391-ე დღეა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ
მიმდინარე პროევროპული პროტესტი ყოველდღიურად რამდენიმე ფოტოგრაფის
ობიექტივში ხვდება. მათი კამერა რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებსა და
ამ პროტესტის მონაწილეთა განწყობებს ყოველდღიურად, ჩვენთვის უხილავი
რაკურსით გვაჩვენებს. ფოტოგრაფების „მესამე თვალი“ ყველაზე ახლოდან
ხედავს: ხმაურს, დაპირისპირებას, სიჩუმეს, დაღლილობას, სიხარულს,
ერთობას, გამარჯვებას, ძალას თუ უძალობას. როგორია მათი თვალით
დანახული პროტესტი, წაიკითხეთ რამდენიმე მათგანთან „მედიაჩეკერის“
ინტერვიუს პირველ ნაწილში.
მზია
საგანელიძე
2024 წლის 28 ნოემბერს, სამსახურიდან გამოსული ავტობუსის გაჩერებაზე ტელეფონს „ვსქროლავდი“, როდესაც ირაკლი კობახიძის განცხადებას გადავაწყდი. ავბრუნდი ოფისში, ავიღე კამერა და წავედი „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც უკმაყოფილო ადამიანები იკრიბებოდნენ.
ეს ყველაფერი ჩვენი ისტორიის ნაწილია, ამ ისტორიას დასაწყისიდან ვაკვირდები და ვინახავ, ყოველი დღე იმ ფაზლის ნაწილია, რომელიც საბოლოო სურათს შექმნის. ამიტომ დიდი ხნით არ და ვერ ვეთიშები პროტესტს.
*ის ერთი ფოტო, რომელიც მზიასთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის ყველაზე ზუსტად გადმოსცემს რუსთაველის პროტესტის ხასიათს
რუსუდან კობახიძე გზაზე გადავიდა მაშინ,
როცა ზუსტად იცოდა, რომ დააკავებდნენ. ეს არის პროტესტი, რომელიც
თითოეული ადამიანის გამძლეობასა და გამბედაობაზე დგას და
დამოუკიდებელი და თავისუფალი პიროვნებებისგან შედგება.
როგორ შეიცვალა პროტესტის ვიზუალური მხარე ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
რომ ვაკვირდები, ეს პროტესტი, თითქოს, ცოცხალ ორგანიზმს
დაემსგავსა და როგორ პირობებშიც არ უნდა აღმოჩნდეს, გადარჩენის გზებს
ეძებს და პოულობს. თავიდან იყო გაოგნება, უფრო პირველ დღეს, როდესაც
რუსთაველი ნელ-ნელა ივსებოდა ხალხით, რაღაცნაირად მდუმარედ იდგა
ყველა. დარბევის შემდეგ იყო: ბრაზი, აირწინაღები, ფოიერვერკი და
ცრემლსადები გაზი. ამ ყველაფერს მხოლოდ ვიზუალური კუთხით თუ
შევხედავთ, იყო ძალიან შთამბეჭდავი და დინამიკური. რაღაც დროის შემდეგ
ქალაქი მოიცვა მარშებმა, სხვადასხვა უბანი გამოაცოცხლა შეძახილებმა,
პლაკატებმა და დროშებმა. შემდეგ რუსთაველი საკარნავალო დღესასწაულს
დაემსგავსა, სათვალთვალო კამერებისგან თავის დასაცავად ხალხმა მოირგო
ნიღბები, ლამაზი ქუდები და თავსაბურავები. მოკლედ, მრავალფეროვნება ამ
ერთი წლის განმავლობაში ფოტოგრაფებს ნამდვილად არ გვაკლდა.
რა ტიპის სიმბოლოები დაიბადა ამ საპროტესტი მოძრაობაში, რომელსაც ფოტოგრაფია ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს?
ამ პროტესტის მთავარი სიმბოლოები ადამიანები არიან. მზია ამაღლობელი და ის ადამიანები, რომელთა პროტესტი ვერც დარბევამ და ვერც პატიმრობამ ჩაახშო. ამ ადამიანების ოჯახის წევრები, რომლებიც მათ მხარს ყოველდღიურად უჭერენ და ქუჩაში გამოდიან არა მხოლოდ საკუთარი პროტესტის გამოსახატად, არამედ საკუთარი შვილების, დებისა და ძმების ნაცვლადაც.
* ფოტო, რომელიც საერთაშორისო მკითხველისთვის ქართული პროტესტის უნიკალურობას აღწერს
საერთაშორისო მკითხველისთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ხდებოდეს, ყურადღება ჩვენსკენ რომ მომართოს. განსაკუთრებით დღეს, მსოფლიოს არაერთ წერტილში უამრავი უსამართლობა და უბედურება ხდება. ეს ფოტო ვფიქრობ, მიიქცევდა მათ ყურადღებას და დაინტერესების შემთხვევაში გაიგებდნენ, რომ ძალოვანები აკავებენ გაზით დროებით დაბრმავებულ პროტესტანტებს, რომლებიც ქუჩაში ევროპული მომავლის დასაცავად გამოვიდნენ. და თუ კიდევ მეტის გაგება მოუნდებოდათ, გაჰყვებოდნენ ამბავს და იმაზე მეტსაც გაიგებდნენ ჩვენ შესახებ, ვიდრე აქამდე სმენიათ.
მინდია გაბაძე,
„პუბლიკა“
ჯერ კიდევ მაშინ, როცა „ოცნების“ პრემიერი ევროკავშირთან
მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განცხადებას კითხულობდა (რომელსაც
იმავე ოთახში ვისმენდი, სადაც კობახიძე ამ გადაწყვეტილებას
აჟღერებდა), ვხვდებოდი, რომ ეს კიდევ უფრო გააბრაზებდა პროტესტში
მანამდე ჩართულ ადამიანებს და მასში კიდევ უფრო მეტს
ჩართავდა.
მე კი, როგორც ონლაინმედია „პუბლიკის“ რეპორტიორს, საქმე უნდა
გამეგრძელებინა და მეჩვენებინა ის ყველაფერი, რაც ქუჩასა თუ ქუჩის
მიღმა, მაგალითად, სასამართლოში ხდებოდა. დღემდე ვმორიგეობთ,
ვდარაჯობთ პროტესტს: ვენაცვლებით ერთმანეთს, ყოველთვის ყველგან ვართ
და ვცდილობთ, არ გამოგვრჩეს არც კადრი და არც ამბავი, რომელიც სხვებს
პროტესტის შინაარსსა და აზრს დაანახებს.
*ის ერთი ფოტო, რომელიც მინდიასთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის ყველაზე ზუსტად გადმოსცემს რუსთაველის პროტესტის ხასიათს
მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა გზის
გადაკეტვისთვის მოქალაქეების ადმინისტრაციული წესით დაკავება დაიწყეს,
ყოველდღიურად სხვადასხვა ადამიანები უცხადებდნენ რეჟიმს
დაუმორჩილებლობას. ერთი ასეთი აქტივისტი დავით გაგრელი იყო, რომელიც
რუსთაველის გამზირზე მეგობრებთან ხელჩაკიდული გადავიდა. პოლიციამ
აქციის მონაწილეების გზის სავალი ნაწილიდან გადაყვანა სცადა, თუმცა
მათი ამ სიჯიუტითა და ურყეობით იმ დღეს რუსთაველის გამზირი
გადაიკეტა.
ფოტოებზე ხშირად ჩანს აქციის მონაწილეების ემოცია. როგორ წყვეტ, როდის უნდა გადაიღო და როდის არა?
გადაღებამდე არ ვფიქრობ და შეიძლება არც იყოს იმის დრო, რომ იფიქრო, შეიძლება თუ არა გადაღება. მსგავს შემთხვევებში ყოველთვის ვიღებ და მხოლოდ მერე ვფიქრობ, ემსახურება თუ არა ეს კადრი საზოგადოებრივ ინტერესს ისე, რომ ადამიანს დამატებით ზიანი არ მიადგეს. ხშირად ამ მსჯელობაში რედაქციის ჩართვაა გამოსავალიც და აუცილებელიც.
თუ ვხედავ, რომ კონკრეტული სცენა მკაფიოდ აჩვენებს
სისტემურ ძალადობას, უსამართლობას ან ძალაუფლების ბოროტად
გამოყენებას, პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ ეს აუცილებლად
დაფიქსირდეს. ჩემთვის გადაღება და გამოქვეყნება ორი განსხვავებული
ეტაპია: შეიძლება კადრი არსებობდეს არქივში, მაგრამ არასდროს გახდეს
საჯარო იმ შემთხვევაში, თუ ვხვდები, რომ ფოტოს ღირებულება ადამიანის
ღირსების ხარჯზე მოიპოვება.
