„ფორმულას“ ჟურნალისტს, ცირა ჟვანიას გზის გადაკეტვის საბაბით 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
21.10.2025
კატეგორია - საქართველო

ტელეკომპანია „ფორმულას“ სოციალური მედიის ჟურნალისტს, ცირა ჟვანიას, რომელიც გზის გადაკეტვის საბაბით დააკავეს, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ცირა ჟვანია „ფორმულას“ მესამე ჟურნალისტია, რომელსაც გზის გადაკეტვის საბაბით პატიმრობა შეეფარდა. 20 ოქტომბერს, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ქეთა ციცქიშვილს. 19 ოქტომბერს, ამავე ბრალდებით დააკავეს და 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ვახო სანაიასაც.

ტელეკომპანიის განცხადებით, „ფორმულას“ ჟურნალისტების დევნა გრძელდება: „რეჟიმი იყენებს მის მიერ კანონად გამოცხადებულ რეპრესიულ წესებს, რომ დევნოს ჟურნალისტები და მწირი რესურსების პირობებში, პრობლემები შეუქმნას დამოუკიდებელი მედიის ფუქნციონირებას. მისი თანამშრომლების დაკავებას „ფორმულა“ განიხილავს მიზანმიმართულ ზეწოლად, რომლის მიზანი თავისუფალი აზრის ჩახშობაა“.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტების დევნა და სამივე დაკავებული ჟურნალისტი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. 

ქარტიის განცხადებით, დაკავებების სერია აჩენს ეჭვს, რომ „ფორმულა“ მიზანშია ამოღებული და „ქართული ოცნების“ ამოცანა მისი ფუნქციონირების შეფერხებაა:

„„ქართული ოცნება“ ვეღარ ფარავს აგრესიას კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მიმართ და მათთვის სხვადასხვა გზით ზიანის მიყენებას ცდილობს. „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა საკანონმდებლო პროცესის ინსტრუმენტალიზაცია ოპონენტების დასათრგუნად და მისი მორჩილი პოლიცია და სასამართლო კორპუსი დიდი  ენთუზიაზმით შეუდგა ახლად მიღებული უსამართლო კანონების აღსრულებას.  

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „ქართული ოცნების“ მავნებლურ, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისკენ მიმართულ პოლიტიკას, და ვახო სანაიასთან, ქეთა ციცქიშვილთან და ცირა ჟვანიასთან ერთად სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს, ვისაც კი „ქართული ოცნების“ რეპრესიები ამა თუ იმ ფორმით შეეხო“. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.
 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