქართულ მხარეს მოუწევს საკმაოდ დიდი თანხის გადახდა. ხოლო, რაც შეეხება თავად ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველის პოზიციას, ირმა ჭკადუა დარწმუნებულია, რომ საქმეში არანაირი ძალადობის ფაქტი არ ფიქსირდება, ვინაიდან ასეთი ფაქტი საერთოდ არ მომხდარა. ირმა ჭკადუა “დღის სტუმარის” ეთერში დეტალურად იხსენებს მომხდარს და იმასაც ამბობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მის ყოფილ მეუღლეს 100 000 ლარს აღარ გადაუხდის. გარდა ამისა, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, შესაძლოა, კონფლიქტის მიზეზი გახდეს გერმანელი ჩოგბურთელი, საკმაოდ ლამაზი ჩოგბურთელი, შარლოტა ჰელენი”, - ამბობს ჟურნალისტი.

altსიუჟეტში მაყურებელმა მხარეების ადვოკატების პოზიციები მოისმინა. “კონფლიქტის ახალი დეტალი” კი, რაზეც წამყვანი და ჟურნალისტი საუბრობდნენ, ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი ცხოვრების არასაჭირო დეტალი აღმოჩნდა:

“უცხოური მედია ბოლო დროს აქტიურად წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის ახალ სიყვარულზე. შარლოტა ჰელენი სოციალურ ქსელში საკუთარი რჩეულის ფოტოებს აღარ მალავს. გერმანელი სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესსაც ესწრებოდა. ის “მთავარის” კამერამ ნიკოლოზ ბასილაშვილის ავტომობილში დააფიქსირა”, - ამბობს ჟურნალისტი და მაყურებელს აწმუნებს, რომ შესაძლოა, კონფლიქტის მიზეზი სწორედ გერმანელი ჩოგბურთელი გამხდარიყო.

ამგვარი გაშუქება, არა მაღალი აქტუალობის მქონე ფაქტის შესახებ საჯარო ინტერესის, არამედ საზოგადოების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას ემსახურება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პირადი ცხოვრების არასაჭირო დეტალების გასაჯაროება და სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მოტივებზე აქცენტირება, სავარაუდო ძალადობის მსხვერპლის ბრალეულობაზე და სავარაუდო მოძალადის გამართლებაზე მიუთითებდა.

“ფრთხილად იყავით, რომ თქვენი გაშუქებით ხელი არ შეუწყოთ მსხვერპლის ისე წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ. მაგალითად, მოერიდეთ დანაშაულის მიზეზად “ეჭვიანობის ნიადაგის” დასახელებას. ამით თქვენ უნებურად მიანიშნებთ იმაზე, რომ მსხვერპლი ქალი “არასწორად” იქცეოდა, პროვოცირება გაუკეთა მოძალადეს და მისცა საფუძველი დანაშაულის ჩადენისა. გარდა იმისა, რომ არ არსებობს რაიმე ტიპის ქცევა, რაც გაამართლებს მოძალადის ქმედებას, საკანონდებლო ბაზა დანაშაულის მოტივად არ სცნობს “ეჭვიანობის ნიადაგს”. არსებობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, დისკრიმინაცია, შურისძიება და ა.შ, რაც შესაძლებელია დანაშაულის საფუძველი იყოს, მაგრამ არა “ეჭვიანობს ნიადაგი“, - ვკითხულობთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში.

ამავე გზამკვლევში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ მედიამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას და სათანადო აქცენტის დასმით წარმოაჩინოს არსებული პრობლემები:

“ქალთა მიმართ ძალადობას სხვადასხვა ფორმა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ მედიამ ყურადღების მიღმა არ დატოვოს ასეთი შემთხვევები და სათანადო აქცენტის დასმით წარმოაჩინოს არსებული პრობლემები. ამასთან, ისე უნდა გააშუქოს ეს თემა, რომ არ მიაყენოს ზიანი მსხვერპლს, მის შვილებს, ახლობლებს.”

