„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მხედველობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ საგრძნობლად გაუარესდა და საგანგაშო ნიშნულზეა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, მზია ამაღლობელს არ უტარდება მკურნალობის დასაგეგმად საჭირო გამოკვლევები, ამ დრომდე ვერ იღებს ექიმის სათანადო კონსულტაციას, რაც მხედველობის შესანარჩუნებლად მკურნალობის დასაგეგმად ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად არის აუცილებელი:
„2013 წელს მარცხენა თვალზე მზია ამაღლობელს ექიმებმა დაუსვეს კერატოკონუსის დიაგნოზი და დაავადების პროგრესირების დასარეგულირებლად 2013 წელს თურქეთში ჩაიტარა ქირურგიული ოპერაცია. ოპერაციის შედეგად მისი მხედველობა მარცხენა თვალზე შენარჩუნდა მხოლოდ 2%-მდე, თუმცა, მისი მხედველობა სტაბილური იყო ძირითადად მარჯვენა თვალის ხარჯზე. არსებული დიაგნოზისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, მზია ამაღლობელი ექიმების რეკომენდაციით ყოველ 3-6 თვეში იტარებდა გამოკვლევებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. 2025 წელს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე მარჯვენა თვალში მისი მხედველობა იყო დაახლოებით 30% (0,3), რაც სათვალით კორეგირების შემთხვევაში შესაძლოა გაზრდილიყო 90%-მდე. ციხეში მოთავსების შემდგომ, მისი მხედველობა საგანგაშოდ გაუარესდა. 2025 წლის 4 თებერვალს მარჯვენა თვალზე ჩატარებული კვლევების თანახმად, მისი მარჯვენა თვალის მხედველობის კორეგირება სათვალით შესაძლებელი იყო დაახლოებით 60%-მდე. ხოლო 2 დღეში ჩატარებული განმეორებითი შემოწმებით დადგინდა, რომ მზია ამაღლობელის მარჯვენა თვალში მხედველობა დავარდა 0,1-მდე (20%-ით 2 დღის ინტერვალში) და მარჯვენა თვალის მხედველობის სათვალით კორეგირება ამჯერად შესაძლებელი იყო მხოლოდ 40%-მდე ნაცვლად ციხეში მოთავსებამდე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით - 90%-სა.
2025 წლის 1 ივლისს მზია ამაღლობელის ადვოკატმა ციხის ადმინისტრაციისაგან მოითხოვა მაღალტექნოლოგიური თვალის კვლევების ჩატარება სათანადო პროფილის კლინიკაში, რისთვისაც შეთავაზებული იყო „ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ან „კავკასიის სამედიცინო ცენტრი“. თავად მზია ამაღლობელი პატიმრობამდე რამდენიმე წლით ადრე სარგებლობდა „ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრის“ მომსახურებით, სადაც მისი დაავადების ისტორიაც ინახება. აღსანიშნავია, რომ წერილში ხაზგასმული იყო, რომ ამ კვლევის საფასურს თავად პაციენტი დაფარავდა და სახელმწიფოს არ მოუწევდა დამატებითი ხარჯების გაღება. ამ დაავადების პროგრესირების შესაფასებლად, მნიშვნელოვანია ძველი და ახალი კვლევების (ტოფოგრაგიული მაჩვენებლების) ერთმანეთთან შედარება. კერატოკონუსის პროგრესირების შეფასება, მხოლოდ მხედველობის ფუნქციური გაუარესების საფუძველზე არ შეიძლება მოხდეს და მხედველობის გაუარესებას, შესაძლოა არა კერატოკონუსი, არამედ სხვა მიზეზი იწვევდეს. მხედველობის გაუარესების მიზეზის დადგენა კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მკურნალობის სტრატეგიის შესარჩევად, რაც ამ დრომდე არ მომხდარა.