როგორ შეიცვალა პროტესტის ვიზუალური მხარე ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თავდაპირველად ფოკუსი უფრო ფართო იყო: ზოგადი სივრცის,
მასშტაბისა და მთლიანი სურათის დაფიქსირება. ამ კადრებით ვცდილობდი
მეჩვენებინა კონტექსტი და ძალთა დისბალანსი. დროთა განმავლობაში
ყურადღება უფრო მეტად ინდივიდზე, მის ემოციებსა და ისტორიებზე
გადავიდა, რამაც პროტესტის ამსახველი ვიზუალები უფრო შინაარსიანი
გახადა.
რა ტიპის სიმბოლოები დაიბადა ამ საპროტესტი მოძრაობაში, რომელსაც ფოტოგრაფია ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს?
პროტესტში სიმბოლოებად იქცა და ხშირად ობიექტივს ვერ
ვაშორებ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებთან ერთად, ტელეფონის
ანთებულ ფარნებსა და სინდისის პატიმრების თეთრ პოსტერებს. სიმბოლო
გახდა პოლიციის ერთნაირი რიგებიც: უძრაობა, სიჩუმე, გაყინული და
უემოციო სახეები. დროთა განმავლობაში თავად აქციის მონაწილეთა
გამძლეობა, მარშები და დაბრუნების აქტიც ვიზუალურ ნიშნად გადაიქცა,
რომელსაც ფოტოგრაფია ყველაზე ზუსტად ინახავს.
რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც „გადასაღებ მოედანზე“ ყოველდღე ბრუნდები ?
მთავარი მოტივაცია პასუხისმგებლობის განცდაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ყოველდღე ბრუნდება რუსთაველზე და ასევე, საზოგადოების იმ წევრების მიმართ, რომელთაც ეს პროცესები დაუფარავად უნდა დაინახონ. ზოგადადაც, ასეთ გარემოში ფოტოგრაფი მხოლოდ დამკვირვებელი არ არის, ჩვენ მოწმეები ვართ და ჩვენი კადრები შესაძლოა სამხილებად იქცეს. ამიტომ ჩვენი იქ ყოფნა არჩევანი კი არა, პროფესიული აუცილებლობაა, მიუხედავად სიმშვიდის, ძალადობისა თუ მუდმივი საფრთხის მოლოდინისა.
*ფოტო, რომელიც საერთაშორისო მკითხველისთვის ქართული პროტესტის უნიკალურობას აღწერს
ბევრ ფოტოს აქვს დატვირთვა და ამორჩევა
მიჭირს. თუმცა, ამა წლის 9 აპრილს გადაღებული ფოტოსერიიდან ერთ-ერთი
ფოტო ზუსტად პროტესტის ემოციურობითა და ხასიათის მიხედვითაა ჩემთვის
გამორჩეული. ეს არის ზვიად ცეცხლაძე და მისი დედა - ერთი და იგივე
ბრძოლა ორ სხვადასხვა სივრცეში. ქუჩასა და სასამართლოში. ნარგიზ
დავითაძის პროტესტი არ არის მხოლოდ შვილის დასაცავად ქუჩაში გამოსული
დედის პროტესტი. ის არის ყველა გამწარებული დედის სიმბოლო, რომელთა
შვილსაც ან ოჯახის წევრსაც სასამართლოს გზით უსამართლობის გავლა
უწევს.
როგორ
ფიქრობ, რა შეუძლია ფოტოს?
ფოტოს ყოველთვის არ აქვს ძალა მყისიერად
შეცვალოს რეალობა, მაგრამ მას შეუძლია შეცვალოს აღქმა და ეს ხშირად
გადამწყვეტია. ზოგი კადრი დღესვე მოქმედებს, ზოგი კი მნიშვნელობას
დროსთან ერთად იძენს. ფოტოგრაფია ერთდროულად არის რეაგირების
ინსტრუმენტიც და ისტორიის არქივიც. ხშირად სწორედ ის კადრები,
რომლებიც თავიდან უბრალო, რუტინულ ფოტოებად გვევლინება, მოგვიანებით
მტკიცებულებად და საერთო მეხსიერების ნაწილად იქცევა.