გარდა ეთიკური სტანდარტებისა, “მთავარი არხის” პასუხისმგებლობას ზრდის ისიც, რომ არხი საქართველოში გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი პირველი ტელევიზია გახდა. ამ ფაქტით ტელეკომპანია განსაკუთრებულად ამაყობდა, არხის დირექტორი თათმა მურადაშვილი კი აცხადებდა, “ძალიან ბევრი იდეა და გეგმა გვაქვს, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ზოგადად, ქალთა უფლებების დაცვას”.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ერიკა კვაპილოვამ კი “მთავარ არხთან” საუბრისას აღნიშნა:  “მედიაორგანიზაციებს შეუძლიათ გენდერული თანასაწორობის დაცვაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ. კარგად ვიცით, რომ მედია სერიოზული ძალაა. ჟურნალისტურ ნამუშევარს საზოგადოების შეხედულებაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. მოხარულები ვართ, რომ მთავარმა არხმა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.”

გაეროს ქალთა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მედიის წვლილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: "მედიის საქმიანობას, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება, შეუძლია, გარდაქმნას ის დისკრიმინაციული სოციალური ნორმები, რომლებიც ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის მედიასთან თანამშრომლობის მთავარი პრიორიტეტი ქალთა საკითხების ეთიკური და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქებაა."

ორგანიზაციის განცხადებით, ოჯახში ძალადობის საქმემ, რომელიც ნელი დოროყაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს, ნიკოლოზ ბასილაშვილს უკავშირდება, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა იმ ეთიკური სტანდარტების მნიშვნელობა, რომლებიც მედიამ მსგავს თემებზე მუშაობისას უნდა დაიცვას: "დაზარალებულის რაიმე ფორმით დადანაშაულება ამყარებს სტერეოტიპებს, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის საფუძველია და ბევრ მსხვერპლს უბიძგებს, არ გაამხილოს ძალადობა, რაც მათ ჯანმრთელობის, ზოგჯერ კი სიცოცხლის ფასადაც უჯდებათ".

"სულ ახლახან ტელეკომპანია „მთავარი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი გახდა და გამოთქვა მზადყოფნა, საკუთარი საქმიანობით ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას. ჩვენი ორგანიზაცია მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და ტელეკომპანიის სწრაფვას, გაიღრმავოს ცოდნა ქალთა საკითხების ეთიკურად გაშუქებაში. ამავდროულად, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ზრდის არხის პასუხისმგებლობას, მაღალი ეთიკური სტანდარტით გააშუქოს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, რაც ნელი დოროყაშვილის შემთხვევაში არ იყო დაცული.

ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმოწერა არის პირველი ნაბიჯი, თუმცა მნიშვნელოვანია, მას მოჰყვეს შესაბამისი კონკრეტული ქმედებები გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ორგანიზაციის მხრიდან შიდა პროცესებისა თუ პოლიტიკის კრიტიკული ანალიზი", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე განმარტებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს გლობალური შეთანხმების ქალთა გაძლიერების პრინციპები კერძო სექტორისთვისაა განკუთვნილი. ამ პრინციპებზე ხელმოწერა ნებისმიერ მედიაორგანიზაციას შეუძლია. გაეროს ქალთა ორგანიზაცია მიესალმება საქართველოში მოქმედი ნებისმიერი მედიის ინტერესს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმოწერის შესახებ და ღიაა შესაბამისი კონსულტაციის გაწევისა თუ დახმარებისთვის.


რედაქციის შენიშვნა: მასალის გამოქვეყნების შემდეგ, "მედიაჩეკერს" გაეროს ქალთა ორგანიზაცია დაუკავშირდა მცირე განმარტების თხოვნით.  შესაბამისად, 29 მაისს მასალას ბოლოში ორგანიზაციის პოზიცია დაემატა, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმოწერა არის პირველი ნაბიჯი, თუმცა მნიშვნელოვანია, მას მოჰყვეს შესაბამისი კონკრეტული ქმედებები გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

 

კატეგორია - ეთიკა
ტელეკომპანია “იმედის” კვირის ანალიტიკური გადაცემის - “იმედის კვირის” 24 მაისის სიუჟეტში მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ 19 მაისს ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში გაკეთებული განცხადება მანიპულაციურად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად იყო წარმოჩენილი.

