დავით
კაკაბაძე პროფესიით გერმანისტია. მან თბილისის ივ.
ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის
ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა; სწავლობდა იენის ფრიდრიხ
შილერის სახელობის უნივერსიტეტშიც.
კაკაბაძე 1993-დან 2018 წლამდე მუშაობდა „რადიო
თავისუფლების“ ქართულ სამსახურში მიუნხენსა და პრაღაში. მანამდე ის
სპორტულ გამოცემებში: ჟურნალ „მართვესა“ და გაზეთ „ლელოში მუშაობდა,
იყო „სოვეტსკი სპორტის“ კორესპონდენტიც სამხრეთ კავკასიაში.
„1989 წლის 9 აპრილის შემდეგ მივხვდი, რომ „სოვეტსკი სპორტში“ ვეღარ ვიმუშავებდი და წამოვედი. დავბრუნდი ისევ გერმანისტიკაში და დავიწყე ლექციების კითხვა საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიაში. 1990 წელს მივიღე კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდია და სადოქტორო ნაშრომის დასაწერად გავემგზავრე კიოლნის უნივერსიტეტში, სადაც თითქმის სამ წელიწადს დავყავი. 1993 წლის ზაფხულში, თბილისში დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე, მიუნხენიდან დამირეკა ჩემმა ძველმა მეგობარმა, ბიძინა რამიშვილმა, რომელიც 1991 წლიდან დღემდე „რადიო თავისუფლებაში“ მუშაობს და მითხრა, ქართული რედაქციიდან ჯანრი კაშია წავიდა და ვაკანსია გაჩნდაო. სწორედ ბატონი ჯანრის ადგილზე დავიწყე მუშაობა 1993 წლის აგვისტოში“, - როგორია დავით კაკაბაძის 25 წელი „რადიო თავისუფლებაში“ წაიკითხეთ „მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში.
1993 წელს საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო, რა ხდებოდა ამ დროს „რადიო თავისუფლებაში“?
- მუშაობის დაწყებიდან ძალიან მალე ამერიკის კონგრესში დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ამ რადიოს არსებობის საჭიროება აღარ იყო და უნდა დაეხურათ. აღარ არსებობდა საბჭოთა კავშირი, დაინგრა კომუნისტური ბლოკი, გაიხსნა საზღვრები. საბედნიეროდ, კონგრესმენთა შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ამბობდა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სწორედ ახლა სჭირდებოდათ დახმარება თავისუფალი მედიისა და დემოკრატიის გაძლიერებაში. საბოლოოდ, მოინახა კომპრომისული ვარიანტი და გადაწყდა, რომ რადიო მკვეთრად შემცირებული ბიუჯეტით გააგრძელებდა არსებობას. ზუსტად მახსოვს, მაშინ წლიური ბიუჯეტი 210 მილიონი დოლარი იყო და 70 მილიონამდე დაიყვანეს. ამ ფულით მიუნხენში დარჩენა შეუძლებელი იქნებოდა. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი იყო. მასთან ვიზიტად ჩასულ ბილ კლინტონს, აშშ-ის პრეზიდენტს, ჰაველმა სწორედ მაშინ შესთავაზა, რადიო მიუნხენიდან პრაღაში გადმოიტანეთ და შენობას უსასყიდლოდ დაგითმობთო. იმხანად პრაღაში ჩეხოსლოვაკიის პარლამენტის შენობა უფუნქციოდ იყო დარჩენილი, რადგან ჩეხეთისა და სლოვაკეთის გაყოფის შემდეგ ჩეხეთის პარლამენტი თავის ისტორიულ შენობაში გადაბარგდა. სწორედ ჩეხოსლოვაკიის პარლამენტის ყოფილ შენობაში შესახლდა რადიო 1995 წელს. ასე გადარჩა რადიო პირველ ჯერზე და ის ვაცლავ ჰაველმა გადაარჩინა.
