RSF-მა ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის სიაში შეიყვანა
02.11.2025

 

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ (RSF) 2 ნოემბერთან - ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის 34-კაციან სიაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანა.

ბიძინა ივანიშვილთან ერთად სიაში მოხვდნენ: სი ძინპინი (ჩინეთი), ვლადიმერ პუტინი(რუსეთი), ალექსანდრ ლუკაშენკო (ბელარუსი), ილჰამ ალიევი (აზერბაიჯანი), ნიკოლას მადურო (ვენესუელა), ვიქტორ ორბანი (უნგრეთი), ალექსანდრ ვუვიჩი (სერბეთი), რეჯეფ თაიფ ერდოღანი (თურქეთი), დანიელ ორტეგა (ნიკარაგუა) და სხვები.

RSF-ის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ თითოული მათგანის მედიასთან ბრძოლის მეთოდები განსხვავებულია, მიზანი ერთია - დამოუკიდებელი მედიის ხმის ჩახშობა:

„რა აქვთ მათ საერთო? პრესის თავისუფლების სიძულვილი. მათი მეთოდები განსხვავებულია, მაგრამ მათი მიზნები თანხვედრაშია: დამოუკიდებელი მედიის ხმის გაჩუმება და ახალი ამბებისა და ინფორმაციის მიღების უფლების გათელვა“.

RSF-ის გენერალური დირექტორის, ტიბო ბრუტენის განცხადებით, დაუსჯელობა გარდაუვალი არ არის და ვინც ინფორმაციის თავისუფლებას არღვევს, „უნდა დასახელდნენ და პასუხისგებაში მიეცნენ“.

„რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ ივანიშვილს მილიარდელ ოლიგარქს უწოდებს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად წასულია პოლიტიკური ცხოვრებიდან, საქართველოში კვლავ ძალაუფლების ცენტრად რჩება:

„მისი ბიზნესიმპერია  მას გადამწყვეტ გავლენას ანიჭებს, რადგან რამდენიმე კომერციული ტელეკომპანია, მათ შორის „იმედი“ და „რუსთავი 2“, ავრცელებენ მის მიერ დაფუძნებული პარტიის - „ქართული ოცნების“ პოზიციებსა და ხედვებს.

მისი გავლენის ქვეშ პლურალიზმი მცირდება, ხოლო დამოუკიდებელი ჟურნალისტები ხდებიან დისკრედიტაციის, ძალადობრივი თავდასხმების, უმეტესად დაუსჯელად,  ან სასამართლო დევნის ობიექტები“.

RSF-ი მიიჩნევს, რომ 2025 წელს ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება: „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და იდრექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობა; საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ჩაშლა, პირველ რიგში, მედიის თავისუფლების გარანტიების შეუსრულებლობის გამო; დამოუკიდებელი მედიებისა და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროება ანტიკორუფციული ბიუროს მეშვეობით; ოპოზიციური ტელეკომპანიების დევნა სახელმწიფოსა და „ქართული ოცნების“ პარტიის მხრიდან.

„პრესის თავისუფლების მტაცებლების 2025 წლის სია“ RSF-ის მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის“ ნაწილია. ინდექსი აფასებს პრესის თავისუფლების მდგომარეობას მსოფლიოს მასშტაბით, „მტაცებელთა სია“ კი გამოყოფს მათ, ვინც თავისუფალ მედიას ებრძვის. „პრესის თავისუფლების მტაცებლები“ 5 კატეგორიად არის [პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების, სამართლებრივი და სოციალური] დაყოფილი. ბიძინა ივანიშვილი კი მათ შორის მოხვდა, ვინც მედიებს ფინანსურად ანადგურებს.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