„უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ქრება სინათლე, ქრება სიმართლეც“, - ინტერვიუ საბა წიწიკაშვილთან
04.09.2025



„ქართლის ამბები“ ერთ-ერთია იმ 22 დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემას შორის, რომელიც კამპანიაში - „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ მონაწილეობს. 

დამოუკიდებელი მედიის დასაცავად გაერთიანების მიზნით შექმნილ პლატფორმაზე - sinatle.media, ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით 22 გამოცემის მხარდაჭერა ერთად არის შესაძლებელი. მხარდამჭერების მხრიდან მიღებული შემოწირულობები პირველ ჯერზე სრულად რეგიონულ მედიებზე განაწილდა, რაც მათ ერთი თვის განმავლობაში ოფისებს შეუნარჩუნებს და მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. 

სხვა დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების მსგავსად, გაქრობა ემუქრება „ქართლის ამბებსაც“, რომელსაც თითქმის 20-წლიანი ისტორია აქვს. Qartli.ge როგორც ონლაინ მედია 2011 წელს დაარსდა. მანამდე, 2006 წლიდან, კი ის ბეჭდური გაზეთის - „ქართლის ხმის“ სახით არსებობდა. როგორ ახერხებს გამოცემა მუშაობის გაგრძელებას და რა მნიშვნელობა აქვს სოლიდარობას, წაიკითხეთ „ქართლის ამბების“ დამფუძნებელთან, საბა წიწიკაშვილთან „მედიაჩეკერის“ ინტერვიუში. 



თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი რეგიონული მედიის არსებობას? 

- ის ჯგუფები, რომლებიც რამდენიმე წელია საზოგადოებას ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ აქეზებენ, ისევ გააქტიურებულები არიან. უნდათ ადამიანებს აფიქრებინონ, რომ ჟურნალისტი ქვეყნის მტერია, რაც სერიოზული პრობლემაა. 

ერთი პერიოდი მეგონა, რომ პროპაგანდა მართლა მუშაობს, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრ ადამიანზე ამან არ იმოქმედა. ერთ-ერთ სოფელში, როცა გაიგეს, რომ ჟურნალისტი ვიყავი ჩასული, მთელი სამეზობლო გამოვიდა, ერთმანეთს დაუძახეს, რომ კორესპონდენტია ჩამოსული და გამოდით, დაელაპარაკეთ თქვენს პრობლემებზეო. ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო. ახლა რომ ვფიქრობ, აი, იმ დღეს სიუჟეტი იყო მაგალითად, ტვ „იმედზე“, რომ ჩვენ ვართ რადიკალები, უცხოური დაფინანსებით მომუშავე მედიები, აგენტები და ა.შ. ეს ყველაფერი ხომ უარყოფით კონტექსტში იყო. მეორე დღეს მიდიხარ იმ სოფლებში, სადაც „იმედს“ აჩვენებს, გგონია, რომ ამ სიუჟეტის მერე იქიდან გამოგაგდებენ და მხვდება სრულიად სხვა სიტუაცია. როცა გაიგეს, რომ ჟურნალისტი ვიყავი, თან ადგილობრივი მედიის, ეს ქალი წავიდა, ყველა გამოიყვანა, კორესპონდენტია ჩამოსული, საღამოთი რომ ლაპარაკობთ, დასხედით და თქვენი პროლემები ამ ბიჭს მოუყევითო. ერთი მხრივ, გამიხარდა ის, რომ ადამიანებს საუბარი უნდოდათ და მეორე მხრივ, ისიც რომ ამ პროპაგანდამ არ იმუშავა.

პირველ რიგში, ეს იმის დამსახურებაა, რომ მათთან მიხვედი. მათი პრობლემით დაინტერესდი და დაგინახეს ფიზიკურად, რომ ჟურნალისტი რაიმე აბსტრაქტული არსება კი არაა, რომელიც სადღაც ზის და შენ ვერ ხედავ, არამედ ადამიანია, რომელიც მათ თვალწინ მოძრაობს, იმავე ხრეშიან გზას გადის, რომელზეც შენ დადიხარ, ის წყალი უნდა დალიოს, რასაც თვითონ სვამს. 

რას ცვლის თქვენთვის „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები?

