გზის გადაკეტვის საბაბით, ქეთა ციცქიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
20.10.2025
კატეგორია - საქართველო

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ქეთა ციცქიშვილს გზის გადაკეტვის საბაბით, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ციცქიშვილმა დღეს, 20 ოქტომბერს, შუადღით ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა: „ჩემამდეც მოვიდნენ! მომაკითხეს მილიციელებმა! რო გონიათ ან მე შემეშინდება ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ან ჩემს რომელიმე მეგობარს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. ქართული ოცნება რუსებო!!!“

ქეთა ციცქიშვილი „ფორმულას“ მეორე ჟურნალისტია, რომელსაც გზის გადაკეტვის საბაბით პატიმრობა შეეფარდა. გუშინ, 19 ოქტომბერს, ამავე ბრალდებით დააკავეს და 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს ვახო სანაიასაც.

ვახო სანაიას შემდეგ, მეორე ჟურნალისტის დაკავებას მალევე გამოეხმაურა თავად ტელევიზია, რომელმაც ქეთა ციცქიშვილის დაკავება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ შეტევად განიხილა:

„„ფორმულა“ ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა. მოვითხოვთ ქეთა ციცქიშვილის გათავისუფლებას, ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო მეგობრებს ქმედითი მხარდაჭერისკენ, რათა რეჟიმმა კრიტიკული მედიის დევნისთვის შესაბამისი პოლიტიკური ფასი გადაიხადოს. მიუხედავად მძიმე სამუშაო პირობებისა, „ფორმულა“ განაგრძობს თავისუფალი სიტყვის დაცვას“.

ციცქიშვილის დაკავება დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმისა და ზეწოლის კიდევ ერთ შემთხვევად მიიჩნია „მედიის ადვოკატირების კოალიციამაც“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს:

„„ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს“. 

ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნისა და შევიწროების გამო პროტესტი გამოთქვა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“. ორგანიზაციამ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა „შეწყვიტოს კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების დევნა კონსტიტუციის დარღვევით მიღებული კანონების გამოყენებით და მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები დროულად გამოიძიოს“.

ქარტიის განცხადებით, „ქართული ოცნება“ განაგრძობს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ შეტევას, მოქალაქეებისთვის შეკრების კონსტუტუციით დაცული უფლების შეზღუდვის ფონზე:

„მედია „ქართული ოცნების“ სამიზნედ რჩება. მკვეთრად გაუარესებული საკანონმდებლო ჩარჩო, ძალადობრივი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი გარემო, დაუსაბუთებელი ბრალით მაღალი ჯარიმებისა და პატიმრობის შეფარდება, სრული დაუცველობის განცდა - დღემდე ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი არცერთი დანაშაული არ არის გამოძიებული, ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებაში ხელს უშლის“. 

ქეთა ციცქიშვილს, ვახო სანაიას მსგავსად, ერთობლივი განცხადებით მხარდაჭერა გამოუცხადა 40-მდე დამოუკიდებელმა მედია ორგანიზაციამ:

„მიგვაჩნია, რომ ბოლოს მიღებული რეპრესიული კანონდებლობა, ისევე, როგორც მანამდე მიღებული და ამოქმედებული კანონები, მიზნად ისახავს ქვეყანაში კრიტიკული აზრის, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულად განადგურებას. ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებაც “ქართული ოცნების” ამ ავტორიტარული პოლიტიკის ნაწილია და ჟურნალისტებისა და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაშინებას ემსახურება.

მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების” ხელისუფლება ყველა გზას იყენებს მედიის გასაჩუმებლად, ვაგრძელებთ ჩვენი პროფესიული მისიის შესრულებას,  საზოგადოების ინფორმირებას და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას“.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტების დაკავება მკაცრად დაგმო „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმაც“: „ამით მართლაც რომ მიზანშია ამოღებული „ფორმულა“, საქართველოში დარჩენილ სულ რამდენიმე კრიტიკულ ხმათაგან ერთი. მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას“.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