21 ბინა, 14 მიწის ნაკვეთი, 7 მანქანა, 5 ცეცხლსასროლი იარაღი - რა ქონებას ფლობს კახი ბექაურის ოჯახი
07.07.2025
კატეგორია - საქართველო


2025 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციით, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახი ბექაური თბილისში, ახმეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში $1 მილიონზე მეტი ღირებულების 14 მიწის ნაკვეთს ფლობს (2 მიწის ნაკვეთის 50%-50%-ს გიორგი ჩხეიძესთან იყოფს). ასევე, მის საკუთრებაშია 2015-2019 წლებში ნაყიდი $178 060-ის ღირებულების 2 ბინა ბორჯომისა და დუშეთის რაიონებში.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ფლობს 2021-2023 წლებში შეძენილ 5 მსუბუქ ავტომანქანას: Ford F-150 raptor ($85 580), PORSCHE PANAMERA GTS (372 528 ლარი), BMW X7 XDRIVE 401 (238 156 ლარი), RANGE ROVER AUTOBIGRAPHY (602 052 ლარი), LAND ROVER DEFENDER (326 383 ლარი).

ბექაურის საკუთრებაშია € 56 ათასზე მეტი ღირებულების 5 ცეცხლსასროლი იარაღი, რომელთაგან 3 მან 2024 წელს შეიძინა. კახი ბექაურს აქვს 4 მაჯის საათიც (Zenith-ის 2, Cartier და Rolex-ის), რომელთა საერთო ღირებულებაც $37 500 და €16 050-ია. 

გარდა ამისა, კახი ბექაურის მფლობელობაშია 2022-2023 წლებში შეძენილი არაერთი ფასიანი ქაღალდი:


კახი ბექაურის მიერ შევსებული დეკლარაციით, თბილისსა და ბათუმში, $3 მილიონამდე ღირებულების 19 ბინას (1 მემკვიდრეობით აქვს მიღებული) ფლობს ბექაურის მეუღლე, ეკატერინე ბერიძე. მან $704 500-ის ღირებულების 3 ბინა - 2024 წელს, ხოლო $174 000-ის ღირებულების 180 კვ.მ ფართის ბინა თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, 2025 წლის 14 აპრილს შეიძინა. 

ეკატერინე ბერიძის საკუთრებაშია 2023 წელს შეძენილი 365 364 ლარის ღირებულების 2 მსუბუქი ავტომანქანა და ამავე წელს შეძენილი € 7943-ს ღირებულების Cartier-ის ბრენდის მაჯის საათი.

კახა ბექაური ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს ოჯახის საბანკო ანგარიშებსაც, მათ შორის, ბექაურს „საქართველოს ბანკის“ ანაბარზე აქვს 1 650 000 ლარი, „თი-ბი-სი“ ბანკის შემნახველ ანგარიშზე კი -  4 447 155 ლარი. 

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის 2025 წლის დეკლარაციით, მის მფლობელობაშია სუპერმარკეტების ქსელის „ორი ნაბიჯის“ 33,33%-იანი წილი, საიდანაც წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 20 515 605,11 ლარი (ხელზე აღებული თანხა) მიიღო. 

ბექაური, ასევე, ფლობს წილებს: შპს „ვარცლა ჰოტელ ენდ სპაში“, შპს „თბილისის სპორტინგის კლუბში“, შპს „კერა კაპიტალში“,  შპს „მეგაპოლის კლასიკსა“ და SCI NAP REAL ESTATE-ში (საფრანგეთი).

კახი ბექაურს 2024 წელს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან ხელფასის სახით აღებული აქვს 202 310 ლარი, ხოლო ეკატერინე ბერიძემ, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციების დირექტორია,  გასულ წელს, ხელფასის სახით 297 480 ლარი აიღო.

2025 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის ოჯახმა მიუთითა ის გასავალიც, რომლის ოდენობამაც 5 000 ლარს გადააჭარბა. მათ შორისაა:  

  • ავეჯის ღირებულება - 1 557 938 ლარი; ჩასაშენებელი ავეჯი - 52800 USD; ავეჯი, დეკორაცია - 11699,38 EUR;
  • მოგზაურობა, დასვენება - 71 109 EUR და 21 908 USD;
  • ეზოს გამწვანება - 136 488 ლარი;
  • ჭკვიანი სახლის სისტემის მონტაჟი - 51 758 ლარი;
  • ლიფტის შახტის მოწყობა - 34 417 ლარი;
  • აუზის მოწყობა - 118 953 ლარი;
31-გვერდიანი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია კახი ბექაურმა 30 მაისს ჩააბარა.

ბექაური 2017 წლიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეა, ის მესამე ვადით არის არჩეული. მანამდე, 2014-2017 წლებში კახი ბექაური კომისიის წევრი იყო, 2012 წელს კი, ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ხელმძღვანელობდა. 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