- იმისთვის რომ ჟურნალისტმა იმუშაოს, ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება და ზუსტად ასეთი მხარდაჭერა გვქონდა, მივდიოდით ყველგან. ახლა ვეღარსად ვეღარ მიდიხარ, ვის უნდა შეხვდე, ვის დაელაპარაკო, როგორ უნდა გაიგო იმ ადამიანს,  შარშან რომ ნახე, შეუსრულდა თუ არა დაპირება. გინდა წახვიდე და დაათვალიერო, მაგრამ ვეღარ მიდიხარ. ეს ხომ არ არის 2-3 კილომეტრში, რეგიონი არის დიდი, რამდენიმე ასეული სოფელია. უნდა იარო, უნდა შეხვდე ადამიანებს, მოისმინო… ბევრი ისეთი ამბავი გავიგეთ ამ ურთიერთობით, რომელიც შესაძლოა ვერასდროს ვერ გაგვეგო. თუ ადამიანს არ დაელაპარაკე, ვერ გაიგებ. ამ კანონებით ეს ყველაფერი შეუძლებელია.

საბოლოო ჯამში, ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ პროპაგანდამ არ იმუშაოს და ამას როგორ ვებრძვით? ისინი თუ ტელევიზიით ეუბნებიან, რომ ჟურნალისტები ცუდები არიან, ჩვენ ადგილზე მივდივართ. აი, ამაშია რეგიონული მედიის სიძლიერე. ჩვენ მათ გვერდით ვართ და პროპაგანდამ ჩვენსა და საზოგადოებას შორის რა შუღლიც არ უნდა ჩამოაგდოს, ეს ვერ იმუშავებს, მაგრამ ჩვენც ხომ გვჭირდება მხარდაჭერა, ეს რომ შევძლოთ. აი, ამას გვისპობენ, რომ აღარ გვქონდეს მათთან ურთიერთობა, აღარ გვქონდეს კამერა, აღარ გვყავდეს ჟურნალისტები და აღარ ვიმუშაოთ.

მოსახლეობას როცა რაღაც პრობლემა აქვს, მაშინვე ჩვენ გვირეკავს. რაკი გვყავს აუდიტორია, რაკი ვაინტერესებთ, რაკი გვირეკავენ, რაკი გვეძახიან, ესე იგი მნიშვნელოვანია რეგიონული მედია. თავის ქებაში არ მინდა ჩამითვალოთ, მაგრამ იმის საილუსტრაციოდ, რომ დამოუკიდებელი რეგიონული მედიის არსებობა მნიშვნელოვანია, შემიძლია რამდენიმე მაგალითიც მოვიყვანო.   

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც ქარელის მერიის facebook-ის გვერდზე კომენტარებში დაიწერა, იქნებ მოგვაქციოთ ყურადღება და ხიდი გაგვიკეთოთო. დავინტერესედი ამ თემით, წავედი ამ სოფელში, გავიგე სადაც იყო ეს ხიდი და ვნახე, რომ ეს ხიდი გაბმულია ორ სოფელს შორის, ძველი ხიდია, ხისგან დამზადებული, მხოლოდ რამდენიმე ფიცარი აქვს შემორჩენილი. მოულოდნელად ხიდი ამოძრავდა და დავინახე, რომ ორი ქალი გადმოდიოდა. ცალი ხელით ჩანთა ეჭირათ, მეორეთი ხიდის ბაგირს ებღაუჭებოდნენ და ისე მოდიოდნენ, რიყეზე ან მდინარეში რომ არ ჩაცვენილიყვნენ. რომ გაიგეს, ჟურნალისტი ვიყავი, რა კარგია, რომ ჩამოხვედით, აი, ხომ გადაიღე, როგორ გადმოვედით, ასე დავდივართ სკოლიდან სახლშიო. პედაგოგები აღმოჩნდნენ, რომლებსაც ერთი სოფლიდან მეორეში გადასასვლელად ამ გზის გავლა უწევთ, რადგან არ ჰყავთ მანქანები, არ არის ტრანსპორტი და 6-კილომეტრიანი შემოვლითი გზით ვერ დადიან. ეს ვიდეო რომ გამოვაქვეყნეთ, იმავე საღამოს დაიკეტა ხიდი და 2 კვირაში გააკეთეს…დეპუტატი ჰყავს სოფელს, მერის წარმომადგენელი, ადამიანები არიან, რომლებსაც ამ წარმომადგენლებთან კონტაქტი აქვთ. ვიღაცას ხომ შეიძლებოდა ეთქვა, პედაგოგები დადიან ამ ხიდზე და მოაგვარეთო. ჩვენ რომ არ გაგვეშუქებინა, ეს ხიდი დღემდე ასე იქნებოდა. 