კომუნისტების ბატონობის ხანაში ჰაველი „რადიო თავისუფალი ევროპის“ ჩეხოსლოვაკური სამსახურის შტატგარეშე კორესპონდენტიც იყო. 1979 წელს კი, როდესაც ის „ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის“ დააპატიმრეს, სწორედ ამ რადიოსადგურმა ატეხა განგაში და ამან გადაარჩინა. ჰაველის სიტყვებია: „რომ არა „რადიო თავისუფალი ევროპა“, მე ციხეში გამაქრობდნენ ზუსტად ისე, როგორც ათასობით ადამიანი გააქრეს“. 90-იანი წლების დასაწყისში დიდი ამერიკული ორგანიზაციის პრაღაში დაბინავებას მისთვის სტრატეგიული მიზანიც ჰქონდა - ეს, გარკვეულწილად, უსაფრთხოების გარანტია იყო. ჯერ მაინც ახლად დაშლილი იყო საბჭოთა კავშირი და ჰაველმა კარგად იცოდა, რომ ასე მალე ჩეხეთში ვერც ნატოს ჯარს შეიყვანდა და ვერც რომელიმე ამერიკულ ბაზას. ასე რომ, რადიოს გადარჩენა და მისთვის შენობის დათმობა ერთი მხრივ მადლიერების გამოხატულებაც იყო და მეორე მხრივ - უსაფრთხოების გარანტიაც მთელი ქვეყნისთვის.
რა მისია ჰქონდა „რადიო თავისუფლებას“ 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ?
- თუკი მთლიანად რადიოზე ვილაპარაკებთ, იმ პერიოდში შეიცვალა ფოკუსი. საბჭოთა პერიოდში არსებობდა ღია პროპაგანდა იმის, რომ კომუნისტური პარტია ცუდია. ეს ხანა დამთავრდა. ჩვენი ამოცანა იყო, მიუკერძოებელი და საგულდაგულოდ გადამოწმებული ინფორმაცია მიგვეწოდებინა მსმენელისთვის.
ასევე, ეტაპობრივად იხურებოდა იმ ქვეყნების ბიუროები და სამსახურები, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის წევრები ხდებოდნენ. უნგრული, ბულგარული, სლოვაკური და ა.შ. სამსახურების ნაცვლად გაიხსნა ერაყული, ირანული, ავღანური და სხვა ისეთი ქვეყნების სამსახურები, სადაც თავისუფალი პრესა არ არსებობდა. 2009 წელს ქართულმა სამსახურმაც გახსნა რუსულენოვანი „ეხო კავკაზა“, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის მაუწყებლობს. ასე რომ, რადიოს შემადგენლობა ეთნიკურადაც შეიცვალა.
როდესაც მკითხეთ, რა იყო მაშინდელი რადიოს მთავარი მისია, გარდა დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციისა, მიუკერძოებელი და თავისუფალი გაშუქებისა, ჩვენი პრიორიტეტი არასდროს იყო ოპერატიულობა. მაგალითად, „ფრანს პრესი“ თითქმის ყოველთვის გვასწრებდა ამა თუ იმ მნიშვნელოვანი ცნობის გავრცელებას. ხელმძღვანელობა ჩვენგან ყოველთვის მოითხოვდა, რომ ინფორმაცია არ გამოგვექვეყნებინა მანამ, სანამ მას ორი დამოუკიდებელი წყარო არ დაადასტურებდა. გამონაკლისის დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუკი მოვლენის თვითმხილველი ჩვენი კორესპონდენტი იყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის სტუმრობა „რადიო თავისუფლებაში“, 2005 წელი.
რამდენი ქვეყნის სამსახური იყო რადიოში თავიდან?
- ეს რიცხვი მუდამ მერყეობდა. რადიოში ჩემი მისვლის დროს იუგოსლავიის გარდა კომუნისტური ბლოკის ყველა ქვეყანას (თუმცა, იუგოსლავიის ომის დაწყების შემდეგ ბალკანური სამსახურიც გაიხსნა) და 15 საბჭოთა რესპუბლიკას თავისი სამსახური ჰქონდა. „რადიო თავისუფალი ევროპა“ მაუწყებლობდა ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებისთვის, ხოლო „რადიო თავისუფლება“ - საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისთვის. ამ ორ რადიოს ერთი პრეზიდენტი ჰყავდა და ჯერჯერობით ჰყავს.