კერძოდ, ერთ კვირის წინ, გადაცემა “ღამის მთავარში” სტუმრობისას, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლეების შეფასებისას, ოქრუაშვილმა ასეთი რამ თქვა - “ივანიშვილს დავაშვებინეთ შეცდომა - მან გაისროლა”. ამას ჟურნალისტის ჩაკითხვის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა განმარტება მოაყოლა, რომ იგი არა პოლიტიკოსების, არამედ მთლიანად საზოგადოების ქმედებას გულისხმობდა.

“მას არ მივეცით საშუალება, ამ ადამიანის [სერგეი გავრილოვის] წითელი ხალიჩით მიღება მოეწყო პარლამენტში და ჩვენ [პარლამენტთან] ჩვენი პროტესტის გამოსახატავად მივედით, ამას ვგულისხმობ, რომ დავაშვებინეთ შეცდომა”, - თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა და დასძინა, რომ ივანიშვილმა ხალხის ხასიათი “ვერ გათვალა”.

ტელეკომპანია “იმედის” სიუჟეტში ოქრუაშვილის ტექსტიდან მხოლოდ ის ნაწილი მოხვდა, სადაც იგი ამბობს, რომ მისი აქციაზე ყოფნა, შესაძლოა, ვინმესთვის “წითელი ნაჭრის აფრიალებასავით” ან მასტიმულირებელი ყოფილიყო და სადაც დასძენს: “ეს შეცდომა ჩვენ მას კარგი გაგებით დავაშვებინეთ, მან გაისროლა... ყველაზე დიდი შეცდომა მისი მხრიდან იყო, რომ მან გაისროლა”.

“იმედის” სიუჟეტში წამყვანის ტექსტიდან დაწყებული მასალის ბოლო ფრაზით დამთავრებული მთავარი აქცენტი 20-21 ივნისის მოვლენებში ოპოზიციის ბრალეულობაზე გადიოდა.

“ე.წ. პოლიტპატიმრად წოდებული და შეწყალებული ოქრუაშვილი თავისსავე თავს, ოპოზიციის პათოსს და მის უდანაშაულობაში დარწმუნებული ევროპარლამენტარების რიტორიკას ეწინააღმდეგება. სააკაშვილის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მან პირდაპირ აღიარა ის, რაც 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ ჩაიდინა თავის თანამოაზრეებთან ერთად”, - თქვა წამყვანმა თემის წარდგენისას და დაამატა, რომ სიმართლეს, რომელიც “აღიარების გარეშეც ყველამ იცის” უკვე სიუჟეტიდან შევიტყობდით.

სიუჟეტში მოვისმინეთ, რომ ოქრუაშვილს აქვს "ისეთების თქმის უბადლო ნიჭი, რასაც ხელში ციხის საგზურის დაკავება მოჰყვება. თუმცა, იმისთვის, რაც ოქრუაშვილმა მისი ყოფილი მოსისხლე მტრის სააკაშვილის ტელევიზიის ეთერში აღიარა, ციხეში აღარ მოხვდება, რადგან მძიმე დანაშაულისთვის უკვე გაასამართლეს”. მეტიც, უკვე “გამოსვლაც მოასწრო”, თანაც “შეწყალებით”.

ჟურნალისტს ყურადღებიდან ოქრუაშვილის “აღარების” შემდეგ, არც იმ გადაცემის წამყვანის ემოციები და სახის გამომეტყველება დარჩა უყურადღებოდ, რომელსაც იგი სტუმრობდა და არც ამავე არხის “მთავარი იდეოლოგი და სააკაშვილის მარიონეტი”, რომელიც მისივე თქმით, “20 ივნისის ღამეს ძალადობრივ პროცესებში ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად მონაწილეობდა”.

