„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, დირექტორს, მზია ამაღლობელსა და ბელარუს პატიმარ ჟურნალისტს, ანდჟეი პოჩობუტის სახაროვის პრემია გადაეცათ.
-----------------------------------------------------
მზია ამაღლობელს გადაეცა „ფორუმ 2000“-ის საერთაშორისო ჯილდო. ის გახდა 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი. „ბათუმელები”/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დასახელდა თავისუფალი მედიის პრემიის ლაურეატად. ამაღლობელი არის ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის 2025 წლის ფინალისტთა სიაშიც.
„ბათუმელებსა“ და მის დამფუძნებლებს, მზია ამაღლობელსა და ეთერ თურაძეს ასევე გადაეცათ „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია - საზოგადოების განვითარებისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“.
-----------------------------------------------------
სახაროვის პრემიის დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს, სტრასბურგში გაიმართება. გამარჯვებული კი დღეს, 22 ოქტომბერს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რობერტა მეცოლამ დაასახელა.
2025 წლის სახაროვის პრემიის ფინალისტები იყვნენ:
„თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის
მებრძოლი პატიმრები, ანდჟეი პაჩობუტი ბელორუსიდან და მზია ამაღლობელი
საქართველოდან“;
„სერბი სტუდენტები“;
„ჟურნალისტები და ჰუმანიტარული
დახმარების მუშაკები პალესტინასა და ყველა კონფლიქტურ ზონაში,
რომლებსაც წარმოადგენენ პალესტინის ჟურნალისტთა სინდიკატი, წითელი
ნახევარმთვარე და UNRWA;“
ანდრეი სახაროვის სახელობის სახაროვის პრემია ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების სფეროში. მას ევროპარლამენტი ყოველწლიურად გადასცემს ფიზიკურ პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერის სფეროში მათი მოღვაწეობის აღიარების მიზნით.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის 9 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, მოსამართლემ კი მას ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. პატიმრობაში მას მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.