მიუნხენიდან პრაღაში გადასვლის შემდეგ პირველი 14 წელი, ანუ 1995-დან 2009 წლამდე, ჩეხოსლოვაკიის პარლამენტის ყოფილ შენობაში გავატარეთ. შემდეგ ვაცლავ კლაუსმა (ჩეხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა) აღარ მოინდომა შენობის უსასყიდლოდ დათმობა და გადაწყდა ახალი შენობის აგება პრაღის ცენტრიდან ოდნავ მოშორებით, თუმცა იმავე ვინოჰრადსკას ქუჩაზე. 2009 წელს, ახალი შენობის საზეიმო გახსნაზე რადიოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯეფ გედმინმა ვაცლავ ჰაველიც დაპატიჟა. არ ველოდით, რომ მოვიდოდა, რადგან უკვე მძიმედ იყო ავად. მაგრამ შემოგვითვალა, აუცილებლად მოვალ იმ პირობით, თუ პირველ სარედაქციო თათბირს ჩამატარებინებთო. და მართლაც, ყველაფერი სწორედ ასე მოხდა. ახალ შენობაში დიდი ოვალური მაგიდა გვქონდა, სადაც გაუკეთეს სპეციალური წარწერა - „რედაქტორი ვაცლავ ჰაველი“. როცა მოვიდა, მართლა ყველას გამოგვკითხა, რომელ ქვეყანაში რა სიტუაცია იყო. პრაქტიკულად, ნამდვილი თათბირი ჩაატარა. შემოქმედი კაცი იყო და შესანიშნავი სპექტაკლიც დადგა!
რამდენად პოპულარული იყო იმ პერიოდში „რადიო თავისუფლება“ საქართველოში?
- თბილისში ჩვენი ბიურო, თუ არ ვცდები, 1995 წელს გაიხსნა. მანამდე საქართველოში ბიურო არ იყო და მაუწყებლობა გარედან ხდებოდა. მხოლოდ შტატგარეშე კორესპონდენტები გვყავდა. ერთ-ერთი პირველი კორესპონდენტი იყო, მაგალითად, კახა მჭედლიძე, რომელიც რადიოში დღემდე მუშაობს. თანდათან გაჩნდა მსმენელთან კომუნიკაციის ახალ-ახალი საშუალებები და ძალიან სასიამოვნო იყო, მეილებს რომ გვწერდნენ, ზოგჯერ გვირეკავდნენ კიდეც… ანუ მუდმივად იყო გამოხმაურებები ჩვენს მასალებზე. ერთხელ მახსოვს, ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახზე გავაკეთეთ ვრცელი რეპორტაჟი და საფრანგეთში მცხოვრებმა შეძლებულმა ქართველმა, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამას მოუსმინა და კარგა დიდი თანხით დაეხმარა.
ჩემი პირადი გამოცდილებიდან ერთ ამბავს გავიხსენებ. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად თავისუფალ გარემოში ვმუშაობდით, თვითონ ვირჩევდით თემებს, ერთად ვგეგმავდით და ვაკეთებდით ჩვენს საქმეს ყველანაირი „კარნახისა“ თუ „კონტროლის“ გარეშე, როგორც ჩანს, მაინც სულ მქონდა ეჭვი (როგორც საბჭოთა კავშირში გაზრდილ ადამიანს), რამდენად შემეძლო, ვთქვათ, ამერიკის პრეზიდენტის კრიტიკა. სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის გახმაურებული ამბავი. დავიწყეთ ამ ამბის გაშუქება ისე, როგორც მსოფლიო მედიაში შუქდებოდა, ვწერდით აქტიურად და ერთხელაც ჩემი თავი დავიჭირე, რომ ველოდი, როდის დამირეკავდა „ვიღაც ზემოდან“ და მეტყოდა, ამას რაებს წერ ჩვენს პრეზიდენტზეო. ცხადია, ცოტას ვაზვიადებ, მაგრამ უცნაური განცდა რომ ასე თავისუფლად, კრიტიკულად შეგვეძლო წერა იმ ქვეყნის პრეზიდენტზე, რომელიც ჩვენს რადიოს აფინანსებდა, ნამდვილად მქონდა. ასეთი იყო საბჭოთა რეჟიმით მოწამლული ტვინები. ამ ამბავმა რომ ჩაიარა და არავინაც არ დამირეკა, პირველად მაშინ ვიგრძენი ყველაზე უკეთ, რას ნიშნავს თავისუფალი სამყარო.
დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ჩემთვის ბედნიერი წლები. მუდამ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვიხსენებ ჩემს ყოფილ კოლეგებს, განსაკუთრებით ქართული სამსახურის დირექტორს, აწ გარდაცვლილ გულნარა პატარიძეს. იშვიათი თვისებებით დაჯილდოებული, მრავალმხრივ ნიჭიერი ქალი გახლდათ. სულ „რადიო თავისუფლებაში“ 25 წელი გავატარე, აქედან ნახევარი (2005-დან 2018 წლამდე) - ქართული სამსახურის ხელმძღვანელად.
როგორ გარდაიქმნა „რადიო თავისუფლება“ მულტიმედიურ საინფორმაციო საშუალებად?
- დროთა განმავლობაში რადიოს, როგორც მედიუმს, თანდათან აკლდებოდა მსმენელი, ამიტომ ნელ-ნელა ჩვენც ვცდილობდით გადაწყობას. ჯერ გავაკეთეთ ვებგვერდი, შემდეგ მოვიფიქრეთ სატელევიზიო გადაცემები. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ტელევიზია არ გვქონდა, სხვადასხვა ტელეარხთან ვთანამშრომლობდით, შემდეგ უკვე YouTube-ის არხიც შევქმენით და ასე ვცდილობდით ტექნიკური პროგრესისთვის ფეხის აწყობას. მთავარი გარდატეხა მაინც იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ჩვენი თბილისის ბიუროს უფროსად მარინა ვაშაყმაძე მოვიდა და ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოიყვანა. ასე დავიწყეთ ნელ-ნელა გადაწყობა.
ამ ცვლილებებს ჰქონდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. თვითონ რადიოშიც შეიცვალა სტრატეგია, უცებ მნიშვნელოვანი გახდა ეს ე.წ. ნახვები, დაწკაპუნებები, „კლიკები“ და დაიწყო ფიქრი ისეთ რამეებზე, რაც მანამდე ჩვენთვის სრულიად უცხო იყო. ფეისბუკის კულტურამ მოიტანა ეს ჩემთვის, სუბიექტურად, უარყოფითი მხარეები. მანამდე ხომ ყოველთვის გვქონდა ფუფუნება, არ გვეფიქრა რეიტინგზე და საქმე ისე გვეკეთებინა, რის საშუალებაც კომერციულ ტელევიზიასა თუ რადიოს ვერასოდეს ექნებოდა.
ამ ახალ მოდელზე გადასვლის ინიციატორი მხოლოდ რადიო არ ყოფილა. კონგრესიდანაც წამოვიდა სიგნალი, ამდენ ფულს თუ ვხარჯავთ, აუდიტორიაც მრავალრიცხოვანი უნდა გვყავდეს და პოპულარობაზეც უნდა ვიზრუნოთო. არადა, ვაცლავ ჰაველის ცნობილი ნათქვამია, რომ ჩეხოსლოვაკიაში რევოლუციამდე „რადიო თავისუფალი ევროპის“ მსმენელის ხვედრითი წილი სამ პროცენტსაც არ შეადგენდა, მაგრამ სწორედ იმ სამმა პროცენტმა მოახდინა მთავარი ცვლილებებიო. იმის თქმა მინდა, რომ მხოლოდ რეიტინგითა და მსმენელთა რაოდენობით ვერ გაზომავ ამა თუ იმ მედიუმის ეფექტიანობასა და გავლენას.
ფოტოზე: ბიძინა რამიშვილი, სალომე ასათიანი, დავით კაკაბაძე, „რადიო თავისუფლების“ სტუდია, 2006 წელი.
რას შეიძლება ველოდოთ
დღეს?
- დღეს, საუბედუროდ, ვუბრუნდებით იმ დროს, რომელზეც გვეგონა, რომ სამუდამოდ ჩავაბარეთ ისტორიას - ვითარება სულ უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა პერიოდს. მაშინ „რადიო თავისუფლება“ გარედან მაუწყებლობდა, კორესპონდენტები აქ არ ჰყავდა. ამ ხელისუფლებისა და მის მიერ მიღებული კანონების მეშვეობით, თუკი რადიო გადარჩა და არ დაიხურა, ისევ ასე მოუწევს მუშაობა. ძალიან მძიმე სიტუაციაა და დღეს რადიოს გადარჩენა და არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მისი დახურვა უდიდესი შეცდომა იქნება.
რადგან საბჭოთა პერიოდი ახსენეთ, საინტერესოა, თავად თუ იყავით მაშინ „რადიო თავისუფლების“, „რადიო თავისუფალი ევროპის“ ან „ამერიკის ხმის“ მსმენელი?
