ნიკა გვარამია: რუსეთის მოქალაქის მხრიდან იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია
15.06.2020

ტელეკომპანია „მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 12 ივნისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას განცხადებით, ეს მოქალაქე არის ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი, რომელიც სხვა წინაპირობით დააკავეს.

გვარამიამ გაიხსენა გაბუნიას გამონათქვამები ეთერში, „რომელიც მართალია კორექტულობისგან შორს იყო, მაგრამ სრულიად ჯდებოდა არხის სარედაქციო პოლიტიკაში, არა ფორმით, არამედ შინაარსით“. ასევე, გაიხსენა ის მოვლენები, რაც მაშინ ხდებოდა „რუსთავი 2-ის“ გარშემო - გვარამიამ იგულისხმა საპროტესტო აქციები ტელევიზიის ეზოში და ასევე, არხის განცხადებები, რომ “ეს იქნებოდა ძალიან დიდი რისკის შემცველი და საქართველოს მთავრობას მართებდა გაბუნიას პირადი უსაფრთხოების დაცვა“.

გვარამიას თქმით, ამის საპასუხოდ მათ მიიღეს გიორგი გაბუნიას დამგმობი განცხადებები საქართველოს მთავრობის ყველა წევრის მხრიდან, მათ შორის, მათ მხრიდანაც, ვინც ამ სიტუაციასთან არანაირ კავშირში არ იყო: „თუმცა, არც არავინ არ იყო კავშირში, იმიტომ, რომ ეს იყო კერძო არხის ერთი კონკრეტული ჟურნალისტის განცხადება“.

„ამის მერე ჩვენ ვიხილეთ დევნა „რუსთავი 2-ზე“ (მაშინდელ შემადგენლობას ვგულისხმობ), დევნა იმავე დღეს აქციების მეშვეობით, შემდეგ დღეებში, ხელისუფლების მხრიდან დევნა, სამწუხაროდ, დევნა ევროპული ინსტიტუციის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მხრიდანაც. დღევანდელი ბრიფინგის თემა მაფიქრებინებს, რომ არც მისი გადაწყვეტილება იყო შემთხვევითი და მიუკერძოებელი“, - განაცხადა გვარამიამ.

მან თქვა, რომ ამ ფაქტის შესახებ მათთვის რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, დღევანდელი ბრიფინგი კი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ეს ინფორმაცია მედიაში გაჟღერდა.

„კონტრტერორისტულმა სამსახურმა საქართველოსი, დააკავა რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982 წლის 21 დეკემბერს. მისი დაკავების მიზეზი არ არის ის, რაზეც მე ახლა უნდა გესაუბროთ, ოფიციალური მიზეზი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სხვა მიზეზით დააკავეს იგი. მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცავების მხრიდან, არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას, ამ არხის, და არა მხოლოდ ამ არხის, ჟურნალისტიკის და ამ ქვეყნის გამორჩეული სახის, ფიგურის, მოქალაქის ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ თავის დროზე, კადიროვის გამონათქვამებიც გვახსოვს და იყო გაფრთხილებები ჩვენი კავკასიელი მეგობრებისგან და არამარტო“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი განცხადებით, მათი ინფორმაციით ამ საქმეზე ძიება უკრაინის ტერიტორიაზე დაიწყო: „რამდენიმე თვის წინ, შარშან, უკრაინელებისთვის ცნობილი გახდა, რომ მის ტერიტორიაზე ეთნიკურად ჩეჩენი, თუ არ ვცდები უკრაინის მოქალაქის მიერ ხდებოდა კოორდინირება გიორგი გაბუნიას საქართველოს ტერიტორიაზე ლიკვიდაციის. აღნიშნული იმართებოდა რუსეთის ტერტორიიდან, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან, ხოლო უშალო განხორციელება მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე. თვეების განმავლობაში გიორგი გაბუნიას უთვალთვალებდნენ, ჩვენ იმთავითვე გავაძლიერეთ მისი დაცვა, გვქონდა ინფორმაცია რომ მიმდინარეობდა თვალთვალი გაბუნიაზე, მაგრამ ჩენ ჩვთვალეთ რომ ეს იყო ხელისუფლება, იმიტომ რომ ყველა ჩვენ წამყვან სახეს უთვალთვალებენ“.

გვარამია ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე გამოძიება მიმდინარეობდა დიდი ხნის განმავლობაში ისე, რომ საქართველოსთვის ეს ინფორმაცია არ იყო ცნობილი. ამის მიზეზად გვარამია ასახელებს უკრაინის მხარის უნდობლობას საქართველოსადმი. მისი თქმით, უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდათ შიში, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან აღნიშნული ინფორმაცია გაჟონავდა.

„კორონა პანდემიის დროს, როდესაც კონტროლი მოიშალა, საქმე გადმოეგზავნა საქართველოს სამართალდამცველებს, აქედან უკვე შეგვიძლია თვალი მივადევნოთ მოვლენების განვითარებას.

საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია არ მიიღო სერიოზულად, ჩათვალა უკრაინაში საქართველოს დიდი ლობის პროვოკაციად, თუმცა, დაცვა გააძლიერა, ჩვენ ამას მივესალმებით, საბოლოოო ჯამში დაკავებული იქნა ეს მოქალაქე, რანდენადაც ჩვენთვის ცნობილია სხვა წინაპირობით, თუმცა, ამ მიზეზით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ბრიფინგის დასასრულს, გვარამიამ განაცხადა, რომ „ნებისმიერი ზიანი, რაც მიადგება ამ არხის ნებისმიერ თანამშრომელს, არის ამ ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობა“. მან მოუწოდა ქართველ და უკრაინელ სამართალდამცავებს, მაქსიმალურად საჯარო გახადონ ის ინფორმაცია, რომლის გასაჯაროების შესაძლებლობაც არსებობს: „იმიტომ რომ ეს საჯარო ინტერესი უფროა, ვიდრე სპეცსამსახურების“.

მონოლოგი, რომელსაც გვარამია ახსენებს და რომელსაც მაშინ „რუსთავი 2-თან“ აქციები მოჰყვა, გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გასული წლის ივლისში ჰქონდა მიწამყვანს, გიორგი გაბუნიას. (მაშინ „რუსთავი 2-ის“ გუნდი არ იყო დაშლილი და „მთავარი არხი“ ჯერ არ არსებობდა). გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს აგინა. მის ამ მონოლოგს მოჰყვა რამზან კადიროვის მუქარა ჟურნალისტის მისამართით.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები