თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ
„ნეტგაზეთის“ რეპორტიორის, მარიამ ძიძარიას წინააღმდეგ „გზის
ხელოვნურად გადაკეტვის“ საქმე შეწყვიტა. მოსამართლემ გადაწყვეტილება
დღეს, 20 მაისს გამოაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მარიამ ძიძარიას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „გზის გადაკეტვას“ 31 იანვარს, „შაბათის მარშის“ გაშუქებისას ედავებოდა. აქციის გაშუქებისას მას ეკეთა ჟურნალისტის დამადასტურებელი ე.წ. ბეიჯი, ასევე სამხრე ნიშანი (PRESS), და თან ჰქონდა კამერა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 21 აპრილს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საქმე შეწყვიტა „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის წინააღმდეგ. შსს ნინია კაკაბაძეს „გზის გადაკეტვას“ რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ედავებოდა. პოლიციამ ის 2025 წლის 3 ნოემბერს დააკავა და მოგვიანებით გაათავისუფლა.
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 2 აპრილს „გზის გადაკეტვის“ საქმე შეწყვიტა ონლაინგამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტის, მარიამ კუპრავას წინააღმდეგაც. შსს კუპრავას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, რუსთაველის გამზირზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ 7 თებერვალს ედავებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დავით მაკარაძემ, გუშინ, 19 მაისს „ტროტუარის საქმე“ შეწყვიტა „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორის, ლილე შუკვანის წინააღმდეგ. შსს მას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას 2025 წლის 17 დეკემბერს ედავებოდა.
მოსამართლე დავით მაკარაძემ 27 მარტს, „ტროტუარის საქმე“ შეწყვიტა ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილის წინააღმდეგაც. შინაგან საქმეთა სამინისტრო თარხნიშვილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას 2025 წლის 18 დეკემბერს ედავებოდა.
შსს იგივეს ედავებოდა „რადიო თავისუფლების“ ოპერატორს, ზურაბ (ზუკა) ხიდაშელსაც. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ხიდაშელის წინააღმდეგ „ტროტუარის საქმე“ 19 მარტს შეწყვიტა.

