ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი 3 ტელეკომპანიის:
„ტელეკომპანია პირველის“, „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ
„ქართული ოცნების“ საჩივრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისია 5 ივნისს, 15:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე
განიხილავს.
ტელევიზიების წინააღმდეგ კომისიას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მინდობილმა პირმა, ნათია ბოკუჩავამ 27 მაისს მიმართა და „კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევისათვის“ მათი დასანქცირება მოითხოვა.
საჩივრის საფუძველი სამივე ტელეკომპანიის შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ის ცვლილებებია, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით 1 აპრილს მიიღო. „ქართული ოცნების“ საჩივრები პირველია, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ მისი უფლებამოსილების გაზრდის შემდეგ მიიღო და განიხილავს.
„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ტელევიზიებმა ისეთი სიტყვების გამოყენებით, როგორებიცაა: „ოლიგარქი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „კლანის მსახური მოსამართლე“,„ოლიგარქის დეპუტატი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური პარლამენტი“ და სხვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი დაარღვიეს. ეს მუხლი სამართლიანობას და მიუკერძოებლობას შეეხება და მაგალითად, განსაზღვრავს, რომ „ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა“.
---------------------
1 აპრილის ცვლილებებით, რომელიც მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო, კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ამ ცვლილებების დაინიიცირებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული.
კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლების დასანქცირება 2025 წლის პირველი ივნისიდან შეუძლია, მანამდე შეფარდებული სანქციები კი არ აღსრულდება. დარღვევის დადგენის შემთხვევაში კომისიას შეუძლია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, გარემოებების შესაბამისად, წლიური შემოსავლის 0,5%-ის, 1%-ის ან 3%-ის ოდენობით, შეაჩეროს ან გააუქმოს მაუწყებლის ლიცენზია.
---------------------
„TV პირველის“ იურისტის, თორნიკე მიგინეიშვილის შეფასებით, ეს პირდაპირი ცენზურაა:
„რა თქმა უნდა, დიდ ჯარიმებზე გაიყვანს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მედიას. საერთოდ, დახურვის რისკი იქნება ძალიან რეალური ძალიან მოკლე პერიოდში. მით უმეტეს, ეს არ არის ისეთი ჯარიმა, როგორზეც საუბარი იყო პოლიტიკური რეკლამების განთავსების დროს. მაშინ იცოდი, რომ რაღაც დარღვევა გიჯდებოდა 5 000 ლარი. ახლა 2500 ლარიდან ზევით, შემოსავლის პროცენტულობიდან გამომდინარე, შეიძლება განისაზღვროს ყოველი შემდგომი ჯარიმა. შეიძლება ერთი ჯარიმა იყოს 2500-ლარიანი, მეორე ჯარიმა პირობითად, 3000-ლარიანი და შემდგომი იყო ათი ათასობით ლარი, რასაც ცალსახად, ჯერ ერთი, ვერ გადაიხდის მაუწყებელი და რომ ვერ გადაიხდის, უკვე ეს ლიცენზიის შეჩერების საფუძველია, მაგრამ მაგასაც რომ თავი დავანებოთ, რამდენიმე ჯარიმის შემდგომ, ლიცენზიის შეჩერების რეალური საფრთხე ისედაცაა“.
„TV პირველის“ იურისტი ამჯერად ვარაუდობს, რომ რადგან სადავო ტერმინები 1 ივნისამდე გასული, სხვადასხვა დღის საინფორმაციო გამოშვებებიდან არის შეგროვებული, ComCom-ი ტელეკომპანიას მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილებს.
მომხდარი მედიის, ჟურნალისტებისა და წამყვანების გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს ტელეკომპანია „ფორმულას“ იურისტისთვისაც.
„რეალურად, ეს კანონიც იმიტომ მიიღეს და ცვლილებები შეიტანეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომ ამის ბერკეტი და სამართლებრივი საშუალება ჰქონოდათ. ამ ყველაფრით ძალიან ცუდი პრაქტიკა მკვიდრდება, რეალურად, მარტო ამ საჩივრითაც კი…მარტო ეს საჩივარიც კმარა იმისთვის, რომ ეს კანონი ესეთი არასწორი ფორმით ამოქმედდა“, - ამბობს ეთერ ქათამაძე.
„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით კი, „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში ინიციირებული და მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა მიზანმიმართულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და საზოგადოების წვდომას ალტერნატიულ აზრსა და ინფორმაციაზე:
„2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ კომუნიკაციების კომისიას მიმართა საჩივრით და პარტიისთვის არასასურველი სიტყვებისა და ტერმინების გამოყენების გამო „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სამართალდამრღვევად ცნობა და დასანქცირება მოითხოვა.
აღნიშნულ საქმეებს განიხილავს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომლის თავმჯდომარე, დასანქცირებული კახა ბექაური, უკვე შეყვანილია იმ სიაში, რომელშიც ჩამოთვლილი პირების სანქცირების რეკომენდაციასაც, ძალადობრივი რეჟიმის მხარდაჭერისთვის, იძლევა ევროპარლამენტის რეზოლუცია“.