რიცხვითი სახელის მართლწერა
07.06.2016

რიცხვითი სახელის მართლწერაზე საუბარს შორიდან და ზოგადიდან დავიწყებთ. რაოდენობის დასაკონკრეტებლად სხვადასხვა ენაში სხვადასხვაგვარი სისტემა და წესებია დამკვიდრებული. ქართულში რაოდენობის განსაზღვრა ხდება როგორც გარკვეული რაოდენობითი რიცხვითი სახელებით, ისე გაურკვეველი რაოდენობითი რიცხვითი სახელებით. გაურკვეველია ბევრი, მრავალი, უამრავი, უთვალავი, ურიცხვი, მცირეოდენი, ცოტა...გარკვეულია ერთი, ორი, სამი, ასი და ა.შ. გრამატიკული თვალსაზრისით გვაქვს ასევე სამი სახის რიცხვითი: რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი.


რაოდენობის გამოსახვისას ვიყენებთ არაბულ ან რომაულ ციფრებს, კონტექსტის მიხედვით - შესაბამისი თანდებულისა და ბრუნვის ნიშნის დართვით. გრამატიკული შეცდომების უმეტესობა სწორედ ამას უკავშირდება ( დაწვრილებით განვიხილავთ ქვევით).

საინტერესოა მსაზღვრელ „არაბულის“ წარმოშობის ისტორია. სინამდვილეში, რიცხვების სისტემა, რომელსაც ჩვენ ამ სახელდებით ვიცნობთ, ინდოეთში 1500 წელზე მეტი წლის წინ შეიმუშავეს. ევროპელებმა ეს სისტემა მეათე საუკუნეში გაიცნეს არაბული წყაროების მეშვეობით, აღფრთოვანდნენ მოქნილობითა და სიმარტივით და ნელ-ნელა დაიწყეს რომაულის ჩანაცვლება.

მნიშნელოვნად მიგვაჩნია სიტყვების - რიცხვი და ციფრი - მნიშვნელობის გამიჯვნაც. ხშირად ამ სიტყვებს სინონიმური მნიშვნელობით იყენებენ, ეს კი შეცდომაა. უნდა ვიცოდეთ, რომ ციფრები არის ნიშნების სისტემა რიცხვების ჩასაწერად. სიტყვა „ციფრი“ დაკონკრეტების გარეშე ნიშნავს შემდეგი ათი ნიშნიდან ერთ-ერთს: 0 1 2 3 4 5 6 7 8 9. ციფრების კომბინაციით კი მიიღება სხვადასხვა რიცხვი.

რიცხვითი სახელების მართებულად დასაწერად რამდენიმე ზოგადი წესის დახსომებაა საჭირო.

დავიწყოთ რაოდენობითი რიცხვითი სახელების მართლწერით:

რაოდენობითი რიცხვითი სახელების უმეტესობა რთულფუძიანია (ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე კომპონენტის შერწყმით არის მიღებული). მაგალითად, ოცდახუთი შედგება ორი ფუძისგან ( ოცი და ხუთი), სამოცდაექვსი შედგება სამი ფუძისგან ( სამი, ოცი და ექვსი), ხუთას ორმოცდაათი კი შედგება ოთხი ფუძსგან ( ხუთი, ასი, ორმოცი, ათი). რაოდენობითი რიცხვითი სახელების ნაწილი ერთად იწერება, ნაწილი კი დამოუკიდებელი სიტყვების სახით.

ერთად იწერება: ყველა რიცხვითი სახელი ერთიდან ასის ჩათვლით და ასეულთა სახელები ( ორასი, სამასი, ხუთასი...), ათასი, მილიარდი...

ცალ-ცალკე იწერება დანარჩენი რაოდენობითი რიცხვითი სახელები: ას ოცდახუთი, ას ორი, სამი ათასი...

აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ რთული შედგენილობის რაოდენობითი რიცხვითის რიგობითად გადაქცევისას რიცხვითი სახელი დაიწერება შერწყმულად: ასოთხმოცდამეათე, ასორმოცდამეორე, ცხრაას მეთვრამეტე და ა.შ.

რიგობითი რიცხვითი სახელების მართლწერა

თუ რიგობითი შინაარსის გადმოსაცემად ვიყენებთ არაბულ ციფრებს, საჭიროა თავსართ-ბოლოსართების დართვა. შეცდომების უმრავლესობა უკავშირდება მათ აღრევას ან უმართებულოდ ორივეს დართვას.

1. მე თავსართი დაერთვის 2-დან 20-ის ჩათვლით არაბულ ციფრებს, ასევე ლუწ ათეულებს, ყველა ასეულს, ათასეულს, მილიონს, მილიარდს. მაგალითად: მე-5; მე-20; მე-100; მე-2000 და ა.შ.
2. ყველა დანარჩენ შემთხვევაში არაბულ ციფრებს დაერთვის -ე ბოლოსართი და მე-თავსართი ფუძის შიგნით არის მოქცეული. შესაბამისად, მისი გამოყოფა არ ხდება. მაგალითად: 56-ე; 109-ე; 10025-ე;

პირველი არაბული ციფრით გამოიხატება ასე:

განახლება:

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის 2019 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე რაოდენობითი და რიგობითი სახელების მართლწერის ახალი ნორმები დადგინდა. ახალი დადგენილებით თანახმად:

რიცხვითი სახელის პირველი დაწერილობისას უპირატესობა მიენიჭოს სიტყვიერად ან რომაული ციფრით (პირველი ან I, პირველმა ან I-მა) გამოსახვას.

პირველი არაბული ციფრით უნდა გამოისახოს შემდეგნაირად: 1-ელი, 1-ელმა, 1-ელს, 1-ელის... (1-ელი მუხლის მიხედვით, 1-ელ თავში შევიდეს ცვლილებები, 1-ელის შესაბამისად...).

თვეების პირველი კალენდარული დღის აღნიშვნისას დასაშვებია ტრადიციულად დამკვიდრებული ფორმები: 1 იანვარი, 1 მაისი, 1 სექტემბერი და სხვ.

ციფრით გამოხატულ რიცხვით სახელზე( როგორც რაოდენობითზე, ისე რიგობითზე) დართული ბრუნვის ნიშნები, ნაწილაკი, თანდებული ან ნებისმიერი სხვა სუფიქსი დეფისით უნდა გამოვყოთ: 20-მა, 4-ს, V-ის, 51-ემ, მე-7-ში, III-ც, 25-ზე, 60-იანი, 7-ჯერ, 51-ეში და ა.შ.

რომაული ციფრების გამოყენებისას ყოველგვარი თავსართ-ბოლოსართის დართვა ზედმეტია. ეს ციფრები თავად გამოხატავენ რიგითობას. დაუშვებელია V-ე; მე-X-ე; XV-ე.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს წილობითი რიცხვითი სახელების წერის წესებიც. წილობითი რიცხვითი იწერება ცალ-ცალკე: ორი მესამედი, ერთი მეასედი და ა.შ.

დასამახსოვრებელია ცალკეული ფორმების მართლწერა:
სწორია: სამ-ნახევარი; საათ-ნახევარი; მეტრ-ნახევარი. სამთვე-ნახევარი; სამკილო-ნახევარი; სამლარ-ნახევარი.

ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