“ჩანაწერები [20 ივნისის ღამის], შემდეგ რუსთაველის გამზირზე განვთიარებული მოვლენები და ახლა უკვე ირაკლი ოქრუაშვილის აღიარება ყველაფერს თავის ადგილზე ალაგებს. სრულ სურათს აჩვენებს რა მიზანი ამოძრავებდათ პოლიტიკოსებს, რომელთაც საწადელს მიაღწიეს და მიიღეს დაშავებული ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე, რაც შემდეგ ჩვეულ სტილში შეფუთეს და სააკაშვილის პარტიის მიერ მოპარული ტელევიზიის ეთერით თვეების განმავლობაში ატრიალეს”, - მოვისმინეთ სიუჟეტიდან.

ამის შედეგ ჟურნალისტმა 20-21 ივნისის მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა უკვე სრულად ოპოზიციას დააკისრა და თქვა, რომ “აგრესიისა და არეულობის ავტორები პოლიტიკურ საფასურს აუცილებლად გადაიხდიან და ეს მაშინ მოხდება, როდესაც ამომრჩეველი საარჩევნო ურნასთან მივა და არჩევანს დესტაბილიზაციასა და განვითარებას შორის გააკეთებს”.

გარდა ამისა, თავდაცვის ყოფილ მინისტრს იმ პოლიტიკური ძალის “ბინძური საცვლების პირდაპირ ეთერში გამოფენაც” გაუხსენეს, რომელსაც იგი ახლა შეეკრა, “წარსულშიც არაერთხელ მიენდო და ამ პოლიტიკური თამაშებიდან ყოველთვის წაგებული და დატყვევებული გამოვიდა”.

ირაკლი ოქრუაშვილის ნათქვამიდან მხოლოდ ერთი ნაწილის წარმოჩენა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ არხის მიზანი 20 ივნისის მოვლენებში სრულად ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერების დადანაშაულება და ხელისუფლების პასუხისმგებლობის იგნორირება იყო.

აღსანიშნავია, რომ ეს არხის მიერ ამ თემის მსგავს კონტექსტში წარმოჩენის პირველი შემთხვევა არ არის. 20-21 ივნისის მოვლენების დროს, ოპოზიციის მხრიდან "ესკალაციის, არეულობის გამოწვევის, სახელმწიფო გადატრიალებისა და ამბოხის მცდელობაზე" “იმედს” სიუჟეტები ადრეც მოუმზადებია.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

კატეგორია - ეთიკა
როგორ უნდა გააშუქოს მედიამ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები, რას უნდა მიაქციოს ყურადღება იმისათვის, რომ უნებურად ხელი არ შეუწყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სტიგმატიზებას - “მედიაჩეკერი” ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილს ესაუბრა.

- არცთუ იშვიათად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც რაიმე ტიპის დანაშაულს ან ანტისოციალურ ქმედებას პირდაპირ ან ირიბად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან აკავშირებენ და მედია უნებურად ხდება ამ მსჯელობის ხელშემწყობი…

პირველ რიგში, ალბათ, ის უნდა ვთქვათ, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის სხვა ადამიანებისგან გამიჯვნა არ არის სწორი. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, ყოველ მეოთხე ადამიანს, ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს. შესაბამისად, მსგავსი პრობლემა ყველას შესაძლოა გვქონდეს.

თუ რაღაც სტრესული შეგვემთხვა, მაგალითად - ძალადობის მსხვერპლი გავხდით, თუნდაც ინტერნეტ-ძალადობის, ან საავტომობილო ავარიაში მოვყევით, ან სამსახური დავკარგეთ და ა.შ. - ამგვარ გამოცდილებაზე შფოთვა ან დეპრესია გავრცელებული რეაქციებია. ან, თუ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, მაშინ შესაძლოა პოსტტრამვული სტრესული აშლილობის სიმპტომებმა შეგვაწუხოს. ანუ, ფსიქიკური პრობლემები არ არის ისეთი რამ, რაც იშვიათად ხდება. Სწორედ ამიტომ, შფოთვას, დეპრესიას, პოსტტრავმულ სტრესს - “ფსიქიკური ჯანმრთელობის გავრცელებულ აშლილობებს” ვუწოდებთ.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები არ არიან “ისინი”, ეს ვართ “ჩვენ”. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანი უფრო მოწყვლადია სხვისი აგრესიის მიმართ, ვიდრე ის “საშიშია” სხვა ადამიანებისთვის. სტატისტიკურად, ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანები უფრო ხშირად ხდებიან სხვისი აგრესიის მსხვერპლი, ვიდრე სხვა ადამიანები. ამაზე საზოგადოება არ ფიქრობს, იმიტომ რომ არის სტიგმა.