- დასამალი არაფერია, ჩემს ახალგაზრდობაში ქართული სამსახური არ იყო ისეთი ძლიერი და ამიტომ პირადად მე ძირითადად რუსულ სამსახურს ვუსმენდი, რომელიც მაშინ უაღრესად საინტერესო გადაცემებს ამზადებდა. სხვადასხვა გადაცემების გარდა, ვუსმენდით დისიდენტურ ლიტერატურას, რომელსაც პირდაპირ ეთერში კითხულობდნენ. მაგალითად, „არქიპელაგი გულაგის“ ნაწყვეტები და რამდენიმე სხვა საეტაპო ნაწარმოები პირველად სწორედ იქ მოვისმინე. „ამერიკის ხმაზე“ ინტენსიურად ვუსმენდით ვილის კონოვერის გადაცემას „ჯაზის საათი“ - Jazz Hour. ასევე, მაგალითად, იყო „რადიო თავისუფალი ევროპის“ რუმინული სამსახურის ბრწყინვალე გადაცემა როკმუსიკაზე. ამ გადაცემის ავტორი დისიდენტი ჟურნალისტი კორნელ კირიაკი იყო. ევროპასა თუ ამერიკაში რომელიმე როკჯგუფის ახალი ალბომი რომ გამოდიოდა, ეს კაცი ლამის მეორე დღეს უკვე თავის გადაცემაში გვაცნობდა ამ ალბომის ცალკეულ სიმღერებს. მისი წყალობით როკმუსიკით დაინტერესებული ახალგაზრდები სულ საქმის კურსში ვიყავით ამ მუსიკალური სიახლეების.
----------------------------------
1967 წელს კორნელ კირიაკმა რუმინეთის სახელმწიფო რადიოში დაიწყო პოპულარული გადაცემა - Metronome, რომელშიც ის უშვებდა დასავლურ როკ, პოპ და ჯაზ მუსიკას. 1969 წელს, საბჭოთა კავშირის მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შემდეგ, კირიაკმა ეთერში გაუშვა The Beatles-ის სიმღერა - Back in the U.S.S.R., რაც ცენზურამ მაშინვე ვერ შეამჩნია, მაგრამ მოგვიანებით გადაცემა დახურეს, აკრძალეს და კირიაკის დევნა დაიწყეს. იმავე წელს კირიაკი რუმინეთიდან გაიქცა და მუშაობას დაიწყო მიუნხენში, „რადიო თავისუფალი ევროპის“ რუმინულ სამსახურში. იქ მან თავისი გადაცემები განაახლა, მათ შორის Metronom, Jazz magazin და Jazz à la carte, რომლებსაც მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აქტიურად უსმენდნენ.
----------------------------------
ხშირად სპორტის სიახლეებსაც ამ „მტრული“ რადიოსადგურების მეშვეობით ვიგებდით. მაგალითად, 1975 წელს ჩეხი ჩოგბურთელი მარტინა ნავრატილოვა ამერიკაში რომ წავიდა და დარჩა, მისი სახელის ხსენება საბჭოთა მედიაში აკრძალული იყო. 1978 წელს უიმბლდონიდან რეპორტაჟებში მის სახელს ვერ ახსენებდნენ. ამასობაში ნავრატილოვა თამაშს თამაშზე იგებდა… ნახევარფინალშიც გავიდა, მერე - ფინალშიც, და ბოლოს ტურნირის გამარჯვებულიც გახდა. მაგრამ მის გვარს საბჭოთა პრესა ჯიუტად არ ახსენებდა. საბოლოოდ მივიღეთ კურიოზული ვითარება, რომ 1978 წლის უიმბლდონის ჩემპიონი ქალთა თანრიგში გახდა ამერიკელი ჩოგბურთელი (სახელისა და გვარის გარეშე).
ბოლოს, ახლა რომ ისევ მედიამენეჯერი იყოთ, რა იქნებოდა დღეს თქვენთვის მთავარი გამოწვევა?
- დღევანდელ დღეს ხელმძღვანელობდე მედიასაშუალებას და იყო სრულიად ობიექტური, ძალიან რთულია. ახლა ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომელ მიუკერძოებლობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?! დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს. შეიძლება პათეტიკურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ჩვენი დიდი წინაპრების ღალატია, ილიას საქმის ღალატი.
მიხარია, რომ „რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის ხელმძღვანელი აღარ ვარ, რადგან დღეს მიუკერძოებელ ჟურნალისტად დარჩენა ძალიან გამიძნელდებოდა, იქნებ ვერც კი მომეხერხებინა. არ ვამბობ, რომ ჟურნალისტი მოწოდებებით უნდა გამოდიოდეს, მაგრამ როგორ უნდა შეძლო, შეინარჩუნო დისტანცია და შენი დამოკიდებულება არ გაამჟღავნო, არ ვიცი.