ანალოგიური შემთხვევა იყო წყლის ამბავზეც. რამდენიმე დღის წინ დამირეკეს, რომ იქნებ მობრძანდეთ, წყალი არ გვაქვს, გადაგვიკეტა ვიღაცამ და იქნებ გაახსნევინოთო. ჩვენთან დარეკვიდან 2 საათში გაუხსნეს. ამბობს კიდეც ინტერვიუში, რომ სანამ ჟურნალისტს არ დავურეკე, წყალი არ გახსნა იმ ადამიანმა, ვინც დანიშნული იყო სოფელში წყლის გამანაწილებლადო… კონკრეტულ უბანს, სადაც გავლენიანი ადამიანები ცხოვრობდნენ, მუდმივად მიეწოდებოდათ წყალი, ადგილობრივ მცხოვრებლებს კი, რომლებსაც ნადვილად სჭირდებოდათ წყალი, 3 დღეში ერთხელ აწვდიდნენ. ჩვენთან დარეკვის შემდეგ, ეს პრობლემა რამდენიმე საათში მოუგვარდათ.

ერთ-ერთ სოფელში გზის პრობლემა იყო, ფეხით დადის ხალხი 3 კილომეტრზე. ვაჩვენეთ, რომ მოხრეშილია, მაგრამ მანქანა ვერ ადის ამ სოფელში. პასუხად გვითხრეს, ჩვენი მერის წარმომადგენელი ამბობს, ყველაფერი რიგზეაო. რომ გადავიღეთ, ხალხი რომ ვერ მიდის, ერთ თვეში ამ გზის მოწესრიგებაზე ახალი ტენდერი გამოაცხადეს. შეიძლება იქ მოგვარებული საკითხი სხვა სოფელს ვერ უგვარებდეს პრობლემას, მაგრამ იმ თემისთვის ხომ მოგვარდა? აი, ამიტომ არის რეგიონული მედიის არსებობა მნიშვნელოვანი.

როგორ და რა პირობებში ახერხებს მუშაობას „ქართლის ამბები“ დღეს?

- 2011 წლიდან 2025 წლამდე ჩვენ ფაქტობრივად დამოკიდებულები ვიყავით მედიის მხარდამჭერ ფონდებზე. მთელი ჩვენი საქმიანობა დამოკიდებული იყო ამ პროექტებზე. ეს რატომ იყო კარგი: ყოველწლიურად შეგვქონდა განაცხადები,  ახალ-ახალ იდეებზე, განვითარებაზე, ჟურნალისტების გადამზადებაზე ვფიქრობდით. რაც ყველაზე მთავარია, მედია იყო დამოუკიდებელი. არავისთან ანგარიშვალდებული არ ვიყავით, ვგულისხმობ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს. ერთადერთი, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ, იყო ის, რომ ვყოფილიყავით ეთიკური სტანდარტების დამცველი მედიები. დადგა მომენტი, როცა ეს ყველაფერი გაჩერდა. თებერვლიდან ფაქტობრივად ენთუზიაზმზე ვართ გადასული. იმ პროექტებმა, რომლებიც მანამდე გვქონდა, რაღაცნაირად მოიტანა ეს წელი, დანაზოგებით ვაგრძელებდით მუშაობას. ახლა უკვე საზოგადოების შემოწირულობით, რაღაც პერიოდის განმავლობაში ვცდილობთ შევინარჩუნოთ რედაქცია და გუნდი. 

ასეთი სიტუაცია, რომ ჩვენს არსებობას იურიდიულად დამუქრებოდა საფრთხე, აქამდე არ გვქონია. მანამდე შესაძლოა ვიღაცას გაებედა და დავუშვათ, კამერა წაერთმია, გაეტეხა და ა.შ. მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ შენი მედია არ იარსებებდა. შენ გქონდა იმედი, რომ თუ ვიღაც კამერას წაგართმევდა, შენი მედია ისევ იქნებოდა, უბრალოდ ახალ კამერას იყიდდი და ის ამის გამო დაისჯებოდა. ახლა გეუბნებიან, კამერა კი არა, უბრალოდ აღარ უნდა არსებობდე და თუ არ დაემორჩილები, კანონს იღებენ ისეთს, რომ მერე პასუხისგებაში მიგცემენ. 

სხვათა შორის, 2008 წელს ვიყავი ლიეტუვაში, სადაც ბელარუსიიდან დევნილი სტუდენტები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. როცა  ისინი ჰყვებოდნენ, რომ არ ჰქონდათ ორგანიზაციების დაფუძნების უფლება და ხალხს პლაკატის გაკვრისა და თუნდაც, ერთსიტყვიანი საპროტესტო ქაღალდის გამო იჭერდნენ, ამაზე მეცინებოდა. ვფიქრობდი, ეს ყველაფერი როგორ უნდა მომხდარიყო. აგერ, გავიდა რამდენიმე წელი და თურმე შესაძლებელია, რომ მოხდეს. 