- როგორ უნდა გააშუქოს მედიამ ეს თემა ისე, რომ საზოგადოებაში არსებული სტიგმა კიდევ უფრო არ გაძლიერდეს?

მედიის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობის ჩამოყალიბებაში. სიტყვას დიდი ძალა აქვს. სტიგმა უკვე არსებობს და თუ რაღაც ხდება საზოგადოებისთვის მტკივნეული და ემოციური, ხშირად ამას სწორედ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს აბრალებენ, სწორედ ამ სტიგმის გამო.

იყო შემთხვევა, როდესაც მწვავე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის (ფსიქოზური სპექტრის) მქონე ადამიანმა ჩაიდინა მძიმე დანაშაული. დანაშაულის ჩადენის მომენტში მას არ ჰქონდა თავისი მდგომარეობის კონტროლის უნარი. ეს პრობლემაა, რომ მას დროულად და ხარისხიანად ვერ გავუწიეთ დახმარება დაავადების გამწვავებასთან დაკავშირებით. მაგრამ კიდე უფრო დიდი პრობლემაა, როდესაც საზოგადოება სრულიად მარტივად ხსნის მომხდარს: “ფსიქიკურად ავად იყო და ამიტომ ჩაიდინა დანაშაული”. ანუ, მომხდარის ერთადერთ მიზეზს ხედავს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებში და არა, ვთქვათ, ჩვენი ზრუნვის სისტემის ხარვეზებში. ეს მაშინ, როცა ბევრად უფრო მეტი დანაშაული და კანონდარღვევა ხდება ჩვენ გარშემო ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანების ხელით.

მედიამ დანაშაულის შემთხვევები არ უნდა გააშუქოს ისე, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელი ქცევა. როდესაც ჟურნალისტი აშუქებს ასეთ პრობლემას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განზოგადებას და სტიგმატიზებას თავი აარიდოს და ისაუბროს სისტემურ პრობლემაზე.

- მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანების გაშუქებისას რა უნდა იყოს ჟურნალისტის ამოცანა, ამბის ფოკუსი?

გააჩნია რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ვთქვათ, არის შემთხვევა, როდესაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა ადამიანმა, რომელსაც მწვავე ფსიქიკური მდგომარეობა ჰქონდა და ვერ აკონტროლებდა თავს. მედიამ ეს არ უნდა განაზოგადოს და არ უნდა გააშუქოს როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელი ქცევა, მისი თავისებურება. სტიგმატიზება არ უნდა მოხდეს.

ჟურნალისტმა, რასაკვირველია, რეალობა უნდა ასახოს და დაეხმაროს საზოგადოებას ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღოს. ფაქტი არ უნდა დაფაროს, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს ნიუანსებს.

თუ ჟურნალისტი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემით ხსნის დანაშაულს, ეს არ არის სწორი. მნიშვნელოვანია, ჟურნალისტმა შეისწავლოს და გააშუქოს კონტექსტი, რომ აჩვენოს მთლიანი სურათი, პრობლემის საფუძველი.

ცალმხრივად, კონტექსტის გარეშე გაშუქებას მივყავართ იქამდე, რომ საზოგადოება ისე აღიქვამს, თითქოს, თუ ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ის საშიშია. ეს არ არის სწორი, პირიქით, ის მოწყვლადია. და მისთვის საშიში ისეთი საზოგადოებაა, რომლიც მასში ხედვას საშიშროებას მხოლოდ იმიტომ, რომ მას ფსიქიკური აშლილობა აწუხებს.