ქეთევან
ხუციშვილი, „ნეტგაზეთი“
შარშან, დეკემბერში, როდესაც ძალისმიერმა დარბევებმა გადაიარა და დაიწყო მშვიდობიანი და ხალხმრავალი დემონსტრაციები, ხან მსვლელობები სხვადასხვა თემატიკის მიხედვით, ცხადია, ამას ყოველდღიურად ვაშუქებდით. როდესაც ამდენი თვის განმავლობაში ერთ კონკრეტულ ადგილას დადიხარ, წარმოუდგენელია, მან განსაკუთრებული მნიშვნელობა არ შეიძინოს შენს ცხოვრებაში. რაღაც ეტაპზე, რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ხალხის რაოდენობამ კლება დაიწყო, მათ შორის სოციალურ ქსელებშიც ეს თემა აღარ იყო ისეთივე აქტუალური, გამიჩნდა პასუხისმგებლობა - ეს იდეა საზოგადოებამდე ისევ მიმეტანა.
როდესაც ამ ყოველდღიურ პროტესტში ამდენ დროს ატარებ, შენც უკვე მის ორგანულ ნაწილად იქცევი, როგორც დამკვირვებელი, როგორც აღმწერი, გამშუქებელი… ერთი უწყინარი დღე შესაძლოა, 10 და 20 ადამიანის დაპატიმრებით დასრულდეს. ეს არაპროგნოზირებადი რეალობა კიდევ უფრო მიმძაფრებს პასუხისმგებლობის გრძნობას, რომ არაფერი გამომრჩეს, ზუსტად აღვწერო ის, რასაც ეს ადამიანები გადიან. ეს შიშია, რაც ყოველდღე მაბრუნებს უკან, რუსთაველის გამზირზე, რომ ადამიანების თავგანწირვა ყურადღების მიღმა არ დარჩეს.
*ის ერთი ფოტო, რომელიც ქეთევანისთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის ყველაზე ზუსტად გადმოსცემს რუსთაველის პროტესტის ხასიათს
ბევრი ფოტო გადამიღია, მაგრამ ასეთი
მარტივი, სადაც ზუსტად ჩანს პროტესტის ხასიათი, არ მახსენდება. 29
ოქტომბერია, ახალი კანონმდებლობით გზაზე გადასვლისთვის მოქალაქეებს -
15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა, განმეორების შემთხვევაში კი
სისხლის სამართლის წესით დაკავება ემუქრებათ. ათობით ადამიანი ჯიუტად,
ყოველდღე, მიუხედავად მოსალოდნელი სასჯელისა, მყარად, ერთმანეთზე
ხელჩაკიდებული იდგა რუსთაველის გამზირზე.
ფოტოებზე ხშირად ჩანს აქციის მონაწილეების ემოცია. როგორ წყვეტ, როდის უნდა გადაიღო და როდის არა?
ემოციური კადრების გადაღებისას დისტანცია, რომელიც უნდა
დავიცვა და სივრცე, რომელიც ფოტოს გმირს უნდა დავუტოვო, ჩემთვის
ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ემოციები
განსაკუთრებით სასამართლოს განაჩენების გამოცხადებისას, დაკავებებისა
თუ პატიმრების გათავისუფლების დროს იმდენად გულწრფელი და შეუნიღბავია,
რომ ყველაზე ზუსტად აღწერს იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით. ამიტომ
ვცდილობ, დავიცვა პირადი სივრცის საზღვრები, მაგრამ ვიღებ ყველაფერს
და ვფიქრობ, ვერც ერთი სიტყვა და ტექსტი ვერ გამოხატავს ემოციას ისე,
როგორც ეს ერთმა ფოტომ შეიძლება გამოხატოს.
როგორ შეიცვალა პროტესტის ვიზუალური მხარე ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
შარშან, ზამთარში, როდესაც ყოველდღიურად ძალიან ბევრი
ადამიანი იკრიბებოდა და ქალაქში საახალწლო განათებები გაჩნდა, თითქოს
ერთი მთლიანი სურათი იყო და პერსონალურად ადამიანების სახეები
ნაკლებად ჩანდა. ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, მაშინ ადამიანების
ზღვა ჩანდა. შემდეგ, როდესაც ყოველდღიურ აქციებზე ადამიანების
რაოდენობამ შედარებით იკლო, თითქოს უფრო მეტად გამოჩნდნენ ინდივიდები,
ცალკეული სახეები, მათი პირადი ემოციები.