რას დაკარგავს თქვენი რეგიონის მოსახლეობა, თუკი „ქართლის ამბები“ მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს?

- „ქართლის ამბები“ პირველი ონლაინ მედიაა რეგიონში, რომელმაც მუშაობა სწორედ ახალი მედიის მიმართულებით დაიწყო. პირველივე დღიდანვე, არ არსებობს ადგილი, სადაც ჩვენი ჟურნალისტები არ არიან ნამყოფები, არ არსებობს ამბავი, რომელიც შეიძლებოდა არ გაშუქებულიყო ამ მედიის წყალობით. 

სინათლე რეალურად არის სიმართლე. შეიძლება სხვა მედიამ იარსებოს და არიან კიდეც, რომლებიც გარკვეული ბიზნესის ან ხელისუფლების ინტერესების გამტარებელია და იმათაც თქვან რაღაც და გაგაშუქონ, მაგრამ რეალურად რაც ხდება, ვერ გაიგებს ადამიანი. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეღო იმისთვის, რომ საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია მიეღო. ამ მცდელობას ვერ დაინახავს საზოგადოება. ჟურნალისტის მცდელობას, რომ მიაწოდოს ნამდვილი ინფორმაცია, ამას ვერავინ ვეღარ გაიგებს, რადგან ასეთი მედიები აღარ იქნებიან: ეთიკური, პასუხისმგებლიანი მედიები და რაც მთავარია, ისეთი ჟურნალისტები, რომლებსაც შესაბამისი უნარები, ცოდნა აქვთ. გვეყოლება ისეთი მედიები, როგორიც რუსეთშია, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ აშუქებენ ავარიებს, კრიმინალს…სად არის კორუფცია, სად არის საჯარო ფინანსების არაეფექტური მართვა, სად არის ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, როგორ ცხოვრობენ ჩინოვნიკები, როგორ სარგებლობენ ისინი ბიუჯეტიდან გადახდილი ფულით, - ამას ვეღარავინ გაიგებენ, რადგან ასეთი მედიები, რომლებიც ამით არიან დაინტერესებულენი, აღარ იარსებებენ და იქნება ჩვეულებრივი, სტანდარტული რუსული გარემო თავისივე რუსული მედიით. უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ქრება სინათლე, ქრება სიმართლეც.

კამპანიის - „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ ფარგლებში მიღებული შემოწირულებები რეგიონულ მედიებს კიდევ ერთი თვის განმავლობაში მისცემს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას. რას ნიშნავს თქვენთვის მხარდაჭერისა და სოლიდარობის ეს მაგალითი?

- სოლიდარობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. განსაკუთრებით რეგიონული მედიის წარმომადგენლები როცა რაღაც საფრთხე არსებობდა, ყოველთვის გამოვხატავდით და ვცდილობდით, ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები ვყოფილიყავით. ამ შემთხვევაში ყველას უჭირს, ყველა გაჭირვებულია, ყველა იმის საფრთხის წინაშე დგას, რომ შესაძლოა ოფისის დაცლა მოუწიოს, იმის საფრთხე არსებობს, რომ აღარ ჰყავდეს ჟურნალიტები. აი, ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. როცა ხედავენ, რომ ონლაინ მედია მართლა საფრთხის წინაშეა, ეს გამოჩნდა კიდეც, კამპანიის დაწყებიდან ორ დღეში უკვე სერიოზული მხარდაჭერა ვიგრძენით და ფაქტობრივად ჩვენი არსებობა, ახლა სადაც ვართ და სადაც ამდენი წელია ბევრი კარგი საქმე გაკეთებულა, ამ სოლიდარობის წყალობით გახანგრძლივდა. ის გამოხმაურება, რაც მოჰყვა, როგორი კარგი რეაქციები იყო ამ პლატფორმის მიმართ, თვითონ შედეგიც, რაც დადგა, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც მოტივაციას გვაძლევს, რომ გავაგრძელოთ მუშაობა. 


საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ის 7 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია. 
„ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. 
სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. 
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი რამდენიმე თვეა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ. 
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ComCom-მა ისინი სამართალდამრღვევებად „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ ცნო.
ამასთან, დღემდე არ დასჯილან გასულ წელს, პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები. 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