ნაცვლად აღნიშნული კლინიკებისა, მზია ამაღლობელი კვლევებისათვის გადაიყვანეს ციხის ადმინისტრაციის მიერ შერჩეულ კლინიკა ,,მზერაში“. გამოკვლევების შედეგად, მზია ამაღლობელს დაესვა მარცხენა თვალში მე-4 ხარისხის კერატოკონუსის და მარჯვენა თვალში 1-2 ხარისხის კერატოკონუსის, ასევე, მიოპიური ასტიგმატიზმის დიაგნოზი. გამოკლვევების დროისათვის, მისი მხედველობა მარცხება თვალში იყო 0,01, რომელიც არ კორეგირდება, ხოლო მარჯვენა თვალში - 0,1-0,2. მისი მხედველობის სტაბილიზაციის მიზნით გაიცა სამედიცინო რეკომენდაცია (კროს-ლინკინგის ჩატარება) მხოლოდ მარჯვენა თვალთან დაკავშირებით, თუმცა არანაირი რეკომენდაცია არ მიეცა მარცხენა თვალთან დაკავშირებით, რომლის მხედველობა ამავე დასკვნით არის მხოლოდ 1%. აღსანიშნავია, რომ თავად მზიას განმარტებით მას ამავე კლინიკაში არ გაეწია არანაირი რეკომენდაცია ამ პროცედურის - ,,კროს-ლინკინგის“ ჩატარების და მისი შედეგიანობის შესახებ, მას არ აუხსნეს ამ პროცედურის შესაძლო რისკები. სწორედ ამიტომ, მზია ამაღლობელმა ციხის ადმინისტრაციას წერილობით აცნობა შემდეგი: ,,...თქვენი დაწესებულების პროვაიდერ კლინიკა ,,მზერა“-ს არ გააჩნია თანამედროვე/საჭირო აპარატურა და მისი ჩატარებული კვლევები ვერ აჩვენებდა სრულყოფილ სურათს. გარდა ამისა, მე არ გამსაუბრებია კლინიკა ,,მზერა“-ს ის ექიმი, რომელმაც გასცა რეკომენდაცია. ჩემთვის პასუხგაუცემელი დარჩა კითხვები - რა რისკები გააჩნია ან რა შედეგის შემცველი იქნებოდა ის მანიპულაცია თვალზე, რის რეკომენდაციაც მივიღე. ვიცი, მედიცინაში გარანტიები არ არსებობს, შესაბამისად, არც გაიცემა და არც ველოდები, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მხოლოდ ერთ თვალში (მარჯვენა) შემომრჩა მხედველობის ის ხარისხი, რითაც ძირითადად სათვალის გამოყენებით ვახერხებ კითხვას, ვალდებული ვარ გადაწყვეტილებებში ვიყო უფრო ფრთხილი. ჩემი მხედველობის შენარჩუნება ან/და გაზრდა შესაძლებლად მიმაჩნია ჩემს სამედიცინო ისტორიაზე დაყრდნობით, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ კლინიკაში, სადაც ექიმებს აქვთ კერატოკონუსის დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება““.
როგორც საია წერს, მიუხედავად სამედიცინო შეფასებებისა, რომელიც ციხეში ყოფნის პერიოდში მზია ამაღლობელის მხედველობის საგანგაშო გაუარესების დინამიკას ცალსახად აჩვენებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ მიუღია რაიმე ეფექტიანი ზომები ადეკვატური გამოკვლევებისა და შესაბამისი მკურნალობის დასაგეგმად და არც მხედველობის ამგვარი დრამატული გაუარესების მიზეზი დადგენილა:
„მნიშვნელოვანია განისაზღვროს მხედველობის დაქვეითების მიზეზი და დროულად მოხდეს საჭირო მკურნალობის დაგეგმვა, რადგან დაავადების პროგრესირების შემდეგ ჩატარებული მკურნალობა ნაკლებად ეფექტიანი იქნება. შესაბამისად, დროული შემოწმება და მკურნალობის დაგეგმვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე უპასუხოდ არის დატოვებული მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის სასჯელაღსრულების სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტისა და იუსტიციის მინისტრის სახელზე 2025 წლის 13 აგვისტოს, 8 სექტემბრის, 13 ოქტომბრის და 13 ნოემბრის განცხადებები მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ასევე უცნობია, ბოლო გამოკვლევებიდან დღემდე, კიდევ გაუარესდა თუ არა მზია ამაღლობელის მხედველობა, რომელიც ბოლო კვლევებისას უკვე კრიტიკულ ნიშნულზე იყო.
თავისუფლების აღკვეთისას სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული მოვალეობა ადამიანის მიმართ ზრუნვაზე. ასეთ პირობებში მყოფ პირებს სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოს მათი ჯანმრთელობის დაცვა და მხარდაჭერა. ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით, საერთაშორისო სამართალი სახელმწიფოს ავალდებულებს, როგორც პატიმრობის პირობების სათანადოდ უზრუნველყოფას, ასევე საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების გაწევას. აღნიშნული ვალდებულება მზია ამაღლობელთან მიმართებით იგნორირებულია. მზია ამაღლობელს თავისუფლებასთან ერთად, წართმეული აქვს უფლება, ჩაუტარდეს გამოკვლევები იმ კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია მის დიაგნოზთან თავსებადი სამედიცინო ტექნიკით, სათანადო გამოკვლევების შედეგად მიიღოს ინფორმაცია, რა პროცედურებია საჭირო მინიმალურ ნიშნულზე არსებული მხედველობის შესანარჩუნებლად, რა სამედიცინო შედეგებთანაა დაკავშირებული შერჩეული მკურნალობა, როგორია ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი რისკები, არსებობს თუ არა ალტერნატიული ვარიანტები მკურნალობასთან დაკავშირებით, რა არის სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის მოსალოდნელი რისკები და ა.შ. შესაბამისად, მზია ამაღლობელს წართმეული აქვს მხედველობის შესანარჩუნებლად მკურნალობის დასაგეგმად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების და შესაბამისად, ჯანმრთელობის შენარჩუნების უფლება“.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იუსტიციის
მინისტრს, პაატა სალიას მიმართავს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს
სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში („ნიუ
ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ან „კავკასიის
სამედიცინო ცენტრი“) მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი
მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ორივე თვალზე და კვლევების
გათვალისწინებით, დაიგეგმოს მკურნალობა მხედველობის
შესანარჩუნებლად.
საია მიმართავს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანსაც, დაუყოვნებლივ
წერილობით შეაფასოს სახელმწიფოს მხრიდან დაცულია თუ არა მზია
ამაღლობელის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების
უფლება.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის 10 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა.
მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