რა ტიპის სიმბოლოები დაიბადა ამ საპროტესტი მოძრაობაში, რომელსაც ფოტოგრაფია ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს?
თითქოს, ცეცხლი ამ პროტესტის სიმბოლოდ იქცა,
შეძახილებიდან გამომდინარეც, ალბათ. ასევე, ჩირაღდნები, სასტვენები,
ლაზერები, ნიღბები, აირწინაღები… ასევე, დროშები, როგორც საქართველოს
პირველი რესპუბლიკის, ისე უკრაინის, ევროკავშირის. მათ გარეშე ეს
პროტესტი აღარ არსებობს.
რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც „გადასაღებ მოედანზე“ ყოველდღე ბრუნდები ?
ეს პროტესტი ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებად იქცა, მთლიანად
მომიცვა იმის მოლოდინმა, როგორ ჩაივლის ყოველი მომდევნო დღე. ეს
პროტესტი ოდესღაც რაღაც ფინალამდე მივა, ან ის მიიღებს ვადამდელ
არჩევნებს, ან ქვეყნის მმართველი ძალა მოუჭერს მარწუხებს ბოლომდე და
ამ პროტესტს ჩაახშობს. ეს რაღაც დროს მოხდება და მე არ მინდა ვთქვა,
რომ მაშინ, როდესაც ჩემი ქვეყნის ბედი წყდებოდა, მე იქ არ
ვიყავი.
როგორ ფიქრობ, რა შეუძლია ფოტოს?
ნამდვილად მჯერა, რომ შესაძლებელია ფოტომ იმაზე მკაფიოდ და ზუსტად მოყვეს ამბავი, ვიდრე ეს სიტყვებს შეუძლიათ. მმართველმა პარტიამ სწორედ იმიტომ აკრძალა სასამართლო პროცესებზე ფოტოს გადაღება, რომ მან ადამიანებზე დიდი ემოციური ზეგავლენის მოხდენა დაიწყო. ეს ვიზუალი და ფოტოები, რომელიც ყოველდღიურად სასამართლოს შენობიდან გამოდიოდა, ზუსტად აღწერდა იმ მიზეზებს, რის გამოც მიმდინარეობს პროტესტი და რის გამოც ადამიანები ციხეში სხედან.
*ფოტო, რომელიც საერთაშორისო მკითხველისთვის ქართული პროტესტის უნიკალურობას აღწერს
პატიმრების მშობლები თვეებია დადიან
გაზეთების დასარიგებლად, რომლებშიც თავიანთი შვილების ციხიდან
გამოგზავნილი წერილები და საბოლოო სიტყვებია დაბეჭდილი. აქ, პანკისში,
თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავი მოინახულეს მამამისთან, მალხაზ
მაჩალიკაშვილთან, ერთად. ფოტოზე ჩანს, როგორ განიცადეს მშობლებმა
ერთმანეთის ტკივილი. ის, რაც ამ პროტესტს უნიკალურს ხდის, არის
უსაზღვრო ემპათია და სოლიდარობა ერთმანეთის
ტკივილისადმი.
გიორგი
მოსიაშვილი (Mo Se)
პროტესტს ყოველთვის ვიღებდი, მაგრამ ბოლოს კამერა ხელში კიდევ ერთხელ იმიტომ ავიღე, რომ ვფიქრობდი, აქციაზე გამოსვლის თუ იქ დარჩენის სტიმულს მივცემდი ყველას. საკუთარ თავს დაინახავენ ფოტოებზე და გაუხარდებათ-მეთქი. კარგი იქნებოდა, რომ კიდევ ერთი ლამაზი ფოტო ექნებოდათ აქციიდან. ვფიქრობ, ეს გამომივიდა. უკუკავშირი, რასაც პროტესტის მონაწილეებისგან ვიღებ, მგონი, ამის დასტურია.
* ფოტო, რომელიც საერთაშორისო მკითხველისთვის ქართული პროტესტის უნიკალურობას აღწერს
აქ ჩანს ჩვენი ხასიათი. აქ ჩანს შეუპოვრობა და ის, რომ
სანამ არ გავიმარჯვებთ, ბრძოლას არ შევწყვეტთ.
ფოტოებზე ხშირად ჩანს აქციის მონაწილეების ემოცია. როგორ წყვეტ, როდის უნდა გადაიღო და როდის არა?