- თუმცა, ის, რასაც თქვენ ამბობთ, ცხადია არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ეს თემა, ვგულისხმობ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, მედიამ საერთოდ არ გააშუქოს, ასეა?

აუცილებლად უნდა გააშუქოს. მაგრამ - პროფესიულად, მედია სტანდარტების დაცვით. ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანები ისედაც არასაკმარისად აირან ინტეგრირებული საზოგადოებაში და მედიას ყურადღების გარეშე ეს გარიყვა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. ასევე, ჩვენს ქვეყანაში არ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების საკმარისად განვითარებული ინფრსტრუქტურა და მის განვითარებაშიც მედიას შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს. მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება იმაზე, რომ სახელმწიფოში არ არის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სრულფასოვანი ზრუნვისთვის აუცილებელი სერვისები. უნდა იყოს ნაჩვენები პრობლემა.

ხშირად გვესმის, “აი, რატომ დაიხურა დიდი ფსიქიატრიული საავადმყოფოები, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები იქ უნდა იყვნენ და არა ჩვენს გარემოში”. ეს დისკრიმინაციული მსჯელობაა. ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ ჩვენს შორის, როგორც ინტერვიუს დასაწყისში ვთქვი - ეს თავად ჩვენ ვართ. ისინი არ უნდა გაირიყონ. ეს დანაშაული იყო, რომ წლების განმავლობაში გამოკეტავდნენ ხოლმე ადამიანებს დიდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში (მაგ., ასათიანზე) ისე, როგორც ციხეში. ეს ადამიანს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარ-ჩვევებს და შანსს უკარგავდა.

სინამდვილეში, ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სახლში, მუშაობდეს, იყოს შეძლებისდაგვარად დამოუკიდებელი. დამოუკიდებლად ცხოვრებაში დასახმარებლად მასზე უნდა ზრუნავდეს ე.წ. თემზე დაფუძნებული სერვისები - მაგალითად, მას სახლში უნდა ემსახურებოდეს მულტიდისციპლინური გუნდი (სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ოკუპაციური თერაპევტი, ექთანი), საჭიროებების მიხედვით ეხმარებოდეს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. დაავადების გამწვავების პერიოდებში ერთი-ორი კვირით, შესაძლოა ცოტა მეტით (მაგრამ, არა თვეობით, როგორც წინათ იყო) იგი შესაძლოა წვებოდეს საავადმყოფოში, მწვავე ფსიქიატრიულ განყოფილებაში, რომელიც ჩვეულებრივი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილება უნდა იყოს და არა საზოგადოებიდან გარიყული დიდი ფსიქიატრიული ჩაკეტილი ინსტიტუცია. როგორც არის, ვთქვათ, კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, ქირურგიული განყოფილება, ისევე უნდა იყოს ფსიქიატრიულიც. მწვავე მდგომარეობის გასვლის შემდეგ იგი უნდა დაბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ პირობებში. მან არ უნდა იცხოვროს ფსიქიატრიულში, როგორც ეს წინათ ხდებოდა. არც მას სჭირდება ეს და არც საზოგადოებას.

საზოგადოების განვითარების დონე შესაძლოა გაიზომოს ბევრი პარამეტრით, მაგრამ ის, თუ როგორ ზრუნავენ საზოგადოებაში ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებზე - ერთერთი უმნიშვნელოვანესი პარამეტრია.ზრუნვა და დამოუკიდებელ ცხოვრებაში დახმარება, გარიყვის, გამოკეტვისა და დისკრიმინაციის ნაცვლად - აი ეს უნდა იყოს ძირითადი სტრატეგია. და მედიას შეუძლია ამ სტრატეგიის დანერგვაში წვლილის შეტანა.


  • 18-24 მაისი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების კვირეული იყო.
  • 24 მაისი კი შიზოფრენიის ცნობიერების დღე.
კატეგორია - ეთიკა
მითები და ყალბი ამბები, რომლებიც კორონავირუსის შესახებ საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გავრცელდა და ადგილობრივების ქცევა შეცვალა.

სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა რამდენიმე ოჯახმა, პირუტყვის გამოსაკვები თივა სპეციალური კარვებით მას შემდეგ დაფარა, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლები ცრუ ინფორმაციამ მოიცვა, რომლის თანახმადაც ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ კონკრეტულ დღეს 23:00 საათიდან დილის 5 საათამდე ჰაერში შესაწამლი ნივთიერება უნდა გაეფრქვიათ.

ნინოწმინდის სათემო რადიო „ნორის“ დირექტორი ამბობს, რომ ამ ყალბმა ამბავმა ადგილობრივები დააბნია: „ხალხმა დაიწყო უზარმაზარი კარვების შეძენა, რომ საქონლისთვის განკუთვნილი თივისათვის გადაეფარებინათ და ცხოველები დაეცვათ“.

 alt
კარვებით დაფარული თივა. ნინოწმინდა. ფოტო: რადიო "ნორი"

ეს ცრუ ინფორმაცია, მთელი ქვეყნის მსგავსად ძალიან სწრაფად გავრცელდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში, შესაბამის რუსულ და სომხურენოვან თარგმანებთან ერთად.

„ყველაზე მოწყვლად საზოგადოებად საქართველოში ეთნიკური უმცირესობები რჩებიან, ენობრივი ბარიერის გამო ყველამდე არ მიდის სწორი ინფორმაცია. ადგილობრივი მედია ვმუშაობთ აქტიურად ამ სიტუაციის შესაცვლელად, მაგრამ რთულია ყველა ასაკობრივ კატეგორიას მისწვდე,“ - ამბობს რადიო „ნორის“ დირექტორი არარატ თთთიანი.

სწორედ ენობრივ ბარიერს განიხილავენ ექსპერტები იმ მონაცემების საფუძვლად, რასაც NDI-ს 2019 წლის აპრილის კვლევაში ვკითხულობთ. კითხვაზე „ადევნებთ თუ არა თვალს გადაცემებს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ არაქართულენოვან სატელევიზიო არხებზე?“ პასუხი „დიახ“ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობაში 40 %-ს შეადგენს, რაც ამ კითხვის პასუხების კატეგორიებში ყველაზე მაღალია.


alt

 

 ამავე კვლევაში მოყვანილია არაქართულენოვანი არხების ყურებადობის რეიტინგი, რომლის პირველ 4 პოზიციაზე რუსეთის ტელევიზიებია.

alt


რუსეთს, კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში ოფიციალურ მონაცემების შეცვლაში ადანაშაულებდნენ. მათ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია კი რუსეთის ტელევიზიების მაყურებლების ქცევაზე ნეგატიურად აისახებოდა. ცრუ ინფორმაციის ზეგავლენის ქვეშ მყოფ მოსახლეობას არ სჯეროდა საფრთხის ნამდვილობის.

ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი რუსული ცრუ ინფორმაცია ОРТ-ს რუსეთის სამთავრობო არხზე 5 თებერვალს გავიდა. რეპორტაჟს დაეთმო მთავარ გამოშვებაში 6 წუთზე მეტი. მასალის ავტორი ავითარებს ვერსიას, რომ ვირუსი არის ამერიკის სპეცსამსახურების ან ამავე ქვეყნის ფარმაცევტული კომპანიების შექმნილი.

აქვე, ამერიკის გვერდით, ავტორი რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ სამიზნეს საქართველოში ლუგარის ლაბორატორიას ახსენებს და მისი დისკრედიტაციისთვის კვლავ იგორ გიორგაძეს იყენებს. საინფორმაციო გამოშვების წამყვანი რეპორტაჟის წარდგენისას, ხოლო ავტორი მისი დასრულებისას თითქოსდა იუმორისტულ ტონში პარალელს ავლებს სიტყვა „კორონას“ თარგმნილ ვერსიას გვირგვინსა და ვირუსს შორის და აქვე კვლავ ამერიკამდე, დონალდ ტრამპამდე მიდის, რომელიც ავტორის თქმით, წლების განმავლობაში ფლობდა სილამაზის კონკურსს „მის მსოფლიოს“ და არიგებდა გვირგვინებს.

 alt

მსგავსი, ერთი შეხედვით მდარე ხარისხის დეზინფორმაციის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს დამოკიდებულება, რომელზეც ტოკ ტვ-ს ჟურნალისტი სედა სარქისიანი საუბრობს: „ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე ხშირად გვესმოდა ხალხისაგან, რომ ეს ყველაფერი თამაშია, გამოგონილია; ან გაუგიათ, რომ ეს ვირუსი ადრეც ყოფილა და მის სამკურნალოდ სპეციალურ მცენარეებს იყენებენ“.

სამცხე-ჯავახეთში ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ძლიერ გავრცელებული მითი ეხება შეთქმულების თეორიას, რომლის თანახმადაც თითქოსდა ვირუსის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სხვა მიზნებთან ერთად, ხმარებიდან ქაღალდის ფულის ამოღებას ისახავს. 17 000-მდე ნახვის მქონე ვიდეოს ავტორი ასკვნის, რომ „არანაირი ვირუსი არ არსებობს“.

კორონავირუსთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირების მიზნით, ევროკავშირის პლატფორმა, EUVSDisinfo, უწყვეტ რეჟიმში აქვეყნებს ანგარიშს ყალბი ამბების შესახებ ქვეყნების მიხედვით. ამ ანგარიშის მიხედვით, 22 იანვრიდან 19 მარტის ჩათვლით, 110 პრო-კრემლისტური ნარატივის 110 ყალბი ამბავი გამოქვეყნდა.

მათი სამიზნე, ცხადია, არ შემოიფარგლება საქართველოთი, პრო-პუტინისტურ ნარატივს აკვირდებიან ბალტიისპირეთშიც. ლატვიაში კოვიდ 19-ის რეჟიმში კიდევ უფრო გააქტიურდა მესიჯი რომ „ლატვია როგორც სახელმწიფო ჩავარდა“, „მან ვერ გაართვა კრიზისს კარგად თავი და ამიტომ აუცილებელია რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა.“

ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი საუბრობს და იღებს ინფორმაციას რუსულად, ყალბი ამბებიც ძალიან ხშირად სწორედ ამ ენაზე ვრცელდება, ლატვიურთან ერთად.

„დეზინფორმაცია რუსულ ენაზე ბევრად უფრო აქტიურია და მკაფიოდ გამოხატული,“- გვეუბნება მარცის ბალოდისი, აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკის სწავლების ცენტრის მკვლევარი. განსხვავებულ ტონს კი იმ კონკურენციას უკავშირებს, რომელშიც ლატვიურენოვან მედიაგრემოში მოხვდერილი რუსულეოვან მედიას უწევს ყოფნა.

ლატვიური საგამოძიებო მედიის RE:Balticas ჟურნალიტი საბინ ბერზინა ამბობს, რომ ქვეყენაში გავრცელებული დეზინფორმაციის შედეგი უკვე აისახა საზოგადოების განწყობაზე. ლატვიის ტელევიზიის LTV-ს დაკვეთით კვლევითი ცენტრის SKDS-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 28 % არ სჯერა ვირუსის შესახებ ოფიციალური ვერსიის.

 
alt

ამავე კვლევითი ორგანიზაციის დირექტორის თქმით კი, რუსულენოვან და ლატვიურენოვან მოსახლეობაში შეინიშნება განწყობების განსხვავება, რომლის თანახმად ლატვიის რუსულენოვან მოსახლეობაში უფრო ხშირად მიიჩნიათ რომ COVID-19 მედიის და პოლიტიკოსების მიერ ატეხილი აურზაურია.

საქართველოში და მის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის განწყობების კვლევა ჯერ არავის ჩაუტარებია. იქ კი, სადაც ახალ ინფორმაციებს კვლავ ORT- სგან და სხვა რუსული არხებისგან ელიან, კრიზისის ფონზე სუსტად მხარდაჭერილი გაღარიბებული ადგილობრივი მედიები რთულად უწევენ წინააღმდეგობას.


alt
სტატია მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.