ჩემი აზრით, მთავარი სწორედ ის არის, რომ იქ მდგომი
ადამიანების ყველა ემოცია: ტკივილი, დაღლილობა, სიხარული, მივიტანო
საქართველოს სხვა, დანაჩენ მოქალაქეებამდე. აბსოლუტურად ყველაფერს
ვიღებ, რადგან შეიძლება ის ფოტო, ის კადრი, ის წამი ძალიან
მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს იმ ადამიანისთვის. შეიძლება სასამართლო
პროცესზე გამოადგეს, ადვოკატს დასჭირდეს.
როგორ შეიცვალა პროტესტის ვიზუალური მხარე ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
ძალიან ბევრი ტრანსფორმაცია მოხდა პროტესტის ვიზუალურ
მხარეში. დაიწყო ჩვეულებრივი მსვლელობით, შემდეგ კარნავალს და
ნიღბების ფესტივალს დაემსგავსა და ეს იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ჩვენ
ერთმანეთს უკვე ამ ნიღბებით ვცნობდით. შემდეგ, როდესაც ნიღბები
აიკრძალა და ადამიანებმა ისინი მოიხსნეს, თითქოს თავიდან გავიცანით
ერთმანეთი, ახლა უკვე სახეზეც ვცნობთ.
რა ტიპის სიმბოლოები დაიბადა ამ საპროტესტი მოძრაობაში, რომელსაც ფოტოგრაფია ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს?
თანაგრძნობა, რომელიც ვიზუალურადაც განსახიერდა, ამ
პროტესტის მთავარ სიმბოლოდ იქცა. ჩახუტება, ხელის ჩაკიდება,
ერთმანეთის დაცვა… აი, მაგალითად, ნაწილს რომ უნდოდა გზის გადაკეტვა,
რაც შემდეგ მათ დაპატიმრებას გამოიწვევდა, მეორე ნაწილი მათ როგორ
ეხუტებოდა, ხელი ჰქონდა ჩაკიდებული, არ უშვებდა. ეს ჩაჭიდებული ხელი
მგონია ერთ-ერთი მთავარი ვიზუალური სიმბოლო, რომელიც არაერთ ფოტოშია
აღბეჭდილი.
რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც „გადასაღებ მოედანზე“ ყოველდღე ბრუნდები ?
მთავარი მოტივაცია, რაც ყოველდღე მაბრუნებს რუსთაველზე, იმ ადამიანების სიყვარულია, ვინც იქ დგას. ეს სიყვარული არა მხოლოდ ჩემგან მოდის, არამედ მათგანაც. არც კი შემეძლო მეფიქრა, რომ შესაძლოა, უცხო ადამიანმა ასე შეგიყვაროს. ადამიანები მოდიან, ყოველდღე რაღაცას მჩუქნიან, ხან ქუდებს, ხან კანფეტს, იმ დღეს ჩემი გადაღებული ფოტო მაჩუქეს დაბეჭდილი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.
* ის ერთი ფოტო, რომელიც გიორგისთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის ყველაზე ზუსტად გადმოსცემს რუსთაველის პროტესტის ხასიათს
ეს ფოტო ასახავს გამარჯვების დაუოკებელ
ჟინსა და სურვილს … რაღაცნაირად უკვე გამარჯვების სიმბოლოა ეს ფოტო.
სიბნელიდან გამოსული ქართველი, მისთვის ყველაზე ძვირფასი - მისი
აღმატებულება საქართველოს დროშით ხელში.
როგორ ფიქრობ, რა შეუძლია ფოტოს?
ვფიქრობ, ფოტოს შეუძლია გაავრცელოს ინფორმაცია, იყოს
კონკრეტული ადამიანის უსაფრთხოების გარანტი, შეცვალოს კონკრეტული
მოცემულობა და ასევე, იყოს საარქივო ფოტო ისტორიისთვის. წლები რომ
გავა, შეიძლება ვიამაყო, რომ ამა თუ იმ ფოტოს ავტორი ვარ. ერთი წლის
წინანდელ ფოტოებს რომ ვუყურებ, ახლა უკვე სიამაყის გრძნობა მაქვს, რომ
ხალხი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ასეთ წარმოუდგენელ რამეს
აკეთებს, საკუთარი ჯანმრთელობისა და ფსიქიკის ხარჯზე ისევ იცავს
სამშობლოს.

